ძვირფასო მკითხველო, მითი, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 წლის გამოუცდელი, ახალგაზრდა მინისტრი ხელმძღვანელობს, - დაიმსხვრა! დიახ, ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით იწერება! პირდაპირ გეტყვით: საკმაოდ სკანდალური გადაადგილებების თაობაზე მიწევს წერა და სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს ვურჩევ, კატაბალახას ნაყენი მოამზადონ - ემანდ, გული არ შეუწუხდეთ...
ჩემი ოცწლიანი ჟურნალისტური პრაქტიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, პირველად მიწევს რამდენიმე (!) ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით მასალის მომზადება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა "ჩიტი ბრდღვნად ღირს"...
დიახ, ნაციონალებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და თუ ასე "კოჰაბიტაციურ" რეჟიმში გააგრძელებენ მოღვაწეობას და ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის ყველა ბრუნვაში ხსენებით გადაიტყავებენ ენას, ვშიშობ, კატაბალახას ნაყენიც ვეღარ უშველის მათ!
შინაგან საქმეთა სამინისტროში ღარიბაშვილის მისვლისთანავე ღლაბუცი დაიწყეს და ბიძინა ივანიშვილის "სკოლაგავლილ" მინისტრს ყველა ჯალათი თუ სააკაშვილის ფეხისმლოკავი ვიგინდარა ერთბაშად აუცუნდრუკდა. დიახ, სწორედ ივანიშვილის ყველაზე ერთგული კადრის ლანძღვა-გინებით დაიწყეს ე.წ. "კოჰაბიტაციური" ქმედებები გორში მიწაზე გართხმული პრეზიდენტის ლაქიებმა!
დიახ, ყველაზე საკვანძო თანამდებობა რომ ანდო "ქართული ოცნების" ლიდერმა ღარიბაშვილს, სწორედ მაგიტომ აცუნდრუკდნენ მერაბიშვილისა და სააკაშვილის ფეხისმლოკავები!
არადა, სანდო წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ ახლა უდგას სათავეში ახალი არქიტექტორი, რომელიც პირადად ალაგებს საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს! დიახ, ახალი საჭადრაკო სვლები ახლა იწყება და ვისი დედოფალი ვის პაიკს (აბა, მეფე მაგათ არა ჰყავთ და მეფისნაცვალი!) და რამდენჯერ ჩაუხტება საწოლში, შემოდგომაზე დაითვალონ ნაცებმა წიწილებთან ერთად...
მე მხოლოდ ფაქტებს ჩამოგითვლით და ანალიზი და დასკვნები თავად გააკეთეთ, ჩემო ძვირფასებო!
ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა პოლიციის თითქმის ყველა სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი... დიახ, შეცვალა მცხეთა-თიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელები... შეცვალა თბილისის პოლიციის უფროსი და ყველა რაიონის სამმართველოს უფროსი...
ღარიბაშვილი ახლიდან ალაგებს ფიგურებს საჭადრაკო დაფაზე. მანამდე კი, მინისტრი, როგორც ჩემი ინკოგნიტო რესპოდენტები მარწმუნებენ, გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა მოვლენებს...
ერთიც არის: ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილო ყოფილა და სწორედ ეს გახლდათ თურმე სისტემაში ჩატარებული ტესტირების ერთ-ერთი მიზეზიც. როგორც ამბობენ, მსგავსი ტიპის ტესტირების ჩატარებას უშიშროების სამსახურშიც აპირებს, რომელსაც მისი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე კურირებს... თუმცა, ხვედელიძეზე, ტაბატაძეზე და სხვა მოადგილეებზე ქვემოთაც ვისაუბრებთ...
ნაცებო, როგორ ხართ? ჩატარებული ტესტირების შედეგად ბევრი თქვენი მონა-მორჩილი ხომ არ დარჩა პირში ჩალაგამოვლებული? ჯერ სად ხართ?!
