კასპის რაიონის სოფლები - ოკამი და თეზი ე.წ. ბუფერული ზონის სოფლებია და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონს ემიჯნება. ღმერთმა დაიფაროს, ხვალ-ზეგ რუსებმა ხელახლა რომ შემოგვიტიონ, იმ ათიოდ სოფელს შორის, რომლებიც პირველ დარტყმას მიიღებენ, ოკამი და თეზიცაა. ამ, ერთმანეთს გადაბმული სოფლებიდან, ოძისამდე ოთხიოდე კილომეტრია - ამით ყველაფერია ნათქვამი. რუსების ხელახალ აგრესიას კი, თუ ვინმეა ჭკუათმყოფელი, არავინ გამორიცხავს. აი, ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ცხოვრობს ამ ორი სოფლის მოსახლეობა. ამას დაუმატეთ ის ყოფითი, სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რაც ყველა ქართული სოფლის გასაჭირია. მოკლედ, ამ ხალხს თავისი ისედაც გასჭირვებია, ადგილობრივი ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, შეეხიდოს, შეეწიოს და პრობლემები მოუგვაროს ხალხს, პირიქით, ხელოვნურ პრობლემებსა და თავისტკივილს უჩენს.
ოკამის საკრებულოში 7 სოფელი შედის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ოკამსა და თეზზე ვისაუბრებთ. ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი დონის ორ დიდ მოხელეს და კიდევ ორ თანასოფლელს მოსახლეობისგან თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. სოფლის მოსახლეობა დაშინებულია, ღიად, მედიით დაფიქსირებას ბევრი ერიდება, პრივატულ საუბარში კი არ მალავენ, რომ მათ ატყავებენ ყოველთვიურად, უკანონოდ, ზედმეტობით ახდევინებენ მოხმარებული გაზის საფასურს, “კასპიგაზში” იხდიან მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს, დანარჩენს კი ორი ადამიანი იჯიბავს - ოკამის საკრებულოს თავმჯდომარე, ტატო ჩიტაშვილი და კასპის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ოკამის თემის საკრებულოს სოფლებიდან, ზურაბ შუკაკიძე. სიტუაციაში გასარკვევად, “ვერსია” ადგილზე ჩავიდა და სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
ამ საქმის პრეისტორია ასეთია: თეზი-ოკამის შიდაგაზსადენის მშენებლობა 1990 წლიდან დაიწყო, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, 2006 წელს დასრულდა. ოკამის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი შ. ხრიკულის პერიოდში, გაზსადენის მოვლა-პატრონობა, დახარჯული გაზის აღრიცხვა, ფულის ამოღება საინიციატივო ჯგუფის მიერ ხდებოდა. მეტიც, ამ ჯგუფმა მოსახლეობის გამრიცხველიანებაც იკისრა და 17 აბონენტი ჩაიბარა, ხოლო როცა მათ ადგილზე სხვები მოვიდნენ, უკვე 200-ზე მეტი აბონენტი ჰყავდათ. საკრებულოს ინიციატივით შექმნილ ამ ჯგუფში შედიოდა ორი ქალბატონი - თეა ნავროზაშვილი და ჯული ბერიძე, რომელთაც “კასპიგაზთან” ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული და ინკასატორთა საკეთებელს აკეთებდნენ - მთელი სოფლის მიერ დახარჯული გაზის საფასურს იღებდნენ, თანაც, ხალხს ამრიცხველიანებდნენ.
2007 წლის გაზაფხულზე, თეზის მოსაზღვრე სოფელ ფერმასთან 10 მეტრიანი გაზის მილი დაზიანდა. დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად როდის დაზიანდა მილი, რამდენი დღე იყო დაზიანებული და რა რაოდენობის გაზი გაქრა ჰაერში. ფაქტია, ეს მილი იმ გაზსადენის ნაწილი იყო, რითაც ოკამსა და თეზს გაზი მიეწოდებოდა და დანაკარგიც ამ ორი სოფლის მოსახლეობას მიეწერა. ამავე პერიოდში, ოკამის საკრებულოში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა - ტატო ჩიტაშვილი. მისი გადაწყვეტილებით, ძველი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიცვალა, ნავროზაშვილი და ბერიძე შინ გაუშვეს, ხოლო მათ ნაცვლად 4 კაციანი ჯგუფი დაკომპლექტდა: თავად ტატო ჩიტაშვილი, ბადრი ჯავახიშვილი, თამაზ თათარაშვილი და ზურაბ შუკაკიძე, რომელიც კასპის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია ოკამის თემის საკრებულოში შემავალი სოფლებიდან.
