სად უფრო ძლიერი პოზიციები აქვს ოპოზიციას-დიდ ქალაქებში, თუ სასოფლო მუნიციპალიტეტებში? ამ თვალსაზრისით, რას გვეუბნება აქამდე ჩატარებული არჩევნები და რატომ აქვს მოლოდინი „ქართულ ოცნებას“, რომ გამარჯვებისთვის ტყუილად წვალობენ ოპოზიციონრები, რადგან საქართველოს ყველა რეგიონში წარმატების შანსი მმართველ გუნდს ექნება?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი წინა არჩევნების შედეგების მიხედვით მსჯელობს და მიიჩნევს, რომ დიდ ქალაქებში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ „ნაცებს“, სასოფლო მუნიციპალიტეტებში კი წესიერად სტრუქტურირებულებიც არ არიან, ანუ ადგილობრივი ორგანიზაციების პრობლემები აქვთ.
„დიდ ქალაქებში „ნაციონალებს“ მეტ-ნაკლებად აქვთ ადამიანური რესურსი, წვრილ-წვრილ სასოფლო მუნიციპალიტეტებში კი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს, საკმაოდ რთულია პარტიულ პოლიტიკური სტრუქტურების შექმნა და შენახვა. ასეთ ადგილებში მხარდამჭერთა სერიოზული მეურნეობაა საჭირო. არჩევნების დროს გამოჩნდება, რომელ მუნიციპალიტეტში ვინ ლიდერობს, თუმცა პირადად მე არ მჯერა, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში რამეს მიაღწევენ ნაცები და ისინი სადმე ლიდერობენ. არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, უკეთესი მონაცემები ჰქონდეთ თელავსა და რუსთავში, როგორც თავად ირწმუნებიან. რეალურად, არჩევნები არის სერიოზული მოვლენა, ამას ფული სჭირდება და ადამიანების საჭიროებაა. ქალაქებში ეს რესურსი მეტ-ნაკლებად არის, სოფლებში არ არის“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და სწორედ ქალაქში არსებული რესურსებით ხსნის, თუ რატომ არიან პოლიტიკოსები კონცენტრირებულები ქალაქებზე.
ანალიტიკოსის განმარტებით, დიდ ქალაქებში ყულაბა მეტია და ამომრჩეველთა რაოდენობაც მეტია. ეს არ ნიშნავს, რომ კალაძეს ან „ქართული ოცნების“ რომელიმე კანდიდატს აჯობებს ოპოზიცია. დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, ყველა მერს გაიყვანს „ქართული ოცნება“ და ყველა საკრებულოს მოიგებს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საარჩევნო კამპანია არ წარმოებს, „ქართული ოცნება“ კონკურენტულ ველში არ არის, არ ჩანს რომელიმე სერიოზული ოპონენტი, რომელიც ან „ქართული ოცნების“ ადგილობრივ მუნიციპალურ პროგრამას გაუწევს კონკურენციას, ან „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. დავით ზარდიაშვილის მოსაზრებით, ახლა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მესამე ძალა კი დაირქვა და იძახის, 1-ლი სექტემბრიდან დავიწყებთ საარჩევნო კამპანიასო, მაგრამ ეს უფრო ხუმრობას ჰგავს.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს უჭირს იმის შეფასება, ოპოზიციას რა პოზიცია აქვს დიდ ქალაქებსა თუ სასოფლო მუნიციპალიტეტებში, რადგან ადგილობრივი არჩევნები ის არჩევნებია, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, იმ კონკრეტულ რეგიონში რა განწყობაა, ვინ არის მაჟორიტარი, მერობის კანდიდატი.
„თბილისში დაახლოებით ვიცი, რა ვითარებაცაა, თბილისს რომ მოიგებს „ქართული ოცნება“, ეს შემიძლია ვთქვა, მაგრამ თელავში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს. არც ის ვიცი, ვინ ჰყავს ოპოზიციას თელავში კანდიდატად. არ ვიცი, ქუთაისში რა ხდება, ზუგდიდში რა ხდება. ადგილობრივებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, ის ლაპარაკობს ჯამურ ოპოზიციურ ხმებზე. თუ ლაპარაკია იმაზე, პირველ ადგილზე ვინ გავა და მეორეზე, დარწმუნებული ვარ, რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, „ქართული ოცნება“ იქნება პირველ ადგილზე, მაგრამ რამდენი პროცენტი ექნება, 35% თუ 55%, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. რეგიონალური შეფასებები და რეგიონალური კენჭისყრა ბევრ რამეს სხვაგვარად აჩვენებს, ვიდრე ეს არის ცენტრალური, საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე შეფასებით, თუნდაც იმავე თელავში, თუკი „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“ სერიოზული ძირითადი პარტიები და იქ სხვა არც ერთ ოპოზიციურ ძალას არანაირი გავლენა არ აქვს, მაშინ, ცხადია, „ქართული ოცნება“ მოიგებს და არა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, თუ არის პარტიები, რომლებიც პირველობაში ვერ შეეცილებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, თუმცა სერიოზულ ხმებს მიიღებენ, ვგულისხმობ ორნიშნა პროცენტს, მაშინ შეიძლება სხვაგვარად დალაგდეს სიტუაცია. პოლიტოლოგის თქმით, ახლა გასარკვევია, თუნდაც თელავში რომელიმე მესამე პარტია ძლიერად არის თუ არა წარმოდგენილი, შეიძლება იქ ლაპარაკი იყოს „ევროპულ საქართველოზე“? „ლელოს“ შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაწიოს? თუ გახარიას პარტია უფრო ძლიერდება?!
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის ლადო ბოჟაძის მოლოდინით, „ნაცმოძრაობა“ ვერც მერებს გაიყვანს ვერსად და ვერც მაჟორიტარებს, ისინი ვერც უმრავლესობით ვერ მოვლენ მუნიციპალიტეტებში.
„2 ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამომრჩევლის აბსოლუტური ნდობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და არა „ნაცმოძრაობას“, ან სხვა პოლიტიკურ ძალას, რაც მათ დღესვე არასახარბიელო სასტარტო მდგომარეობას უქმნის 2024 წლის არჩევნებისთვის. მართალია, გახარია წარმომავლობის გამო სამეგრელოში პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ზუგდიდშიც და ყველგანაც შანსი აქვს მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატს“, - აცხადებს ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას.