"შვეიცარიის ელჩის წერილი სამოქალაქო გმირობაა".

"გრიგოლ ვაშაძის წერილი აისბერგის მხოლოდ ქვედა შრედ შეიძლება ჩავთვალოთ. აისბერგის წვერი დროთა განმავლობაში გამოჩნდება და ნათელი გახდება, რას სჩადიოდა ყოფილი ხელისუფლება. ეს კარგად იციან "ნაციონალებმა" და პრეზიდენტმა სააკაშვილმა, იციან, რა აქვთ დაშავებული და რაზე მოუწევთ პასუხისგება. ეჭვიც არ მეპარება. არა მხოლოდ ომის შემდგომი, არამედ ომის დაწყებამდე კარგა ხნით თუ რამდენიმე კვირით ადრინდელი ისეთი ტიპის მიმოწერა შეიძლება გახდეს საჯარო, რომ ყოფილი ხელისუფლების რეალური ზრახვა და მისი ორმაგი სტანდარტები ნათელი გახდება. ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმოწერას ან კულუარულ ურთიერთობას, არამედ უპირველესად იმას, რომ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, მუდმივად აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, არ გადაედგათ კონფრონტაციული ნაბიჯი და ლომის ხახაში თავი არ შეეყოთ", - აცხადებს პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "შვეიცარიის ელჩის წერილი სამოქალაქო გმირობაა".

"ყოფილი ხელისუფლება იმით სპეკულირებდა, რომ თითქოს დასავლეთი იყო დაინტერესებული რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გამწვავებით. სინამდვილეში, რადიკალური დასავლელი პოლიტიკოსებიც კი არ მიესალმებოდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობის გამწვავებას. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ამგვარად ჩიხში შესვლა ნამდვილად არ სურდა დასავლეთს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არმაზ ახვლედიანი.

"ბატონი ბეხლერი ხომ მხოლოდ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ არ გაეცნო ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ის 2010 წლის შემოდგომიდან ზედმიწევნით კარგად იცნობდა საქართველოს პოლიტიკურ სურათს. ელჩი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარების ტემპს და პერიოდულად კოლეგა-ელჩებთან ერთად აფრთხილებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა ქვეყნის დემოკრატიულ-სამართლებრივი განვითარება, ამას მოჰყვებოდა ჩიხში შესვლა, იმ ტიპის სირთულე, რასთანაც "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა აქვს საქმე. "ნაცმოძრაობას" ამას სხვებიც ხშირად შეახსენებდნენ წერილობით თუ სიტყვიერად. მაგრამ თავდაჯერებულობამ, თვითკმაყოფილებამ და ბევრმა სხვა უცნაურმა გარემოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ბუნება მთლიანად დაახშო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ბეხლერის წერილი უნიკალური ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ზედემოკრატიული ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატმა, ერთი მხრივ, ზედმიწევნით მიუკერძოებლად, მეორე მხრივ კი უკიდურესად პრინციპულად ფარდა ახადოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სიმართლე თქვას. გიუნტერ ბეხლერის საქციელი სამოქალაქო გმირობაა, მისი პოზიცია ემთხვევა არა მხოლოდ შვეიცარიის სახელისუფლებო დიდმოხელეების აზრს, არამედ მთელი ევროპის პროგრესული პოლიტიკოსების თვალსაზრისს. ბეხლერმა კონცენტრირებულად გამოხატა აზრი იმის თაობაზე, რომ უსამართლობა უნდა დაიგმოს. დასავლეთში არსებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ, აუცილებლად იმსახურებენ გაკრიტიკებას. ორმაგი სტანდარტი ათმაგად დამღუპველია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ამიტომ ბეხლერის ღია წერილი წლის ნაბიჯი და იმის მაჩვენებელია, რომ ევროპა თავისი არსით დემოკრატიული სივრცეა, სადაც ყოველთვის მოიძებნებიან გიუნტერ ბეხლერის მსგავსი მაღალი შეგნების მოქალაქეები", - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

"მართალია, "სახალხო პარტია" დღეს ევროპარლამენტში უმრავლესობაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ მართალი ხარ. დღეს უმრავლესობაში ხარ, ხვალ კი უმცირესობაში იქნები. სხვათა შორის, ერთი წლის შემდეგ, არჩევნების შედეგად, "ევროპის სახალხო პარტიასაც" ეს ბედი ელის, უპირველესად, ორმაგი სტანდარტების გამო. ამ პარტიის ლიდერებმა წინასაარჩევნო წელს უტიფრად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სასამართლოზე, ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორზე ძალადობას, ოპოზიციის განადგურების მცდელობას. მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა 1-ელ ოქტომბერს არჩევანი გააკეთა, "ევროპის სახალხო პარტიამ" მაინც არ შეიცვალა პოზიცია _ ის აძაგებს ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და კვლავ ტაშს უკრავს "ნაციონალებს". რა არის ეს, თუ არა თავხედური ორმაგი სტანდარტი", - ხაზგასმით აღნიშნავს რესპონდენტი.

"ნაციონალური" ოპოზიციის ხელში სასამართლო ხელისუფლება სახიფათო ნაღმია. ეს ძალა ვერ ელევა და ვერ ეგუება იმას, რომ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სასამართლო ხელისუფლებაზე. სწორედ სასამართლო ხელისუფლებაზე უალტერნატივო კონტროლის მოპოვებით მოახერხა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქა¬რთველოში ძალადობრივი სისტემის ჩამოყალიბება. "ნაციონალები" ხვდებიან, რომ თუ სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდება, ეს ნიშნავს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულის გამოძიების შემდეგ სწორი სამართლებრივი ვერდიქტის არსებობის შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი იმას, რომ საქართველოში მოხერხდება სამართლიანობის ბალანსის დადგენა და შენარჩუნება. ეს ხელს არ აძლევს იმას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. დამნაშავე ყოველთვის ცდილობს, რომ სასამართლო ხელისუფლება თავისი ჯიბის ხელისუფლებად აქციოს. დღეს უნიკალური შანსია, რომ სასამართლო გათავისუფლდეს "ნაციონალების" პოლიტიკური მარწუხებისგან. ვენეციის კომისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მიესალმებიან", - დასძენს არმაზ ახვლედიანი.