პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. 67 წლამდე ასაკის პენსიონერები, 110 ლარის ნაცვლად, 125 ლარს მიიღებენ. ასევე გაეზარდათ პენსია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთაც. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, უახლოეს თვეებში პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. როგორი უნდა იყოს საპენსიო პოლიტიკა, საპარლამენტო უმცირესობის აზრით, და როგორ შეხვდნენ რიგითი მოქალაქეები გაზრდილ პენსიებს?
”საარჩევნოდ გაცემული დანაპირების შესრულება დაიწყო” - ასეთ შეფასებას აძლევს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე პენსიის ზრდის ტენდენციას. საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული პენსია - წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სოციალური პრიორიტეტი იყო. ნოე ქინქლაძის სიტყვებით, დანაპირები ეტაპობრივად შესრულდება. თუკი პირველ აპრილამდე მხოლოდ 67 წელს გადაცილებული მოქალაქეები იღებდნენ 125 ლარიან პენსიას, პირველი აპრილიდან მათ რიცხვს 67 წლამდე ასაკით პენსიონერებიც შეემატნენ. მათი პენსია 15 ლარით გაიზარდა. ნოე ქინქლაძის თქმით, გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც. ისინი, 100 ლარის ნაცვლად, პირველი აპრილიდან 125 ლარს მიიღებენ. მისივე თქმით, აპრილიდანვე გადაანგარიშდება ძალოვანი პენსიონერებისა და სამოქალაქო ავიაციის მომსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაც, რისთვისაც ბიუჯეტში 19 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ნოე ქინქლაძე ამბობს, რომ რამდენიმე თვეში პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს:
”2013 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერი მიიღებს 150 ლარს, ე.ი. საარსებო მინიმუმს მიუახლოვდება პენსია. ბიუჯეტში ამის თანხები გათვალისწინებულია. მთავრობამ გამოძებნა შესაბამისი ხარჯები სოციალური მიზნებისათვის და ეს მიზნები გათვალისწინებულია ბიუჯეტში”, - ამბობს ნოე ქინქლაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო თვეებში დაგეგმილია პენსიებისა და შემწეობების გაზრდა კიდევ რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეებისათვის. მათ შორის, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება.
ის, რომ ადამიანი არის ასაკოვანი, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მას სახელმწიფო აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს, რადგან არსებობენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება, რომელიც გაქირავებული აქვთ, ან არიან ბიზნესის მფლობელები და იქიდან აქვთ შემოსავალი...
ზურაბ ჯაფარიძე
”კარგია, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ”ნაციონალური მოძრაობის” დანაპირები აასრულა”, ასე აფასებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქვეყნის მასშტაბით პენსიების ზრდას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე. მართალია, ის მიესალმება ქვეყანაში პენსიის ზრდის ტენდენციას, მაგრამ საპენსიო პოლიტიკის თავისეულ ხედვაზე ამახვილებს ყურადღებას. ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ პენსიის მაქსიმალურად მიზნობრივ გაცემაზე უნდა იზრუნოს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ მხოლოდ ასაკი არ უნდა იყოს პენსიის მიღების განმსაზღვრელი კრიტერიუმი:
”ანუ ის, რომ ადამიანი არის ასაკოვანი, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მას სახელმწიფო აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს, რადგან არსებობენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება, რომელიც გაქირავებული აქვთ, ან არიან ბიზნესის მფლობელები და იქიდან აქვთ შემოსავალი, ან ჰყავთ მაღალი შემოსავლის მქონე შვილები, რომლებიც მათ საკმარისად ეხმარებიან. ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს სახელმწიფო, ჩვენი აზრით, არ უნდა ეხმარებოდეს. ეს თანხები, რომლებიც მიმართულია ასეთი ადამიანების მიმართ, უნდა წავიდეს იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც სჭირდებათ უფრო მეტი დახმარება”.
რაკი ჩვენ ვთქვით, რომ პენსია არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები, საარსებო მინიმუმი როცა გაიზრდება, მაშინ გაიზრდება პენსიაც...
გუგული მაღრაძე
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია დღეისათვის არსებულ საარსებო მინიმუმს, 150 ლარს, გაუთანაბრდება. გუგული მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, საარსებო მინიმუმის ზრდასთან ერთად, სამომავლოდ პენსია კვლავაც გაიზარდოს:
”საარსებო მინიმუმის გადახედვა ხდება წელიწადში ორჯერ, იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ფასები. შესაბამისად, შესაძლოა შეიცვალოს საარსებო მინიმუმის რაოდენობაც და რაკი ჩვენ ვთქვით, რომ პენსია არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები, საარსებო მინიმუმი როცა გაიზრდება, მაშინ გაიზრდება პენსიაც. ჯერჯერობით წლევანდელ ბიუჯეტში ჩადებულია თანხა იმ საარსებო მინიმუმის მიხედვით, რაც წინა წლებში იყო დადგენილი”.
როგორ აფასებენ რიგითი მოქალაქეები პენსიის ზრდას? რამდენი ლარია საკმარისი იმისათვის, რომ მოქალაქემ პენსიის ხარჯზე მოახერხოს არსებობა? რადიო თავისუფლების მცირე გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე პენსიის ზრდა პენსიონერთა კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება:
- მინისტრებს თუ გაუხდათ 7000 ლარი ჯამაგირი, რა არის პენსიონერისთვის 125 ლარი?
- მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანის დაცინვა. 125 ლარი ძალიან ცოტაა -ისეთი ცოტაა, რომ გუშინ 150 ლარი მარტო წამლებში დავხარჯე.
- რამდენი გადასახადია - შუქი, გაზი... ეს პენსია რაში უნდა გეყოს?
- მარტო წამლებისთვის მჭირდება მაგდენი.
- პენსია, სულ მცირე, 150 დოლარი მაინც უნდა იყოს.
დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რაც თითქმის 300 მილიონით აჭარბებს ამავე მიზნებისთვის გასულ წელს გამოყოფილ ბიუჯეტს.