რუსეთში „ბორჯომის“ დაბრუნება გადაიდო. გენადი ონიშჩენკოს უწყებამ ქართულ მინერალურ წყალი კიდევ ერთხელ დაიწუნა და „ბორჯომს“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება არ მისცა. კომპანიის მიერ წარდგენილი სინჯების შემოწმებისას რუსული მხარე უკმაყოფილო დარჩა. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო ადასტურებს, რომ კითხვები გაუჩნდათ „ბორჯომთან“, თუმცა მზად არიან ხელმეორედაც შეამოწმონ სინჯები.
იმის შესახებ რომ „ბორჯომი“ რუსეთში შეიძლება დაბრუნებულიყო, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოში რუსი ექსპერტების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ წლის დასაწყისში კომპანია რუსულმა „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა. რუსების „ბორჯომით“ დაინტერესებას სწორედ იმას უკავშირებდნენ, რომ ქართული მინერალური წყლისთვის ჩრდილოეთის კარი უმოკლეს დროში გაიხსნებოდა.
სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში „ბორჯომის“ ხარისხზე ონიშჩენკო სრულიად სხვაგვარ შეფასებებს გამოთქვამდა. მაგალითად, 2011 წლის დეკემბერში რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, რომ „ბორჯომის“ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში გაუმჯობესდება ქვეყნის ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. „იმედი მაქვს, ეს მშვენიერი მინერალური წყალი ოდესმე დაბრუნდება ჩვენს ბაზარზე“, - ამბობდა ონიშჩენკო.
რეალობა კი სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ქართული ღვინისაგან განსხვავებით „ბორჯომი“ ჯერჯერობით უარით გამოისტუმრეს. თავად კომპანია „ბორჯომში“ რუსთა პოზიციის კომენტირება არ ისურვეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი კი აცხადებს, რომ „ბორჯომთან“ დაკავშირებით პრობლემები არ არის და უბრალოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. როგორც „კომერსანტს“ ზურაბ ჩეკურაშვილმა განუცხადა, ისინი კომპანიის წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ, რომელთაც განუმარტეს, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი. ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ცნობით, რუსეთის მხარეს აქვს დამატებითი კითხვები ჭაბურღილებზე, თუმცა ეს საკითხი მოგვარებადია.
ამასობაში კი „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტების მეორე ჯგუფი, ქართული საწარმოების ინსპექტირების მიზნით, თბილისში ჩამოვიდა. 2 აპრილიდან ისინი ღვინის მწარმოებელი 35 საწარმოს შემოწმებას დაიწყებენ.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები გარდა საწარმოებისა, ორ ლაბორატორიასაც შეამოწმებენ. მათი ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება.
რუსმა ექსპერტებმა ქართული საწარმოების ინსპექტირების პირველი ეტაპი 25 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით განხორციელეს. აღნიშნულის შედეგად, ალკოჰოლური სასმელის 36 მწარმოებელმა და მინერალური წყლის ოთხმა მწარმოებელმა კომპანიამ რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დარეგისტრირების უფლება მიიღო.
ჯერჯერობით რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 40-მდე სახეობის ქართულ ღვინოს აუნთო მწვანე შუქი.
„უკვე გამოცხადდა ჩამონათვალი, რომლებსაც ოფიციალურად მიეცათ უფლება დაიწყონ საკუთარი პროდუქციის რეგისტრაცია რუსულ ბაზარზე შესასვლელად. ჩვენი შეფასებით, შემოწმებამ ობიექტურად და პროფესიონალურად ჩაიარა. იყო საწარმო, რომლის შემოწმებაც ვერ მოესწრო, ერთმა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო შავნაბადას მონასტრის ბერებმა შემოწმებაზე თავად განაცხადეს უარი“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა.