"ორი წლის წინ ქართული ჯავშანმანქანების "დიდგორების" გამოჩენის შემდეგ სპეციალისტებსა და დაინტერესებულ პირთ დაებადათ კითხვა _ რისი გაძლება შეეძლო "დიდგორის" ჯავშანს? ბუნებრივია, ასეთივე კითხვა "არსენალსაც" აინტერესებდა, თუმცა იმ დროს წარმოუდგენელი იყო ამის თავად შემოწმება. ცოტა ხნის წინ კი "არსენალს" მიეცა შესაძლებლობა თავად გამოეცადა "დიდგორის" ჯავშანგამძლეობა. ამისთვის, რა თქმა უნდა, უშუალოდ მანქანისთვის არ გვისვრია. ტირში დადეს "დიდგორის" დაჯავშნისას გამოყენებული ჯავშანფოლადის ნაჭერი, რომლის სიგრძე და სიგანე 60 სმ გახლდათ. გამოცდა, რომელშიც "დელტასა" და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებთან ერთად "არსენალიც" მონაწილეობდა, ჩატარდა სნაიპერული შაშხანა СВД-ს გამოყენებით, რომლითაც 7,62X54R კალიბრის ტყვიებს ვესროდით ჯავშანფილას. სროლის მანძილი მხოლოდ 20 მ გახლდათ. საერთო ჯამში ჯავშანფილას 7,62X54R კალიბრის 22 ტყვია მოხვდა, მათგან 4 ცალი ЛПС-ის, ხოლო 18 კი Б32 ტიპის იყო", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (29 მარტი-11 აპრილი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "დიდგორის" ჯავშანი СВД-მ ვერ გახვრიტა" / "ჯავშანმანქანა "დიდგორის" ჯავშანფოლადის გახვრეტა "არსენალმა" ორი ათეული მეტრიდან სროლით სცადა".
"Б32 ტიპის ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენ ტყვიას 1700 მ-ზე რკინის ჩაფხუტის გახვრეტა შეუძლია, 1200 მ დისტანციიდან მე-4 კლასის ჯავშანჟილეტს ხვრეტს, ხოლო 90 გრადუსით მოხვედრისას 550 მ-იდან ატანს 7 მმ სისქის ჯავშანში. ჩვენ "დიდგორის" ჯავშანფოლადის ფილის სისქეს ზუსტ მონაცემს გასაგები მიზეზის გამო არ ვაკონკრეტებთ, თუმცა ის ზემოთ ხსენებული 7 მმ სისქის ჯავშანზე, რომელსაც 7,62 მმ კალიბრიანი Б32 ტიპის ტყვია 550 მ-იდან ხვრეტს, სულ რამდენიმე მილიმეტრით სქელია. გამოცდისას ტყვიების ჯავშანფილაზე მოხვედრის კუთხე ახლო იყო 90 გრადუსთან და ტყვიები დიდი სიბურჯღლით მოხვდა, ზოგი ერთმანეთშიც კი "ჩაჯდა". საზოგადოდ, გამოცდის დროს მიღებულია, რომ ჯავშანფილაზე მხოლოდ 3 ტყვია (მეოთხე დამატებით) მოხვდეს და მოხვედრის ადგილებს შორის მანძილი 120 მმ-მდე მაინც იყოს. ამასთან, სროლის მინიმალური მანძილი 30 მ-ითაა განსაზღვრული", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ "დიდგორის" ჯავშანფოლადის ფილას ბევრად მკაცრი გამოცდა ჩავუტარეთ, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 22 ტყვია 20 მ-იდან ვესროლეთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ. თავიდან ЛПС-ს 4 ტყვია გავისროლეთ, რომლებმაც "დიდგორის" ჯავშანფოლადის ფილა მხოლოდ ამოფხაჭნა. Б32-ის ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენმა ტყვიებმა კი ჯავშანფილისგან მხოლოდ ორი-სამი მმ თუ "ამოთხარეს". ჯავშანფოლადის ფილა მთელი დარჩა, რაც ნამდვილად სასიხარულო უნდა იყოს მათთვის, ვისაც მომავალში "დიდგორებით" მოუწევს საბრძოლო მოქმედების რაიონებში მოძრაობა. ვერ დავიკვეხნით, "დიდგორებისთვის" განკუთვნილი ჯავშანფოლადი საქართველოში არ არის დამზადებული, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება დაჟინებით ცდილობდა ამ ტყუილში დაერწმუნებინა საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი. საქართველოში ჯავშანფოლადის ფურცლები არასოდეს უწარმოებიათ და ასეთი რთული პროდუქციის შექმნა უცბად შეუძლებელია. "დიდგორისთვის", ისევე, როგორც "ლაზიკასთვის" საჭირო ჯავშანფოლადის ფურცლები, ერთ, არცთუ ახლო ქვეყანაში მზადდება და იქიდან ჩამოდის საქართველოში.
თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც _ ეს ჯავშანფოლადი დამზადებულია ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძველი ჯავშანი, რომელსაც მანამდე იმ ქვეყნის ქარხანა ამზადებდა, ნამდვილად ვერ გაუძლებდა 20 მ-იდან ნასროლ ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენ 7,62 მმ კალიბრის ტყვიებს.
იმ ქვეყნის ქარხანაში მყოფმა ქართველმა სპეციალისტებმა ადგილობრივებს შეაცვლევინეს ჯავშანფოლადის წარმოების ტექნოლოგიური ციკლი, რისი წყალობითაც ჯავშანსიმტკიცემ, ჯავშნის სისქის გაზრდის გარეშე, მნიშვნელოვნად მოიმატა", - წერს სტატიის ავტორი.
"თავდაპირველად გათვლილი იყო, რომ "დიდგორის" დაჯავშნა უნდა შეესაბამებოდეს NATO-ს STANAG-ის (იშიფრება როგორც "შეთანხმება სტანდარტიზაციის შესახებ") მე-2 დონეს, რომელიც ითვალისწინებს 30 მ-დან "კალაშნიკოვიდან" ნასროლი 7,62X39 მმ კალიბრის Б3 ტიპის ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი ტყვიის, ასევე 80 მ-ში 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევების შეჩერებას, ასევე 6 კგ ტროტილის შემცველი ფუგასური მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებისგან დაცვას. ჩვენ მიერ 20 მეტრიდან СВД-იდან ნასროლი 7,62X54R კალიბრის 22 ტყვიის (მათ შორის 18 ცალი ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი Б32) მოხვედრის გაძლების შემდეგ "დიდგორის" დაჯავშნის დონე იზრდება და იგი უკვე შეესატყვისება STANAG4569-ის მე-3 დონეს", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"მე-3 დონე ითვალისწინებს 30 მ-იდან 7,62X51 მმ კალიბრის ტყვიების, 60 მ-ში აფეთქებული 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისა და 10 კგ ტროტილის შემცველი ფუგასური მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებისაგან დაცვას. ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ "დიდგორის" დაცვა მხოლოდ ჯავშანფილებით როდი შემოიფარგლება, მის შიგნით დამატებულია კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული დაცვის ელემენტებიც, რომლებიც ეკიპაჟისა და დესანტის უსაფრთხოების ნამსხვრევებისაგან იცავს. "დიდგორის" შემქმნელები აგრძელებენ ამ ჯავშანმანქანის ერთ-ერთი (არ დავაზუსტებთ) მოდელის სერიოზულ მოდერნიზაციას, რის შემდეგაც მისმა ჯავშანმა მსხვილკალიბრიანი 12,7 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებიც კი შეიძლება შეაჩეროს", - დასძენს გამოცემა.