პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. აქამდე, ანალიტიკოსთა ნაწილი, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის უპირობო გამარჯვებას პროგნოზირებდა, თუმცა, დღეს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრები საუბრობენ, რომ გახარიამ ამ გადაწყვეტილებით, არსებული პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა და შესაძლოა, ითქვას, რომ მმართველ ძალის გეგმები თავდაყირა დააყენა.
ამ გადაწყვეტილების გაჟღერებას წინ უსწრებდა, გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრა თბილისის მერიაში, რასაც ორივე მხარე ადასტურებს. ხოლო, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა მათი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა. კობახიძის ამ განცხადებას მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კობახიძის განცხადებას გიორგი გახარიას „გაშავების მცდელობას“ უწოდებს და For.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს უკვე წამგებიან პოზიციაშია, თუკი აქამდე კალაძის უპირობო ლიდერობა იკვეთებოდა პირველივე ტურში, მისი თქმით, ახლა უკვე, მეორე ტურია მოსალოდნელი, სადაც შესაძლოა, კალაძე და გახარია ვიხილოთ.
„შეხვედრა რომ შედგა, ამას ყველა ადასტურებს, თანაც შეხვედრა შედგა მერიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა დახურული და საიდუმლო შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი მინიშნება და მით უმეტეს ლაპარაკი ფინანსებზე, არ იქნებოდა. გახარიას კანდიდატად წარდგენამ, არსებული ვითარება „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ მძიმე გახადა. გახარიას ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეამცირა შანსი იმისა, რომ კახა კალაძე პირველ ტურში გაიმარჯვებს. ამის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო, სანამ გახარია დააყენებდა კანდიდატურას, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ეს არის მინიმალური შანსი, რომ კალაძემ გაიმარჯვოს პირველ ტურში.
გახარია, ალბათ, იბრძოლებს იმისთვის, რომ გავიდეს მეორე ტურში და ჩამოიშოროს მელია. ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი იქნება წარმატებული, სხვა შემთხვევაში პარტიის მომავალზე საკმაოდ ცუდ გავლენას იქონიებს. გახარია „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ რთული ფიგურაა და ფინანსებზე ლაპარაკი სწორედ იმას ემსახურება, რომ გახარია როგორღაც გააშავონ არჩევნების წინ“, - თქვა ძაბირაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, გახარიასთან შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა: „უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“.
რაც შეეხება თბილისის მერიაში კალაძისა და გახარიას შეხვედრას, ძაბირაძის განცხადებით, ეს გახარიას მხრიდან კარგი ჟესტია, რადგან გახარია კალაძესთან კეთილმეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მომავალ არჩევნებში არც მათი ალიანსია გამორიცხული.
„გახარიას გადაწყვეტილება, პირადად ეთქვა კალაძისთვის, გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი წლების განმავლობაში ერთ გუნდში იყვნენ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. პარტიაში რეიტინგულად პირველ-მეორე ადგილს იყოფდნენ, ორივე წარმატებული პოლიტიკოსია და ასეთი ჟესტი მიანიშნებს იმას, რომ გახარია ცდილობს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა და, რომ კეთილგანწყობა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ მომავალი თანამშრომლობისათვის.
გამორიცხვა იმისა, რომ ეს ალიანსი არ იქნება, არ შეიძლება, ან შესაძლოა, ცალ-ცალკე გამოვიდნენ, 2024 წელი იქნება თუ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ შემდეგ ითანამშრომლებენ. ამ შემთხვევაში გახარიას საკმაოდ მომგებიანი პოზიცია უჭირავს თანამშრომლობის და სხვა პარტიებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, არ ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას,“ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან გახარია საერთო ენას თანამშლობის კუთხით, უფრო მეტად გამოძებნის, ვიდრე კალაძე. გახარია მაინც ოპოზიციურ ფრთაზეა, კალაძე კი ხელისუფლების ფავორიტია“, - განაცხადა For.ge-სთან ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ არადამაჯერებელია გიორგი გახარიას მხრიდან ფინანსურ გარეგებაზე საუბარი კახა კალაძესთან. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, თუკი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გახარია მეორე ადგილს დაიკავებს და გადაუსწრებს ნიკა მელიას, შესაძლოა ითქვას, რომ გიორგი გახარიას პარტია ქვეყანაში პირველი ოპოზიციური პარტიაა, რაზეც თავის მხრივ, გახარიამ პრეტენზია გამოთქვა. საყვარელიძე ასევე მიიჩნევს, რომ თბილისის მერის პოსტზე, როგორც მოქმედ მერს, კალაძეს მეტი შანსი აქვს.
„ფინანსური ვერსია ადრეც იყო, როდესაც გადადგომის შესახებ განცხადება გახარიამ მელიას დაპატიმრების წინ გააკეთა, თუმცა, დიდად დამაჯერებლად არ მიმაჩნია, რადგან ქართული პოლიტიკის ამ სიმაღლეზე, ლაპარაკი არის პრემიერ-მინისტრობისა თუ კალაძის მერობის გარშემო გახსნილ ბრძოლებზე, იქ ფინანსური ინტერესები ნაკლებად ფიგურირებს.
თავიდანვე არ მიმაჩნდა რეალისტურად გახარიას მონაწილეობა მერის კანდიდატურაზე. ახლაც რატომ რისკავს გახარია ამ ნაბიჯს, ჩემთვის ბოლომდე გასაგები, სიმართლე გითხრათ, არ არის. რაც შეეხება შანსებს, დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ. თუმცა, კალაძე, როგორც უკვე მოქმედი მერი, ძალიან დიდ უპირატესობას ფლობს.
ამ ჩანაცველის ნიშანი რეიტინგი იქნება. თუკი რეიტინგით მეორე პარტია აღმოჩნდა გახარია, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანაცვლებულია. პრობლემა სწორედ ისაა, რომ ბევრ პარტიას აქვს ოპოზიციურობის პრეტენზია, ოღონდ მხარდამჭერი არ ჰყავთ ამ პარტიებს. რეიტინგის დეფიციტს, რაც ყველა პარტიას აქვს, ჯერჯერობით გახარიას პარტიაც განიცდის. თუ მან მოახერხა ამ დეფიციტის ამოვსება და ამ მხრივ, „ნაცმოძრაობას“ გადაასწრო, მაშინ ის ჩაითვლება წამყვან ოპოზიციურ ძალად“, - განაცხადა For.ge-სთან რამაზ საყვარელიძემ.