„კალაძეს უთქვამს, „ვერ გავიგე, რა უნდოდა, რისთვის მოვიდაო“, სამწუხაროდ, ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი“, - ასეთნაირად დაასკვნა კახა კალაძისგან გამოვლენილი დამოკიდებულებით გულგატეხილმა გიორგი გახარიამ.
უკვე მერობის კანდიდატის ამპლუაში მყოფი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ კახა კალაძესთან შეხვედრით უნდოდა პატივი ეცა იმ წლებისთვის, რომელიც მათ აკავშირებდათ და ეს მისთვის ღირებულებების და ფასეულობების თემაა.
„მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად მერიაში, 21- ე სართულზე კალაძესთან მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის. ამის იქით არაფერი არ ყოფილა“, - ამბობს გახარია და იხსენებს, რომ პრემიერობიდან წასვლის დროსაც ამავე პრინციპით და ფასეულობით დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, რომ მასაც ტელევიზორიდან არ გაეგო მისი გადადგომის შესახებ.
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ საკუთარი თავი წამოაყენა მერობის კანდიდატად და წინასაარჩევნოდ ბევრად მეტი სირთულე გაუჩინა მოქმედ მერს, ხომ არ დაესვა წერტილი კალაძისა და გახარიას სამომავლო ტანდემს, რაზეც ასე აქტიურად მსჯელობდნენ ქართველი ანალიტიკოსები? აღმოჩნდებიან თუ არა კალაძე და გახარია მომავალში ერთად, თუკი კალაძე გახარიასგან მიყენებულ ამ დროებით წყენას დაივიწყებს, როცა გახარია მას მერობის არჩევნებზე კონკურენტად მოევლინა? შეიძლება არჩევნების შემდეგაც ხელმეორედ გადაიკვეთოს თუ არა მათი გზები?
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი მოკავშირეა, კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. თუმცა საზოგადოება ნახავს, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ.
სად იქნება გახარია არჩევნების შემდეგ და რას მოიმოქმედებს კალაძე 3 ოქტომბრიდან?
მერიაში გამართული შეხვედრისა და კალაძისთვის არცთუ სასიამოვნო სიურპრიზის მიუხედავად, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კალაძისა და გახარიას სამომავლო ტანდემს არ გამორიცხავს. For.ge- სთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ, მართალია, საკუთარი კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული სოციოლოგიური ინსტიტუტები ირწმუნებიან, რომ ამ არჩევნებზე 50%- ზე მეტს მიიღებენ, „ოცნება“ 56%-ს შეაგროვებს, ხოლო კალაძე 60%-ზე მეტს აიღებს მერის არჩევნებში, მაგრამ რეალობა მაინც სხვა არის, რადგან გიორგი გახარიამ წაიღო „ქართული ოცნების“ ხმები.
„ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ გახარიას რეიტინგი 9-10%- ია. მე პირადად ვიცნობ ერთ-ერთ ადამიანს, ვინც გახარიას ხათრით მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა, მათ შორის, ენდიაი-ს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ გახარიას რეიტინგი მაღალია. რამდენად იმსახურებს ამ რეიტინგს გახარია, ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, „ქართული ოცნებაც“ აცნობიერებს, რომ პირველ ტურში კახა კალაძე, დიდი ალბათობით, ვერ მოაგროვებს 50%-ზე მეტს, რომ გახდეს დედაქალაქის მერი. სხვათა შორის, 2016 წელს, როდესაც იმართებოდა თბილისის მერის არჩევნები, მაშინაც კახა კალაძემ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. იგივე შეიძლება მოხდეს ახლაც, ამიტომაც ვფიქრობ, შემთხვევით ეს შეხვედრა არ შედგებოდა, თითქოს არც ერთი მხარე არ იყო დაინტერესებული ამ შეხვედრით, მაგრამ ასე მგონია, თუ კახა კალაძე პირველ ტურში შესაბამის ხმებს ვერ აგროვებს, მას მეორე ტურში გახარიას მომხრეების ხმებიც დასჭირდება. გახარიამ შეიძლება მეორე ტურში თავის მომხრეებს მიმართოს, ხმა მისცენ კალაძის კანდიდატურას. ჩემი აზრით, სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიმართა მოლაპარაკება და შემთხვევითი შეხვედრა ეს არ იქნებოდა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსი მომავალშიც, ამ არჩევნების შემდეგაც კალაძე-გახარიას შორის ტანდემს არ გამორიცხავს. მისი აზრით, რაღაც გარკვეულ ინტერესთა გადაკვეთა მათ შორის მოხდება. მაგალითად, 2018 წელს გარკვეული ტანდემი შედგა „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის, „პატრიოტთა ალიანსის“ ფაქტორი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ზურაბიშვილის არჩევნების დროს, როცა „პატრიოტთა ალიანსმა“ მოუწოდა მომხრეებს, რომ მათ ხმა მიეცათ ზურაბიშვილისთვის.
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე for.ge- სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ კალაძე და გახარია სამომავლოდ ისევ ერთად აღმოჩნდნენ. მისი შეფასებით, მერიაში შეხვედრის შემდეგაც გამოჩნდა, რომ მათ შორის მანამდეც იყო მოლაპარაკება, გარკვეული კოორდინაცია არსებობდა.
„ჯერ აიძულეს კალაძე, მონაწილეობა მიეღო მერის არჩევნებში, ახლა აიძულეს გახარიაც. არც ერთს, არც მეორეს ამ თამაშში მონაწილეობა არ სურდა. ცალ-ცალკე თავისი გუნდი გახარიასაც ჰყავს და კალაძესაც. მათთვის სასურველია მომავალში, საპარლამენტო ცხოვრებაში შეძლონ კოორდინირება. მით უმეტეს, თავის დროზე მათ ერთად ბრძოლის საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვთ ღარიბაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.