მაფიოზები კავკასიაში

მაფიოზები კავკასიაში

[თომას დე ვაალი, The National Interest] 

არსებობს საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბრობენ და საკითხები, რომლზეც ჩუმად უნდა იფიქრო. WikiLeaks-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების წყალობით, ჩვენ უკვე ვიცით, თუ რამდენად წუხან ამერიკული საელჩოები პოსტ-საბჭოთა სივრცეში სახელმწიფო კორუფციის სისტემური მასშტაბების და „მაფიის“ გრძელი ხელების გამო. 

დეპეშებში რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან საერთო სურათის ცალკეული ფრაგმენტებია აღწერილი. დაღესტანში მდიდრული ქორწილის შესახებ ცნობილი დეპეშის შინაარსი, რომელიც კავკასიის საკითხებში აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის საუკეთესო ექსპერტმა შექმნა, მართლაც საოცარ სიამოვნებას განიჭებს. 

აქ არის კასპიის ზღვაზე სკუტერებით ნაბახუსევების რბოლა, ასევე მართლმორწმუნე  მუსულმანების წყლის მარათონი და საპატიო სტუმრის – ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გამოჩენაც, რომელიც „მოუქნელად ცეკვავდა ჯინსის ქამარზე დამაგრებული მოოქროვილი პისტოლეტით“. 

ახლა კი უფრო უსიამოვნო დეპეშების შესახებ. ამ კატეგორიას განეკუთვნება გულახდილი წერილები ბაქოდან, აზერბაიჯანის მმართველი ელიტის პირად ქონებაზე. ის რომ ეს ადამიანები უსაზღვრო ფუფუნებაში ცხოვრობენ და აკონტროლებენ ეკონომიკის მთელ რიგ დარგებს სიურპრიზი არ არის, მაგრამ ზოგიერთი დეტალი შეიძლება მოულოდნელი იყოს. 

ერთი წყარო იუწყება, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სულაც არ სწყენია, როდესაც გაიგო რომ იმპულსური სანი კარლეონე უწოდეს, ხოლო მის მბრძანებელ მამა ჰეიდარს – დონი. შეიძლება ის ისეთივე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს, როგორშიც მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი ქემალედინ ჰეიდაროვი, რომელმაც თავის ცხოვრების წესზე  ცნობების გამოქვეყნების შესახებ შეიტყო და სავარაუდოდ პრეზიდენტს სასტიკად არ მოეწონებოდა პირველ ლედიზე გამოქვეყნებული ცნობები. 

ბოლოს კი საგანგაშო ცნობები. ამ კატეგორიაში ხვდება მადრიდის დეპეშები, სადაც ასახულია ესპანელი პროკურორის ხოსე „პეპე“ გრინდა გონსალესის შეშფოთება ესპანეთში რუსული ორგანიზებული დანაშაულის შეღწევის შესახებ. დეპეშაში ნათქვამია: 

„გრინდამ განაცხადა რომ ბელორუსიას, ჩეჩნეთს და რუსეთს ის ფაქტობრივად „მაფიოზურ სახელმწიფოებად“ მიიჩნევს და სთქვა, რომ უკრაინა იგივე გზას ადგას. გრინდა ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ თითოეულ ამ ქვეყანაში ვერავინ შესძლებს იმის გარჩევას, თუ სად მოქმედებს სახელმწიფო და სად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი“. 

ყველაზე მეტად გრინდას ის აშფოთებს, რომ რუსეთის სახელმწიფო როგორც სჩანს იცავს ან იყენებს ზოგიერთ გავლენიან კრიმინალს: 

„გრინდამ განაცხადა, რომ წაიკითხა ბოლო 10-12 წლის საგამოძიებო მასალები ორგანიზებულ დანაშაულზე და დარწმუნდა, რომ თუკი ტერორისტები ცდილობენ თავად სახელმწიფოს არსის შეცვლას, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფო სტრუქტურებს შეეზარდონ. 

პროკურორმა საკუთარი შეფასებები შეაჯამა და განაცხადა რომ რუსეთის მთავრობის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფები ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის გამოიყენოს, როგორიც თავად რუსეთის მთავრობისთვის დაუშვებელი და მიუღებელია. მაგალითად მას მოჰყავს [საქართველოში დაბადებული ქურთი ზაქარია] კალაშოვი, რომელიც პროკურორის თქმით რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდა, ჰყიდდა  იარაღს ქურთებზე, რომ მათ თურქეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოეხდინათ.

