"5-10 წელიწადში აჭარაში ჩრდილოეთ კვიპროსის სცენარს მივიღებთ"

ბათუმის გათავისუფლების 92-ე წლისთავის აღსანიშავად და ამავე ქალაქში თურქეთის რელიგიურ-ეკონომიკური ექსპანსიის გასაპროტესტებლად თბილისიდან ჩასული 9 ახალგაზრდიდან ერთი - გეგა ხვედელიძე დღემდე მძიმე მდგომარეობაშია, მეორე - ბექა წიკლაური 26 მარტს მშობლიურ სოფელ სიონში დაკრძალეს. იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მახინჯაურის სადგურში, ვინ არიან და რას აპროტესტებენ "ეროვნული ფრონტის" წევრები ხან თბილისში და ხანაც ბათუმში, for.ge შეხვდა და ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარეს ევგენი მიქელაძეს.

რა მოხდა 21 მარტს? ბათუმში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდები მახინჯაურის სადგურში, მატარებლის ქვეშ შემთხვევით არ აღმოჩენილან.

- ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი აზრით, ეს იყო უბედური შემთხვევა, თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, გამომდინარე ჩვენი საქმიანობიდან - როცა ეროვნულ საკითხებზე აქცენტს აკეთებ, თურქეთის საელჩოსთან აქციას ორგანიზებას უწევ ისეთ თემებზე, როგორიცაა რელიგიურ-ეკონომიკური ექსპანსია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობა და ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლება, ორგანიზაციის წევრების გასანეიტრალებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მოსალოდნელია. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვარაუდის გარდა ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს.

7 მარტს თურქეთის საელჩოსთან და 12 მარტს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული აქციების შემდეგ გადავწყვიტეთ თურქული ექსპანსია და შანტაჟი უშუალოდ ბათუმში გაგვეპროტესტებინა. აქციის ჩატარების თარიღად 21 მარტი - ბათუმის თურქებისგან გათავისუფლების დღე ავირჩიეთ. მოგეხსენებათ, 1921 წლის 18-20 მარტის ბრძოლების შედეგად გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად ბათუმი თურქული ოკუპაციისგან გამოიხსნა.

20 მარტს თბილისი-მახინჯაურის ღამის მატარებლით “ეროვნული ფრონტის“ 9 წევრი ბათუმისკენ გავემგზავრეთ. ჩასვლისთანავე ჩვენი ორგანიზაციის შინდისფერჯვრიანი დროშები გავშალეთ და ბათუმის ქუჩები შემოვიარეთ. მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე დათქმულ დროს, 14 საათზე მივედით და დროშებთან ერთად პლაკატები გამოვფინეთ, რომელზეც ჩვენი ის მოთხოვნები იყო ასახული, რომლითაც 12 მარტს სახელმწიფო კანცელარიასთან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მივმართეთ.

ჩვენი მოთხოვნები ამგვარი იყო და არის: ბათუმში თურქების მასობრივი ჩასახლების შეჩერების მიზნით სავიზო, საიმიგრაციო რეჟიმისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამკაცრება; ბათუმში მეჩეთის აშენების და მუსულმანური საკულტო ნაგებობების რესტავრაციის მიზნით თურქეთთან მოლაპარაკების შეწყვეტა; თურქეთის მიერ ანექსირებულ ტაო–კლარჯეთში ქართული კულტურულ–რელიგიური ძეგლების დასაცავად საქართველოს მთავრობის მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღება - საპატრიარქოსთან ერთად იუნესკოს წინაშე თურქეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, “კულტურული მემკვიდრებოს დაცვის შესახებ“ კონვენციის უგულებელყოფის და დარღვევის გამო; სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა; ანაკლიაში ოსმალური იმპერიის მიერ სტამბულის მონათა ბაზარზე გაყიდული მილიონობით ქართველი გოგო–ბიჭის მემორიალური ძეგლის აღმართვა (ქართველი გოგო-ბიჭები გასაყიდად სწორედ ანაკლიიდან გაჰყავდათ); ბათუმში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და მისი მებრძოლების მემორიალური ძეგლის დადგმა...

გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება სალოცავი სივრცის უკმარისობითაა განპირობებული. ეს არის ტყუილი, თუნდაც იმის გამო, რომ ბათუმში არსებული მეჩეთის პირველ სართულზე, დაახლოებით 200-300 კვადრატული მეტრის ფართობი გაქირავებულია და იქ გახსნილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, კაფე, სილამაზის სალონი და ასე შემდეგ. ფოტოები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და რომელზეც ეს ყველაფერია ასახული, 21-ში გადავიღეთ.

ჩვენს აქციაზე ბათუმის თვალსაჩინო საზოგადოებიდან დაახლოებით 20 ადამიანი იყო მოსული. აქციის დასრულების შემდეგ მათ ქართული ტრადიციისამებრ მოკრძალებული მასპინძლობა გაგვიწიეს. იმავე დღეს, თბილისისკენ გამომგზავრებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, ჩვენი ორგანიზაციის წევრები სამარშრუტო მიკროავტობუსით მახინჯაურის სადგურში მივედით. სანამ საბარგულიდან ჩვენს ინვენტარს (დროშის ტარები, მეგაფონი, პლაკატები) გადმოვიღებდით, გეგა ხევედელიძე და ბექა წიკლაური რკინიგზის სადგურის ბაქანზე სხვებზე ადრე შევიდნენ და ჩვენი ვარაუდით, გარკვეული საჭიროების გამო ზღვის სანაპიროსკენ გადასასვლელად ლიანდაგების გადაკვეთა გადაწყვიტეს.

ნასვამები იყავით?

- მომხდარ ტრაგედიას ნასმობას ვერ დავაბრალებ, რადგან სულ ორი-სამი ჭიქა გვქონდა დალეული.

თვითმხილველებმა ტელევიზიით განაცხადეს, რომ მატარებელი სადგურში სწრაფად შემოვიდა.

- საქმე ისაა, რომ ამ ტრაგედიას, ჩვენი ინფორმაციით, მემანქანის გარდა სხვა თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან სადგურის პირველ ლიანდაგზე ბათუმი-ქუთაისის მატარებელი იდგა. ტრაგედია მეორე ლიანდაგზე, სატვირთო მატარებლის შემოსვლის დროს მოხდა. პირადად მე ამ დროს ერთ–ერთ თანამებრძოლთან ერთად წყლისა და პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში ვიყავი გასული. რომ დავბრუნდი გეგა ხვედელიძე სატვირთო მატარებლის გვერდით, მიწაზე უგონო მდგომარეობაში მიწაზე იწვა, ხოლო ბექა წიკლაურის დაფლეთილი სხეული სატვირთო მატარებლის ქვეშ აღმოვაჩინეთ, რომელსაც ის დაჯახებიდან დაახლოებით 50 მეტრზე უთრევია.

როგორია გეგა ხვედელიძის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა?

- გეგა ხვედელიძე ბათუმის რეფელარული საავადმყოფოდან 26 მარტს რეანომობილით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მას ოდნავ დაზიანებული აქვს ელენთა და ფილტვი; მენჯის ძვლის მოტეხილობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად უძლიერეს საშუალებებს უკეთებენ. თავიდან შოკში იყო, ამჟამად კონტაქტურია, მდგომარეობიდან გამოდის, მაგრამ რა მოხდა, ეს ჯერჯერობით არ ახსოვს. თავიდან რომ ჰკითხეს სად იყავიო, უპასუხა აფხაზეთშიო. შემდეგ დააყოლა აჭარაშიო. მშობლების გარდა მასთან სხვა მნახველებს არ უშვებენ.

