სააკაშვილისგან 7 სხვადასხვა არჩევნების წინ 7-ჯერ დაპირებული და შემდეგ მოტყუებული ამომრჩეველი, მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებას ხან ჰაერიდან, ხან ზღვიდან და ხანაც ხმელეთიდან ელოდა, მაგრამ ეს ოცნება ჯერ არ ასრულებიათ. ორშაბათს, 6 სექტემბერს, საღამოს, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ არჩევნების დღისთვის დაბრუნდება საქართველოში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული – ერთ თვეზე ნაკლებ დროში. ამიტომ სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად წესით, სულ რამდენიმე დღე დარჩა. თუმცა მას საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული და 9 წლიანი სასჯელი ელოდება, შესაბამისად, როგორც კი სამშობლოში შემოვა, დააპატიმრებენ. სააკაშვილს კი იმედი აქვს, რომ თუ ამას „ოცნების“ ხელისუფლება გაბედავს, მას ქართველი ხალხი გაათავისუფლებს.
მხარდამჭერების იმედისა და ოპონენტების კრიტიკის ფონზე, ფაქტია, სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური ველის რადიკალიზაციისა და ორპოლუსიანობის დაბრუნების რისკებს აჩენს. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, სააკაშვილისთვის ახლა, საფრთხეს მხოლოდ „ოცნება“ არ წარმოადგენს, მას ამ არჩევნებზე ახალი საფრთხე გაუჩნდა გიორგი გახარიას სახით, რომელსაც მისი და მისი პარტიის გვერდით ჩაწევა შეუძლია. ამის პარალელურად, ნიკა მელიას დაკავების და შემდეგ გათავისუფლების ფაქტმა სააკაშვილს ავტორიტეტი პარტიაშივე შეულახა. ის, როგორც ჩანს, მელიაზე ეჭვიანობს და ფიქრობს, რომ თუ ახლა სამშობლოში არ დაბრუნდება, მისი პოლიტიკური კარიერა ფაქტობრივად დასრულდება. თუმცა დაბრუნებითაც დიდს ვერაფერს შეცვლის, რადგანაც საქართველოში სრულიად სხვა პოლიტიკური რეალობა დახვდება.
სააკაშვილის სამშობლოში „დაბრუნების“ ქრონოლოგია
2016 წლის 24 აპრილი - მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამიტომ ის სამშობლოში დაბრუნდება.
2018 წლის 3 აპირილი - საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ დროს ნიდერლანდებში იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ ის საქართველოში დაბრუნებას აპირებდა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობას მიიღებდა.
2019 წლის 30 სექტემბერი - სააკაშვილი პირობას დებს, რომ 2020 წლისთვის სამშობლოში ჩამოვა და ამაში უკვე დასამალი აღარაფერია.
2020 წლის 7 აგვისტო - „მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას... ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
იგივე დაპირება სააკაშვილმა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ გააკეთა. 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ისაუბრებდა დაბრუნების შესახებ. 7 სექტემბერს კი საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ ის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. თუმცა სამშობლოში დაბრუნება არჩევნების შემდეგ გადაიფიქრა.
2021 წლის 20 აპრილს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებულ დოკუმენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება რეფერენდუმი და ეს არჩევნები გადაწყვეტს, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება საქართველოში საპარალამენტო არჩევნების გზით. ასევე, მან განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა და ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებს: „მე არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე, თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ვიქნები საქართველოში“.
ხელისუფლება სააკაშვილს დაბრუნებისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ ექსპრეზიდენტი დაბრუნდება, თუმცა თუ დაბრუნდა, კანონი აღსრულდება.
„ეს არის პირი, რომელიც არის მსჯავრდებული არაერთ დანაშაულში. მსჯავრდებულის ადგილი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, თუ ასეთი პირი შემოდის ქვეყანაში, მის მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა.