როცა მილი გასკდა, დავალიანება წარმოიქმნა და გადამხდელი არავინ ჩანდა, “კასპიგაზმა” თეზსა და ოკამს გაზის მიწოდება მთელი 2 წელი შეუწყვიტა, რომელიც მხოლოდ 2009 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აღადგინეს. “კასპიგაზი” მოსახლეობას დაკარგული გაზის საფასურის გადახდას სთხოვდა, საკრებულო დათანხმდა ამ პირობას და საინიციატივო ჯგუფს თანხის მოსახლეობიდან ამოღება დაავალა. დაკარგული გაზის საფასურად დაფიქსირდა 18 000 ლარი, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი კაციშვილს თვალით არ უნახავს - სოფლებში მხოლოდ სიტყვა დააგდეს - 18 000 ლარია გადასახდელი, ეტაპობრივად უნდა დაფაროთ, თორემ გაზის მიწოდება შეგიწყდებათო.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ამ 18 000 ლარის მოსახლეობაზე დაკისრება არაკანონიერი იყო და ხალხი გააბრიყვეს. კანონით, როცა მილი გასკდა, საკრებულოს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო “კასპიგაზის” ინკასატორის ფუნქცია, უნდა შეედგინა აქტი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა, თუ რომელ რიცხვში, რომელ საათზე გასკდა მილი. არანაირი ამდაგვარი აქტი საკრებულოს თუ საინიციატივო ჯგუფს არ შეუდგენია. თავის მხრივ, “კასპიგაზის” მესვეურთ, ადგილზე ოპერატიულად უნდა მიევლინათ სპეციალისტები, რომლებიც საკრებულოს თანამშრომლებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად შეადგენდა აქტს, სადაც აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო: 1. მილის დაზიანების მაქსიმალურად მიახლოებული დრო. 2. დაზიანებული ადგილის (ნახვრეტის) დიამეტრი. 3. დაზიანების პერიოდში, მილში მომავალი გაზის წნევა. 4. მილის შეკეთების ზუსტი დრო. 5. მილის დაზიანებიდან შეკეთებამდე გასული მაქსიმალურად მიახლოებული დრო.
მხოლოდ ამ ყველაფრის დაფიქსირების მერე იყო უფლებამოსილი, შეედგინა სპეციალური აქტი, შემდეგ დამსხდარიყვნენ მისი სპეციალისტები და დაეანგარიშებინათ, რამდენი მ3 გაზი დაიკარგა, ეს უნდა გადაეყვანათ თანხებში და ამის შემდეგ დაედგინათ თანხა, თუმცა მსგავსი არაფერი გაკეთებულა. ადგნენ და მოსახლეობას დააკისრეს დაკარგული გაზის ანაზღაურება - 18 000 ლარი. რა შუაშია მოსახლეობა, ვინმემ თეზი-ოკამის გაზსადენზე ტერაქტი რომ მოაწყოს, მილი ააფეთქოს და გაზი დაიკარგოს, ხალხი რა შუაშია? მერე რა, რომ ეს დანაკარგი აისახა სათაო მრიცხველზე, რომელიც თეზშია დამონტაჟებული? იქნებ ამ მილის გახეთქვამდე სადმე სხვა მილიდანაც ჟონავდა გაზი? ეს არავის შეუმოწმებია.
