ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, მოსახლეობას ე.წ. „საბჭოთა ანაბრების“ გასტუმრებას ჰპირდება. მართალია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებში არ ყოფილა „საბჭოთა ანაბრების“ დაბრუნების საკითხი, მაგრამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. არსებობს თუ არა რეალურად ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება და აქვს თუ არა საქართველოს შესაბამისი რესურსი, ამ თემასთან დაკავშირებით for.ge-ს „თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ანზორ საკანდელიძე ესაუბრება, რომელსაც ამ მხრივ საკუთარი ხედვა და სპეციალური პროგრამაც კი აქვს შემუშავებული.
ანზორ საკანდელიძე: „უკვე ოცი წელია ეს თემა ყოველთვის აქტუალურია და განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში აქტიურდება. ედუარდ შევარდნაძეც და მიხეილ სააკაშვილიც ხელისუფლებაში მოსვლის წინ მოსახლეობას მცირე მეწარმეების და ანაბრების პრობლემების მოგვარებას პირდებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაპირებები არ შესრულებულა.
„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე მეწარმეობა ერთ-ერთი ძირითად პრიორიტეტად ჰქონდა აღიარებული. სამწუხაროდ, დაპირება დაპირებად დარჩა. 2009 წელს ნაციონალებს ბიუჯეტში მცირე მეწარმეობაზე მიზნობრივად ჰქონდათ ჩადებული 21 მლნ ლარი და ეს თანხა რომ იმ პროგრამების მიხედვით გახარჯულიყო, რაც ჩვენს ასოციაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს შედგენილი, ამ ეტაპისთვის მცირე მეწარმეობის და ანაბრების პრობლემები (რაც მთავარია, დასაქმების და სიღარიბის დაძლევის პრობლემები) მნიშვნელოვანწილად იქნებოდა გადაწყვეტილი.
რამდენად რეალურია საბჭოთა ანაბრების გასტუმრება და აქვს თუ არა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა?
- „ქართული ოცნება“ უკვე ჩიხშია მოქცეული, რადგან ჩვენს მიერ მიწერილ წერილებს პასუხობენ, რომ პროგრამაში მცირე მეწარმეების საკითხი არ ჰქონდათ. ჩვენ გაწერილი გვაქვს მცირე მეწარმეების პრობლემის მოგვარების და ასევე ანაბრების დაბრუნების პროგრამები, რომლებზეც მე საქპატენტის ლიცენზია მაქვს მიღებული. ეს ორი პროგრამა ერთმანეთთან ისე არის დაკავშირებული, რომ თუ დაფინანსდება მცირე მეწარმეების პროგრამა, ეს გამოიწვევს მეანაბრეების პრობლების მოგვარებას ისე, რომ სახელმწიფოს ამისთვის პრაქტიკულად არაფრის გაღება არ მოუწევს და პირიქით, თუ მეანაბრეების ანაზღაურების პროგრამა განხორციელდება, ეს ქვეყანაში მცირე მეწარმეობასაც ააღორძინებს.
ჩემი მიგნებაა ეკონომიკური ბერკეტებთან დაკავშირებით, რაც არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ გაუკეთებია. მოგეხსენებათ, ანაბრების პრობლემა ბევრ მათგანში აქტუალურია და სადაც დაიწყო ანაბრების ბიუჯეტიდან გაცემა (თუნდაც 20-30%-იანი ინდექსირებით), ამან იმ ქვეყნებში კატასტროფული ინფლაცია გამოიწვია. ჩვენ კი შემუშავებული გვაქვს ისეთი მეთოდი, რომელიც ანაბრების გასასტუმრებლად ბიუჯეტს პრაქტიკულად არაფერს სთხოვს.
რაში მდგომარეობს ეს მეთოდი?
- მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ამ ანაბრების ნაწილი, ანუ 500 მილიონი შიდა ვალად აქვს აღიარებული. ჩვენი შეთავაზების თანახმად, ამ აღიარებული შიდა ვალის ფარგლებში სახელმწიფომ უნდა გასცეს ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ჩვენ საგადასახადო თამასუქები დავარქვით და რომლის გამოყენებაც შეიძლება ძალიან ვიწრო სპეციალიზაციით - მხოლოდ და მხოლოდ სამრეწველო მცირე მეწარმეობის დროს. როდესაც ხარ მცირე მეწარმე, აწარმოებ სამრეწველო პროდუქციას და სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო ვალდებულება წარმოგეშვება, ამ ვალდებულებას სწორედ ამ საგადასახადო თამასუქებით დაფარავ. ეს არის ძირითადი იდეა, რომელიც ვინც გაიგო, ძალიან მოიწონა.
მაგალითად, აზერბაიჯანში შარშან დაიწყეს ამ ანაბრების გაცემა და ისეთი ინფლაციური პროცესები დაიწყო მათთან, რომ ეს პროცესი შეაჩერეს. ხოლო როდესაც ჩვენი იდეის შესახებ გაიგეს, მათ ამ პროგრამის გადატანა მოინდომეს, რის გამოც ახლა აზერბაიჯანში ვართ მიწვეულები.
ამდენი წელია საქართველოს ხელისუფლებას (დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით) ველაპარაკებით ამ საკითხზე, აკლებული გვაქვს პარლამენტიც და პრემიერ-მინისტრის აპარატიც, მაგრამ როგორც ჩანს, პრემიერამდე ჩვენმა წერილებმა ვერ მიაღწია.
გქონდათ მცდელობა, რომ ხელისუფლებისთვის თქვენი პროგრამა გაგეცნოთ და არავინ გამოგეხმაურათ?
