როგორც ჩანს, ოპოზიცია ქვეყნის ჯანჯღარს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც შეეცდება. მართალია, ჯერჯერობით ოპოზიციურ ფლანგზე სიმშვიდეა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევ, დაბრუნების დაპირებით, ოპოზიციის გამოცოცხლებას ვარაუდობს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილს დიდად არც კმაყოფილება ეტყობა და სააკაშვილს განზრახვა დაუწუნეს. უფრო მეტიც, სააკაშვილს მიუთითეს, რომ თუკი „ოცნების“ ხელისუფლება მოირყევა, მისთვის ხელის კვრას თავადაც შეძლებენ. დაქსაქსულ, არეულ და მხართეძოზე წამოწოლილ ოპოზიციას, როგორც ჩანს, ისევ საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს.
მწარე გამოცდილების მიუხედავად, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება და ისევ ქუჩის აქციებისკენ მიუწევს გული: „თუ დადგება და უნდა დადგეს შედეგი, რომ საკვანძო ქალაქებში წააგებენ, თითქმის შეუძლებელი იქნება მათგან პოლიტიკური ვითარების იგნორირება. რომ დადგება შედეგი, სადაც მკაფიო იქნება, რომ საზოგადოებამ მათ ვერდიქტი გამოუტანა მაღალი აქტივობით, ამას მოჰყვება ქვეყნის შიგნით წნეხი, თუ საჭირო იქნება პროტესტიც, ასევე წნეხი გარედან - ამ წნეხს ეს რეჟიმი, იმ პირობებში, როდესაც კონტროლი დაკარგული ექნება, ვერ გაუძლებს. ესაა გზა, რაც უნდა გამოვიყენოთ“, - აგულიანებს ოპოზიციას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური ვითარების ცვლილებას, ბოკერია ამბობს, რომ ეს საკითხი არაფერს ცვლის: „სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომ არეულობისთვის ემზადება და იქვე დასძენს: „მე-2 ტურებს, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი - 63 რეგიონული მუნიციპალიტეტიდან 51-ში, მთლიანობაში დაყენებულია 4 ან ნაკლები კანდიდატი, რაც ამცირებს მეორე ტურების ალბათობას. შესაბამისად, ბევრი მეორე ტური ამის გამო, ალბათ, არ იქნება, თუმცა, შეიძლება 10-15 მუნიციპალიტეტში იყოს, რაც არის დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და არჩევნების თემასთან ერთად დასავლეთის აღშფოთების საკითხიც მიმოიხილა: „საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არ აღშფოთებულა იმ დროს, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა. ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ და უხეში ფორმით ამბობდა უარს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს იყო შეცდომა მათი მხრიდან...
ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან პოლარიზაციის დასრულება იყო ამ შეთანხმების ამოცანა და მას პოლიტიკურად დაპირისპირებული ორი მხარე უნდა აწერდეს ხელს. 100 დღის განმავლობაში რომ ერთი მხარე არ აწერს ხელს, ერთადერთი ულატრნატივო გადაწყვეტილებაა შეთანხმების ანულირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და დასავლეთმა დაინახა „ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერა ისევ აქვს, მაშინ მიშელის დოკუმენტის შესრულების ვალდებულებას არავინ დააკისრებს.
„საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ დასავლეთს ალღო ძალიან კარგად აუღო. დასავლეთს არეულობის ძალიან ეშინია. ისინი კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს დემოკრატია არ გამოსდის და დიდი ხანი არც გამოუვა. ამიტომ ნებისმიერ გადაგდებაზე თვალს ხუჭავს, ოღონდ საქართველოში არეულობა და სისხლისღვრა არ მოხდეს. შეხედეთ თალიბანთან დაკავშირებითაც რა ხდება. პატარა შანსს ეძებენ იმისთვის, რომ მათთან რაიმე სახის ურთიერთობა დაალაგონ. „ოცნებამ“ ეს მომენტი ძალიან კარგად დაიჭირა. მან იცის, რომ ახლა საქართველოში მასზე უკეთესი არავინაა. ამიტომ დასავლეთს ეუბნება, რომ თუ ჩვენთან ურთიერთობა არ გინდათ და მხარს არ დაგვიჭერთ, აგერ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა უნდა, დაბრუნდება. დასავლეთს რეგიონში მშვიდი და სტაბილური საქართველო აწყობს. ამიტომ ხელსიუფლებაც ნებისმიერ ვაბანკზე მიდის და იცის, უნდა თუ არა დასავლეთს ამას გადაღლაპავს. არჩევნების შემდეგაც ასე იქნება. რა გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, საპროტესტო აქციები თუ სააკაშვილის დაბრუნება, თუკი ხალხის და დასავლეთის მხადაჭერა არ ექნება, ვერაფერს შეძლებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებამ“ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული 43% ვერ გადალახა, ოპოზიცია იძულებული გახდება რაღაცა იმოქმედოს, თუმცა ვერც საპროტესტო გამოსვლებით და ვერც დასავლეთის ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს.
„ოპოზიციას რაც შეიძლება დაანონსებული ჰქონდეს, ესაა საპროტესტო აქციები, მაგრამ დღეს ეს რელევანტური არაა, რადგან მოსახლეობაში პროტესტის განწყობა არ არის, სხვა პრობლემები და მოთხოვნები აქვთ. ოპოზიციას ეს მეთოდი აღარ გასდის. ამიტომ სხვა რაღაც უნდა მოიფიქრონ, თუმცა ამას ვერ ახერხებს და საზოგადოების თვალში გაბანკროტებულია.
თუ ამ ყველაფერს სააკაშვილის განცხადებას დავუმატებთ, რომლის შემდეგაც არ გამიკვირდება „ოცნებამ“ 43 კი არა 50%-იც აიღოს, რადგან ის განაწყენებული ამომრჩეველიც კი, რომელსაც „ოცნება“ არ უნდოდა, ხმას ისევ ხელისუფლებას მისცემს. ეს არის უკვე ჩვენი პოლიტიკის აქილევსის ქუსლი, რომელიც ვერც ოპოზიციამ და ვერც სააკაშვილმა ვერაფრით ვერ დაძლია. ოპოზიცია საპროტესტო აქციების გამართვას მოინდომებს, მაგრამ ეს იმდენად სუსტი ტალღა იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
რაც შეეხება დასავლეთის ფაქტორს და მისი მხრიდან წამოსულ ზეწოლას, ძაბირაძე ეჭვობს, რომ ასეთ ზეწოლას ადგილი ჰქონდეს: „დასავლეთი ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში არასტაბილურ ვითარებას არ შექმნის. იგივეს იტყვიან საქართველოზე, რაც ბაიდენმა ავღანალებთან დაკავშირებით თქვა: „საკუთარი ქვეყნისთვის ხალხმა თუ არ იბრძოლა, დასავლეთი ვერავის მაგივრად ვერ იბძოლებს“.
ძაბირაძე ამბობს, რომ დასავლეთმა ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობაში ახლა საპროტესტო მუხტი არ არის და თუ ასეთი გაჩნდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებს. ამიტომ ოპოზიციის ილუზია, რომ „ოცნება“ მალე მოირყევა და მას მხოლოდ ერთი ხელის წაკვრაღა დასჭირდება, მცდარია, ამას მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს.