"ქართული აკადემიის” მიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, - ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, - დავით უსუფაშვილს,

საქართველოს პარლამეტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, - ივანე კიღურაძეს,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, - გიორგი მარგველაშვილს

 

ბატონებო,

დარწმუნებული ვართ, საქართველოს ახალი ხელისუფლებისათვის ამოსავალია პოზიცია, რომ მეცნიერება და მეცნიერული აზროვნება არის ცივილიზებული სამყაროს არსებობის საფუძველი, მისი კონსტრუქციულ-კრეატიული ფუნქციონირების განმსაზღვრელი და, რომ ცივილიზებულ ქვეყნებთან რამდენადმე მაინც ჰარმონიული, კონკურენტუნარიანი თანაარსებობა შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე; ანუ, სხვა სიტყვებით, ოცდამეერთე საუკუნეში ვერავითარი ძალისხმევა ვერ დააბრუნებს საქართველოს ბედის ბორბალს წაღმა, თუკი ჩვენში აზროვნების კულტურა და შემოქმედებითი საქმიანობის უნარი სათანადო სიმაღლეზე არ ავიდა, რაც განათლებისა და მეცნიერების აღორძინების გარეშე გამორიცხულია.

საყოველთაოდ ცნობილია ქვეყანაში მეცნიერების მდგომარეობის მახასიათებელი ზოგადი პარამეტრები. ესენია: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რა პროცენტი ხმარდება ყოველწლიურად მეცნიერებისა და ინოვაციების დაფინანსებას; როგორია მეცნიერთა რაოდენობა ყოველ ათას მომსახურეზე; რამდენად გამართულია ახალგაზრდობის მოდინების პროცესი მეცნიერებაში. ამ სამივე მახასიათებლის მიხედვით ჩვენთან ძალზე მძიმე მდგომარეობაა. მაგალითისათვის: თუკი ცივილიზებულ ქვეყნებში მეცნიერებაზე და ინოვაციებზე ყოველწლიურად დახარჯული თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%– დან 3%– მდე მერყეობს, ჩვენთან 0.15%– საც კი არ შეადგენს. ცხადია, ეს მაჩვენებელი ერთ-ორ წელიწადში ვერ გახდება ცივილიზებული ქვეყნების დარი, მაგრამ თუკი ახალ ხელისუფლებას მეცნიერების შესახებ სტრატეგია გამომუშავებული აქვს, პირველ რიგში, უნდა დასახოს გეგმა, თუ როგორი ტემპებით გაიზრდება ეს მაჩვენებელი.

ის, რომ მეცნიერებაზე ყოველწლიური დანახარჯი ქვეყნის შიდა პროდუქტის 0.15%– ზე ნაკლები რჩება, ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის მეცნიერებისადმი სახელმწიფოს რაიმე დამოკიდებულებაზე საუბარს. ამ მხრივ კითხვებს აჩენს ისიც, რომ ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტებში დასაქმებული უმაღლესი რანგის მეცნიერების ხელფასი მინიმუმ ორჯერ ნაკლებია ნებისმიერი არაკვალიფიციური მომსახურის ხელფასზე... წელს კიდევ უფრო დიდი პარადოქსიც მოხდა: უნივესიტეტებთან მიერთებული სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერებს ხელფასები კიდევ უფრო შეუმცირდათ. ცხადია, რომ ამ პროცესებში უნივერსიტეტების ხელმძღვანელობის როლი გადამწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს განუკითხაობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც ძველებურად გრძელდება.

გვინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ მეცნიერების განვითარების გარეშე ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ფუნქციონირება დღენაკლული და, შესაბამისად, მისი მოქალაქეების ბედი – სავალალო იქნება.

განათლება და მეცნიერება განუყოფელია და, ცხადია, ორივე მათგანი ერთობლივ ზრუნვას მოითხოვს. "ქართული აკადემიის" მონაწილეობით დაწერილი წინა მიმართვა ხელისუფლებისადმი მიძღვნილი იყო იმ ბარბაროსული ქმედებების გასააზრებლად, რომელთა ასპარეზიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. ამიტომაც წინამდებარე წერილში ძირითად ყურადღებას ჩვენში მეცნიერების, კერძოდ, ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტების საგანგებო და გადაუდებელ პრობლემებს დავუთმობთ (თუმცა, ჯავახიშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს ვერც აქ ავუვლით გვერდს).

დღეს, შეიძლება ითქვას, ვიმყოფებით საქართველოში სამეცნიერო სისტემის რეფორმირების საწყის ფაზაში, რამდენადაც საერთო შეთანხმება მიღწეულია: ცნობილი ქართველი მეცნიერის გია დვალის ხემძღვანელობით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ღიად იქნა მოწონებული საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის მიერ. შემოთავაზებული კონცეფციის ძირითადი პრინციპები ასევე მოწონებულია ფართო საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოების მიერ. ასეთი ერთსულოვნება უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოება იმის მოლოდინშია, რომ მას სწრაფად მოყვება რეალური ქმედებები, რომ ხელისუფლება გამოიჩენს შესაბამის პოლიტიკურ ნებას და პროფესიონალებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეუდგნენ სამეცნიერო სისტემის აღდგენას.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ სამართლებრივსა და სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც მრავლად დატოვა ნაციონალთა ხელისუფლებამ (და რომელიც ჯერაც ქმნის სერიოზულ პრობლემებს), მაგრამ თუკი დეკლარირებული გეგმები განათლებისა და მეცნიერების სფეროში გვერდზე გადაიდო, გვერწმუნეთ, საქართველო მომავლის გარეშე დარჩება.

ამდენად, უმორჩილესად გთხოვთ, განუკუთვნოთ განათლებასა და მეცნიერებას შესაფერისი ადგილი ქვეყნის სტრატეგიულ ფასეულობათა სისტემაში და დაუყონებლივ დაიწყოთ რეალური მოქმედება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემების „გასაჯანსაღებლად“. ეს პროცესი, ცხადია, მარტივი არ არის და მისი განხორციელება, პირველ რიგში, აქტიურ მონაწილეთა სინერგიით არის შესაძლებელი. ასევე აუცილებელია იმის გათავისება, რომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კერები – სახელმწიფო უნივერსიტეტები – არსებითად ძველი უზურპაციის პირობებში იმყოფება. ამდენად, სამეცნიერო რეფორმა უცილობლად უნდა მოიცავდეს სახელმწიფო უნივერსიტეტების უზურპაციისაგან გათავისუფლებას, ანუ იმას, რასაც ყველა სხვა სფეროში სამართლიანობის აღდგენასა და კანონიერების დამყარებას ვუწოდებთ.

რეალობა მძიმეა, მაგრამ სასწორზეა შეგდებული საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორები – განათლება და მეცნიერება – და, ამდენად, საზოგადოება მოუთმენლად ელის საქართველოს ახალი ხელისუფლების აქტიურ მოქმედებას. იმის დაშვებაც არ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარი უამრავი პრობლემა ჩვენს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სისტემებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას უკანა პლანზე გადასწევს, ქვეყნისათვის მეორეხარისხოვან ადგილს მიაკუთვნებს!..

ნაციონალთა ხელისუფლების დამანგრეველ მოქმედებას განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში ქართული საზოგადოება თავიდანვე – 2004 წლიდანვე – აქტიურად შეეწინააღმდეგა. ამ საზოგადოების ნაწილმა 2007 წელს დააარსა "ქართული აკადემია". სწორედ "ქართული აკადემიის" დეკლარაციის მეხუთე მუხლი ამბობს: "ქართული საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო, სალიტერატურო და სახელოვნებო კერების მოშლას, უნივერსიტეტების ავტონომიის ფეხქვეშ გათელვასა და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისეთი საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, რომელიც არ იძლევა ფუნდამენტური განათლების მიღებისა და კვალიფიციური დარგობრივი სპეციალისტების მომზადების საშუალებას...

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქართველი ერის გადაქცევა მხოლოდ მომსახურების სფეროში დასაქმებულ, იაფფასიანი უცხოური საქონლის მომხმარებელ მასად, რომელსაც არ შესწევს ინტელექტუალურ და სულიერ ფასეულობათა შექმნის უნარი. ეს ჩვენი ისტორიის დასასრული იქნება".

ამ წლების განმავლობაში "ქართული აკადემია" მტკიცედ იცავდა დეკლარაციაში გაცხადებულ პრინციპებს და მთელი თავისი შესაძლებლობებით იყო ჩაბმული იმ დემოკრატიულ პროცესებში, რომელსაც 2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში და რომელმაც შედეგად 1 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მოიტანა. მეცნიერებისა და განათლების აღორძინების იმედი ქართველმა საზოგადოებამ სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუკავშირა. მით უფრო, „ქართული აკადემია“ ვერ შეეგუება იმ აზრს, რომ ნაციონალების მმართველობის შედეგად შექმნილი უმძიმესი კრიზისი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ქვეყნისათვის გამოუსწორებელ უბედურებაში გადაიზარდოს. ამიტომაც დაჯერებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადამწყვეტი მოქმედებებისაკენ და, თავის მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მთელი აკადემიური საზოგადოების ძალისხმევა მიმართოს განათლებისა და მეცნიერების ჭეშმარიტი რეფორმის განსახორციელებლად ჩვენს ქვეყანაში.

 

"ქართული აკადემია"

2 აპრილი 2013 წელი