პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებაზე მესამედ გაილაშქრა და საკუთარი განცხადებებით ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გააკვირვა. პრეზიდენტმა კონსტიტუციით ნაკისრი მოვალეობის შესრულება დაიწყო, თუ გიორგი მარგველაშვილის გზას დაადგა და ხელისუფლებასთან კონფროტაციაში შესვლას ცდილობს? საგულისხმოა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული „ამბოხი“ დროში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლას ემთხვევა, რაც აჩენს განცდას, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის გარდა „ოცნების“ სხვა ლიდერების წინაშე თავს დავალებულად არ მიიჩნევს და ცალკე, პოლიტიკური თამაშს იწყებს.
პრეზიდენტის ამბოხი
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ახლა უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე, ვიდრე აქამდე.
„მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა, - ანალიზს ვერ უძლებს. ამასთან, პრეზიდენტისთვის გაუგებარია დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა, ვიდრე ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება.
3 აგვისტოს ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვილის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ამაზე პასუხისმგებლობას ის ვერ აიღებს. ზურაბიშვილის თქმით, არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, პოლარიზაცია არ შემცირებულა და ამით დოკუმენტის ანულირების ახსნას.
7 მაისს პრეზიდენტმა თითქმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო დაადო. თუმცა „ოცნებასთან“ და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და საბოლოოდ ვეტო არ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მისამართით პრეზიდენტმა კრიტიკული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ კოდექსის მიღება მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ნაჩქარევი იყო.
რა მოსწონთ და რას იწუნებენ პრეზიდენტის გზავნილებში პოლიტიკოსები?
სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის მთავარი თემაა.
ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, პრეზიდენტი სამართლიანად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, რადგან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, მოულოდნელი იყო.
„მოულოდნელი იყო ეს გამოსვლა, რადგან ასეთი მკაფიო პოზიცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ღია პოლიტიკას უპირისპირდება, ჩემი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ მმართველი გუნდი უნდა დაფიქრდეს სწორია თუ არა ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ. მათ საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების ახსნა“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება არ არის კომერციული ბანკებიდან სესხი და ის, რაზეც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, არის ყველაზე შეღავათიანი ფინანსები, რაც შეიძლება ქვეყანას მიეღო.
„ქართული ოცნების“ წევრებისთვის კი მსგავსი ბრალდებები მიუღებელია. ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში რეფორმები გრძელდება.
„არის გარკვეული საკითხები, რომელზეც პრეზიდენტს განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინები აქვს. თუმცა, რიგ შეფასებებში არ დავეთანხმებოდი პრეზიდენტს და ვფიქრობ, რომ სხვაგვარი შეფასებების წინაპირობები არსებობს. მის გამოსვლაში იყო ის საკითხები, რომელიც გაზიარებადი შეიძლება იყოს, მათ შორის ოპოზიციის მიმართ გამოთქმული კრიტიკა“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
ცდილობს თუ არა პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებას?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ცალკე მოთამაშე პოლიტიკოსმა, ხელისუფლებისგან დისტანცირება დაიწყო. ანჯაფარიძე for.ge-თან ამბობს, რომ თუკი ადრე ზურაბიშვილი „ოცნების“ ნების აღმსრულებელ ფიგურად ითვლებოდა და ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში არ შედიოდა, ბოლო დროს მან ეს ტაქტიკა რადიკალურად შეცვალა.
„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ის იმიჯი გააქარწყლოს, რომ თითქოს ის „ოცნების“ მიერ მართული პრეზიდენტია. ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, „ოცნების“ ამ ჯგუფთან თავს ანგარიშვალდებულად აღარ გრძნობს და თავის დამკვიდრება, როგორც ცალკე პოლიტიკურ მოთამაშეს, ისე უნდა. მეორე მხრივ კი, ზურაბიშვილის ბეგრაუნდიდან და ფიგურიდან გამომდინარე, მას გარკვეული კავშირები აქვს ევროპაში და საერთაშორისო ასპარეზზე.