საინიციატივო ჯგუფმა გამოუცხადა ოკამელებს და თეზელებს - 18 000 ლარი უნდა დაფაროთ, ფიქსირებული ფასის - 1 მ3-ზე 55 თეთრის ნაცვლად, დღეიდან 1მ3-ზე 65 თეთრი ანუ 10 თეთრით მეტი უნდა გადაიხადოთო. 10 თვეა, დაახლოებით 300 ოჯახი იხდის ამ ზედმეტ 10 თეთრს, ზოგს თვეში 5 ლარით მეტის გადახდა უწევს, ზოგი თვეში 20-30 ლარსაც იხდის. კაცმა არ იცის, იმ 18 ათასიდან რამდენი დაიფარა, რამდენი დარჩა და ოდესმე დასრულდება თუ არა ეს დავალიანება. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ეს დავალიანება, კარგა ხნის დაფარულია, მაგრამ ხალხში მოსაკრებელი გაზის გადასახადის ნაწილს - 10 თეთრს 1 მ3 გაზზე საინიციატივო ჯგუფის წევრები ითვისებენ. ამის დამადასტურებლად ერთ ფაქტს ასახელებენ.
ვასიკო სიდამონიძე, თეზის მკვიდრი: “ერთ-ერთ უბანში გაზის საფასურს ბაბალე მიშველაშვილი აგროვებს, სკოლის უბანს ვეძახით, აკრიფა ბაბალემ ამ უბანში ყველა ოჯახიდან 65 თეთრობაზე, მოხდა ისე, რომ თვითონ წაიღო ფული “კასპიგაზში” შესატანად. იქ, როცა ქვითარში ნახეს გახარჯული გაზის რაოდენობა, ადგნენ და 1 კუბმეტრი 55 თეთრად იანგარიშეს, რაც ამ 55 თეთრობაზე უწევდა, ის თანხა გამოართვეს, დანარჩენს ხელი არ ახლეს - ეს ზედმეტიაო. ბაბალემ უკან წამოიღო დარჩენილი თანხა - სხვაობა რაც იყო”.
ბაბალე მიშველაშვილმა უკან კი წამოიღო დანარჩენი თანხა, მაგრამ მოსახლეობისთვის არ დაუბრუნებია. ხალხი ამბობს, იმავე დღეს ზურაბ შუკაკიძემ თამაზ თათარაშვილი გამოგზავნა ბაბალე მიშველაშვილთან, ის დარჩენილი თანხა მიშველაშვილმა მისცა თათარაშვილს, მან კი შუკაკიძეს მიუტანაო. არიან ადამიანები, რომლებიც ამას დაამტკიცებენ და თუ ვინმე დაინტერესდება, დეტალურად მოუთხრობენ ყველაფერს. სხვათაშორის, ეს ფაქტი იქცა იმის მიზეზად, რომ ოკამი-თეზის მოსახლეობამ ოფიციალური განცხადებით მოგვმართა და საქმის გარკვევა გვთხოვა. სწორედ ამის მერე აეხილა თვალი ბევრ ადამიანს, აქამდე მორჩილად რომ იხდიდა ფულს. სოფელში ამბობენ, რომ ტატო ჩიტაშვილსა და ზურაბ შუკაკიძეს ხარკს უხდიან, თორემ დავალიანება დაფარულიაო. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაშინ “კასპიგაზში” 1 მ3 გაზს 55 თეთრად კი არა, 65 თეთრად უანგარიშებდნენ. არ მოერიდებოდათ? აკი, მათი დაჟინებული მოთხოვნით, სანქციებით (გაზის შეწყვეტით) გახდა მოსახლეობა იძულებული, აეღო ეს გაურკვევლად წარმოშობილი დავალიანება საკუთარ თავზე? სოფელში ამბობენ, თამაზ თათარაშვილი მეისრეა, თანხას უბნებიდან ისე, უბრალოდ, აგროვებს, მას კი ზემოთ - ჩიტაშვილთან და შუკაკიძესთან მიაქვს, ეს ორნი, რაც რეალური გადასახადია, იმას იხდიან (1 მ3 გაზზე 55 თეთრს), 1მ3-ზე 10 თეთრს კი იჯიბავენო. მოკლედ, ისედაც უქონელ და შეჭირვებულ ხალხს, მათივე თქმით, ყვლეფავენ და პატრონი არავინაა. ამ საქმეშია ჩართული ბადრი ჯავახიშვილიც, თუმცა მის შესახებ ასე ღიად სოფელში არ საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, თუ ამ საქმეს გამოძიება ეღირსა და პროკურატურაც დაინტერესდა, ვერც ბადრი ჯავახიშვილი გამოვა სუფთადო.
