„ალია ჰოლდინგიდან“ ჟურნალისტები დაითხოვეს

„ალია ჰოლდინგიდან“ ჟურნალისტები დაითხოვეს

 

„ალია-ჰოლდინგის“ ჟურნალისტები სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „ჩვენ ყველანი ჰუმანურები ვართ... ჩვენ გვიყვარს სიკეთის კეთება... ჩვენ სამართლიანებიც ვართ და ობიექტურებიც... საქმის კეთებაც ვიცით... ხალხის დასაქმებაც შეგვიძლია... ეს ისე შესავლისათვის... მოკლედ, საქმე ასეა, როგორც კი ვცადეთ უკეთესად ვყოფილიყავით და დამატებითი სამსახური გვქონოდა, „ალია-ჰოლდინგის“ ყველაზე ობიექტურმა და ყველაზე ჰუმანურმა გამომცემელმა სამსახურიდან გამათავისუფლა... მხოლოდ მე არა, ჩემს გარდა ორი ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა და დიტო ჩუბინიძე... რამდენს გაეხარდება ვიცი, მაგრამ ვინც ჩვენი მკითხველები იყავით, დღეიდან, ჩვენი სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტგამოცემა Primerinfo.com-ზე... მალე ჩვენ გაზეთსაც გავაკეთებთ...“, - წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განმარტებები „ალია-ჰოლდინგმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტები ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემასთან ისე თანამშრომლობდნენ, რომ ამის შესახებ რედაქციამ არ იცოდა. „ალია-ჰოლდინგისთვის“ კი პრინციპულად მიუღებელია რედაქციასთან შეუთანხმებლად საკუთარი ჟურნალისტის სხვადასხვა მედიაგამოცემებში თანამშრომლობა და ზემოთ ხსენებული პრინციპის მიხედვით, ისინი ავტომატურად ინტერნეტგამოცემის თანამშრომლები გახდნენ.

„ალიაში“ განვითარებული მოვლენების შესახებ For.ge ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილს ესაუბრა.

კონკრეტულად რის გამო მოხდა თქვენი და სხვა თანამშრომლების გაზეთ ალიადან გათავისუფლება?

- პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ გამოხმაურებისა და იმ ინტერესისთვის, რომელიც გამოიჩინეთ. დღევანდელ „ალიაში“ რომ არ გაკეთებულიყო ის ე.წ. განმარტება, რაც „ალიას“ დამფუძნებელმა გამოაქვეყნა, არავითარ შემთხვევაში, არ ვისაუბრებდი იმის შესახებ, რაზედაც თქვენთან საუბარს ახლა ვაპირებ. „ალიამ“ გამოაქვეყნა განმარტება, სადაც წერია, რომ თურმე მე, დარეჯან მეფარიშვილი, დიტო ჩუბინიძე და ნინო ლაბარტყავა რედაქციისგან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად გადავედით ინტერნეტგამოცემა Primerinfo.com-ზე... სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პირადად მე ორი კვირით ადრე გავაფრთხილე და მოსალოდნელი გადასვლისა და სხვა სამსახურის შეთავსების შესახებ ვუთხარი „ქრონიკის“ რედაქტორს მანანა გიორგაძეს. მას ვკითხე, ამის გამო შემექმნებოდა თუ არა პრობლემა, მან კი მითხრა, რომ პრობლემა არ შემექმნებოდა, რადგან ეს იყო ინტერნეტგამოცემა და არა - კონკურენტი გაზეთი. ასე რომ, მისგან მივიღე თანხმობა. მაშინ უკვე იწყებოდა მუშაობა ამ ახალ გამოცემაზე და თუკი გაიხსნებოდა ეს გამოცემა, თავისუფლად შემეძლო, დამეწერა სტატიები, რადგან რედაქტორისგან თანხმობა მქონდა. თუ რატომ არ ვუთხარი ეს ყველაფერი გამომცემელსა და დამფუძნებელს გიორგი ბრეგვაძეს? - საქმე ისაა, რომ დაახლოებით უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში „ალია-ჰოლდინგის“ დამფუძნებელი რექდაქციაში არ დადის. ამისთვის მას პირადი მოტივი და საფუძველი აქვს. ამბობს, რომ ავად არის და მკურნალობა სჭირდება. ეს გასაგებია, მაგრამ მანამდეც იყო ასეთი საუბარი, რომ ის დაიღალა, რომ 23 წელია, აკეთებს გაზეთს და ამდენმა ღამის თევამ დაღალა. ამიტომ, თქვენ თვითონ გააკეთეთ გაზეთიო. ესეც გასაგებია, რომ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ გაზეთი და, მართლაც, ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ამას, ოღონდ ყველა ჩვენს მასალას კითხულობდა და, თუ არ მოსწონდა, გადადებდა გვერდზე და არ გაუშვებდა; თუ მოსწონდა, ანაწილებდა, რომელ გვერდზეც უნდა გასულიყო, ანუ გაზეთის მუშაობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

მასთან სატელეფონო საუბრებიც არ გქონიათ, თემების შერჩევის მიზნით?

- ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში კავშირი გვქონოდა დამფუძნებელთან, ეს არ ხერხდებოდა. მასთან დაკავშირება კი გვსურდა, რადგან ჯერ დაიხურა შაბათის „ალია“ და შემდეგ დაიხურა სამშაბათის „ალია“. გარდა იმისა, რომ ეს დახურვა ჩვენს ბიუჯეტზე პირდაპირპროპორციულად აისახებოდა, აქ სხვა მომენტიც იყო. მე არ ვარ ის ჟურნალისტი, რომელიც მხოლოდ ფულისთვის დადიოდა რედაქციაში. მე მიყვარს გაზეთი და პატივს ვცემდი იმ გაზეთს, სადაც ვმუშაობდი, დღემდე მიყვარს ეს გაზეთი. ამიტომ, როდესაც ვიკითხე, რატომ იხურება გაზეთი-მეთქი, მითხრეს, არც ჩვენ ვიცითო. მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე ტირაჟი დაეცა და ამიტომ დაიხურა შაბათის და შემდეგ უკვე - სამშაბათის „ალია“. როდესაც უშუალოდ მას ვკითხეთ, რატომ იხურება გაზეთი, მისგან წამოვიდა აგრესია და გვითხრა, რომ თურმე, ჩვენ ვყოფილვართ მაჩანჩალა ჟურნალისტები. პირადად მე მითხრა, მეზიზღებითო, თანაც შეიგინა, თქვენი დედაც, ფეხებზე მკიდიხართ, მაჩანჩალები ხართ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ხუთშაბათის „ალიასაც“ დავხურავთო. ჩვენ ჟურნალისტები ვართ და პრეზიდენტის ან რომელიმე მინისტრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება თუ შეგვიძლია, პარალელურ რეჟიმში შეგვეძლო, საკუთარ რედაქციაზეც მოგვეძიებინა ინფორმაცია. ჭორის დონეზე ყურმოკვრით გავიგეთ, რომ იყო საშიშროება, სპეციალურად დახურულიყო გაზეთი, რადგან ეს იყო დაკვეთა ნაციონალების მხრიდან და ნაციონალებს უნდოდათ, ეს ყველაფერი დაებრალებინათ „ქართული ოცნებისთვის“, თითქოს, ახალი ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა თავისუფალი მედია და ამაში გარკვეული თანხა იყო აღებული.

ფიქრობთ, რომ ნაციონალებთან გარკვეული სახის ალიანსი ხერხდებოდა ალიასთან მიმართებით? აქამდეც თუ იყო ამის პრეცენდენტი?

- მე ვამბობ იმას, რაც გავიგეთ და, როდესაც ამის შესახებ ვუთხარით „ქრონიკის“ რედაქტორს, მან მოახერხა და რედაქციაში ცოტა ხნით შემორბენილ დამფუძნებელს უთხრა, ჟურნალისტები ამას ამბობენო. სხვათა შორის, ჩემი ყურით მოვისმინე, როდესაც გიორგი ბრეგვაძე ბოლო ხმაზე ყვიროდა, რას ჰქვია, ფული გადამიხადესო. ამიტომ, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ამ ეჭვის უფლებას მაძლევს დღეს მოქმედი კანონი და კონსტიტუცია, რაც თავის დროზე არ აუკრძალავთ ნაციონალებს, რომ სწორედ ამიტომ ხდებოდა მიზანმიმართულად ჯერ ერთი გაზეთის დახურვა, შემდეგ -მეორის. ეჭვის დონეზე ვამბობ ამას. იმ პერიოდში, როდესაც ეს კამპანია დაიწყო, იგივე ინფორმაცია მოდიოდა სხვა გაზეთებთან დაკავშირებითაც. არ დავასახელებ იმ გაზეთებს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იქ დამფუძნებლებსა და შუამავლებს შორის დიდი დაპირისპირება მომხდარა ამ შეთავაზების გამო და ის გაზეთები არ დახურულა, ჩვენთან კი დაიხურა ორი ნომერი - სამშაბათის და შაბათის.