ბუნებრივია, მას არ სურს, რომ მის მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე უსიამოვნო კითხვები გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ერთობლიობაში ამ მიზეზებს თუ ავიღებთ, მისი განცხადებები სავსებით გასაგებია. რატომღაც ექსპერტების, ჟურნალისტების და პოლიტკოსების ნაწილმა ყურადღება მხოლოდ მის განცხადებაზე გააკეთა, რომელიც ევროკავშირის სესხზე უარს ეხებოდა. არადა მან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ მწვავედ გააკრიტიკა, რომელმაც ფაქტობრივად ანულირებულ დოკუმენტს ხელი 5 თვის შემდეგ მოაწერა“, - ამბობს ზაალ ანაჯფარიძე for.ge-სთან და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება ძალიან დაბალანსებული და სახელმწიფოებრივად სწორი იყო. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, მისი ეს განცახდება ხელისუფლებასთან შეთანხმებულიც კი ყოფილიყო - რაღაცნაირად ეჩვენებინათ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ საქართველოში რეალურად, ხელისუფლებებს შორის ფუნქციები გადანაწილებულია და ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კატა ბნელ ოთახში არ უნდა ვეძებოთ, როცა ის იქ არ არის.
„მოდით, რეალობა გავიხსენოთ, როგორ მოხდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად წარდგენა. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. ალბათ, გვახსოვს კიდეც გუნდში ამასთან დაკავშირებით გარკვეული უკმაყოფილებაც გაჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ქალბატონზე შეთანხმება მოხდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მან მეტი თავისუფლება იგრძნო. ახლა ცდილობს, რომ მან ზუსტად ის როლი შეასრულოს, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ეკისრება. აქმადე ის ამ როლს ჯეროვნად ვერ ასრულებდა და ამის გამო, არა ერთი კრიტიკა დაიმსახურა. ამიტომ თუკი ზურაბიშვილმა საკუთარი მოვალეობის შესრულება დაიწყო, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი მოვალეობების შესრულება დაიწყო.
„პრეზიდენტმა ამ განცახდებებით აჩვენა, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესს აყენებს და ეს ძალიან კარგია. ადრე მასთან პრეტენზიები ზუსტად ამის გამო მქონდა, რომ ის ხშირად მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებდა. სულაც არ ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებს და რამე დებოშის მოწყობას აქვს ადგილი. ის, რომ მისი განცხადებები ოპოზიციისას დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ მათ მხარეს გადავიდა და ოპოზიციაშია.
პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული განცხადებები არის ევროკავშირის მხარდამჭერი და გამოხატავს პატივისცემას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიმართ. ეს იყო ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი და ვუსმენდი სახელმწიფოებრივად სწორად და ზუსტად მოაზროვნე პრეზიდენტს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ჩვენი პოლიტიკური ელიტა მუდმივად ყველაფერს შიდა პოლიტიკურ ჭრილში უყურებს და უნდათ, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის და ხელისუფლების დაპირისპირების დონეზე დაიყვანონ, მაგრამ პრეზიდენტმა რა პოზიციაც გაახმოვანა, ეს არ არის ოპოზიციის პოზიცია, ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ევროკავშირის პატივისცემას გამოხატავს.
„პრეზიდენტმა სრულიად მარტივი რამ თქვა, რომ არის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ის, რომ მაშინ მომწონდა და ახლა აღარ მომწონს, ასეთი რაღაცები წარმოუდგენელია. მან თქვა კიდეც, რომ წითელი ხაზების გავლება ხდება ხელშეკრულების დადებამდე. ხელშეკრულება რომ დაიდო, იმას სჭირდება აღსრულება, ეს არის უნივერსალური კანონი. პრეზიდენტი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ის არა პოლიტიკური კონიუნქტურით მსჯელობდა გუშინ, არამედ მსჯელობდა როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაც მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს წინააღმდეგ არის ან ვინმეს მხარეს. ზურაბიშვილმა, უბრალოდ, მოვალეობის შესრულება დაიწყო და, როგორც ჩანს, ამის საშუალება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამაც მისცა. კი ბატონო, შესაძლოა, ის თავს „ოცნების“ ახლანდელ გუნდთან ვალდებულად აღარც გრძნობს და უფრო მეტი თავისუფლება აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა for.ge-სთან.