"ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ"

"ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი პირი სოსო პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "პრეს-პრესში" სტუმრობისას, რომელმაც მოწმის ვინაობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ მომღერლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ დაწყებული არ არის.

"ერთ-ერთი პირი, ამ საქმის მონაწილე მას ასახელებს, როგორც მკვლელობის შემკვეთს, მაგრამ ეს არ არის დადგენილი ფაქტი. ამ ჩვენების გამო ცალკეა გამოყოფილი საქმე. თუკი სხვა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული ამ მოსაზრების გასამყარებელი, მაშინ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კბილაშვილმა.

მანამდე კი ტელეკომპანია "მე-9 არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. "ალია" ამ საკითხზე კომენტარისთვის სოსო პავლიაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო სოსო, რას ფიქრობთ მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე?
- რაც ითქვა, რომ თქვა, თითქოს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ეს იყო ტყუილი. კბილაშვილმა კი თქვა ის, რომ ვიღაცის ნათქვამ სიტყვაზე არავის არ აქვს უფლება, თქვას ის, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ კბილაშვილს და ქალბატონ წულუკიანს, ასეთი კარგი კადრების შერჩევისთვის. ასე რომ, ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ, დაანებეთ თავი ყველასა და ყველაფერის ძიებას...

- კბილაშვილმაც დაადასტურა, რომ ავთო ადუაშვილის საქმეზე ძიება მიმდინარეობს?
- მიმდინარეობს და უნდა მიმდინარეობდეს. ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე, რა მოხდა და როგორ მოხდა. ჩემი ახლობელი კაცია მკვდარი. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ნუ ერევით, რადგან თქვენგან მოდის ნეგატივი.

- კი არ ვერევით, თქვენი პოზიციის მოსმენაც გვინდა?
- ჰოდა, გადაუხადეთ მადლობა ილია მეორეს, რომლის ლოცვებითაც მოვიდა ახალი მთავრობა.

- ადუაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვენი დის მეუღლეც ციხეშია და მიგაჩნიათ, რომ უკანონოდ ზის?
- თქვენ ხომ გაიგეთ, რაც გითხარით. მაშინ მოგცემთ ტელეფონს, დაუკავშირდით ადვოკატს და პასუხს ის გაგცემთ. მე მაშინ ძალიან გთხოვთ, ნუღარ მირეკავთ. მე გითხარით, მადლობა გადაუხადეთ ილია მეორეს, რადგან მისი ლოცვით მოვიდა ახალი ხელისუფლება.

- მოგვეცით თქვენი ადვოკატის ტელეფონის ნომერი.
- ჩემი არ არის.

- აბა, ვისია?
- ეს ის ადამიანია, ვინც საქმის კურსშია.

- თქვენი ადვოკატი არ არის?
- მე არ მყავს ადვოკატი, რად მინდა ადვოკატი. მე ადვოკატი არ მჭირდება. ვინ რა გითხრათ და როგორ გითხრათ, დასხედით სამზარეულოში და იქ ილაპარაკეთ.

- ჩვენ ცალმხრივად რომ გვინდოდეს ინფორმაციის გავრცელება, მერწმუნეთ, თქვენ ნამდვილად არ დაგირეკავდით?
- რა, რის ინფორმაციის გაშუქება, ჩემო კარგო.

- მთავარი პროკურორი გამოვიდა და თქვა, რომ საქმეში არსებობს მომწე, რომელიც მკვლელობის შემკვეთად გასახელებთ?
- ეს თქვა ვიღაცამ იმისთვის, რომ ჩემი სახელი და გვარი ცნობილია. ყველაფერი ირკვევა, ჯერ არავინ არ იცის რა მოხდა. ძალიან გთხოვთ, ნუ ერევით და ნუ უშლით ხელს საქმის ძიებას. არ შეიძლება ასე, რადგან აქ ადამიანების ბედი წყდება. ჩემი ახლობელია მკვდარი. მე ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ.

- ფიქრობთ, რომ თქვენ წინააღმდეგ შავი პიარი შეგნებულად ააგორეს?
- აბა, თქვენზე ეს ყველაფერი რომ თქვან, გესიამოვნებოდათ.

- რა თქმა უნდა, არა.
- მაგაშია საქმე. ყველაფერი გაირკვევა, რომელი პროვოკატორებიდან წამოვიდა ეს სიტუაცია, ამ ყველაფერს გავიგებთ. მე ყველას გთხოვთ ძალიან, ჯერჯერობით გაჩერდით. მოვა დრო, მე ყველაფერს დავწერ.

- როდის დადგება ეს დრო, როცა ყველაფერს დაწერთ?
- როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, გენაცვალოთ ყველას ჩემი თავი. მე ყველა მიყვარხართ, გეფერებით და მენატრებით. გიხაროდეთ, რომ ილია მეორეს ლოცვით მოვიდა ახალი მთავრობა, ამაზე დაწერეთ.

- იმედი გაქვთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამოძიება ობიექტურად ჩატარდება?
- ამაში ეჭვი არ მეპარება.