„სააკაშვილი, მისი ამორალური აზროვნებიდან გამომდინარე, უნდა ჩამოვიდეს, მისი ამორალური პოლიტიკის დრო დადგა“

„სააკაშვილი, მისი ამორალური აზროვნებიდან გამომდინარე, უნდა ჩამოვიდეს, მისი ამორალური პოლიტიკის დრო დადგა“

„მიხეილ სააკაშვილი მიზეზს იპოვის იმისას, თუ რატომ არ შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ თუ ჩამოვა, ეს სერიოზული განაცხადი იქნება. თუ, წესით, მას კიდევ შემორჩა ენერგია და პოლიტიკური ალღო, ახლა სწორედ მისი ჩამოსვლის დროა, რათა ტემპერატურა აწიოს“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. „არც დაპატიმრების მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გამათავისუფლებს“, - თქვა სააკაშვილმა. ეს პირველი განცხადება არ არის, როდესაც ექსპრეზიდენტი ჩამოსვლას გეგმავს. თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ მისი ეს ბოლო განცხადება?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ისევე არ ფიქრობს სახელმწიფოზე, როგორც „ქართული ოცნება“. ამიტომ, სააკაშვილის მთავარი ამოცანაა, გახლიჩოს საზოგადოება, შექმნას ორი პოლუსი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა.“ არავითარი „გახარიები,“ „ლელოები“ და ა.შ. იგი ფიქრობს, რომ ის არის „ქართული ოცნების“ საყვარელი ოპოზიცია, თუკი ასე თვლის, იმის დროა, რომ ჩამოვიდეს და გადაარჩინოს ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი, რაც ყოვლად მიუღებელია, მაგრამ მისთვის მისაღები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დააფიქსიროს წამყვან ოპოზიციურ ძალად.

თუ ჩამოვა, გააძლიერებს „ქართულ ოცნებას“, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველს შეეშინდება, ამიტომ ხმები, რომელიც შესაძლოა, გახარიასკენ წასულიყო, ისევ შეიძლება „ქართული ოცნებისკენ“ წავიდეს. სააკაშვილი ეცდება, გააძლიეროს ეს ცენტრი და გაძლიერდება თვითონაც. ხმები წაერთმევათ პატარა პარტიებს. სააკაშვილი, მისი ამორალური აზროვნებიდან გამომდინარე, უნდა ჩამოვიდეს, მისი ამორალური პოლიტიკის დრო დადგა.

როგორ ფიქრობთ, უკრაინის სცენარი მოსალოდნელია საქართველოში?

- ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც გულწრფელად მივა აეროპორტში, თუ ვინმეს ფულს გადაუხდნიან, კიდევ უკეთესი. სააკაშვილი რელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა და მის მომხრეებს მისი სწამთ, როგორც ღმერთის, როგორც სტალინიზმი - ამ კატეგორიისა. არის ხალხი, ვინც დაბრმავებულია სააკაშვილით და ყველაფერზე წამსვლელები არიან, იმედია ბევრნი არ არიან - 200-300-ზე მეტი არ იქნება მისი მომხრე ფანატიკოსი.

სააკაშვილის განცხადებაში იყო კიდევ ერთი საინტერესო აქცენტი: „ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა, თუმცა გვინდა მომავალი“. რამდენად უნდა ველოდოთ რევოლუციურ სცენარს?

- შეიძლება სააკაშვილის თავში არის რევოლუცია, მაგრამ საქართველოში ამის არავითარი სიტუაცია არ არის. რევოლუციას სჭირდება მინიმუმ 50 ათასი კაცი, რეგულარული მოქმედი ძალა, რომელიც მუდმივად გარეთ დადგება ღამე. ვინ უნდა ჩაანაცვლოს „ქართული ოცნება?“ - საქართველოში არ არის „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიები, მაგრამ არც სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ. რევოლუციის დროს ხალხი თავისი თავის გამო გამოდის, თავისი ოჯახისა და შვილების გამო გამოდის. ვერც ერთ ძალას ვერ ხედავენ ისინი, ვინც შეიძლება ჩაენაცვლოს „ქართულ ოცნებას.“

თუ არჩევნების შემდეგ ფასები გაიზარდა და კატასტროფული ეკონომიკური ვითარება დადგება, ხალხი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო და არა სააკაშვილის გამო.

როგორია თქვენი პროგნოზი, თუკი ის მართლაც ჩამოვა საქართველოში წინასაარჩევნოდ?

- არ მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს. თუ ჩამოვა, ბუნებრივია, რომ იცის მოუწევს ციხეში წასვლა. მთელი მსოფლიოსთვის, ავღანეთის ნაცვლად, შეიძლება საქართველო გახდეს ყურადღების ცენტრი ერთი-ორი დღით. მოუწოდებს მთელი კონგრესი, სენატი პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. ყველაზე ლოგიკური ჯაჭვი იქნებოდა, ჩამოვიდეს სააკაშვილი, ციხეში წავიდეს, ტემპერატურა აიწევს, მისი მომხრეები ქუჩაში გამოვლენ, მთელი მსოფლიო ახმაურდება, ევროკავშირი, ამერიკა და ა.შ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს მას და გაასუფთავებს, ჩამოაცილებს ყველა მის ცოდვას. გარეთ გამოვა, როგორც ახალშობილი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება დარჩეს კიდევაც თბილისში და ჩაუდგეს სათავეში პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადება, ეს იქნება ვადამდელი თუ 2024 წლის მორიგი არჩევნები

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების რა შანსები აქვს?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ მინიმუმ აქვს 12%, - მას პრეტენზია არ აქვს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად, რის ილუზიასაც „ქართული ოცნება“ ქმნის. მისი ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ სახელმწიფოზე კი არ ფიქრობს, არამედ როგორ აიცილოს თავიდან პასუხისმგებლობა და ყველაფერი გადაულოცოს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სინდისზეა, ბერავს დაჩუტულ ბორბალს, რომელიც თუ მუდმივად არ ბერე, აუცილებლად დაიჩუტება. ანუ, მისი სიცოცხლისუნარიანობა „ქართულ ოცნებაშია“. „რა დროს პენსიებია, სიღარიბეა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება“, - ეს არის ამორალური და ამაზრზენი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. სააკაშვილს აქვს გათვლა, რომ ორპოლუსიანი გახდება ქვეყანა და ამ ორ ბორბალზე იტრიალოს საქართველომ. თუ არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ერთი თვე მაინც არ ილაპარაკებს „ნაციონალურ მოძრაობაზე,“ ის მაქსიმუმ 12%-ს აიღებს, მაგრამ თუ ყოველდღე ილაპარაკებს - 20%-ს. შიშებზე მუშაობს „ქართული ოცნება“ და რაც არ უნდა უღირსი იყოს „ნაციონალური მოძრაბა“, ათასჯერ უღირსი არის „ქართული ოცნება“.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით, გიორგი გახარიას შანსები მცირდება? ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად მესამე ძალად მოიაზრდებოდა...

- თუ სააკაშვილი ჩამოდის, ამით გახარია მხოლოდ წააგებს. ხალხს შეეშინდება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების და „ქართული ოცნებისკენ“ დაიძვრება. თუ ვინმეს აწყობს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს არის „ქართული ოცნება“. ის წაართმევს ხმებს გახარიასაც. „ქართულ ოცნებას“ რეალურად ეშინია გახარიასი და არა სააკაშვილის, რადგან გახარია წამოვიდა კრიტიკულ სიტუაციაში და კარგი ქულები ჩაიწერა, რომ „მე არ მივიღებ მონაწილეობას დანაშაულში“. როგორც სააკაშვილი წამოვიდა შევარდნაძისგან და დადებითი მომენტები წამოიღო, რომ თავისი ცოდვები გაასუფთავა - „მე მუდმივად არ ვაპირებ სისხლიანი მქონდეს ხელები“ - დაახლოებით ასეთი პოზიცია ჰქონდა გახარიასაც და ამის ფონზე, გარკვეული პოპულარობა და იმედები საზოგადოებაში გააჩინა. „ქართულ ოცნებას“ ძალიანაც აწყობს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს და ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს, მესამე პოლუსი კი არ გაჩნდეს.