ზოგადად, ვიცით, რომ მშიშარა ადამიანია, მას არ აქვს ასეთი გამბედაობა, ყოველთვის პოულობს ხოლმე გამოსავალს და აქედან გამომდინარე, ალბათობა მაინცდამაინც მაღალი არ არის. თუ ჩამოვა, უკეთესია, ამ შეთხვევაში კანონი აღსრულდება, რაც ვერ აღსრულდა წლების განმავლობაში და ეს იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
სააკაშვილის ვა-ბანკი
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ამ განცხადებით „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და თითქმის ხელის გატოკების გარეშე ხელისუფლებას არჩევნების მოგების შანს აძლევს. სააკაშვილის განცხადების შემდეგ ისევ ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო გვექნება და თუკი სააკაშვილის ამომრჩეველი მობილიზებას დაიწყებს, გულზე ხელს არც „ოცნების“ ამომრჩეველი დაიკრეფს. ამ შემთხვევაში კი ყველაზე მეტად დანარჩენი ოპოზიცია ზარალდება.
„სააკაშვილს ასეთ რამ ადრეც უთქვამს, ამიტომ რთულია იმის პროგნოზირება, რას იზამს. მას მსგავსი განცხადება ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ არ შეუსრულებია, თუმცა ენმ-ის ამომრჩევლის მობილიზებას მაინც ახერხებს. ამით ის თავის ელექტორატს სტიმულს აძლევს, რომ არჩევნებზე მივიდნენ.
თუმცა სააკაშვილის დაანონსება საქართველოში დაბრუნების შესახებ, „ოცნების“ ამომრჩეველს არანაკლებად აფრთხობს. ამიტომ ისინიც მისი დაბრუნების შიშით მობილიზებას ახდენენ და ადრე თუ არჩევნებზე წასვლა ეზარებოდათ, ან ხელისუფლებაზე გაბრაზებულები იყვნენ, ახლა წავლენ.
ვისაც პოლარიზაცია უნდა, მათთვის კარგი განცხადებაა, ვისაც არა - მისთვის ცუდია. ანუ, თუ ვინმეს ეს არ აწყობს, არ აწყობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიების რეაქცია გასაგებია. ახლა არჩევნების წარმართვა ისევ სააკაშვილი-ივანიშვილის შეჯიბრზე ვიღას აწყობს“, - ამბობს ზურაბიშვილი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი უბედურება პოლარიზაციაა. ამ უბედურების დანგრევა კარგი იქნებოდა, თუმცა სააკაშვილის ასეთი განცხადებები ამას ხელს არ უწყობს. ამიტომაც ამას დადებითი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი მოჰყვება. ზურაბიშვილი ამჯობინებს, რომ სააკაშვილი საქართველოში იყოს, ვიდრე სხვაგან და იქიდან მუდმივად დაბრუნებით იმუქრებოდეს.
„მართლა დამღლელია უკვე მისი გააუთავებელი დაპირება. ბოლოს ენმ-ის ამომრჩეველსაც ყელში ამოუვა და რეიტინგიც დაიკლებს. თუმცა ახლა თუ მართლა არ ჩამოვიდა, სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დაისამარებს. ამას სჯობს აქ იყოს - ან ციხეში იჯდეს, ან გარეთ. პრეზიდენტის ადგილას მე საერთოდ შევიწყალებდი და აქ ყოფნის საშუალებას მივცემდი, დამთავრდებოდა ეს სპეკულაციები და ვნახავდით რა შეუძლია. რეალურად, მას რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული და მიხვდება, რომ საქართველოში მისი დრო და პოლიტიკა უკვე წასულია. ახალი პოლიტიკოსები და ახალი პოლიტიკური გარემოა საჭირო. ამიტომ ეს იწილო-ბიწილო უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის დაბრუნებით ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას, ზურაბიშვილის ვარაუდით მცირე ხნით უმნიშვნელო არეულობა იქნება, რაც ვერაფერს შეცვლის. „სააკაშვილის დაბრუნება ენმ-ს ოპოზიციასთან ურთიერთობას უფრო გაუფუჭებს და თავის გარშემო მათ გაერთიანებას ვეღარ შეძლებს. ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, „ენმ“-ის მომხრეებში ლომის წილი სააკაშვილის მომხრეებისაა. ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და სხვა ლიდერები ელექტორალურად რა ღირს, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს მაინც სააკავშვილის პარტიაა. სააკაშვილი აღარ არის იმ დონის ლიდერი, რომ ისევ პარლამენტში შევარდეს, ჩაი დალიოს და ხელისუფლება დაამხოს. ამ ყველაფერს ბევრი რამე უნდა. პირველ რიგში, ისევ ის ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, რაც მაშინ ჰქონდა. მეორეც ხელისუფლება შიგნიდანვე ძალიან მორღვეული უნდა იყოს, მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურები. ეს კი ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ასევე ხალხი უნდა იყოს რევოლუციისთვის მზად და ხალხს ეს აღარ უნდა. შესაბამისად, სააკაშვილს თუ იმის მართლა სჯერა, რომ დააკავებენ და ხალხი მის გამო რევოლუციას მოაწყობს, რეალობას მართლა ძალიან აცდენილია“, - ამბობს ზურაბიშვილი.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილი ამ განცხადებით ქვეყანაში ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დაბრუნებას ცდილობს. მან დაინახა, რომ საქართველოში მესამე ძალის შექმნის პერსპექტივა გაჩნდა და თუ ის ვა-ბანკზე არ წავა, შესაძლოა, მისმა პარტიამ ჩაიწიოს კიდეც. ამიტომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მთავარ თემად ისევ „ბიძინა მოერევა თუ მიშა“ უნდა აქციოს. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ თავი ციხეში ჩასასმელად გაიმეტოს. უბრალოდ, ის მაინც დაელოდება მოვლენები როგორ განვითარდება. თუკი შეხედავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ძალიან მოირყა და მხოლოდ ერთი ბიძგიღა უნდა, მაშინ ჩამოვა. თანაც ისე, რომ რამდენიმე დღე ვერ დააკავონ. თუმცა ხუხაშვილს მაინც ეჭვი ეპარება, რომ ის ამ დაპირებას ახლა მაინც შეასრულებს.
„რა თქმა უნდა, სააკაშვილის განცხადებები, როგორც ენმ-ის ამომრჩევლის მობილიზებას, ასევე „ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებასაც ახდენს. ასე ვთქვათ, „ლატენტური ქართული ოცნების“ ელექტორატის“, რომელიც ხელისუფლებას ხმას, მხოლოდ სააკაშვილის შიშის გამო აძლევს. ამიტომ საარჩევნო თვალსაზრისით, სააკაშვილის განცხადება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საკმარისი გარანტიები ექნება იმისა, რომ სისტემაში ბზარი შევა და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება მისი დაკავება. ხოლო თუ დააკავებენ, მაშინ მისი გათავისუფლებაც ზეწოლის შედეგად მალევე მოხდება. ასევე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ნიკა მელიას დაპატიმრებამაც მოახდინა. ამან პარტიაში მელიას იმიჯი მნიშვნელოვნად გააძლიერა. ამიტომ კონკურენციას გრძნობს და იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს. თუმცა მაინც ეჭვი მეპარება, რომ ამას ბოლომდე გარისკავს. მაინც მგონია, მხოლოდ ყურადღების მისაქცევად და ამომრჩევლის მობილიზებისთვის განაცხადა“, - ამბობს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, სააკაშვილი ამბიციური ადამიანია და პოლიტიკა საკუთარი თავისთვის სჭირდება. ის თავს პოლიტიკის ცენტრში ხედავს, სხვანაირად პოლიტიკა ვერ წარმოუდგენია. თუმცა მისი მცდელობები, საკუთარ თავზე ააგოს მთელი პოლიტიკური პროცესი, არაერთხელ მარცხით დასრულდა და არანაირი საფუძველი იმისა, რომ ახლა სხვანაირად დამთავრდება, არ არსებობს, მით უმეტეს, საქართველოში ახლა სრულიად სხვა პოლიტიკური რეალობა სუფევს და სააკაშვილს ტყუილად სჯერა, რომ მისი დაბრუნების შემდეგ ხალხი ქვეყანაში რევოლუციას მოაწყობს.
ეს მიშას სუბიექტურ შეგრძნებებსა და აღქმაზეა დამოკიდებული! - სულ ახლახან არ უჩიჩხინებდა იქიდან ოპოზიციას, - არიქა, მიდით!.. ახლა ერთი ხელის წაკვრაღა უნდათ და დამთავრებული არიანო?!..
შარშარშან არ იყო, რომ აცხადებდა - ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ბიძინა უკვე ბარგს ალაგებს თვითმფრინავში და გარბისო?!..
მიშას სენსორული სისტემა არასწორად არის დარეგულირებული.