ანუ, სხვა გაზეთებშიც ნაციონალებისგან იყო შეთავაზება, რომ ისინი დახურულიყვნენ?

- როგორც ამბობენ, ასე იყო. ჩვენ ასე გვითხრეს, რომ ნაციონალებისგან იყო შეთავაზება, რომ ნელ-ნელა მიზანმიმართულად უნდა დახურულიყო გაზეთი და შემდეგ ეს ყველაფერი დაბრალებოდა ახალ ხელისუფლებას, ანუ საბოტაჟის მცდელობა იყო. როდესაც ჩვენ გავიგეთ ბრეგვაძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ასე არ იყო, ჩვენ დავმშვიდდით. თორემ, რატომ უნდა მოვეტყუებინეთ მას? დავიჯერეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მორიგი ბინძური კამპანია „ალია-ჰოლდინგის“ წინააღმდეგ, მით უმეტეს, ჩვენთან იყო მცდელობა კოდუას მხრიდან, რომ იგივე საბოტაჟი მოეწყოთ, ოღონდ ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. ასე რომ, დაიხურა გაზეთი, რაც ჩვენ გავაპროტესტეთ. დღეს ბაზარი გაჯერებულია არაერთი გაზეთით, მაგრამ ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტები, როგორც „ალია-ჰოლდინგს“ ჰყავდა, ბევრ გაზეთში არ არის. ჩვენი ბრალი არ იყო, რომ ტირაჟი ქვევით იწევდა, ეგებ, ცუდი იყო მენეჯმენტი ან მარკეტინგი?!

ასეა თუ ისე, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ვაიძულეთ ბრეგვაძე, აღედგინა შაბათისა და სამშაბათის „ალია“. თუ გახსოვთ, ამის შესახებ გავიდა ინფორმაცია და იყო ეჭვი, რომ ხუთშაბათის „ალია“ არ გამოვიდოდა, მაშინ მე სოციალური ქსელის მეშვეობით განვაცხადე, რომ ჩვენ გამოვდიოდით, მაგრამ არავინ იცის, თუ რა მძიმე დაპირისპირების შედეგი იყო მაშინდელი გაზეთის გამოსვლა. ეს არავინ იცის, გარდა იმ ჟურნალისტების, ვინც იქ ვიყავით და არ მინდა, ამ თემაზე ლაპარაკი. როდესაც ხელფასების კლება დაიწყო, უკაცრავად და, ძალიან არაშეფარდებითი მდგომარეობა იყო. კი ბატონო, „ალია-ჰოლდინგის“ დამფუძნებელი დამფუძნებელია და დიდი შრომა აქვს მასში ჩადებული, მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტებმა არანაკლები შევძელით. დაახლოებით რვა წელი ვიმუშავე „ალიაში“ და ჩემი შრომა ჩავდე ამ გაზეთში. ამის სანაცვლოდ სახლში იმდენი ხელფასი მიმქონდა, რომ პურის ფულისთვის ძლივს მყოფნიდა. ასე იყო ყველა დანარჩენი ჟურნალისტიც და ამ დროს „ალია-ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გადაადგილდებოდა ხუთი მანქანით და არ ვიცი, კიდევ რამდენი სახლი ჰქონდა. ეს იყო ძალიან არაშეფარდებითი სიტუაცია. თუკი ჩემი ხელფასი იკლებს იმის გამო, რომ თურმე გაზეთი არ იყიდება, უკაცრავად, შენ როგორ მიდიხარ დუბაისა და თურქეთში ორკვირიანი შუალედით დასასვენებლად?! მაშინ შენც მოიკელი და მეც მოვიკლებ.

რეალურად, მართლაც არ იყიდებოდა გაზეთი?

