რამდენიმე დღეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სკანდალური დაპირისპირება მიმდინარეობს. ორივე მხრიდან გაკეთებული ახსნა-განმარტებების მიუხედავად, ვითარება არ განმუხტულა და კულუარებში ამ ამბავს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც ეძლევა.
ქრონოლოგიურად ეს ყველაფერი ასე დაიწო: 2013 წლის 28 მარტს, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია, სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა (შემდეგ განიმარტა, რომ ის ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებდა), რა დროსაც საიას თანამშრომლებთან მოხდა ინციდენტი, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი მოკლედ, იმ ოპერატიული ღონისძიების შესახებ, რის გამოც ვალერიან თელია ავტომობილით მოძრაობდა.
28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰამზა ბ. ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქე მადინა ე-ს 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზა ბ-მ მას პასპორტი გამოართვა, რითაც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა.
ჰამზა ბ-მ მოტყუების, შანტაჟისა და იძულების გზით, მადინა ე. პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა იგი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ „არენა“-ში, სადაც თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას კი ითვისებდა. ამის გარდა, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ 2013 წლის 21 იანვარს, ჰამზა ბ-მ სასტუმრო „მარინა“- ში, მადინა ე-სთვის პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ, მის მეგობარ მამაკაცს გარკვეული თანხა გამოართვა.
სწორედ მაშინ, როდესაც ეს ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, თელიასა და საიას თანამშრომლებს შორის ინციდენტი მოხდა. შს სამინისტროს გენინსპექციის დასკვნის მიხედვით, ქუჩაში მოძრაობისას მას საავარიო ვითარება შეუქმნა გორგასლის ქუჩიდან მიმავალმა „მერსედესმა“, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი როინ ფარტენაძე.
თელიამ მძღოლს ხმოვანი სიგნალი მისცა, ფარტენაძემ რამდენიმე ხმოვანი სიგნალით უპასუხა და თელიას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. გენინსპექციის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანიდან გადმოსული ფარტენაძე აგრესიული, ხმამაღალი ტონით მიმართავდა თელიას. თელიამ საიას მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი, სიმშვიდისაკენ მოუწოდა და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. გენინსპექციის დასკვნის მიხედვით ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. ინციდენტში ფარტენაძის თანმხლები პირიც ჩაერთო, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
დეტალებში გასარკვევად აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს. პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთი ობიექტის ვიდეოჩანაწერის ამოღებისას ვიდეოფაილები დააზიანა, რის შესახებაც აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს, შემდეგ თავადვე მოძებნა ინციდენტის ამსახველი ალტერნატიული ვიდეომასალის ამსახველი წყარო და ვიდეომასალა სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა.
გენინსპექციის დასკვის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა. იმ პოლიციელს კი რომელმაც ვიდეოფაილები დააზიანა დაუდევრობისთვის სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.
როგორც საია-ს იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
საია შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.
საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა, მოგვიანებით კი ისიც გაარკვია, რომ თელიას მართვის მოწმობა საერთოდ არ ჰქონდა. აღნიშნული დოკუმენტი შს მომსახურების სააგენტოდან საია-ს აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ გამოითხოვა. თუმცა საინტერესოა, საიდან დაიბადა კითხვა, ჰქონდა თუ არა თელიას მართვის მოწმობა.
„სულ ახლახანს მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან. წერილობით დოკუმენტში ცალსახად არის მითითებული, რომ ვალერიან თელიას არ ჰქონია მართვის მოწმობა. კანონმდებლობა გამონაკლისებს, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არ ცნობს. გენინსპექციის დასკვნაში მითითებულია, რომ საიას თანამშრომელი იმყოფებოდა მსუბუქი თრობის პირობებში, მაგრამ მეორე მხრივ, საერთოდ არ ჰქონდა მართვის მოწმობა ვალერიან თელიას, რაზეც ყურადღების გამახვლიება არ მოხდა“, - აცხადებს საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე.
საიას ამ აღმოჩენას შს მაშინვე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განმარტებით, იმ დღეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ვალერიან თელია თავად დამჯდარიყო საჭესთან და ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე წასულიყო.
ადგილზე მყოფი თვითმხილველები და ჟურნალსიტები იხსენებენ, ინციდენტი საია-სა და ვალერიან თელიას შორის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდგაც საია-ს თანამშრომლები დაკითხვაზე წაიყვანეს, ცოტა ხანში იქ გამოცხადდა ვალერიან თელიაც.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ბათუმში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარი ინციდენტი გაზვიადებულია და ვალერი თელიამ მხოლოდ პოლიციელის მუნდირი დაიცვა.
„მე მოვისმინე განცხადებები, რომ ვიღაცამ ვიდეოკამერების ჩანაწერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენერალური ინსპექციის დაკვნა, იქ დეტალურადაა გაწერილი, რა მოხდა სინამდვილეში. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა აშშ-ში და ევროპის ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიმე რეგიონის პოლიციის უფროსისთვის მოქალაქეს, მითუმეტეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა. ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
შს მინისტრი ამბობს, რომ თელიას არ ამართლებს და არც იმას ფიქრობს, რომ იდეალურად წარიმართა ყველაფერი, მაგრამ ის არის პოლიციელი და ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მუნდირი.