ამ ხარკისა თუ გადასახადის გარდა, თეზი-ოკამის მოსახლეობამ, აბონენტზე 30 ლარი გადაიხადა უფრო დიდი წარმადობის სათაო მრიცხველის შესაძენად. ეს ამბავიც ახალი საინიციატივო ჯგუფის მოსვლის მერე მოხდა - 2008 წელს. თანხა - 3000 ლარი გოგი თათარაშვილს გადაეცა, რომელმაც ტატო ჩიტაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს გადასცა. სოფელში კი ისევ ძველი სათაო მრიცხველი დგას, სად წავიდა ეს 3000 ლარი, კაცმა არ იცის, არც იმ 18 000 ლარს მოკლებია ეს 3000 ლარი - ასეთი რამეც არ თქმულა, რომ დავალიანების ნაწილი დაიფარაო. სოფელში, ბუნებრივია, ისევ იმას ეჭვობენ, რომ ეს თანხაც საინიციატივო ჯგუფმა მიითვისა, ლომის წილი - ზურაბ შუკაკიძემ და ტატო ჩიტაშვილმაო. მოკლედ, თუ ეს 3000 ლარი საინიციატივო ჯგუფმა დაფარა, მაშინ ეს დავალიანება, მით უფრო, უკვე კარგა ხნის დაფარული უნდა იყოს. თუ არ დაფარეს, ის 18 000 მაინც უნდა იყოს უკვე დაფარული და ცალკე საძიებელია ის 3000 ლარი და მისი შემტყაპუნებლები და ცალკე - იმ სხვაობის მიმთვისებელი. ისე, დიდი გამოსაძიებელი არც არაფერია - ეს თანხები საინიციატივო ჯგუფის 4 წევრს შორისაა მოსაძებნი.
ერთი საინტერესო დეტალიც - სოფლის არც ერთ მოსახლეს არ უჭირავს ხელში იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ 1მ3 მოხმარებულ გაზში 65 თეთრს იხდის, მათ ქვითარში უწერიათ, რომ 1 მ3-ში იხდიან 55 თეთრს. ვინმე რომ შეედავოს ახლა ამ ხალხს “კასპიგაზიდან”, 18 000 ლარი ისევ დასაფარი გაქვთ და თეთრი არ გადაგიხდიათო, მოსახლეობა ვერაფერს დაამტკიცებს. საქმე ასეა: ვთქვათ, ვიღაცამ დახარჯა 100 მ3 გაზი, ქვითრით იხდის 1 მ3 გაზზე 55 თეთრს, ანუ 55 ლარს, ხოლო იმ 10 თეთრს დავალიანებისას ანუ 10 ლარს 100 მ3 გაზზე ისე, ყოველგვარი ქვითრის გარეშე, ხელზე რომ აძლევს გოგი თათარაშვილს, არსად არ ფიქსირდება. თათარაშვილი მარტო ოფიციალურად გადახდილი 55 ლარის ქვითარს უტოვებს. ახლა ამ “ოფიციალურ ქვითარს” მივხედოთ, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის გარდა, ყველაფერია. მართალია, მას ოკამის მუნიციპალიტეტის ბეჭედი არტყია, მაგრამ იურიდიულ დოკუმენტად არ გამოდგება. “ვერსიას” ერთი ასეთი ქვითარი მოაწოდეს, რომელსაც აკლდა: 1. ქვითრის ნომერი, 2. ქვითრის ზუსტი თარიღი. 3. ქვითარში აღნიშნული არ არის, ვის, რომელ პასუხისმგებელ პირს ჩაბარდა. 4. არ არის დაფიქსირებული, კონკრეტულად რომელ პიროვნებაზეა გამოწერილი 5. არ არის დაფიქსირებული 1 მ3 გაზის ღირებულება. 6. არ არის დაფიქსირებული თარიღი, თუ როდის არის ანათვალი აღებული. მოკლედ, თეზის ¹5 უბნის ქვითარი არ წარმოადგენს სრულყოფილ იურიდიულ დოკუმენტს და მისი საშუალებით თანხის ამოღება უკანონოა. “კასპიგაზის” მესვეურები, მართალია, თავად არ იღებენ თანხას და საკრებულო და საინიციატივო ჯგუფი აკეთებს ამას, მაგრამ სრულყოფილი დოკუმენტის (ქვითრის) ფორმა მაინც მიეწოდებინა მათთვის.