- არ ვიცი, ჩემო კარგო, რა იყიდებოდა და რა არა, ამაში არ ჩავრეულვარ, მაგრამ მე ვიცი, რომ დიდი დატვირთვით ვმუშაობდი, ბევრი კარგი მასალა მქონდა, შესაძლოა, ზოგიერთი მასალა არ მოსწონდა ვინმეს, მაგრამ რედაქტორს რომ არ მოსწონებოდა, გაზეთში არ გავიდოდა. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ჩემი შრომა სათანადოდ არ იყო ანაზღაურებული. თუ დავინახავდი, რომ მართლაც გაჭირვება იყო რედაქციაში და ეს გაჭირვება თანაბრად შეეხებოდა არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ დამფუძნებელსაც, რა თქმა უნდა, ფულზე ლაპარაკს არ დავიწყებდი, რადგან, როცა გაჭირვებაა, მე რა უფლება მაქვს, ასეთ დროს გავიქცე და მარტო ლხინის დროს ვიყო იქ?!

აქამდე გქონია სხვა სამსახურებიდან შემოთავაზებები?

- როგორ არ მქონია, დიტო ჩუბინიძე ან დარეჯან მეფარიშვილი შეთავაზების გარეშე ვიქნებოდით? მაგრამ არ მივდიოდით. ასევე, ფულსაც გვთავაზობდნენ გარკვეულ სტატიებში და ძალიან დიდ თანხასაც, რომ არ დაგვეწერა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვთანხმდებოდით და ღიად ვწერდით, რომ ფულს გვთავაზობდნენ. ვცდილობდით, კეთილსინდისიერად გვემუშავა. მაშინ დაგიდგები გვერდში, როდესაც შეგხედავ, რომ შენც ჩემს გვერდით ხარ და ჩემნაირად ცხოვრობ. ხოლო, თუ მე მაჩანჩალა ვარ და ამ მაჩანჩალასგან ამოღებული ფულით დუბაისა და თურქეთში მიდიხარ, ძვირადღირებული მანქანებით დადიხარ და არ იცი, რომელ დღეს რომელ მანქანაში ჩაჯდე და რომელ დღეს სად წახვიდე სანადიროდ, მაშინ მე მაქვს პროტესტის უფლება. ნაციონალურ სინამდვილეში, იმ საშინელი დესპოტიზმისა და დიქტატურის პირობებში მიღებულმა კანონმა და კონსტიტუციამ მომცა ეს უფლება. როდესაც მეუბნები, რომ უნდა გავაკრიტიკო დიქტატურა, თავად შენ არ უნდა იყო დიქტატორი და უარეს მონად არ უნდა თვლიდე ისეთ ჟურნალისტებს, როგორიც თუნდაც მე ვარ, თუნდაც დიტო ჩუბინიძეა ან სხვა დანარჩენები არიან.

კოდუას ინტერესი ახსენე ალიას მიმართ.

- მანამდე იყო კოდუას მომენტი, კოდუა ცდილობდა, გაზეთი დაეშალა. მართლაც, მაშინ წავიდნენ ჟურნალისტები კოდუასთან. ეს დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა. მაგრამ მაშინ გამომცემელი ჩვენს გვერდით იდგა, ახლა კი გამომცემელი ლაპარაკობს, რომ თურმე მე ვარ მაჩანჩალა.

თქვენი მისამართით ასეთ ეპითეტებს როცა იყენებდა, უფრო სკანდალურ სტატიებს ხომ არ ითხოვდა თქვენგან?

- იმაზე მეტად სკანდალური რა უნდა დაწერილიყო, რასაც „ალიას“ ჟურნალისტები წერდნენ?!

მაშინ არ ჰკითხეთ, რატომ გიწოდებდათ მაჩანჩალებს?

