"საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამჟამად განიხილავენ ევროკავშირის შემოთავაზებას მალის მისიაში ქართველი სამხედრო კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, რაც, თავდაცვის მინისტრის აზრით, დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში. მალის სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ესაზღვრება ალჟირს, მავრიტანიას, ბურკინა-ფასოს, ნიგერიას და არა აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეში. მალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული შეიარაღებული ისლამისტები აკონტროლებენ. მალის ტერიტორია მე-19 საუკუნიდან საფრანგეთის კოლონია იყო. 1960 წელს მალის რესპუბლიკამ სუვერენიტეტი გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში სამი სახელმწიფო გადატრიალება (1968, 1991 და 2012 წლებში) მოხდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (29 მარტი-11 აპრილი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "მალე მალიში?!" / "ქართველი სამხედროები მალე შეიძლება აფრიკის კონტინენტზე, მალის რესპუბლიკაშიც გამოჩნდნენ, სადაც 2013 წლის 13 იანვარს საერთაშორისო დესანტი გადასხეს ექსტრემისტ ისლამისტებთან საბრძოლველად".
"ბოლო გადატრიალების შემდეგ მალის ჩრდილოეთ ნაწილში აზავადში ტუარეგების ტომის იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც ლიბია მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დატოვეს, სახელმწიფო გამოაცხადეს. 2012 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მალიში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. სამშვიდობო ძალებს ქვეყნის ჩრდილოეთი ისლამისტი ექსტრემისტებისაგან უნდა გაეთავისუფლებინათ. ა.წ. 13 იანვარს მალიში გადასხეს საერთაშორისო დესანტი, რომელშიც იყვნენ ფრანგი და გერმანელი სამხედროები. ამჟამად მალიში 5,4 ათასი ფრანგი სამხედროა, რომელთაც მალის სახელმწიფო ჯარებთან ერთად მოახერხეს დასახლებული პუნქტიდან შეიარაღებული ისლამისტების განდევნა, თუმცა მათ თავი უდაბნოს შეაფარეს და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ. საფრანგეთმა მალის ოპერაციაში უკვე დახარჯა 100 მლნ ევროზე მეტი და როგორც ჩანს, ფრანგი ჯარისკაცების დიდი ნაწილი დატოვებს აფრიკის ამ ქვეყანას, თუმცა იქ დარჩება საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი, რომელშიც შეიძლება საქართველოს წარგზავნილებიც აღმოჩნდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"საერთაშორისო სამხედრო-სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ქართული არმიისთვის უცხო აღარ არის. 1999 წელს კოსოვოში KFOR-ის ფარგლებში, დაიწყო ქართული საერთაშორისო სამხედრო მისია, რომელიც 2003-2008 წლებში ერაყში გაგრძელდა, 2009 წლიდან კი ქართველი სამხედროები ავღანეთში _ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობენ.
2004 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამ სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში _ კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში (სადაც ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის რამდენიმე თვით 50-მდე ქართველი სამხედრო გაიგზავნა) ერთდროულად ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას.
საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, მალიში ქართველი სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ევროკავშირთან (რომლის წევრ ქვეყნებს და ყველაზე მეტად _ საფრანგეთს, აფრიკის ამ ნაწილის გაკონტროლება სურთ) დაახლოებისა და მასში გაწევრების დიდი სურვილით აიხსნება", - წერს სტატიის ავტორი.
"დღეს, მართალია, ძალზე შემცირდა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება და ალბათ, აღარ განმეორდება ის სიტუაცია, როდესაც 2008 წელს, რუსეთთან ომის დაწყების წინ, ორი ათასამდე ქართველი სამხედრო ერაყში გვყავდა გაგზავნილი, მაგრამ აფრიკაში მრავალრიცხოვანი კონტინგენტის გაგზავნაც არ იქნება გამართლებული.
თუ გვსურს, გვერდით დავუდგეთ ევროკავშირის ქვეყნებს, ამისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა მალიში რამდენიმე შტაბის ოფიცრის, სამხედრო ინსტრუქტორისა და ექიმის გაგზავნა, რომელთაც ტუარეგებსა და ისლამისტებთან საბრძოლო დაპირისპირება არ მოუწევდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო ცნობები ავღანეთის გარდა აფრიკიდანაც მოგვივა", - დასძენს გამოცემა.