"რას ჰყვება ოსი მეომარი სამაჩაბლოს ომზე"

"პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტი მომწიფდა. უბანში ბიჭები ბევრს ვლაპარაკობდით ამაზე... იმ დღეს, 1989 წლის ნოემბერში, როდესაც 15 ათასამდე ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ტყვია გავარდებოდა. ჭკუის დამრიგებელი არავინ გვყავდა და ჩვენც ვცდილობდით, ყველა გზით მოგვეპოვებინა იარაღი, რათა "სამშობლო" დაგვეცვა... 1990 წლიდან, როდესაც ჩვენმა ოლქმა `ადამონ ნიხასის~ პოზიცია გაიზიარა, უკვე ყველაფერი ნათელი იყო, _ რადიკალური ქმედებებისთვის მზად ვიყავით. შემდეგ კი ცხინვალში ახალჩამოყალიბებული ეროვნული გვარდიის ნაწილი შემოიყვანეს და ყველაფერი აირია. ბრმა იდეოლოგიას ვიყავი აყოლილი და სიცოცხლეც არ მენანებოდა", _ ასე იხსენებს ქართულ-ოსურ ომს მაშინდელი ომის მონაწილე 54 წლის დაურ ჩოჩიევი, რომელიც წლებია უცხოეთში ცხოვრობს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "რას ჰყვება ოსი მეომარი სამაჩაბლოს ომზე".

"ჩემს უბანში უამრავი ქართველი ცხოვრობდა. მათ შორის, განსაკუთრებით სამ ძმასთან ვიყავი ახლოს, ქისოშვილები იყვნენ. ორი ტყუპი იყო, ერთი მათზე ერთი წლით უფროსი. ტყუპისცალი და მე ახლო მეგობრები ვიყავით. მახსოვს, ერთხელ გოგოს გამო ვიჩხუბე კინოში და მას ჩემ გამო ცხვირი გაუტეხეს. ღამით მასთან სახლში მივედით, მამამისს დიდი კაცებივით ყველაფერი მოვუყევით, ჩემდა გასაკვირად არც კი გაბრაზებულა, ორივეს თავზე წამოგვარტყა და რუსულად გვითხრა, კარგი დასაწყისია, ბიჭებოო... ბრაზიანი, მაგრამ სამართლიანი ბიჭი იყო, "Lაბრადორს" ვეძახდით. ვიცი, რომ ცხინვალში ისიც მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე დღე სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ გადარჩა. ახლა უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ რომელ ქვეყანაში, არ ვიცი... არადა, ძალიან ბევრი ვეძებე. სიამოვნებით დაველაპარაკებოდი მაშინდელ შეცდომებზე. მაშინ პოლიტიკამ დაგვაბრმავა, მერე კი იმ იდეოლოგიამ, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთი და ის ოსები თესავდნენ, რომელთაც ცხინვალში ბიზნესი ჰქონდათ. 90-იან წლებში ბევრმა ოსმა უარი თქვა ქართველებთან ბრძოლაზე, მაგრამ როდესაც 2008 წლის მოვლენებზე გადავხედე, მივხვდი, რომ ამ ხნის განმავლობაში აგრესია ბევრად გაზრდილა", - აცხადებს დაურ ჩოჩიევი.

"90-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს დამჭრეს მძიმედ, ფრისში შეტაკებისას. შემდეგ ცხინვალის "ომონის" ბიჭები შემოგვეშველნენ, მაგრამ ამასობაში ერთი მჭიდი გადამატარეს. არ ვიცი, ჩემს თანამებრძოლებს მკვდარი ვეგონე თუ იმ არეულობაში სულაც არავის გავახსენდი, ერთი სიტყვით, სახლში, რომელსაც თავს ვაფარებდით, მარტო დავრჩი. მეზობელ ქართველს ვუპოვივარ და ოსებთან მივუყვანივარ. ომს სენტიმენტები არ უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაც უცნობმა ქართველმა, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, მტერმა, სიკვდილს გადამარჩინა", - აღნიშნავს დაურ ჩოჩიევი.

"ჩემი ძმა ცხინვალში მოკლეს. 1993 წელს "ომონმა" დილაუთენია სოფელ ფრისში სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ-ერთ სახლში ქართველი მეომრები, ჩემი ინფორმაციით, 30-მდე კაცი იყო და მათი გაუვნებლება ევალებოდათ. იქიდან გამობრუნებულებს, ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ და ორად გაიყვნენ. ერთ მხარეს იყო ჩემი ძმა, რომელიც დაპირისპირების დროს თანამებრძოლის ტყვიით მოკვდა. საერთოდ, 90-იანი წლების შემდეგ, შიდა დაპირისპირებას იმაზე 4-ჯერ მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ვიდრე 90-იანი წლების ომის დროს. შორიდან რომ ვისმენდი იქ არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, ვხვდებოდი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩემი ხალხი. რუსებისგან ყიდულობდნენ, ან სულაც სასმელსა და ნარკოტიკზე ცვლიდნენ იარაღს და ერთმანეთს ებრძოდნენ. თითქმის ყველა უბანი კლანებად იყო დაყოფილი. დღემდე ასე გრძელდება. გაჭირვებამ, უმუშევრობამ და იდეოლოგიამ გატეხა და დაიმორჩილა ხალხი. როდესაც იცი, რომ შენ უკან ოჯახი დგას, რომელსაც შეიძლება ხვალ-ზეგ პურის ფული არ ჰქონდეს, სხვა ყველაფერი, მათ შორის პატრიოტიზმი, უკანა პლანზე გადადის. ვიცი, რომ ეს სიტყვები ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ ომის შემდეგ ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. მე ვიცი, როგორ სიღაკატაკეში ცხოვრობენ დღეს ის ბიჭები და მათი განწყობაც ვიცი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ომის შემდეგ რამდენიმე წელი მკურნალობამ მომიწია, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ყველა ძვალი დამსხვრეული მქონდა, ხერხემალიც კი დამიზიანდა. ამიტომ უამრავი ოპერაცია გავიკეთე. დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში რეაბილიტაციის ცენტრში დავდიოდი, სადაც რამდენიმე ქართველი გავიცანი. ისინიც ჩემს დღეში იყვნენ, დაინვალიდებას ებრძოდნენ. ოღონდ ისინი აფხაზეთში ომის ჭრილობებს ატარებდნენ სულით და სხეულით. საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია, მაგრამ ომზე არასდროს ვსაუბრობდით. პრობლემები ერთნაირი გვქონდა, ჯანმრთელობის, უსახლკარობის, უმუშევრობის... შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ბიზნესი წამოიწყო და დანარჩენებიც ჩაგვრთო. ერთხელ ერთ ქართულ რესტორანში ვიყავით, როდესაც სხვა მოქეიფე ჯგუფი შემოგვიერთდა. ისინიც ქართველები იყვნენ. ძალიან გაუხარდათ, რომ გაიგეს, ქართველები და ოსები ერთად ვქეიფობდით. იქ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და იმის სადღეგრძელოს ვამბობდით... მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი შემოგვიერთდა და ოსებს წაგვკბინა, ჯაყოები ხართ ყველანიო... მე ჯანმრთელობა არ მაძლევდა საშუალებას მისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ხელის გატოკება არ დამჭირდებოდა, თავად ქართველებმა გაიყვანეს გარეთ. ვთხოვე, ხელი არ დაერტყათ, ჩვენ გამო რომ მოხვდება, დაიბოღმება. ჯობია, თავად მიხვდეს ყველაფერს-მეთქი", - დასძენს დაურ ჩოჩიევი.