ინვესტიციების სტიმულირების საქმე კიდევ დიდხანს იქნება დაკავშირებული ივანიშვილის მილიარდებთან

ინვესტიციების სტიმულირების საქმე კიდევ დიდხანს იქნება დაკავშირებული ივანიშვილის მილიარდებთან

სად გადის ზღვარი საჯარო მოხელის პირად ფინანსებს და ამ პირის თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის? მილიარდერი და საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავისი დაპირებების ფონზე, რომ პირად ფინანსებს მიმართავდა ბიზნესში ინვესტიციების სტიმულირებისთვის, სტიქიისგან დაზარალებულთა ხარჯებს დაფარავდა და სახელმწიფო ხაზინას მიეხმარებოდა, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ ზღვარს.

მას შემდეგ რაც 2012 წლის ოქტომბერში პრემიერმინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, ივანიშვილმა არაერთხელ გაახმოვანა სამი ახალი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ორგანიზებასთან დაკავშირებული გეგმები. ეს ფონდებია, 2 მილიარდი დოლარის მოცულობის საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებელი ფონდი, აგრარული ფონდი და სარისკო კაპიტალის ფონდი. პირველი ფონდი სახელმწიფო აქტივებზე იმუშავებს, როგორებიცაა სარკინიგზო მაგისტრალები და საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია, მეორე ხელს შეუწყობს ძალიან რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყნის აგრარულ სექტორს, მესამე კი უზრუნველყოფს სახელმწიფო კაპიტალდაბანდებებს ახალ საწარმოებში.

იმავდროულად ივანიშვილი განიხილავს კერძო საინვესტიციო ფონდში ერთ-ერთი ინვესტორის როლში ყოფნის გეგმებს. ეს ფონდიც ქართულ ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებით დაკავდება. კერძო საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო ფონდებისგან განსხვავებული სტრუქტურა იქნება, მაგრამ იმის გამო ივანიშვილი ოთხივე ფონდზე ერთად ლაპარაკობს ხოლმე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ის სახელმწიფო დამოუკიდებელი ფონდის დაფინანსებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ხოლო, სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო ინფორმაციის არარსებობა, მხოლოდ აღრმავებს გაუგებრობას ამ საკითხში.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ეკონომიკური ვარდნაა, რიგითი მოქალაქეებიდან ცოტა თუ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს იმაში, რომ პრემიერმინისტრი საკუთარ ფულს ჩადებს კერძო ფონდში (და სახელმწიფო ფონდებშიც), რომლის მიზანიც ქართული ბიზნესის დახმარებაა. ივანიშვილი, რომლის პირადი ქონებაც, ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად 5,3 მილიარდ დოლარს აღწევს, და რომელსაც აქვს ისეთი კაცის რეპუტაცია, რომელსაც შეუძლია სერიოზული თანხა გაიღოს (მაგალითად, ერთპიროვნულად დააფინანსოს მშობლიური სოფლის ჭორვილას რეკონსტრუქცია), თავისი მილიარდებით სერიოზულ გავლენას ახდენს ელექტორატზე. და მაინც, ამ თემაზე პოლემიკა არ წყდება.

„მაინტერესებს, როგორ მიიღებს ეს საინვესტიციო ფონდი სახსრებს“, – ამბობს სახელმწიფო დამოუკიდებელ ფონდზე ყოფილი პრემიერმინისტრის ნიკა გილაურის ეკონომიკური მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა. „ჩვენთვის ჯერჯერობით ცნობილია პოტენციური ინვესტიციების ერთადერთი გაცხადებული წყარო, კერძოდ ქვეყნის პრემიერმინისტრის სახსრები“. თავად ივანიშვილი უარყოფს „ყოველგვარ კავშირს [სახელმწიფო] ფონდებთან“, განაცხადა რა 5 თებერვლის პრესკონფერენციაზე: „მე არაფერს ვმალავ, დასამალი არაფერი მაქვს“.

ამ განცხადებას იმეორებს გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე, ფონდის რომელიც კერძო სექტორის პროექტებზე სახელმწიფო დაფინანსებას გამოჰყოფს. „ბ-ნ ივანიშვილს არ ექნება არანაირი კავშირი“ ამ ფონდთან, უთხრა EurasiaNet-ს ბაჩიაშვილმა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს სუვერენული ფონდის შექმნაზე მუშაობს.

რაც შეეხება კერძო საინვესტიციო ფონდს, „ეს იქნება აბსოლუტურად კერძო სტრუქტურა“ „საქართველოს მდიდარი მოქალაქეების“ მონაწილეობით, რომლებიც ქართული ბიზნესის „პასიურ“ ინვესტორებად წარსდგებიან, დასძენს იგი. არანაირი დამატებითი დეტალი ამ თემის შესახებ არ თქმულა.

ბაჩიაშვილმა უარყო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი კერძო ფონდის პირველი ინვესტორი იქნება, ფონდის, რომლის საქმიანობაც განისაზღვრება მისივე მთავრობის საინვესტიციო სტრატეგიით. „ზოგიერთებს შეიძლება შექმნოდათ შთაბეჭდილება [ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე]“, ამბობს იგი. „მე არ ვიცი. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია“.

თუკი კერძო საინვესტიციო ფონდის რომელიმე ინვესტორი სხვა ინვესტორებთან შედარებით უპირატესობას მოიპოვებს, „დიდი სკანდალი“ მოხდება, აცხადებს იგი.

სწორედ მსგავსი წარმოდგენების ჩამოყალიბების აღკვეთა წარმოადგენს ევროკავშირის და აშშ-ს სახელმწიფო მოხელეების ეთიკური კოდექსების ამოცანას, მაგრამ ქართულ კანონმდებლობაში აღნიშნული კატეგორიის პირების ინტერესთა კონფლიქტის არსი დეტალურად განსაზღვრული არ არის. ინტერესთა კონფლიქტი მასში განსაზღვრულია, როგორც წინააღმდეგობა „სახელმწიფო მოხელის კერძო ან ქონებრივ ინტერესებს და სახელმწიფო სამსახურის ინტერესებს შორის“. საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ რომელიმე კომპანიის საკონტროლო პაკეტის ფლობა.

თუმცა, წარსულში ამ მოთხოვნებზე ხშირად ხუჭავდნენ თვალს.

ივანიშვილის პირად ქონებას განსაკუთრებულად არასდროს უპირისპირებდნენ მის პოლიტიკურ კარიერას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე ის გამოვიდა ინიციატივით, რომ საკუთარ სახსრებს გამოიყენებდა ბიუჯეტში გარღვევების შესავსებად. ჯერჯერობით ამ წინადადების რეალიზება არ მომხდარა.

დახმარებასთან დაკავშირებული სხვა წინადადებები კი უკვე გამოიყენეს. იანვარში, ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ჰოლდინგმა „ქართუ ჯგუფმა“, პრემიერის წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, კახეთში შარშან ზაფხულში სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით კომპანია „ქართუმ“ სტიქიისგან დაზარალებული 25 800 ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 95 მილიონი ლარის (57 მილიონი დოლარი) გადახდის ვალდებულება აიღო.

მართალია, ჰოლდინგი თავად ივანიშვილს უკვე აღარ ეკუთვნის, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრების დოკუმენტაციის თანახმად, თუმცა კომპანიის აქციების 8,25%-ის მფლობელია მისი უფროსი ვაჟი უტა.

თუმცა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ეს დახმარება ინტერესთა კონფლიქტია. თანხებს მხოლოდ „ქართუ ჯგუფი“ გამოყოფს, „რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად საქმიანობს“, აღნიშნა მინისტრმა, შეადარა რა გამოყოფილი თანხები დახმარებას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოყოფენ ხოლმე.

თუმცა, საზოგადოებაში შიშობენ, რომ ივანიშვილის ჩვევა ილაპარაკოს თავის ქონებაზე სახელმწიფო პროგრამებთან კავშირში, ამ ზღვარს შლის. საზოგადოებაში, სადაც ოჯახი აღიქმება როგორც ერთიანი ორგანიზმი, ივანიშვილის შვილის წილი „ქართუ ჯგუფში“ მის საკუთრებად აღიქმება. იგივე ეხება კერძო ტელეკომპანია მე-9 არხს, რომლის მთავარი აქციონერიც ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა.

თავად ივანიშვილი კი დღემდე ცდილობდა გაექარწყლებინა შიში, მისი, როგორც პრემიერმინისტრის და კერძო ინვესტორის ორსახოვანი როლის აღქმასთან დაკავშირებით სხვების მხრიდან.

„აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად და რამხელა ინვესტიციას ახორციელებს“, განაცხადა მან კერძო საინვესტიციო ფონდის შესახებ 5 თებერვლის პრესკონფერენციაზე.

foreignpress.ge