მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდი ცნობილია როგორც ოპოზიციურად განწყობილი რეგიონი, 2012 წლიდან მოყოლებული, ზუგდიდელებმა ყველა არჩევნებში აჩვენეს, რომ ეს ქალაქი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს. ყველაზე დიდი მარცხი ნაციონალებმა სწორედ 2017 წელს იწვნიეს. მიუხედავას იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარის მეუღლე, სანდრა რულოვსი ადგილობრივებს სამეგრელოს რძლის სტატუსით წარუდგინეს, ზუგდიდმა მას უარი უთხრა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ნაციონალების შანსები კიდევ უფრო შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანზორ მელიას, რომელსაც ზუგდიდთან მხოლოდ საკუთარი კლინიკა აკავშირებს, გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. ადგილობრივები მელიას იცნობენ როგორც კარდიოლოგს, მაგრამ პოლიტიკოს ანზორ მელიას ადგილობრივები არ იცნობენ. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდმა შვიდ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს და მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებლია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილობრივები არჩევანს „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთებენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ქვეყანას.
„ჩვენ შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენმა მოსახლეობამ გადმოგვცა მანდატი იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 2 ოქტომბერს, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ვინ, თუ არა ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, გამარჯვებაში დარწმუნებულია ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია, რომლის განცხადებით, ზუგდიდის გარეშე ერთი წუთიც არ უცოცხლია და ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, რომ ზუგდიდი არ უნდა შეარცხვინოს. მელია ადგილობრივებს არწმუნებს, რომ მისთვის ზუგდიდი და ზუგდიდებელი ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ასეც გაგრძელდება.
„მე უზუგდიდოდ ერთი წუთიც არ მიცოცხლია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზუგდიდი არ უნდა შევარცხვინო. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისში როცა გადადიან და წარმატებას აღწევენ, ავიწყდებათ, საიდან არიან, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ზუგდიდელი ვარ. ეს თვისებები ზუგდიდმა გამომიმუშავა - ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ნათესავებმა, ჩემმა მასწავლებლებმა“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.
უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის ამომრჩევლებს შეახსენა, რომ მელიას კლინიკა თავად გახსნა ზუგდიდში.
„ანზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი. ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, საქართველოს უზურპატორული არჩევნების, მომპარავი ხელისუფლების მოშორებაზე და, რა თქმა უნდა, ყველამ, ყველაფერი უნდა გავიღოთ ამისთვის. ანზორ მელიას კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში მასთან ერთად და მახსოვს კარგად, როგორ უყვართ ზუგდიდელებს, ეს არის საუკეთესო წარმომადგენელი სამეგრელოში, ზუგდიდის და მთლიანად საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ანალიტიკოსები, სააკაშვილისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის შანსებს განსხვავებულად აფასებენ. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, როცა პარტიას ისე დაუდგება საქმე, რომ სხვა უკეთეს კანდიდატს ვერ შეარჩევს და მთავრი უპირატესობაა ის, რომ შვილი არის პარტიის თავმჯდომარე, ეს უკვე წაგებული თამაშია.
„იგივე იყო წინა არჩევნებში, როცა ადგილობრივ არჩვნებში პარტიის თავმჯდომარის, სააკაშვილის ცოლი დასახელდა. მართლა უცნაურია, რას გადაეკიდნენ ამ ზუგდიდს. თურმე ზუგდიდში რომ აგირჩიონ ან პარტიის თავმჯდომარის ცოლი უნდა იყო, ან მამა? მამაზე და ცოლზე უკეთესი არაფერი შეიძლება ზუგდიდელებს შესთავაზო? ეს ორ რამეს აჩვენებს - ზუგდიდელების უპატივცემულობას, იმიტომ, რომ ასეთ ხალხად მიიჩნევენ ზუგდიდელებს, თურმე ნათესაური კავშირის გამო უპირატესობას მიანიჭებენ რომელიმე კანდიდატს და მეორე - ეს მიანიშნებს, რომ ძალიან შეზღუდული რესურსი აქვთ. ყურადღებას აქცევენ იმას, ვინ არის პარტიის თავმჯდომარესთან ყველაზე დაახლოებული და სისხლით ახლოს მდგარი ადამიანი, რაც ითვლება კანდიდატის უპირატესობად, აი, ეს არის პრობლემა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პარტიის იმდროინდელი თავმჯდომარის ცოლს, სანდრა რულოვსს მეტი პოლიტიკური წონა ჰქონდა, ანზორ მელია ამ თვალსაზრისით, სუფთა ფურცელია, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი ინტერესი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ მისი შვილი მონაწილეობს პოლიტიკაში.
„პოლიტიკაში ამ ინტერესით შემოსვლა, რომ მამაა და ამიტომ მხარი უნდა დაუჭირონ, არის სიგიჟე. არავითარი კავშირი ინსტიტუციურ პოლიტიკასთან მას არ აქვს. იმიტომ კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, რომ მამაა, არამედ იმიტომ, რომ თანამოაზრეა და ერთნაირი პოზიციები და მოლოდინები აქვთ ამ პოლიტიკური პროცესისგან. არ ვიცით, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს ანზორ მელიას, რასაც მისი შვილი ფიქრობს, იმავეს ფიქრობს? მაშინ პოლიტიკოსის ნაცვლად, სხვისი აზრების გამზიარებელი ყოფილა.
მელიას დამოუკიდებელი წონა და აზროვნება არ აქვს. ეს არის პრობლემა, თორმე ვინც უნდა ის დაასახელონ. ანზორ მელიას პოლიტიკური ბიოგრაფია არ აქვს. ახლა იწყებს პოლიტიკოსობას. ადამიანი, რომელიც ამხელა პოსტს ეჭიდავება, პოლიტიკური ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკანორ მელია შენი შვილია, ეს რაიმე დამსახურება პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს და არც არის. 2017 წელს ზუდიდში დამარცხდა სანდრა რულოვსი, შემდეგ გაბრაზდა და სროლას აპირებდა. „სხვა გზა არაფერი დამრჩენია უნდა ვისროლო“, - აი, ასეთ სიგიჟეებს იძახდა ბოლოს. იმედია ანზორი ამას არ იზამს, შედარებით დამსახურებელი ექიმია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ არ იცის როგორია ანზორ მელიას რეიტინგი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ გამარჯვებაზე ლაპარაკი ზედმეტია. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ნაციონალები განსაკუთრებულ ფუნქციას აკისრებენ ზუგდიდს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაიწყოს დიდი რევოლუცია.
„არ უნდა ამ ზუგდიდს სანაციონალებო რევოლუცია, ანუ რევოლუცია, რომლითაც ნაციონალებს მოიყვან ხელისუფლებაში. ანალოგიური მდგომარეობაა ახლაც, მით უფრო, რომ ადგილობრივ არჩევნებზეა ლაპარაკი. ადგილობრივებმა იციან, რომ ირჩევენ იმას, ვინც ცხოვრებისეული საკითხები უნდა გადაჭრას და არა იმას, ვინც ბრძოლაში იდგება ბარიკადების იქეთ, ან აქეთ.
მელიას არგუმენტი, რომ მამაჩემი ჩემთან ერთად იბრძოდა და ამიტომ დავაყენეო, უკვე აცდენილია რეალობას. ეკითხათ იმ ზუგდიდელებისთვის თვითონ ვინ უნდათ და ის დაესახელებინათ, მაგრამ ამ გზით არ მიდიან. რადგან მამა მასთან ერთად იბრძოდა, ამიტომ სამეგრელომ უნდა აირჩიოს?! გაუგებარი და შერაცხმყოფელი ლოგიკაა მეგრელებისთვის“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.