„მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა „ქართული ოცნების“, არამედ-სახელმწიფის წინაშე!“, - ეს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვებია. ასეთი სიტყვები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, მაგრამ უკვე ზედიზედ, მისი კრიტიკის ობიექტი გახდა „ქართული ოცნება“ და მისი ახალგაზრდა პოლიტიკოსების ცალკეული გადაწყვეტილებანი.
მარგველაშვილი, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა სააკაშვილს, მოგვიანებით უკვე „ქართული ოცნების“ გამაკრიტიკებლად იქცა. როგორც ამბობდნენ, მარგველაშვილი ამერიკელების სიმპათიით სარგებლობდა, ამიტომაც სააკაშვილმა დაინდო და ამერიკელებთან შეხვედრისას თარჯიმნად როცა იხილა, ეს მისთვის გაფრთხილება იყო, რომ მარგველაშვილს ვერ შეეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილიც სააკაშვილის რეჟიმს აკრიტიკებდა და საპროტესტო მიტინგებზეც არაერთხელ მდგარა. იმთავითვე ამბობდნენ, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ამ ქალბატონის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილისთვის მთლად სწორი არჩევანი არ იყო, რადგან სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არავის დაემორჩილებოდა.
დღეს ზურაბიშვილმა განსხვავებული ნიშა აირჩია. „ქართული ოცნების“ მიმართ მისი ლოიალობა დროებითი აღმოჩნდა. რას ნიშნავს კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით და ხომ არ დაადგა სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილის გზას, როცა ის ვეტოებით გვანებივრებდა? შეიძლება თუ არა, ბევრად უფრო შორს წავიდეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და იმის გამო, რომ თავი დაიმკვიდროს, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, გაიმეოროს გიორგი მარგველაშვილის გზა, ანუ ვეტოს გამოყენება? პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს კი იმის საბაბი, რის გამოც შეიძლება დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა „ქართული ოცნება“, როდესაც „ოცნებამ“ მხარი დაუჭირა მას, როცა ის კენჭს იყრიდა, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, მაგრამ დღეს, როდესაც გარანტირებული აქვს პრეზიდენტობა, მარგველაშვილის მსგავსად, ზურაბიშვილიც ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს. ამავე დროს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დასავლური საზოგადოების წინაშე წარმოჩნდება, როგორც განსაკუთრებულად პროევროპელი და პროდასავლური, ვიდრე პრემიერი ღარიბაშვილი და, მთლიანობაში, მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“.
სხვათა შორის, დასავლეთშიც მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტის „შეუვალობა“, თუმცა, ნიკა ჩიტაძის აზრით, ბევრი კითხვა არსებობს ზურაბიშვილის მიმართ. თუ მის პროევროპულობაზეა საუბარი, მაშინ რატომ თანხმდებოდა პრეზიდენტობას, როდესაც მისი მხარდამჭერი მმართველი პარტია 5 კილო კარტოფილზე ყიდულობდა ამომრჩეველს? ეს ხომ არაცივილური და არაევროპული გზა იყო? „თუმცა იმ პერიოდში ზურაბიშვილს აწყობდა ასეთი გზა“.
გარდა ამისა, ნიკა ჩიტაძის აზრით, პრეზიდენტი ახლა ცდილობს, ქართული საზოგადოების წინაშე თავი პროევროპელად წარმოაჩინოს. ასეა თუ ისე, მას აქვს ეს კომპლექსი, რადგან თავის დროზე საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებასა და მძინარე ცხინვალის „დაბომბვაში“, როდესაც რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო სოფელ წითელუბანთან.
„მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო იმის გამო, რომ მარგველაშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში, ივანიშვილი ამ ფაქტს არ ეთანხმებოდა და სულ რამდენიმე დღეში გაჩნდა ბზარი მარგველაშვილ-ივანიშვილს შორის. რაც შეეხება მიზეზსა და საბაბს, რის გამოც შეიძლება დაუპირისპირდეს სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიას, ის არის, რომ ზურაბიშვილი აცნობიერებს, დასავლეთი ღიად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილს უჩნდება სურვილი, გაემიჯნოს „ქართულ ოცნებას“ და წარმოჩინდეს ევროპული ღირებულებების დამცველად, რომლისთვისაც მიუღებელია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, ის იყო ინიციატორი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ეს შეხვედრა. მაინც ყოფილი დიპლომატია ზურაბიშვილი და, შეიძლება ითქვას, ეშმაკურ თამაშს თამაშობს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, ვეტოს უფლების გამოყენებას ზურაბიშვილის მხრიდან. მარგველაშვილიც იყენებდა ამ უფლებას, ოღონდ ის აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ კანონპროექტზე საკონსტიტუციო ცვლილება მაინც გავიდოდა. მარგველაშვილიც თამაშობდა კონსტრუქციულის და დემოკრატის თამაშს.
„შესაძლებელია, სხვა დროსაც გააკრიტიკოს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მთავარია, რომ „ოცნების“ გაკრიტიკება უკვე რამდენჯერმე მოსინჯა. ახლა უკვე თავი ქუდში აქვს, უკვე პრეზიდენტია“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რაღაცნაირად ხიდი ბიძინა ივანიშვილსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით, საფრანგეთთან მიმართებით.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება დასავლეთისთვის გზავნილი იყო, რომ ივანიშვილი არ იზიარებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპის პოზიციას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. დღეს ზურაბიშვილი აჟღერებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და არა „ქართული ოცნებისას“. ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი არც არასდროს ყოფილა, ის იყო ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი. ანუ, რასაც ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოფიციალურად ჩათვალეთ, ამას ამბობს ბიძინა ივანიშვილი. სესხის აღება-არაღების საკითხი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის ღირებულებებთან ჩამოშორება-არჩამოშორების საკითხს. როგორ წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღარიბაშვილ-კობახიძის და მათი „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი რომ იყოს, საერთოდ არ გამოვიდოდა და არაფერს არ იტყოდა, მაგრამ იმდენად გამწვავდა სიტუაცია, რომ გამოვიდა და გააჟღერა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. ამით ზურაბიშვილმა დასავლეთს უთხრა, ეს ახალგაზრდები არიან გაუგებარი წარმონაქმნები, ხოლო ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სხვა აზრისაა. არადა, დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდებს ბიძინა ეტყოდა, როგორც გინდათ, სესხის თემა ისე გადაწყვიტეთო და პასუხისმგებლობას მათ დააკისრებდა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე for.ge-სთან საუბრისას.