ამ საეჭვოდ წარმოშობილ 18 000 ლარისა და უფრო საეჭვოდ გამქრალი 3000 ლარის საქმეების გამოსაძიებლად, თეზი-ოკამის მოსახლეობამ, 2009 წლის 27 იანვარს შიდა ქართლის სამხარეო პროკურორს გ. მამალაძეს გაუგზავნა განცხადება, რომელსაც 97 ადამიანი აწერს ხელს, მაგრამ ყურიც არავის შეუბერტყავს. მოსახლეობის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ეს, შესაძლოა, იმის ბრალია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ შუკაკიძესა და ტატო ჩიტაშვილს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა კურდღელაშვილი მფარველობს. კასპის რაიონის საკრებულოს წევრი, ზურაბ შუკაკიძე ყველაფერს თვისებურად განმარტავს.
თეზისა და ოკამის მოსახლეობას გაზის დავალიანების შესახებ. ეს ხალხი ეჭვქვეშ აყენებს 18 000 ლარიან დავალიანებს. მაინც საიდან წარმოიქმნა ეს 18 000 ლარი, როცა მილი სულ ერთი დღე იყო გამსკდარი?
- რამდენი ხანი იყო მილი გამსკდარი, ზუსტად არავინ იცის, ერთ კვირაზე ნაკლები ნამდვილად არ ყოფილა. დაზიანებული იყო და ჟონავდა, სხვადასხვა ხაზებზე იყო დაზიანებები, ოჯახებში რომ შედის იმ მილებიდანაც იკარგებოდა გაზი. ამ დანაკარგს ორი სოფელი - თეზი და ოკამი ვინაწილებთ დავალიანების სახით. დანაკარგი ცენტრალურ მრიცხველზე აისახა და გავინაწილეთ.
თუ მთელი კვირა იყო მილი გამსკდარი, დროულად არ უნდა შეგეკეთებინათ? წესით, დაზიანების ადგილზე ერთად უნდა მისულიყავით საინიციატივო ჯგუფისა და “კასპიგაზის” წარმომადგენლები, შემდგარიყო აქტი და გარკვეული პარამეტრების მიხედვით დაანგარიშებულიყო, რა რაოდენობის გაზი დაიკარგა. ეს რატომ არ გააკეთეთ?
- ხომ გითხარით, ეს ერთდროული დავალიანება არ იყო, 2008 წლის მაისში 7 თუ 8 ათასი ლარი დავალიანება მოგვივიდა, მერე ყოველთვე 800, 700 ან 500 ლარი გროვდებოდა. ამას დაემატა იმ გაზის გასკდომა და მეორეც, ოჯახში შემსვლელი მილი მოტყდა და ვერ გაიგეს, ქოთოლაშვილების ოჯახში მოხდა ეს.
ახლა როგორ იფარება ეს დავალიანება, როგორც ვიცი, ხალხი უკვე 10 თვეა იხდის ფულს.
- კი, ყოველთვე, თითო აბონენტი 2-3 ლარს იხდის, თავიდან იხდიდნენ 1 მ3 გაზზე 65 თეთრს, მაგრამ მერე ამას აღარ იხდიდნენ. ესე, 2-3 ლარობით იფარება.
მე ვიცი, რომ ხალხი დღესაც 65 თეთრს იხდის, 10 თეთრს ზედმეტობით, დავალიანების დასაფარავად.
- ზოგი ისე იხდის, ზოგი 2-3 ლარს იხდის.
ახლა რამდენია დავალიანება?
- ზუსტად ვერ გეტყვით.
რატომ არ გადაგიმოწმებიათ? გენახათ და გეთქვათ ხალხისთვის, რომელმაც არ იცის, რამდენი დაიფარა, რამდენი დარჩა.