ღარიბაშვილს, ბევრი და მათ შორის მეც, ერთ-ერთ მთავარ ნაკლად ე.წ. სპეცნაზების უკონტროლობას ვუთვლიდით, თუმცა, ჩემი ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირად განკარგულებაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შავნაბადას სპეცნაზი, გარედაცვა და რეგიონების სპეცნაზი. დამეთანხმებით, შვიდნოემბერ და ოცდაექვსმაის გამოვლილ ქვეყანაში ზონდერების, კუდ-ისა და სოდ-ის მერაბიშვილისდროინდელი ცოდვები ღარიბაშვილის თავზეც დამოკლეს მახვილივით ეკიდა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასაც კუდ-ისა და სოდ-ის გაუქმება და სისტემური რეორგანიზაცია მოჰყვა. თავიდან ყველგან დროებითი კადრები დაინიშნა და ღარიბაშვილის მიერ დასახული ოთხთვიანი თუ ექვსთვიანი გეგმის შესრულებაც იმ დღიდან დაიწყო. ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ "გაწვრთნილ" სისტემას სხვანაირი "აღვირის" ამოდება სჭირდებოდა, თუმცა ღარიბაშვილმა ყველა მოადგილეს სრული თავისუფლება, ძალაუფლება და მართვის ბერკეტები მისცა და თავად, როგორც თავში ვწერდი, გამადიდებელი შუშით დაკვირვება დაიწყო. აი, აქ შეცდა ბევრი და სრული თავისუფლება და ძალაუფლება უკონტროლო ამბიციებში გადაეზარდათ. ზოგს, თუ ბიძინა ივანიშვილის საყვარელ ტერმინს გამოვიყენებთ, - სუბორდინაციის დაცვაში შეეშალა რაღაცეები, ზოგს უბრალოდ, ზედმეტი ამბიცია მოეძალა და როგორც სანდო წყარო ამბობს, - ადექვატური პასუხიც მიიღეს. როგორც ჩანს, ადექვატური პასუხი მიიღო ღარიბაშვილის ერთ-ერთმა მოადგილემ ალეკო ტაბატაძემაც, რომელსაც სამხარეო პოლიციის დაკომპლექტება ებარა. აბა, სხვა რას მივაწეროთ სამხარეო დეპარტამენტის თითქმის ყველა ხელმძღვანელის ცვლილება?!
საკადრო შეცდომებმა ბევრს ატეხინა ცხვირ-პირი, თუმცა, ღარიბაშვილის შემთხვევაში ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ახლადდანიშნულმა მინისტრმა საკადრო შეცდომები ვერც ტაბატაძეს აპატია და რაც მთავარია, ტაბატაძეს იმ ხალხის პროტექციონერობა ვერ აპატია, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა დაგეგმეს ღარიბაშვილის სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავება! დიახ, ალეკო ტაბატაძის მთავარი შეცდომა კიკალიშვილისა და ჭაიას პროტექციონიზმი გახლდათ და აკი, ჭაიაცა და კიკალიშვილიც "ვანო მერაბიშვილის სახელობის პენსიაზე" გაუშვეს! თუმცა, ტაბატაძეს ამ შეცდომასთან ერთად, ალბათ, პროფესიონალიზმიც და სხვა ღირსებაც აღმოაჩნდა და ამიტომაც არის, რომ ის დღემდე ინარჩუნებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და ამ გაუაზრებელი შეცდომების მიუხედავად მინისტრი დღემდე პატივს სცემს მას..
ისიც ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარტიული კუთხით არ შეუფასებია თანამშრომლები...
თუმცა, ვიდრე ამ თემაზე გეტყვით, ერთსაც დავამატებ: 26 მაისის "ბართლომეს ღამის" ერთ – ერთი მთავარი სულისჩამდგმელის შალვა ჯანაშვილის თემაც დამოკლეს მახვილივით ეკიდა ღარიბაშვილის თავზე, მაგრამ აღარ მიკვირს... აკი, ამ თემაზე მასთან ინტერვიუშიც ვსვამდი კითხვებს ჯერ კიდევ სამიოდე თვის წინ...
მოადგილეებზე ვწერდი... გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე, ლევან იზორია, ლექსო ბატიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი ნამდვილად არ არიან ღარიბაშვილის არც ნათესავები და მითუფრო, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის აქტიური ლიდერები. უბრალოდ, ღარიბაშვილი მათთან ერთად ებრძოდა "ნაციონალურ" ჭირს და პრემიერ-მინისტრის შეთავაზებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა სწორედ ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილსა და გუბაზ სანიკიძის პოლიტიკურ თანაგუნდელებზე შეაჩერა არჩევანი და სწორედ პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია ეს კადრები! ერთიცაა: როგორც ჩანს, ღარიბაშვილი ყველაზე მეტად ფორუმგამოვლილ გელა ხვედელიძეს ენდობა, რადგან უშიშროების განხრით სწორედ მას ევალება ქვეყანაში სიტუაციის კონტროლი. აქვე იმასაც ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების, ანტიკორუფციული და კონტრდაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული! ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც დღეს არჩილ კბილაშვილის პირველი მოადგილეა, სწორედ პროკურატურის გასაძლიერებლად იქნა იქ გადაყვანილი... როგორც სანდო წყარო მატყობინებს, ღარიბაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მასთან და დიდ პატივს სცემს მას, როგორც ერთგულ და ნიჭიერ ადამიანს... ჰო, პროკურატურაზე გამახსენდა... ალბათ, გახსოვთ, ძვირფასო მკითხველო, ახალგაზრდა "ნაცმა" თინათინ ბოკუჩავამ როგორი ირონიით და აგრესიით დასვა შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრთან უმცირესობის შეხვედრაზე კბილაშვილის მოადგილის მჭედლიშვილის გათავისუფლების საკითხზე... ქალაქში დღემდე საუბრობენ, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა გაანთავისუფლებინა მთავარ პროკურორს მჭედლიშვილი მოადგილის თანამდებობიდან! ამ ინფორმაციამაც გამოჟონა! სხვათაშორის, იმ ამბავმაც აუქცია გვერდი კალაპოტს და ჩვენამდე მოაღწია, რომ პროკურორებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ღარიბაშვილი ერთად უტარებს თათბირებსო... არ ვიცი, ეს ფაქტი ღარიბაშვილის სიძლიერეზე მეტყველებს თუ კბილაშვილის სისუსტეზე, მაგრამ ფაქტია _ "ქართუ ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანლემა და შინაგან საქმეთა ამჟამინდელმა მინისტრმა მართვის სადავეები ხელში აიღო! ჩემი "რესპოდენტები" იმასაც ამბობენ, რომ ფინანსურ პოლიციას, რომელიც ოფიციალურად ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ექვემდებარება, არაფორმალურად ღარიბაშვილი აკონტროლებსო! რა თქმა უნდა, ალბათ, თავად ხადურთან შეთანხმებით... ალბათ, გახსოვთ, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელის დანიშვნას რა ამბებიც მოჰყვა - ფინანსურ პოლიციას პარტიული კადრებით აკომპლექტებენ და პოლიტიკური თამაშებით არიან დაკავებულებიო... ამით უკმაყოფილო ღარიბაშვილმა ფინანსური პოლიციიდან ერთ დღეში ოცდაათი კაცი გაანთავისუფლა! მათ ადგილას კი შიდა კადრებიდან "ამოწეული" ახალგაზრდა პროფესიონალები დანიშნა, რომელთა მუშაობასაც ახლაც აკვირდება... აქ შევჩერდები... თორემ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნარჩენებს კატაბალახას ვერცერთი დოზა ვეღარ დაამშვიდებს მერე...
ზემოთ მთავარი პროკურორის მოადგილის განთავისუფლებაზე ვწერდი... სხვათაშორის, არჩილ კბილაშვილს უდანაშაულო პოლიციელის დაკავების მცდელობა არ აპატია ღარიბაშვილმა და ამ ამბავს ქალაქის პროკურორი და თავად კბილაშვილის მოადგილეც გადაჰყვნენ!
ახლა, რაც შეეხება შალვა ჯანაშვილს, რომელიც ე. წ. "მიკი მაუსების" ხელმძღვანელი გახლდათ... მთელმა ქვეყანამ იცოდა და რაღა ღარიბაშვილი იქნებოდა ის კაცი, ვინც თვალს დაიბრმავებდა და ყურს დაიხშობდა, რომ სწორედ ჯანაშვილის ხელმძღვანელობით დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს! ამას პირადად მეც ვწერდი ჯერ კიდევ 2011 წლის 26 მაისის შემდგომ დღეებში, როცა მერაბიშვილისა და სააკაშვილის მონა-ჯალათების მიერ რეზინის ტყვიებით დაცხრილულები, მე და ჩემი კოლეგა ბექა სივსივაძე "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრში" გავდიოდით მკურნალობის კურსს! ამას, მაშინაც და მერეც, ჩვენს გარდა სხვებიც წერდნენ, ჰოდა, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილმაც კარგად იცოდა, რომ ჯანაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ მიცემული დავალებების უბადლო შემსრულებელი გახლდათ და რეალურად მაშინ ის მართავდა ყველა სპეცნაზს... როგორც თავად ღარიბაშვილმა თქვა ჩემთან ინტერვიუში ამ რამდენიმე თვის წინ - ჯანაშვილი სპეცნაზის ხელმძღვანელობიდან საკუთარ მრჩევლად გადაუყვანია... ხოლო, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა ინკოგნიტო რესპოდენტმა მაცნობა, ირაკლი ღარიბაშვილს ფაქტის წინაშე დაუყენებია მერაბიშვილის ერთგული კადრი, შალვა ჯანაშვილი, როდესაც სპეცნაზის ყველა ახალი "ბირთვის" სია დაუდია ე. წ. "მიკი მაუსის" ყოფილი ხელმძღვანელისთვის და მისთვის ყველა (!) ფუნქცია ჩამოურთმევია!
ძვირფასო მკითხველო, "ასავალ-დასავალის" წინა ნომერში საქართველოს მთავარი პროკურორის ინტერესს, - გაერკვია, თუ ვინ გასცა 26 მაისის აქციის დარბევის ბრძანება, - თავად სააკაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს ამონარიდით გავეცი პასუხი, ახლა კი ერთსაც დავამატებ: ბატონო არჩილ, დაკითხეთ შინაგან საქმეთა მინისტრის "მრჩეველი" შალვა ჯანაშვილი და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს კითხვაზე - ვინ გასცა 26 მაისი აქციის დარბევის ბრძანება! როგორც მინიმუმ - ამას ჯანაშვილი საკუთარ თავზე აიღებს, მაქსიმუმ კი - იმ სიმართლეს იტყვის, რომელ სიმართლეშიც ასი პროცენტით არის დარწმუნებული სრულიად საქართველო! 26 მაისი აქციის დარბევის და საქართველოს მოქალაქეების სისხლში ჩახრჩობის ბრძანება თავად მიხეილ სააკაშვილმა გასცა! მის მიერ გაცემული ბრძანება კი ჯანაშვილს, სავარაუდოდ, მერაბიშვილმა "უპატაკა"!
თან, როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის "მრჩეველი" ახლა უფუნქციოდ არის დარჩენილი.
თემას გადავუხვევ, ძვირფასო მკითხევლო და აქვე, ჩემი მეგობრისა და კოლეგის, "ტელეიმედის" ჟურნალისტის ვახო სანაიას მიმართ ახლა დასასმელ შეკითხვას მცირეოდენ პერიფრაზირებას გავუკეთებ და ჩემს ყველა კოლეგას მივმართავ: ის შეკითხვა, რომელიც ვახო სანაიამ ვერ (თუ არ!) დასვა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, ეგებ თქვენ მაინც დასვათ! დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი მორიგ სისულელესთან ერთად ისეთივე აღიარებით ჩვენებას მოგცემთ, როგორც აფრასიძეების შემთხვევაში გააკეთა, როცა პირდაპირი ეთერით აღიარა აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის ბრძანების გაცემის ავტორობა! თქვენ მაინც დაუსვით ეს ერთი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტის მანტიამოსხმულ სააკაშვილს, თორემ მე რომ სათოფეზე არ მიკარებს, "ვარდების რევოლუციის" მეორე დღიდანვე ვიცი, ასიათასი კაცის გამოყვანით რომ დამემუქრა უნივერსიტეტის ეზოში, ე.წ. რეფორმატორთა იდეოლოგიური სანაგვის - "კმარას" უზნეობის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე!
მომიტევეთ, ჩემო ძვირფასებო, მცირე "ლირიული" გადახვევა, რადგან 26 მაისი ის თემაა, რომელიც ქვეყნის სატკივართან ერთად იმ ტკივილსაც მახსენებს, პირადად ჩემს თავზე რომ გამოვცადე და დღემდე რომ გავდივარ სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს...
მივუბრუნდეთ დიდ საკადრო წმენდას შინაგან საქმეთა სამინისტროში... თუმცა, მეტის თქმისგან, ეგებ თავის შეკავება ჯობს, თორემ კატაბალახას ხსნარში ამოვლებული ნაცებიდან კატის კნავილის მეტი არა დარჩება-რა... დიახ, კატის კნავილს თუ შევადრით მათ რეაქციებს, რადგან, როგორც ჩანს, ოცდაათი წლის, გამოუცდელი, ახალგაზრდა ბიჭისგან საკმაოდ ფრთხილი და ამასთან ერთად, ხისტი მინისტრი შერჩათ ხელს! ამიტომაც არის, ალბათ, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სიბინძურეების მანქანები რომ აამუშავეს "ნაცებმა" და უკბილო ხუმრობებს რომ მიეძალა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დაკვეთაში ეჭვმიტანილი თაკო სალაყაიას ქმარი, თორემ საკუთარი უზნეობის შემხედვარე, ღარიბაშვილთან მსგავსებაზე არ დაიწყებდა ღლაბუცს და არ დაავალებდა ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი მინისტრის დისკრედიტაციას საკუთარ ქვეშევრდომებს!
ისე, ალბათ, ნელი და მოზომილი ნაბიჯებით სიარულშიც ბიძინა ივანიშვილს ემსგავსება შინაგან საქმეთა მინისტრი... აკი, სწორედ ასეთი დაუჯერებელი სიმშვიდით მოუღო ბოლო პოლიტიკაში ერთი წლის მოსულმა ივანიშვილმა "ნაცებს" გასული წლის 1 ოქტომბერს! რა გასაკვირია, რომ მისივე "სკოლაგავლილმა" ღარიბაშვილმაც ასეთივე ნაბიჯებით იაროს...
ერთიც არის: ღარიბაშვილმა ბევრი ზონდერი გაუშვა, რომლებსაც უპატიებელი შეცდომები ჰქონდათ, თუმცა ბევრს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მანტიაც მოარგო... საკითხავი კია, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად ჩვენ უფრო გამოვდგებით თუ ის ზონდერები, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჭადრაკის დაფაზე ფიგურების დალაგება არ დამთავრებულა...
რამდენიმე დღეში ხარების ბრწყინვალე დღესასწაულია...
მაისის დასაწყისში აღდგომის მადლმოსილი დღესასწაულია...
"აღდგომა და ხვალეო", ხომ გაგიგიათ? ჰოდა, მოვიცადოთ და იმ "ხვალესაც" ვნახავთ... აკი, ჩემი სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ მაისის ბოლოს აპირებს ღარიბაშვილი მავანთა დაშამათებას!