რამდენი წლის იყო ბექა წიკლაური, სად ცხოვრობდა, რას საქმიანობდა?

- ბექა წიკლაური 22 წლის იყო. იგი დაახლოებით თვენახევრის წინ გავიცანი, როგორც ჩვენი აქციების მხარდამჭერი, რომელიც “ეროვნული ფრონტის“ აქტივისტი გახდა. ამ პერიოდში მან დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო გულანთებული ქართველი პატრიოტი, რომელიც მთლიანად იზიარებდა “ეროვნული ფრონტის“ იდეოლოგიას და ჩვენი პრინციპების განსახორციელებლად ჩვენთან ერთად ბოლომდე ბრძოლას აპირებდა. ბექა დაიბადა და გაიზარდა სოფელ სიონში. და-ძმა არ ჰყოლია. ძალიან პატარა გახლდათ მამა რომ დაეღუპა, დარჩა დედა. ბექა 26 მარტს დავკრძალეთ სიონში, როგორც შეეფერება ქართველ პატრიოტს, ყველა შესაბამისი წესის და რიტუალის დაცვით. გარდა იმისა, რომ ბექას დაღუპვა მისი ოჯახის ტრაგედიაა, ასეთი პატრიოტის დაკარგვა ჩვენი ორგანიზაციისთვისაც უდიდესი დანაკლისია.

თქვენი ორგანიზაცია აქციებს მხოლოდ ზემოხსენებული პრობლემების გამო მართავს?

- ჩვენი ორგანიზაცია რეგისტრაციაში 27 თებერვალს გატარდა. ერთი თვით ადრე გავმართეთ აქცია, ქართულ სოფლის მიწების გაყიდვის შეწყვეტის მოთხოვნით - 50-ზე მეტმა ადამიანმა პლაკატებითა და დროშებით ვაკის პარკიდან სახელმწიფო კანცელარიამდე მსვლელობა მოვაწყვეთ. ჩვენს მიწას უცხოელებზე ჩალის ფასად ჰყიდიან. შემდეგ ქართული მიწის ახალ მეპატრონეებს თავიანთი თანამემამულეები ჩამოჰყავთ და ასაქმებენ. ეს და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები სათავეს 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან იღებს, როცა ქართველ ერს წაერთვა უფლება თვითონ აერჩია ხელისუფლება. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანას უცხოეთიდან ხელდასმული, მარიონეტული ძალები მართავენ. მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი - ქართული სოფელი მოსახლეობისგან იცლება და ნადგურდება, რასაც თან დაერთო მიწების უცხოელებზე გაყიდვა.

18 მარტს, ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისთან აქცია გავმართეთ და შემდეგ მსვლელობით სახელმწიფო კანცელარიისკენ გავემართეთ. ამ აქციით გავაპროტესტეთ ახალქალაქის საკრებულოს “რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის მოთხოვნა, 1999 წელს ხელმოწერილი ევროპული ქარტიის რატიფიცირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობის ენებისთვის რეგიონული თუ სხვადასხვა პრივილეგირებული სტატუსის მინიჭებას, რაც ჩვენი აზრით დაუშვებელია, რადგან ამით ქართული ენის უზენაესობა შეიზღუდება. ამასთან, შესაძლებელია ზემოხსენებული ქარტიის რატიფიცირებამ გარკვეულ რეგიონებში ვითარების უკიდურესად დაძაბვა გამოიწვიოს. რესპუბლიკელების ოფისთან, ასევე, დავგმეთ მესხეთელი თურქების შემოსახლების გადაწყვეტილება, აფხაზეთის რკინიგზის ცალმხრივი დათმობის პირობებში გახსნა და ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია.

