„საზმაუწყებლიდან“ გამგებლობამდე

„საზმაუწყებლიდან“ გამგებლობამდე

დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილი დანიშნა. უგულავა ფიქრობს, რომ ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის მოსახლეობის უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. უგულავა აცხადებს, რომ კრწანისის ახალი გამგებელი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ტოტალური ზეწოლის გამო წამოვიდა.

„მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ერთგვარი კარგი წინაპირობა, კარგი სტარტია იმისთვის, რომ ადამიანმა სხვა ასპარეზზე მოსინჯოს საკუთარი ძალები. ხათუნა ბერძენიშვილი რაიონში უფლებადამცველი და სოციალური მუშაკი იქნება“, - აცხადებს უგულავა.

როგორც კრწანისის რაიონის ახალი გამგებელი აცხადებს, ის ჟურნალისტიკიდან საკუთარი სურვილით არ წასულა და ამიერიდან აპირებს აქტიურად ჩაებას კრწანისელების პრობლემების გადაჭრაში.

„დღეიდან მე კრწანისის პრობლემების გადაჭრაში აქტიურად ჩავერთვები. ბუნებრივია, მოვიკითხავ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამ რაიონში მოსახლეობას აწუხებს. ეს არ იქნება მხოლოდ ასფალტის დაგება, ან სახურავის გადახურვა. დავკავდებით იმ სოციალური პრობლემებით, რომელიც ამ რაიონის მოსახლეობას აწუხებს. იმ შემთხვევებშიც, როცა პრობლემა მერიისა და გამგეობის კომპეტენციას გასცდება, მათი გადაჭრის გზების საძიებლად მივალთ ყველა იმ სტრუქტურაში, რომელსაც ამ პრობლების გადაჭრის ვალდებულება აქვს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ხათუნა ბერძენიშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ბერძენიშვილის მხრიდან კატეგორიული პროტესტი მოჰყვა. იგი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებდა და მის სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებდა. ბერძენიშვილის სამსახურიდან დათხოვნის საპასუხოდ კი „საზმაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.

ხათუნა ბერძენიშვილის სამსახურიდან განთავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლას უკავშირებდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. ამასთანავე, ნაციონალები ირწმუნებოდნენ, რომ მათი მმართველობის პერიოდში „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სრულიად დამოუკიდებელი იყო, ახლა კი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა. ასეთივე ინფორმაციას აწვდიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვარს, ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხათუნა ბერძენიშვილის ამ დანიშვნით მისი ლუსტრირება მოხდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იგი თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი იყო.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის პლუსი აქვს, რომ თავის ნაბიჯებს კარგად ვერ გათვლის ხოლმე. ამიტომ მისი სტრატეგია მეტნაკლებად გამოსაცნობია.

„ამ შემთხვევაშიც, საბედნიეროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცუდად გათვალა. ადვილი მისახვედრია, რომ უგულავას მფარველობის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა ის ადამიანი, ვინც ნაციონალებს ინტერესებს არ იცავს. ჯერჯერობით, უგულავა ამ პრინციპით მოქმედებს და რადგან ეს პრინციპი ქალბატონ ხათუნაზეც გავრცელდა, ესე იგი ის ნაციონალების კადრია“, - აცხადებს ექსპერტი.

მედია-ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ ხათუნა ბერძენიშვილს დაუფასეს ის ღვაწლი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე ჰქონდა.

„ხათუნა ბერძენიშვილი ყოველთვის კარგი შემსრულებელი იყო. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და გასაგებია, რომ სწორედ ამ ნიშნით მიიღო ეს თანამდებობა, თორემ გამგებლად მუშაობის გამოცდილება სად უნდა დაეგროვებინა“, - ამბობს ლელა კურდღელაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ორი კვირით ადრე იცოდა, რომ უგულავას კრწანისის რაიონის გამგებლად ხათუნა ბერძენიშვილის დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი და ძალიან უნდოდა, რომ ეს მომხდარიყო.

„საყოველთაოდ იყო ცნობილი ხათუნა ბერძენიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრობა, მათ შორის თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტების მხრიდანაც. ბერძენიშვილისთვის საკვანძო საკითხი იყო არა ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ემუშავა, არამედ ის, რომ საინფორმაციო გამოშვებები გაეკონტროლებინა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

მისი თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესები არ არის ჯანსაღი. ელისო ჩაფიძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს კრიზისი ადრე თუ გვიან მოგვარდება. იგი ამბობს, რომ „საზუმაუწყებლის“ საკადრო გადაწყვეტილებებზე მმართველი გუნდი შეგნებულად არ აკეთებს კომენტარებს, რათა ეს მაუწყებელზე პოლიტიკურ ზეწოლად არ ჩაითვალოს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოლიტიკური ზეწოლისგან განთავისუფლების ერთადერთი გზა არის, პირველ რიგში, კანონმდებლობის შეცვლა და შემდეგ გარკვეული საკადრო ცვლილებები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში, რათა მან სწორედ ის ფუნქცია შეასრულოს, რაც მას აკისრია.

ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ბორდში ადამიანები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ლოიალობის ნიშნით ინიშნებოდნენ.

„ბორდის წევრი, ბატონი გიორგი მელაძე, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ მასზე ზეწოლა დამაბრალა, მოგვიანებით, ვიზუალურად მისი ნახვის შემდეგ გავიხსენე, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, როგორც თავისუფლების ინსტიტუტის ძალიან აქტიურ წევრს“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული შეფასებები, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი კანდელაკის „კარგი მუშაობის“ შემდეგ იქნა რეზოლუციაში შეტანილი. ამიტომ, შესაძლოა, ხათუნა ბერძენიშვილის გამგებლად დანიშვნა ერთ-ერთი არგუმენტი იყოს დასავლელი პარტნიორებისათვის იმის სამტკიცებლად, რომ „საზმაუწყებელი“ წინა ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა.

ამასთან დაკავშირებით ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ შესაბამისი კომიტეტი მუშაობს იმაზე, რომ რეზოლუციის ეს ჩანაწერი გამოსწორდეს. აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს იყო გაუგებრობა, რომელიც მალე გამოსწორდება. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნა როგორც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, ასევე ქართულ მედიასივრცეში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციაც. ამასთანავე, განუმარტეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაეცა მის კანონიერ მესაკუთრეს და ახალ ხელისუფლებას არავისთვის არაფერი წაურთმევია და არც ტელეკომპანიის წილში ჩამჯდარა.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ცალკე პრობლემაა და ისინი ისე შორიდან იყურებიან, რომ დეტალების გარჩევა უჭირთ.

„მათ ჯერ ის უნდა გაიგონ, რომ თბილისის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული, რათა მერე ის არგუმენტი გაიგონ, სახელმწიფოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლი რომ ჰქონდა დაწესებული. მათი გაგების უნარი ამდენსაფეხურიანი არ არის და სწორედ ამაზეა გათვლილი ძალიან ხშირად ნაციონალების რიტორიკა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ლელა კურდღელაშვილი კი აღნიშნავს, რომ მისთვის ხათუნა ბერძენიშვილი დიდი ხანია ლუსტრირებულია იმ საინფორმაციო გამოშვებებიდან გამომდინარე, რომლებიც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადიოდა. ამდენად, მედია-ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ დანიშვნით, შესაძლოა, ბერძენიშვილის ლუსტრირება საზოგადოების უფრო ფართო ფენებისთვის მოხდა.