დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში პარტია „მემარცხენე ალიანსის“ დამფუძნებლებმა, კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი განცხადებით, საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა მომსახურების ტარიფის საკომისიო გადასახადის დაწესებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.
„მათი კარტერული შეთანხმება აზიანებს მომხმარებლის უფლებებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მობილურ ოპერატორებთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დღემდე გააჩნიათ. ისინი წარმატებით ასრულებენ პოლიტიკურ შეკვეთებს, მათ შორის 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგის ორგანიზების ხელშეწყობას“, - აცხადებს კახა ძაგანია.
„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები მოითხოვენ, მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რამდენად კანონიერია მობილური ოპერატორების მფლობელებისა და მათი პოლიტიკური პარტნიორების „კომერციული“ საქმიანობა.
„მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან დაიწყო მობილური ოპერატორებისთვის ჩვენს მიერ გადახდილი თანხებიდან საკომისიო გადასახადის მოჭრა, რაც უკანონო გადაწყვეტილებაა. საქართველოში მომხმარებლის უფლებებს იცავს კანონმდებლობა, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ მომხმარებლის უფლებები დაცული იყოს როგორც საზოგადო, ისე სახელმწიფო დონეზე“, - აღნიშნავს ძაგანია.
ბატონო კახა, რა თანხა იჭრება ამ გადასახდებიდან?
- თითოეული მობილური ოპერატორისთვის გადახდილი თანხიდან ოთხი პროცენტი იჭრება, მაგრამ ესეც არ არის საბოლოო ვერდიქტი, რადგან მობილურ ოპერატორებს თავად აქვთ უფლება, დააწესონ იმ ოდენობის საკომისიო გადასახადი, რამდენიც მათ მოუნდებათ. ამიტომ ეს არის უკანონობა, რაც მსხვილმა მობილურმა ოპერატორებმა ჩაიდინეს. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცენტიც ერთი დასვეს. ხომ შეეძლო ზოგს ვთქვათ, ერთი პროცენტი დაეწესებინა, ზოგს - ორი, ზოგს - ხუთი? მაგრამ მათ ზუსტად ერთ დღეს ერთი და იგივე პროცენტი დააწესეს საკომისიო გადასახადის სახით. ეს მოწმობს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება მობილურ ოპერატორებს შორის კარტელური შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული და მიზნად ისახავს იმას, რომ მათ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ. ეს სარგებელი, ძალიან უხეში დათვლებით, მილიონობით თანხებს შეადგენს.
ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში მობილურ ოპერატორებს ძალიან ბევრი აბონენტი ჰყავთ. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილში ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება მატულობს, რაც წყალს ასხამს იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანაში არეული სიტუაცია იყოს.
საპარლამენტო უმრავლესობას მოვუწოდებთ, თვითკბობითა და ნარცისიზმით ნუ არიან დაკავებულები, მიხედონ ამომრჩეველს და შეუსრულონ ის დაპირებები, რომლებიც მათი უმრავლესობაში მოსვლის საფუძველი გახდა. ვითხოვთ, დროულად იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა ეს უკანონობა აღიკვეთოს და ხვალიდანვე შეძლონ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათთვის კანონით მინიჭებული უფლებები განახორციელონ.
ბატონო კახა, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა ე.წ. „საბჭოთა ანაბრების“ თემა. ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში ეს ანაბრები გასტუმრებული იქნება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მართლაც შესაძლებელია, თუ არა ამ ანაბრების გასტუმრება?
- ამ პროექტის იდეის ავტორები და შემდგენები ვიყავით ჩვენ (შალვა ნათელაშვილთან ერთად). ეს პროექტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად უნდა ყოფილიყო ჩადებული 100 მლნ ლარი ამ ანაბრების გასასტუმრებლად. ძალიან რეალურია, რომ ამ ანაბრების გასტუმრება მოხდეს, რადგან რვა მილიარდიანი ბიუჯეტისთვის 100 მლნ ლარი არაფერია. სამაგიეროდ დაიწყებოდა ამ თანხმების გადახდა და აღდგებოდა სამართლიანობა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყოფილი რუსული მანეთი ერთი ლარით ყოფილიყო ანაზღაურებული, თუმცა რა თქმა უნდა, ამას წლები დასჭირდებოდა, რომ ანაბრების გასტუმრება მთლიანად მომხდარიყო.
ბატონო კახა, თუ შეიძლება ლეიბორისტებიდან თქვენს წამოსვლასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ
- ამაზე უკვე იმდენჯერ ვილაპარაკეთ, რომ უბრალოდ საჭიროდ აღარ ვთვლით ამ თემაზე საუბარს. ასე რომ, მოდით ამ თემას აღარ შევეხოთ.“
სოსო შატბერაშვილი მობილური ოპერატორების მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ 19 აპრილის აქციას უკავშირებს.
„მობილურ ოპერატორებთან მჭიდრო კონტაქტები აქვს ყოფილ ხელისუფლებას და ასეთი გადაწყვეტილებაც სპეციალურად იქნა მიღებული, რათა 19 აპრილისათვის აიმღვრეს წყალი, სიტუაცია აიჭრას და უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი მივიდეს ამ აქციაზე. მინდა გითხრათ, რომ 4% პროცენტულად დიდი თანხა არ არის, მაგრამ ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს მცირე შემოსავალი აქვს, რადგან ძალიან ბევრი უმუშევარია. ასევე დიდი თანხაა ეს სტუდენტებისთვის, რომლებსაც ასევე შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვთ. ხოლო მობილური კომპანიებისთვის ეს 4% მთლიანობაში თვეში რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი თანხის ჩამოჭრას და ჩვენი ჯიბეების დაყაჩაღებას აქვს ადგილი“, - ამბობს სოსო შატბერაშვილი.