- ჯერ ერთი, შენ ვინა გკითხავს, მე სად უნდა მივსულიყავი და რა უნდა გამეგო...
მე იმ ხალხის თხოვნით ჩამოვედი კასპში, თქვენ რომ აგირჩიათ დეპუტატად, იმ ხალხის პრობლემებზე ვწერ, დეპუტატი რომ გაგხადათ და მე მეუბნებით, ვინ გეკითხებაო. მეორეც, საჯარო პირი ხართ და მოვალე ხართ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოთ.
- არა, რატომ არ იყავი კასპშიო, რატომ არ გაიგეო და ვინ გკითხავს-მეთქი?
უკვე აგიხსენით, ვინც მკითხავს. პირდაპირ გეტყვით, ხალხი ფიქრობს, დავალიანება დიდი ხნის დაფარული უნდა იყოს და ახლა, რასაც ვიხდით, იმ თანხას ზურაბ შუკაკიძე, ტატო ჩიტაშვილი და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრები ითვისებენო.
- გენაცვალე, ჩაბრძანდით “კასპიგაზში” და გაგცემენ პასუხს, ვინ ითვისებდა, რამდენია დავალიანება და როგორ არის. ჩვენ ხარჯის მეტი მაგ საქმიდან არაფერი გვაქვს, ვიღაცა გოთვერანმა მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, მე ვიცი, ვინც მოგაწოდათ.
მე 20 კაცზე მეტს ველაპარაკე და ყველა ერთსა და იმავეს იძახის.
- ვის ელაპარაკე, რა ვიცი, რამდენს ელაპარაკე... ერთი ვიცი, სალოცავების წინაშე შემიძლია დავიფიცო, მე ხალხისას არაფერს ვიღებ.
დოკუმენტი არ უნდა გეჭიროთ ხელში, რამდენი დაიფარა დავალიანება და რამდენი დარჩა?
- ზუსტად არ ვიცი-თქო. მე 1 თვე სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული, ეხლა ისევ ჩავერთე. თვეში ერთხელ თათბირებს ვატარებთ საინიციატივო ჯგუფი... მთავარი პრობლემა ეგ არის, რომ ჩვენ გვაწერენ ცენტრალური მრიცხველიდან.
ხალხი ამბობს, რომ 3000 ლარი შეგროვდა თეზსა და ოკამში სათაო მრიცხველის გამოსაცვლელად, რომელიც თქვენ გადმოგეცათ. ამ ფულის ასავალ-დასავალი კი არ იციან, ამბობენ დაიკარგაო.
- დაკარგული კი არ არის, ეგ ფული, ჩაბრძანდით “კასპიგაზში” და იქ გეტყვიან, სად წავიდა - აკრეფილ სააბონენტოს დაემატა და დავალიანება დაიფარა. 2500 თუ 2700 ლარი იყო, 3000 არ იყო და ეს მაშინ გადავიხადე “კასპიგაზში”, როცა გაზი ჯერ გამორთული იყო. ჩაბრძანდნენ და შეამოწმონ. მაგ თანხის შეტანას 10 კაცი ესწრებოდა.
ვინ ესწრებოდა, არ გახსოვთ?
- თათარაშვილი, ღუნაშვილი, ბადრი ჯავახიშვილი...
ამ ბადრი ჯავახიშვილზეც ამბობენ, არც ეგ არის წმინდა სულისო...
- ჰოდა, გავათავისუფლეთ და სხვა დავაყენეთ, ახლა სხვა ბიჭია... ყველას სხვადასხვა მიზეზს უდებენ.
ჯავახიშვილი საინიციატივო ჯგუფშია და საიდან გაათავისუფლეთ?
- საინიციატივო ჯგუფში კია, მაგრამ აკრეფა აღარ ევალება, ფულს ახლა თამაზ თათარაშვილი აგროვებს.
თქვენზე ამბობენ, კობა კურდღელაშვილი მფარველობს - მისი პატრონაჟით აირჩიეს კასპის საკრებულოში და პასუხსაც იმიტომ არავინ სთხოვსო. პროკურატურაშიც შეიტანა ხალხმა
განცხადება, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია - ეგეც კურდღელაშვილის ხათრითაო. ამაზე რას მეტყვით?
