მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი რეზერვის სისტემას შეეხო. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მიმდინარე წელს რეზერვის გადამზადება არ მოხდება, შესრულდება მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები - არსებული რეზერვის სამობილიზაციო შესაძლებლობების შეფასება: „წელს რეალურად პოლიტიკის შექმნის, მათ შორის შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადების ,ასევე, სამობილიზაციო და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის წელი იქნება. 2014 წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ როგორც საბრძოლო, ტერიტორიული, ასევე სამოქალაქო რეზერვის მომზადებას“.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, საბრძოლო რეზერვის მომზადების სტაბილური სისტემის შექმნა 2016 წლის შემდეგ იგეგმება. თავდაცვის უწყება რეზერვის სრულფასოვან წვრთნაზე კი 2017 წლიდან გადავა. საბრძოლო ტიპის რეზერვს საბრძოლო ქვედანაყოფები მოამზადებენ, დანარჩენ ორს კი - ეროვნული გვარდია.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი საზოგადოებას სარეზერვო სისტემის სრულ გეგმას აპრილის შუა რიცხვებში გააცნობს.