დღეს ყველა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო 1990-იან წლებთან შედარებით ძლიერია. გრინდას ფრაზა „სახელმწიფო მაფია“ თავის თავში განმარტებით წინააღმდეგობას მოიცავს, მაგრამ ჩვენ გვესმის რასაც ის გულისხმობს. საუბარია, როგორც უკიდურესად საშიშ და სახიფათო პიროვნებებზე, ასევე ზოგიერთ ძალიან ცნობილ ბიზნესმენზე, მაგრამ ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოქმედებს. როდესაც ჩვენ კრიმინალზე ვსაუბრობთ, უნდა ვიგულისხმოთ არა იმდენად „ორგანიზებული დანაშაული“, რამდენადაც „რეგულირებადი“. 

რუსეთში, ყველაზე მდიდარი ოლიგარქების ნაწილმა დღევანდელ მდგომარეობას იმის წყალობით მიაღწია, რომ 1990-იან წლებში დაკავებული იყო „ველური დასავლეთის“ (უფრო ზუსტად, აღმოსავლეთის) სადარი ქმედებებით. იგივე რომან აბრამოვიჩმა და ოლეგ დერიბასკამ საკუთარი მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ალუმინის წარმოების სასტიკი და სისხლიანი გაყოფით იშოვეს, დღეს კი რუსული ბიზნეს-ელიტის ღირშესანიშნავი წარმომადგენლები არიან. 

უფრო დაბალი საფეხურის წარმომადგენლებს, მაგალითად მადრიდის დეპეშაში მოხსენიებულ „კანონიერ ქურდ“ კალაშოვს, გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუკი უშიშროების სამსახურებს გაურიგდებოდნენ. გრინდა აღნიშნავს, რომ მეორე კრიმინალური ავტორიტეტი კავკასიიდან ტარიელ ონიანი ესპანეთის მართლმსაჯულების მიერ იძებნება, რომელსაც მისი გასამართლება სურს, მაგრამ ის რუსულ ციხეში იმყოფება და სპეცსამსახურების დაცვით და მფარველობით სარგებლობს. ამ შემთხვევაში მაფიოზურ გამოვლინებებზე მეტად „სახელმწიფოს მონაწილეობის“ ნიშნები (როგორც თურქეთის შემთხვევაში) შეიმჩნევა, როდესაც სპეცსამსახურები მოქმედ და ყოფილ კრიმინალებთან თანამშრომლობენ. 

იმოგზაურეთ სამხრეთში და თქვენ ყოფილი საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკის ცენტრში აღმოჩნდებით. სიტყვა „მაფია“ აქ სიცილიურ ელემენტებს მოიცავს. ოჯახი აქ სახელმწიფოზე მნიშვნელოვანია და სიმდიდრის გაფლანგვის დემონსტრირება, როდესაც ადამიანები ასდოლარიან კუპიურებს ისვრიან, როგორც ეს დაღესტნურ ქორწილში იყო, დიდწლად პოზიტიურად აღიქმება და არა პირიქით. 

ეროვნულ უმცირესობათა ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად ქართველი ქურთი-იეზიდები საზოგადოებაში მაღალ სტატუსს იძენენ, როდესაც იდეური დამნაშავეები ხდებიან და საკუთარი ღირსების კოდექსით ცხოვრობენ. YouTube-ზე ვნახე ფილმი, სადაც კალაშოვზე (მეტსახელად „შაქრო მალადოი“) აღფრთოვანებული თხრობაა. ერთ-ერთმა მაყურებელმა ასეთი კომენტარიც კი დატოვა „EZDY MAFIA 4EVER“. 

ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში ეს პოლიტიკური ხასიათის პრობლემაა: სახელმწიფომ კანონის, როგორც სისტემის და არა როგორც  ძალაუფლების ინსტრუმენტის მიმართ, მეტი ინტერესი უნდა გამოავლინოს, ხოლო კავკასიაში ეს კულტურის საკითხია: რიგითმა ადამიანებმა უნდა მოინდომონ იყვნენ მოქალაქეები და არა დიდ ოჯახებზე დამოკიდებული კლიენტები. 

foreignpress.ge