- როგორ უნდა შევკითხოდით, როდესაც არ მოდიოდა და მოსალაპარაკებლად თავისი ცოლი გამოუშვა, სარეკლამო სამსახურის უფროსი. მე რა უნდა ველაპარაკო სარეკლამო სამსახურის უფროსს?! თუ მე დაველაპარაკები ვინმეს, ჩემზე ორი წიგნით მეტი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული, რომ მისი აზრი გავითვალისწინო. რაც შეეხება დღეს შექმნილ მდგომარეობას, როდესაც გადავედით Primerinfo.com- ში, ამის შესახებ იცოდა „ქრონიკის“ რედაქტორმა. უფრო სწორად, კი არ გადავედით, არამედ შევითავსეთ იქ მუშაობა. ბრეგვაძე იმაზე გაბრაზდა, რომ თურმე, ჩვენ უკეთესი ცხოვრება გვდომებია, რომ ჩვენ გვინდა, ორი პურის ნაცვლად ვიყიდოთ სამი, რადგან ოჯახში მატება გვაქვს. მაგალითად, დიტო ჩუბინიძეს მეუღლე მეორე შვილზე ფეხმძიმედ ჰყავს, მე კი ორ შვილს მარტო ვზრდი. ჩვენ გვინდოდა, უკეთესი პირობები მისგან პარალელურ რეჟიმში და რატომ ჩათვალა ბრეგვაძემ ეს ღალატად, არ მესმის. მით უმეტეს, ხაზგასმით ვამბობ, „ქრონიკის“ რედაქტორმა ამის შესახებ იცოდა.

ქრონიკის რედაქტორ შეუძლია თქვას, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

- მაგას ყველაფერი უნდა გაერკვია, მერე უნდა დაეძახა ჩემთვის და ეთქვა, რომ თურმე მოღალატე ვყოფილვარ. უკაცრავად, მე მოღალატე არ ვარ. დღეს რვა სხვადასხვა უწყებამ შემომთავაზა სამსახური.

გიორგი ბრეგვაძემ თქვენთან დალაპარაკება არ მოისურვა და ისე გამოაქვეყნა ინფორმაცია სამსახურიდან თქვენი დათხოვის შესახებ?

- არა, მე და დიტო ჩუბინიძე მას შევხვდით. დიტოს გადმოულაგა ხელფასის დავთრები, ამდენი გქონდა ხელფასი და რატომ არ გყოფნიდაო?! უკაცრავად, ბრეგვაძეს მარტო შვიდიათასლარიანი პიჯაკი აცვია და ახლა დიტომ თუ წაიღო სახლში 2 ათასი ლარის ოდენობით ხელფასი, ეს ყოფილა დიდი თანხა? თანაც, ის 2000-იც არ ყოფილა, ბოლოს 1400 ლარი აიღო და, ვინმე თუ იტყვის, რომ 1400 ლარი ბევრია ჟურნალისტისთვის, მაშინ არაფერი ვიცი.

ალიაში ნაციონალებისა და ქართული ოცნების საწინააღმდეგო მასალები იბეჭდება. თუკი ნაციონალები ალიას დახურვას აპირებენ, მაშინ ამას როგორ ხსნით, ესეც ფარსია?

- ბრეგვაძე ასე ამბობს, რომ გაზეთი მისთვის არის ბიზნესი. მომიტანეთ რეკლამა, მომიტანეთ ფულიო. ამ დროს სარეკლამო სტატიებისთვის მე ვერ ვირბენ, არ შემიძლია. ყველას არ აქვს ეს უნარი, რომ ადამიანებთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ რეკლამა მოვიდეს მაინცდამაინც მარტო „ალიაში“. ვისაც შეუძლია, ამას აკეთებს კიდეც და კარგია, რომ ამას აკეთებენ, რეკლამაც ხომ უნდა შევიდეს გაზეთში ან ნებისმიერ გამოცემაში?

ფიქრობთ, რომ შესაძლ, ნაციონალების ინტერესი დააკმაყოფილ ალიას გამომცემელმა და დახუროს გაზეთი? აქეთკენ მიდის პროცესები?

- ოთხი ჟურნალისტი დარჩა იმ გაზეთში.

ეს ოთხი ჟურნალისტი, ალბათ, საკმარისი არ იქნება ამ გაზეთისთვის.

- არ ვიცი, რაოდენ პროფესიონალიც უნდა იყოს ადამიანი, ოთხი ჟურნალისტი ამას ვერ გაქაჩავს. ერთი კვირის წინ ათი გვერდი მოაკლო „ქრონიკას“. კიდევ მოაკლებს და ასე დახურავს ნელ-ნელა. დახუროს, რადგან „ალია“ ბიზნესი ყოფილა, ამიტომ დახუროს უჩემოდ და ჩათვალოს, რომ მე გამოგდებული ვარ. ამის პრობლემა არ მაქვს. იმ სიბინძურეში, რასაც იგი აკეთებს და ამას აბრალებს ხან მაჩანჩალობას, ხან კიდევ ავადმყოფობას... მინდა გითხრათ, ჩემს გამო არ გამხდარა ავად. ნეკნი მოვიტეხეო, გუშინ დამამადლა და ზუსტად ვიცი, ნეკნი ჩემი გულისთვის არ მოუტეხავს.

