ეს საპირველაპრილო ხუმრობა არ არის. 1-ლი აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებიდან მობილურ ტელეფონის ბალანსზე თანხის ჩარიცხვა ფასიანი გახდა. მობილურის ბალანსის შევსებისას საკომისიო 4%-ს შეადგენს, ანუ ყოველ 1 ლარზე აბონენტს 4 თეთრი, მოაკლდება, ყოველ 2 ლარზე - 8 თეთრი და ა.შ. გამოდის, რომ ორი კომპანია (მობილური კავშირგაბმულობისა და სწრაფი გადახდების) ერთმანეთს ურიგდება და გადასახადს აბონენტებს ახდევინებენ.
გარდა ამისა, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება, ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებით - სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებ-გვერდები.
მობილურ ოპერატორებს სწრაფი გადახდის აპარატებით მობილურის შევსებაზე საკომისიოს დაწესების შესახებ მარეგულირებელი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ცვლილებასთან დაკავშირებით ოპერატორებს მათთვის ოფიციალურად არ უცნობებიათ, ამიტომ რამდენად შედის ეს კომისიის რეგულირების სფეროში, შეისწავლიან და სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ.
სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4%-იანი საკომისიოს დაწესებას დანახარჯებს უკავშირებენ.
„თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ძირკველიშვილის თქმით, მათი სწრაფი გადახდის კომპანიის, „თიბისი ფეის“ მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
„თიბისი ფეის“ შემთხვევაში საკომისიო 4%-ით განისაზღვრება. არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ აქამდე საკომისიო არ არსებობდა და ის ახლა დაწესდა, უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში, მას იხდიდნენ მობილური კომპანიები, რადგან სურდათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი მობილურის ბალანსის სწრაფი გადახდის აპარატებით შევსების პრაქტიკა დანერგილიყო, თორემ თავისთავად ეს მომსახურება, რომელსაც სწრაფი გადახდის აპარატები უწევენ ადმიანებს, გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკომისიო, ისე როგორც ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე, აქაც არსებობს“, - განაცხადა მაია ძირკველიშვილმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოს გადახდა დღეიდან მობილური კომპანიების ნაცვლად, აბონენტებს უწევთ, კომპანიას მისი შემცირება გაუჭირდება.
„ფიზიკურად, ამ მომსახურების გაწევა დანახარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საკომისიოს რაოდენობა არისის თანხა, რაც ფარავს იმ ხარჯებს, რასაც მომსახურების გაწევის დროს სწრაფი გადახდის აპარატები ეწევიან. რა თქმა უნდა, აბონენტებისთვის ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ მათ რჩებათ ბალანსის შევსების ალტერნატიული, უფასო საშუალებებიც“, -აღნიშნა ძირკველიშვილმა.
სწრაფი გადახდის კიდევ ერთი კომპანიის, „ნოვა ტექნოლოჯის“ განცხადებით, საკომისიოს აბონენტების მიერ გადახდის გადაწყვეტილება უშუალოდ მობილურმა კომპანიებმა მიიღეს.
„ცვლილება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით. მათ უარი თქვეს, რომ აბონენტებს გადაუხადონ საკომისიო და ამიტომ საკომისიო ეჭრება აბონენტებს“, - განაცხადეს „ნოვა ტექნოლოჯში“.
ერთადერთი აპარატი, სადაც აბონენტს მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებისას საკომისიოს გადახდა არ მოუწევს, „საქართველოს ბანკი“ მისი ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ბანკომატებისა და თვითმომსახურების ტერმინალებით - „ექსპრესსფეია“.
როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, აღნიშნული საშუალებებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიო 0%-ით განისაზღვრა. მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკს“ ქვეყნის მასშტაბით აქვს 478 ბანკომატი - ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში და 745 თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე უახლესი თაობის მობილბანკი და ინტერნეტბანკი.
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე „ჯეოსელი“ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ განმარტებას აკეთებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სწრაფი გადახდის აპარატებს იმიტომ აფინანსებდნენ, რომ მომხმარებელს ეს სისტემა აეთვისებინა. „ჯეოსელის“ განცხადებით, სწრაფი გადახდის კომპანიებს დაფინანსება მობილურმა ოპერატორებმა ერთობლივად შეუწყვიტეს, რადგან მომხმარებელში სწრაფი გადახდის სისტემა უკვე პოპულარულია.
კომპანია „ბილაინში“ ადასტურებენ, რომ მობილური კომპანიების სტრატეგია სწრაფი გადახდის სერვისების წახალისება იყო. როგორც რადიო „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, სწრაფი გადახდის ბიზნესისთვის სუბსიდირების შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელმა სწრაფი გადახდის სერვისი უკვე აითვისა და ეს ბიზნესი უკვე დღეს საკმაოდ განვითარებულია. ამასთან, „ბილაინში“ ამბობენ, - მომხმარებელი რომ არ დაზარალდეს, „ბილაინმა“ მათ გადახდის სხვა საშუალებებით სარგებლობა უფასოდ შესთავაზა.