24 თებერვალს ვარკეთილში, “ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკურ ზონასთან“, იქ სადაც ე.წ. ”ჩინური ქალაქი” შენდება, საპროტესტო აქცია გავმართეთ, რომელშიც ახლო-მახლო კორპუსებიდან ჩვენმა დაახლოებით 70-მა თანამემამულემ მონაწილეობა მიიღო. ჩვენი მოთხოვნები იყო: გამკაცრდეს სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმი; გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები; აიკრძალოს შრომითი მიგრანტების შემოყვანა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენს ქვეყანას აფრიკის და აზიის 50 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი, რის გამოც კატასტროფულად მატულობს აფრიკელი და აზიელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ასევე, ორ–სამ თვეში ახერხებენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, უახლოეს პერიოდში ქართველები ჩვენივე ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობად ვიქცევით.

ვარკეთილში გამართული აქცია ნაყოფიერი გამოდგა, რადგან იქაურებმა მოგვიანებით გვითხრეს, ”თქვენს მოსვლამდე ჩინელები ძალიან თავხედობდნენ და იმ აქციის შემდეგ თავდახრილები დადიანო”.

2012 წლის 31 მარტს, ჩვენი ორგანიზაციის შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერად თბილისში შევიკრიბეთ - რუსთაველის ძეგლთან რვანი მივედით და შესაბამისი შინაარსის პლაკატები გავშალეთ. მართალია, ახლა სახელი აზიზიე აღარ ფიგურირებს, მაგრამ ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად და ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსასახლებლად ასეთი მიდგომები და ტენდენციები ადასტურებს, რომ თურქეთის ხელისუფლება აშანტაჟებს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას, რის პარალელურადაც რელიგიურ-ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს.

თურქეთი მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავს აჭარიდან ბავშვების მუსლიმურ სასწავლებლებში, იგივე მედრესეებში გამწესებაზე. ჩვენი ცნობით ბათუმში 20 000-მდე თურქეთის მოქალაქეა ჩაწერილი, რომელთაც ნახევარ ბათუმზე მეტი ნაყიდი აქვთ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ქართულ სახელმწიფოს დაეხმარებიან ახალციხელი თურქების სამშობლოში დაბრუნების საქმეში და ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაში. თურქეთის სკოლებში ბავშვებს იმ სახელმძღვანელოებით ასწავლიან, რომელშიც წერია, რომ აჭარა საქართველოს მიერაა ოკუპირებული.

რამდენად მართებულია ამ პრობლემებისადმი ჩვენი მიდგომა?

- ქართული საზოგადოების პრობლემაა ისაა, რომ ე.წ. ტოლერანტობა სინამდვილეში სიბრიყვეში და უაზრობაში გადავიდა - ჰგონიათ, რომ ამ სიბრიყვით დავაცხრობთ იმ განუზომელ ინტერესებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ამა თუ იმ ქვეყანას. ჩვენი მხრიდან გამოვლენილი “პარტნიორული დამოკიდებულებით“ და გამუდმებული დათმობებით გათამამებული მოპირდაპირე მხარე უფრო და უფრო მეტ დათმობას მოითხოს, რაც სტრატეგიული პარტინიორობის ჩარჩოში არ ჯდება. ამის მაგალიათია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ამასწინანდელი მოთხოვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის სავაჭრო გემებს აფხაზეთში შესვლის შეზღუდვა მოუხსნას. ამავე დროს, გავრცელებული ცნობით, სეპარატისტული აფხაზეთის სავაჭრო ტვირთბრუნვაში თურქეთის წილი 25%–მდეა.

ცნობილია მეოცე საუკუნის 60–70–იან წლებში ჩრდილოეთ კვიპროსზე განვითარებული მოვლენები - საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით იქ თურქული არმია შეიჭრა. ჩვენ ვთვლით, რომ თუ თურქული რელიგიურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია არ შეჩერდა, 5-10 წელიწადში აჭარაში ჩრდილოეთ კვიპროსის სცენარს მივიღებთ, მით უმეტეს, როდესაც ამის გარკვეულ საფუძველს იძლევა ყარსის ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ მოახდინა.