შს მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ ინციდენტი ამოწურულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კი თანამშრომლობას გააგრძელებს. თუმცა, კახა კოჟორიძე თვლის, რომ გენინსპექციის დასკვნა ცალმხრივია და წარმოაჩენს მხოლოდ და მხოლოდ საიას თანამშრომლის დარღვევას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ამბავს კულუარებში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. „პრაიმერმა“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიზანმიმართულ და აშკარად პროვოკაციულ აქტიურობას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე უჭერენ მხარს.
„ვიდრე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფი - კახა კოჟორიძე ჯერ ღარიბაშვილის მოადგილეს - ლევან იზორიას შეხვდებოდა და მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ბათუმის ინცინდენტთან დაკავშირებით ულტიმატუმს წაუყენებდა, მანამდე, პარასკევს, 29 მარტს, დაახლოებით 13 საათიდან 15 საათამდე, ყოფილი სასტუმრო „ივერიის“ ანუ დღევანდელი „რადისონის“ ბარში ის დათო ბაქრაძესთან ერთად მუსაიფობდა… წინა დღით კახა კოჟორიძე სასტუმრო „მერიოტის“ მეორე სართულზე, ღამით შეხვედრია გიგა ბოკერიას… „რადისონში“ ბაქრაძისა და კოჟორიძის ჭუკჭუკს შეესწრო ორი ცნობილი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა ეს ამბავი დაწვრილებით გვიამბო… იგი მზად არის, ყოველივე ამის შესახებ დაუფარავადაც ისაუბროს!.. იგი ყოფილი პარლამენტარია“, - ნათქვამია სტატიაში.
მანამდე მსგავსი ინფორმაცია სოციალური ქსელებითაც გავრცელდა, რომელსაც კახა კოჟორიძე გამოეხმაურა და ბაქრაძესთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა.
„გიგა ბოკერიას მე შეხვედრილი ვარ ერთადერთხელ ოფიციალურ შეხვედრაზე. მასთან პირადი საუბარი არ მქონია. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს მე მას ნამდვილად შევხვდი და ეს იყო მას შემდეგ, რაც ბათუმში ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს შეხვედრა დაიგეგმა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს ინციდენტი მოხდებოდა. შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ინციდენტზე საუბრის მიზანი არ ყოფილა ბარქაძესთან შეხვედრა. ახალგაზრდა იურისტები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური დაპირისპირების ელემენტი. მე შეხვედრები საჭიროების შემთხვევაში მექნება ბოკერიასთან, ბაქრაძესთან და მოვინახულებ ახალაიასაც. მიკვირს რა არის ამაში აღმაშფოთებელი“? -აცხადებს კოჟორიძე.
ძნელი სათქმელია, რამდენად არის კოჟორიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთის შემსრულებელი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფაქტის მისთვის სასარგებლოდ შემობრუნებას რომ შეეცდება, ამაში არარეალური არაფერია. შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავადაც მისცა ბიძგი კულუარებში ამბის ამგვარ ინტერპრეტაციას, რადგან ასეთი დაპირისპირებები სწორედ მას აძლევს ხელს.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საიას ახალი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ნერვებს უშლის „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტას და შესაბამისად, უკვე მისკენ ისვრიან ისრებს, როგორც ღარიბაშვილის წინააღმდეგ კამპანიის წამომწყებისკენ დამგეგმავს.
„ძალიან პრიმიტიული ხერხია და „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკის გაკოტრებაზე მიუთითებს. რაც უფრო მალე დაიცლება სახელმწიფო კანცელარიის მე-6 სართული, რომელიც დღეს ცხრაკლიტულში აქვს გამოკეტილი „საშიშროების“ საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, მით მალე დამყარდება სიმშვიდე ქვეყანაში. მხოლოდ დისკრედიტაციას კი არა, ცოცხებსაც გამოუწერდნენ მთავრობის ყველა წევრს, მაგრამ წარსულში ჩარჩენილები ვერ აცნობიერებენ დღევანდელ რეალობას და მუდამ წარსულზე მეოცნებენი უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან მარცხდებიან. ეს პოლიტიკური ძალა არ იშურებს არანაირ ხერხს იმისათვის, რომ მოისპოს პოლიტიკური მომავალი“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მოვლენათა ამგვარი ინტერპრეტაცია საზოგადოების თვალში სავარაუდოდ, არც ერთ და არც მეორე მხარეს არ მოუტანს ქულებს, ორ კურდღელს ერთდროულად მხოლოდ ყოფილი ხელისუფლება დაიჭერს. ექსპერტები იმასაც წინასწარმეტყველებენ, რომ ნაციონალები სატელიტ არასამთავრობოებს ხელისუფლების წინააღმდეგ მალე აამუშავებენ და შესაძლოა, საიასა და შს სამინისტროს შორის მომხდარი ეს ინციდენტი მისთვის სასარგებლო არგუმენტადაც გამოიყენონ.