თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების დასაქმებაზე ზრუნავს

თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების დასაქმებაზე ზრუნავს

ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დაჭრილი ვეტერანების გადამზადებისა და დასაქმების საკითხს შეეხო. თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია: „ჩვენ დავიწყეთ დაჭრილი ვეტერანების დასაქმება. თავდაცვის აკადემიაში ცხრა ვეტერანია დასაქმებული, მათ შორის, აგვისტოს ომსა და ავღანეთში დაჭრილები. შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომელიც დაჭრილების გადამზადებას ითვალისწინებს. ქართველი სამხედროები ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის ასამაღლებლად ტრენინგსაც გადიან. სამხედროები სამოქალაქო პროფესიაზე გადაინაცვლებენ, რაც მათი ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს “.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ, შეძლონ თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებულ შტაბსა თუ სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფში შესვლა. პროგრამის ფარგლებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში სპეციალური რეაბილიტაციის განყოფილება ფუნქციონირებს. მომავალში ანალოგიური ცენტრი დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება. დაჭრილი სამხედროებისთვის ამერიკულ მხარესთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედებაც იგეგმება.