"შსს-ში ფარულად 60-კაციანი ჯგუფი - "ჰიდრა" მუშაობს?"

"ნანუაშვილის საანაგარიშო მოხსენებიდან, ლაფანყურის ეპიზოდთან დაკავშირებით, ორი-სამი ფაქტის გარდა, ჩემ მიერ არაერთხელ არის გაჟღერებული. ის, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობდნენ ჩეჩენი "ბოევიკების" ჩამოყვანას, შემდეგში კი მათ წვრთნებს, ცნობილი იყო 2012 წლის სექტემბერში. რასაკვირველია, დადგება მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან "ბოევიკები" მათი ჩამოყვანილია. "ბოევიკების" ნაწილს იარაღი გაფორმებული ჰქონდა და ამ იარაღს ვინ გაუფორმებდა, თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი. მათ ჰქონდათ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების საბუთები, ჩემი თვალით მინახავს ოთხი ასეთი "ბოევიკი". ან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ ის ქვეყანაში სიტუაციას ვერ ფლობდა და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დაახლოებით 100-მდე "ბოევიკი", გაფორმებული იარაღით, საქართველოს ტერიტორიაზე დადიოდა ისე, რომ არავინ არაფერს ეკითხებოდა, ან დღეს უნდა თქვან, რომ ჩაფიქრებული იყო კონკრეტული ოპერაციები, რის გამოც ეს ხალხი საქართველოში ჩამოიყვანეს, 2012 წლის მარტიდან მოყოლებული, აგვისტომდე გაატარეს წვრთნები და შემდგომში შეეცვალათ გეგმა. რატომ შეიცვალა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედათ "ბოევიკებს", დღეს ამის თქმა ჩემთვის ძნელია", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "შსს-ში ფარულად 60-კაციანი ჯგუფი - "ჰიდრა" მუშაობს?".

"თუ მერაბიშვილი ამას იდიოტურ ბრალდებას უწოდებს, გამოდის, რომ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება არ ყოფილა და იმის მტკიცება, რომ შსს-ში ყველაფერი მოგვარებული იყო, ყოფილა ტყუილი და ბლეფი. მაშინ, ესეც თქვას მერაბიშვილმა. მერაბიშვილი ცუდად ეთამაშება ცეცხლს და ცდილობს, ახალი ხელისუფლება სახელმწიფოებრივი რელსებიდან ამოაგდოს. ის აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს პოლიტპატიმრების ქვეყნის იარლიყი მიაწება, ახლა კი ცდილობს, ქვეყანას ტერორისტული იმიჯი შეუქმნას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"შსს-ს ზოგიერთ უწყებაში ისევ ის ადამიანები სხედან თანამდებობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ, რომლებიც შემჩნეული არიან განსაკუთრებულ დანაშაულებში. ეს არის 60-კაციანი ჯგუფი, რომელიც მართავდა ქვეყანაში ტერორის პოლიტიკას. აი, ამ ჯგუფის წევრები დღეს ისევ არიან ამ თანამდებობაზე. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტიპის ფრაზა, რომ სჯობია ესენი კვლავ თანამდებობებზე იყვნენ, ვიდრე ქუჩაში. ამ ფრაზას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, მე ვიცი დღეს რა რთულ მდგომარეობაშია ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კოაბიტაციაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილს პირადად, ტოტალურად ატყუებენ, გააზრებულად და მიზანმიმართულად. ამას სჩადიან ის ადამიანები, ვინც დღემდე ინარჩუნებენ სამინისტროში თანამდებობებს. ისინი დღევანდელ მინისტრს აჩვენებენ, რომ არიან კომპეტენტურები და მათი გამოყენება არის საჭირო. მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ 60-კაციან ბირთვზე. ეს 60-კაციანი ბირთვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნან საშანტაჟო ფორმატი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული მასალები ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებზე და ცდილობენ, ამ მასალის მეშვეობით აშანტაჟონ დღევანდელი ხელისუფლება. კომპრომატები მათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე აქვთ, არამედ ჟურნალისტებზე, მეწარმეებზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე, სხვადასხვა ტიპის კომპრომატებია, შეიძლება ეს იყოს დელიკატური ტიპის მასალებიც, მათ პირად ცხოვრებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს კომპრომატი იყოს მასალები მეწარმეების ბიზნესსაქმიანობაზე. სქემა იყო ასეთი - თვითონ უბიძგებდნენ გადაცდომისკენ და შემდგომ კომპრომატად დებდნენ მას. მთავარი არის ის, რომ ესენი არიან ინფორმაციის მატარებელნი და არა ის, რომ მათ საქმე იციან და ინახავენ სამინისტროში იმ 60-კაციან დაჯგუფებას", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"წარმოიდგინეთ, ამ კომპრომატების გამო ერთმანეთი რა დღეში ჰყავთ, ამიტომ არის, რომ "ჰყდრა" უნდა გაისრისოს. ანუ ის 60 ადამიანი თავისი კომპრომატებით უნდა გაისრისოს. და თუ ამ კომპრომატების დემონსტრირებას მოახდენენ, როგორც ისინი იმუქრებიან, სხვათა შორის, ვიდეოკომპრომატებიც აქვთ, მათ შორის რამდენიმე დეპუტატზე, აი, იმ კომპრომატებს უნდა შეეწირონ, ზუსტად. რაც შეეხება ვანოს სიურპრიზს, ვიცი, ძალიან აქტიურად მუშაობენ. წინა კვირას ვიყავი კახეთში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" აქტივისტები, თუ რამდენ ფულს ჰპირდებიან, 400-დან 1500 ლარამდეა საუბარი. ორიენტირებული არიან, მოხდეს ნებისმიერი ექსცესი ქვეყანაში. ამ ხალხს აგროვებენ არა მარტო ფულით, არამედ კომპრომატებით. 80 ათასი კაცი უნდა გამოიყვანონ რუსთაველზე, ეს არის კონკრეტული ციფრი, რომელიც მთლიანად რუსთაველს ავსებს. ვფიქრობ, ეს აქცია ორიენტირებულია სამოქალაქო დაპირისპირებაზე", - დასძენს მამუკა არეშიძე.