- სად შეიტანესო? რაო?
სამხარეო პროკურორის, მამალაძის სახელზეა განცხადება შეტანილი და 97 კაცი აწერს ხელს. თუ გინდათ, გვარ-სახელებს წაგიკითხავთ.
- რასთან დაკავშირებით?
აი, იმ გამქრალი 3000 ლარისა და 18 000 ლარის დავალიანების შესახებ. ხალხი მოითხოვს, გამოიძიეთ ეს საქმეო, მაგრამ არავის გამოუძიებია. ჰოდა, ახლა ეჭვობენ, კურდღელაშვილმა შუკაკიძეს ხელი დააფარა და პროკურატურაშიც ჩაფარცხა ეს საქმეო.
- რას ლაპარაკობ, გენაცვალე, დღეს ვინ ვის რას შეარჩენს? რის 3000 ლარი, ვიღაცა “დურაკი” რაღაცას იტყვის... შემიძლია სალოცავში დავიფიცო, თუ ხარჯი არა მაქვს მაგ საქმეში, არც არაფერი ხეირი მინახია. რაც შეეხება კობა კურდღელაშვილს, ის რა შუაშია, მე ვარ აქ, კასპის საკრებულოში, ეგ - თბილისშია... ხუთმა კაცმა კი არ ამირჩია, ამირჩია უმრავლესობამ და ვიღაცა, ვინც იმ უმცირესობაში დარჩა, ეხლა ეგ ხალხი ლაპარაკობს. უკმაყოფილო ყოველთვის იქნება. ხანდახან სიკეთეს აკეთებ და უკან ბოროტად გიბრუნდება. მაგ ხალხმა კარგად იცის, მთელი ზამთარი, 4 კაცი, “სვარჩიკები”, ზეინკლები უფასოდ ვამუშავეთ, რომ ხაზი აღგვედგინა. ვიღაცას არ სიამოვნებს ეგ, მაგათი პრობლემაა.
ეგ სოფელში შემავალი ცენტრალური მილები რატომ არ ირიცხება “კასპიგაზის” ბალანსზე?
- სოფელს ეკუთვნის, სოფლის ბალანსზეა. ძველი მილების საბუთები დაკარგულია და შეიძლება ამის გამო ვერ შეიძინა “კასპიგაზმა”.
თქვენ ადასტურებთ, რომ ხალხი ყოველთვე იხდის 1 მ3 გაზზე ზედმეტ 10 თეთრს და გაქვთ ამის საბუთი?
- ინკასატორს აქვს, მე ფულისთვის ხელი არ მომიკიდია, თათარაშვილი კრებს და აკონტროლებს “კასპიგაზი”. თუ რამე დაზიანებაა, მაგას მატყობინებენ, მიმყავს ხალხი და ვაკეთებინებ, ვწვალობ და თუ ვინმეს არ სიამოვნებს, მაგათი დედაც... მე მაინც წვალების მეტი არაფერი მაქვს და შენ კიდე, რაც გინდა დაწერე მანდა.
რაც ხალხმა მითხრა, იმას დავწერ და რაც თქვენ მითხარით, იმასაც.
- როგორც გინდა, ისე გააკეთე.
ჩვენ “კასპიგაზის” წარმომადგენელს გია გზირიშვილს დაუკავშირდა ტელეფონით. ეს მოსახლეობის თხოვნით გავაკეთეთ - ხალხმა გვითხრა, გზირიშვილმა იცის ამ ჩახლართული საქმის დეტალები. ისეთებსაც გეტყვით, ჩვენც რომ არ ვიცითო, ბატონმა გიამ კომენტარზე უარი გვითხრა, “კასპიგაზის” დირექტორს, ლევან კენჭაძეს დაურეკეთ და ის გიპასუხებთ, ჩემზე კომპეტენტურია და თუ კენჭაძე ჩათვლის საჭიროდ, რომ მე ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაშინ კი ბატონო, გავაკეთებ კომენტარსო. ლევან კენჭაძეს რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.