- დიახ, ეს პროგრამა ჩვენი ასოციაციის facebook-ის გვერდზეც დევს და პრემიერ-მინისტრის გვერდზეც დავდეთ. გარდა ამისა, ათობით წერილიც მივწერეთ. ერთადერთი კომუნიკაცია რაც ჩვენთან შედგა, იყო ეკონომიკის სამინისტოში ჩვენი მიწვევა, სადაც გვთხოვეს ჩვენი პროგრამა მათთვის გაგვეცნო და გვითხრეს, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზებს იძიებენ და კიდევ დაგვიკავშირდებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ უკვე ორ თვეზე მეტია გასული და არავინ შეგვხმიანებია.
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მცირე მეწარმეობის მარეგულირებელი არც ერთი ნორმატიული აქტი არ მოქმედებს და არ არის არც ერთი სტრუქტურა, რომელიც მცირე მეწარმეობის საკითხზე მუშაობდეს. სანამ მცირე მეწარმეობას არ მივხედავთ, დასაქმების პრობლემა ვერ მოგვარდება.
ბატონო ანზორ, თავის დროზე, როცა სახელმწიფომ ამ ანაბრების ინდექსაცია მოახდინა და ეს თანხები 500 მილიონად იქნა დაანგარიშებული, თქვენი აზრით, ინდექსაცია სწორად არის მომხდარი?
- შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ინდექსაცია ძალიან კაბალურად იანგარიშებოდა. კერძოდ, 1000 საბჭოთა მანეთში მეანაბრისთვის 100 ლარი უნდა გადაეხადათ. შემდეგ ესეც ეძვირათ და თქვეს, რომ 1000 საბჭოთა მანეთში 10 ლარი უნდა გადაეხადათ, რაც უკვე დაცინვა იყო და მაშინ ჩვენ ეს პროცესი შევაჩერებინეთ. დღეს ამ მხრივ სრული ქაოსია.
სამართლიანობის ყველაზე დიდი კრიტერიუმი, რასაც ჩვენ მივაგენით და ჩვენს პროგრამაშიც ავსახეთ, არის ის, რომ 1980 წლამდე არსებული ანაბრების ანაზღაურება უნდა მოხდეს ერთი ერთზე, ანუ ერთ საბჭოთა მანეთზე ერთი ლარი უნდა გაიცეს. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ იმ პერიოდში, ანუ 1980 წლამდე საბჭოთა მანეთის აშშ დოლართან კურსი იყო ასეთი - ერთი დოლარი 70-80 კაპიკი ღირდა. 1980 წლის შემდეგ კი კურსმა მერყეობა დაიწყო. ამიტომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ კურსს გაითვალისწინებს და ამის მიხედვით მოხდეს ანაბრების დაანგარიშება.
მთავარი არის ის, რომ ჩვენი პროგრამის თანახმად, ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მხოლოდ ახლადამოქმედებული საწარმოებისთვის, რომელთა საგადასახადო დავალიანებები საბიუჯეტო შემოსავლებში განსაზღვრული არ არის. ამიტომ ბიუჯეტს ამით არაფერი დააკლდება. პირიქით, როდესაც ეს საწარმოები ამუშავდება, იქიდან საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში შევა და იგი იხეირებს კიდეც.
საერთოდ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ასეთი ტოტალური უმუშევრობაა, როგორსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი, მთელი სახელმწიფო რესურსი ფეხზე დგება, რომ სამრეწველო მცირე მეწარმეობას შეუწყოს ხელი. არსებობს სტატისტიკა, რომ ერთი დასაქმებული, რომელიც პროდუქციას ქმნის, ავტომატურად ასაქმებს ოთხ კაცს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ მთელი რესურსი სამრეწველო მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული.
აქვე მინდა ერთი რამ გითხრათ. ნათქვამია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადასამუშავებელი 60 ქარხანა უნდა ჩამოიტანონ. ამასთან დაკავშირებით წერილები გავუგზავნე პარლამენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც და ვწერ მათ, რომ თუ საგადასახადო კოდექსში არ იქნა გათვალისწინებული გარკვეული შეღავათები, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ (შეღავათები ახლადგახსნილი სამრეწველო მცირე საწარმოებისთვის), ყველა ეს ქარხანა ან გაკოტრდება, ან ჩრდილოვან ეკონომიკაში გადავა, ისევე, როგორც გადასულია მთელი ბიზნესი. შარშან მსოფლიო ბანკმა ეს მაჩვენებლი 72%-ით განსაზღვრა. ეს ხდება იმიტომ, რომ საგადასახადო ტვირთი არის ძალიან მძიმე და ამას საგადასახადო კოდექსის კორექტირება სჭირდება.
მთელს მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, რომ სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის სამრეწველო მცირე მეწარმეობისათვის სერიოზული საგადასახადო შეღავათების დაწესება. ამას სოციალურ მეწარმეობასაც კი უწოდებენ, რადგან თავის ძირითად არსთან ერთად (როგორიც არის მოგების მიღება), სახელმწიფოს სოციალურ პრობლემებსაც უგვარებს. ჩვენი პროგრამის თანახმად კი ამ შეღავათებით, რომლებსაც სახელმწიფო მცირე მეწარმეებს დაუწესებს, იგი ამავდროულად თავის შიდა ვალსაც ისტუმრებს. ამდენად, მოგებული რჩება სახელმწიფოც, რომელიც ვალს იხდის ისე, რომ ბიუჯეტიდან არაფერს ხარჯავს და მოგებული რჩება დაზარალებული მოანაბრეც, რომელიც ამ ზარალს თავისივე წარმატებული ბიზნესაქტივობით ინაზღაურებს.