მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ 6 სექტემბერს საგანგებო განცხადების გაკეთებს. ამ ეტაპზე უცნობია, რას იტყვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა, ქვეყანაში დაბრუნების შესახებ მორიგი განცხადება იყოს და არაფრით განსხვავებული სხვა მსგავსი განცხადებებისგან. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტი წინასაარჩევნოდ შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანს ამზადებდეს.
„ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად - შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება“! საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებული განცხადება შესაძლოა ეხებოდეს მის საქართველოში დაბრუნების საკითხს, რომელიც, მისი თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში რევოლუციის მოსურნეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილი ქვეყანაში ვერ შემოვა იმ მხარდამჭერთა რაოდენობის მეშვეობით, რომელიც ჰყავს.
„ღიმილის მომგვრელი საკითხი გახდა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება. ამის ფონზე, ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ ეს მორიგი სიტყვის მასალაა. ამ ეტაპზე, მის დაბრუნების არანაირი აუცილებლობა არ არის. რევოლუციური პროცესიც კი არ არის მომწიფებული. ადრე კიდევ იყო ასეთი ეტაპები, როდესაც რევოლუციის სუნი უფრო მეტად ტრიალებდა ჰაერში, ახლა საერთოდ გამქრალია ამგვარი სცენარის შესაძლებლობა, მით უმეტეს, ამის გარეშე, რაში სჭირდება სააკაშვილს დაბრუნება? თუ რევოლუციური სცენარი ძალიან მომწიფებული იქნებოდა, კიდევ შეიძლებლოდა რამეზე საუბარი, მაგრამ ამის გარეშე მეეჭვება.
სააკაშვილს სჭირდება მისი თავყანისმცემლების შენარჩუნება და მისი თაყვანისმცემლების ჯგუფი არის ის, რომელიც ითხოვს აგრესიას, მის დაბრუნებას და რამდენჯერაც უნდა თქვას, რომ დაბრუნდება, არ უნდა გაუცრუოს იმედი მათ, ისინი მორიგ ნათქვამზე დაიმედდებიან. სააკაშვილი მუშაობს იმაზე, რომ ეს ჯგუფი არ დაკარგოს“, - თქვა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის განცხადებით, ის რაც წლების წინ უკრაინაში მოხდა, როდესაც სააკაშვილი მისი მხარდამჭერების მეშვეობით უკრაინაში შევიდა, მსგავსი სცენარი საქართველოში გამორიცხულია.
„პრინციპულად შეუძლებელია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია უკრაინის პროცესებზეც და ჩვენ არ ვიცით იქაური პროცესების სამზარეულო. სავარაუდოა, რომ სააკაშვილს უკრაინაში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავდა. შემდეგ ზელენსკის მხარდაჭერაც მიიღო იმით, რომ გარკვეული თანამდებობა მისცა ზელენსკიმ. ქართველებს აქამდე ვერ ამოუხსნიათ, რამ იმოქმედა ზელენსკიზე, მაგრამ რაც ზელენსკიზე იმოქმედა, ზოგადად, უკრაინაში მოქმედებდა სააკაშვილის სასარგებლოდ. ამიტომ, ის მხარდამჭერები, რა მექანიზმებით შეგროვდა, ამის სამზარეულო ჩვენ არ ვიცით. ანალოგიური შეგროვება მხარდამჭერებისა საქართველოში, ალბათ, ძალიან საეჭვოა, თუ ვიმსჯელებთ იმ რაოდენობის ხალხით, რაც მიტინგებზე იკრიბება და ამ მიტინგებზე შეკრებილი ხალხი დიდი თავდადებით არ გამოირჩევა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის განცხადება არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მის საქართველოში დაბრუნებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნდეს, მნიშნველოვანია ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ იყოს.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ყოფილმა პრეზიდენტმა ვრცლად უნდა ისაუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი მისი ქვეყანაში დაბრუნება და ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლა.
„სააკაშვილის განცხადება არ მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაპირება იყოს, რომ ის ჩამოვა. მან რამდენჯერმე გააკეთა განაცხადა ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, არ ჩამოსულა. იმისთვის, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში, შესაბამისი პირობები უნდა არსებობდეს, კერძოდ „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს და საქართველოში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო.
არ არის გამორიცხული, რომ ის გააკეთებს შესაბამის მიმართვას. ამ შემთხვევაში მან უფრო ვრცლად უნდა ისაუბროს 2012 წლიდან დღემდე, რა პრობლემებს წააწყდა საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ პირობებში. ეს იქნება მაშინ სრულყოფილი მიმართვა. ის, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია და ის უნდა წავიდეს, მე უნდა ჩამოვიდე, ალბათ, არ იქნება საკმარისი. უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ შეცვლა და საქართველოში მისი დაბრუნება.
მგონია, რომ მან ყურადღება უნდა გაამახვილოს აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე, - რას მიიღებს საქართველო, თუკი „ქართული ოცნება“ შეიცვლება. ვფიქრობ, ის დაელოდება როგორ განვითარდება მოვლენები, ჩამოსასვლელად წინაპირობა უნდა შექმნას, ამისთვის კი საჭიროა მოსახლეობის წინაშე წარსდგომა ტელევიზიის მეშვეობით. ჩამოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადებით თავის მომხრეებს რწმენა ჩაუნერგოს, რომ ის არ ტოვებს მათ და არ მიატოვებს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის დროს ქვეყანაში პოზიტიური მიგრაციული ბალანსი იყო.
„მეგობრებო, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ იმას, რომ ათასგვარ ტყუილებს საუბრობენ, მთელი ეს წლები „ვატარებთ“, ვიძახით, „არ გვინდა წარსულზე საუბარი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, გავიდა წლები და ხალხს დაავიწყდა“. დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე!
სტატისტიკის დეპარტამენტში, ყოველ შემთხვევაში, 2 წლის წინ, ჯერ კიდევ იდო ციფრები სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში, ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ გადიოდა ქვეყნიდან. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. იცით, რატომ? სამსახურებში ჩვენ ვაწყობდით არა ნათესაობით, ახლობლობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც დამსახურებული იყო, განათლება ჰქონდა და კვალიფიკაცია. ახალგაზრდობა ქვეყანას აღარ ტოვებდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი გავიდა და წელს უკვე დაემატა მინიმუმ 100 ათასი. კატასტროფა, ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად.
ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, გერმანიაში მოგაწყობთ, სამსახურზეო? მე რომ ყველას მოვუწოდებდი დაბრუნდით, ჩავდიოდი, ვეხვეწებოდი, ეს ეუბნებოდა წადით მოგვშორდით, აქ დაგვტოვეთ მარტო მე ბერა, „ანტუნი“ და დანარჩენი მონები. უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე შექმნა მსოფლიოში. შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება“! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, ასეთია საქართველოს უმეტესობა, არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ყველამ „ფეისბუქზე“ თავის პირადი გამოცდილებით, ამათ სიცრუეს ყოველდღე გავცეთ პასუხი. საბოლო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, - აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.