მასთან შეხვედრა დაპირისპირებით წარიმართა?

- არა, დაპირისპირებითი შეხვედრა არ ყოფილა. თვითონვე ახსნა, რომ მე არ მინდა, სხვაგან იმუშაონ ჩემმა ჟურნალისტებმაო. ამ დროს კი ამის პრეცენდენტები იყო „ალიაში“ მანამდეც, ჟურნალისტები პარალელურად მუშაობდნენ ტელევიზიასა და „ქრონიკასა“ თუ „ალიაში“. მე რომ მემუშავა კონკურენტ გაზეთში, ეს საყვედური კიდევ მესმის, მაგრამ ინტერნეტგამოცემამ რა ხელი შეუშალა, არ ვიცი. სხვა დროს რატომ არ იყო პარალელური მუშაობის პრობლემა და რატომ დადგა ახლა, როდესაც მოარული ხმები ვრცელდება, რომ სპეციალურად საბოტაჟის გამო ხდება ეს ყველაფერი?! ახლა პირდაპირ ვერ იხურება და პირდაპირ ვერ შევარდება ხელისუფლება ნებისმიერ გამოცემაში, ისევე, როგორც ეს 7 ნოემბერს და სხვა დღეებში მოხდა და დაიხურა „იბერია“, „იმედი“, „ახალი ეპოქა“ და ათასი გაზეთი.

შეხვედრისას ხომ არ შემოუთავაზებია, რომ დაგეტოვებინათ ინტერნეტგამოცემა და დაბრუნებულიყავით ალიაში?

- არა, ეს რომ ეთქვა, მაშინ მე დღეს ამ ეჭვის შესახებ არ ვილაპარაკებდი. პირიქით, ეგრევე ჩამოგვართვა ხელი და მორალიო,  - მეუბნებოდა. მაინტერესებს, მორალზე ვინ მელაპარაკება?! ეს არის ყველაზე დამთრგუნველი. ქვა იმან ისროლოს, ვინც ჩემზე სუფთაა. ძალიან ბევრი გაზეთიდან წამოვსულვარ, ბევრჯერ გამომიცვლია სამსახური, ტელევიზიაშიც ვმუშაობდი და იქიდანაც წამოვედი, მაგრამ არასდროს არ მილაპარაკია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ რედაქციებში. ეს არ არის ჩემი სტილი, მე ბრეგვაძე არ ვარ, მე დარეჯან მეფარიშვილი ვარ.

თქვენს მსგავსად, თქვენს კოლეგებს სამსახურის შოვნის პრობლემა არ ექნებათ.

- დიახ, ერთად ვმუშაობთ, ახალ გაზეთს ვაკეთებთ, ამ საიტზე ვიქნებით და გავაკეთებთ ახალ გაზეთს.

ახალი გაზეთი ალიას კონკურენტად რომ აღიქვას ალიას დამფუძნებელმა?

- აღიქვას მერე, არ გაიყიდება? გავუგზავნი ვალიდოლს.

ანუ შეიძლება, ალიას კონკურენტიც გახდეს ეს გაზეთი?

- „ალიას“ კონკურენტზე არ არის აქ საუბარი, რვა წლის განვალობაში „ალიას“ მეც ვქმნიდი, ბრეგვაძის მიერ დაწერილი სტატია არ მინახავს იქ და არც გვანცა ზარიძის სტატია.

ჟურნალისტიკაში ფინანსების კუთხით რა ვითარებაა, არ გესწავლება. იხსნება ახალი ინტერნეტგამოცემები, იბეჭდება ახალი გაზეთები და ამის შემდ მოკლე პერიოდში იხურება. ცნობილია, რომ საინფორმაციო საგენტო ივერონს მინდია გულუა აფინანსებს. დრონი. ჯი- და პრესა ჯი- - ვანო მერაბიშვილი, ნიუპოსტ.გე-ს - ბაჩუკი ქარდავა... თქვენ საიდან ფინანსდებით? გრანტით და რეკლამებით აპირებთ ამ საიტის ამუშავებას?

- პირდაპირ მინდა გითხრათ, არც ვანო მერაბიშვილი, არც მინდია გულუა, არც ებრალიძე, ბენდუქიძე ან გიული ალასანია - არავინ გვაფინანსებს. ჟურნალისტური სამყარო ძალიან კარგად იცნობს ზურაბ დათუაშვილს, ყველამ კარგად იცის, თუ როგორი პატიოსანი ადამიანია, ის არის ჩვენი რედაქტორი. მეც ძალიან კარგად მიცნობენ და ზუსტად იციან, ვინ ვარ, არა მარტო თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, სოხუმშიც, მოსკოვსა და ვაშინგტონშიც, რადგან მინახავს სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ჩემი სტატიები და კომენტარებიც წამიკითხავს. ყველამ კარგად იცის დიტო ჩუბინიძის შესახებ, ნინო ლაბარტყავა კი დამწყები ჟურნალისტია და ძალიან ნიჭიერია. ერთ-ერთმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა „ალიაში“, რომ მას შეზღუდულად დაეწერა სტატიები, ვორდის მხოლოდ ერთ გვერდს აწერინებდნენ, რაოდენ კარგი მასალაც არ უნდა ყოფილიყო. იმაზე მიდიოდა საუბარი, რომ მეტი არ გვინდაო. ზოგადად, „ალია“ ცნობად სახეებზე მუშაობდა, ცნობილ ჟურნალისტებზე, ან კიდევ, თვითონ ზრდიდა ცნობილ ჟურნალისტებს, მე არ გავუზრდივარ და ნუ მამადლის ნურავინ ნურაფერს. ახლა იმუშაოს და მოიყვანოს ცნობადები სახეები. ორი თუ სამი თვეა, კონკურსია გამოცხადებული და ერთი ჟურნალისტიც ვერ მოიყვანა. სხვაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მეორე დარეჯან მეფარიშვილს სად ნახავს, ძალიან მაინტერესებს? თუ როგორ ფინანსდება ჩვენი საიტი, ეს ზურას ჰკითხეთ, მე არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ პურისა და წიგნების ფული უნდა მქონდეს ჩემი შვილებისთვის და იმის იქით არ მიფიქრია, რომ ფუფუნება მქონოდა. მითხრეს, რომ ამის სამყოფ ხელფასს მომცემენ.

ფაქტობრივად, ალიაში ოთხი ჟურნალისტი დარჩა, მათაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და, შესაძლოა, მათაც დატოვონ სამსახური?

- ბრეგვაძე რომ დაიძინებს ამაღამ, როგორ განწყობაზე გაიღვიძებს ხვალ და რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ საერთო მდგომარეობა კარგი რომ არ იყო, ეს ვიცი. ისიც ვიცი, რომ ვინც დარჩა, პროფესიონალი და კარგი კადრია. იმ ადამიანების დაკარგვა არ ღირს.

ანუ, ეს ადამიანები ერთგულების ნიშნით დარჩნენ?

- არ მიკითხავს მათთვის, მე ვერ ვეტყოდი, რომ წამოსულიყვნენ. მე არ გამიკეთებია ჩემი საიტი ან გაზეთი და საამისო თანხები არ მაქვს, რომ ვინმესთვის წამოსვლა შემომეთავაზებინა. მერე რა, რომ ბრეგვაძე ასე მოიქცა, მე მას რედაქციას არ დავუშლიდი, რომც შემძლებოდა და ბევრი ფულიც რომ მქონოდა. დღეს გამოდის და განმარტებებს აქვეყნებს, ხვალ და ზეგ, ალბათ, დაავალებს რომელიმე ჟურნალისტს და დააწერინებს სტატიას, თუ როგორ უღალატეს. რომელი ჟურნალისტი დაწერს ამას, ძალიან მაინტერესებს.

For.ge მეორე მხარესაც დაუკავშირდა. „ალიას” ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი აცხადებს, რომ არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ალიას“ დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ნელი ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას „ალიაში“ არ ფლობენ და აინტერესებს, საიდან გავიგეთ ამის შესახებ.