„ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წარმომადგენლობიდან. ჟულიენ კრამპმა ევროკავშირის სახელით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის.
„პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამების პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში, ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღებას უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა ჟულიენ კრამპმა.
ხელისუფლება კი განმარტავს, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.
„გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან - მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს. ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ყველა მცდელობა აქვს, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.
რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება. გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.
ოპოზიციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვალზე უარის თქმას, ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ დაიკარგა 300 მილიონი და დაზარალდა ქვეყნის რეპუტაცია.
„ევროპული სანქცია ამოქმედდა-საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება. ეს პირდაპირ სანქციად რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო. როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო პროცენტიანი ფული?
არადა ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყით აცხადებდა ამაზე. დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც“, - ამბობს რომან გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთლის შეფასებით, ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად სანქციის ფორმაა. მისი თქმით, ხელშეკრულებიდან გასვლა, ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობა და მმართველობის ის მოდელი, რაც დღეს საქართველოშია, ასევე ხელისუფლების მხრიდან განცხადებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური.
„ქვეყანა ვალებში იხრჩობა. ძალიან კარგად ვიცით, კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა, თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ევროკავშირის დახმარებაზე, ამას არავინ დაიჯერებს, ეს არის ზღაპარი და მხოლოდ იმისთვისაა, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ და უთხრან: „ნახეთ რა მაგრები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს“. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნისთვის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად სანქციის ფორმაა და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობა ფიქრობს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბიუჯეტის 1 მილიარდიანი ზრდის პირობებში ევროკავშირისგან დამატებითი სესხის აღება? როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტების განცხადებებიც აჩვენებს, რომ ამ სესხით სპეკულირება ხდება.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი და სახე. ეს არის ის, რომ რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება და ამ გზაზე არ ერიდებიან იმასაც, რომ ავნონ ან შეეცადონ ავნონ საკუთარ ქვეყანას. ასე რომ, ასეთი განცხადები ჩვენთვის პირველი არ არის და ამ კუთხით რაიმე გასაკვირი არაა.
რაც შეეხება 75 მილიონს, ეს არის მაკროსაფინანსო დახმარების სახით სესხი, რომელიც გასულ წელს შეთანხმდა ევროკავშირთან. მისი ერთი ნაწილი ჩვენმა მთავრობამ აიღო, რაც შეეხება მეორე ნაწილს, მთავრობა ფიქრობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ბიუჯეტი 1 მლრდ ლარით გაიზარდა, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი 2021 წელს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სეხის აღება. და მეორე საკითხია პოლიტიკური მდგენელი - ჩვენ ვხედავთ და ჩვენი ოპონენტების განცხადებებიც გვაჩვენებს, რომ ხდება სპეკულირება ამ სესხით, თითქოსდა, ამის დაკავშირება სურთ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ საკითხებთან. ასე რომ, ამ სპეკულაციასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოლიტიკური მრჩეველი, ლევან დოლიძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ ესმით იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანის არსი, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ქვეყანას მოუტანოს.
„როდესაც მმართველი ძალა საუბარს იწყებს ქვეყნისათვის ამ ფინანსური რესურსის საჭიროებაზე, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. როდესაც პოლიტიკურზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ვგულისხმობ იმ ნეგატიურ ფონს, რომელსაც კიდევ უფრო ვამძაფრებთ ევროკავშირთან ურთიერთობაში.
როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ყველა ინვესტორისთვის, თუ როგორი გზავნილები და დამოკიდებულება ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს მიმართ. ძალიან სამწუხაროა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის, მმართველი ძალა მზადაა ასეთი სერიოზული ზიანი და დარტყმა მიაყენოს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ თითოეული ჩვენს მოქალაქეს“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კარგია, რომდესაც ხელისუფლება საგარეო ვალების შემცირებაზე იწყებს ზრუნვას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ეს გადაწყვეტილება რთულად გასაგებია.
„ფაქტია, რომ არც გვაქვს კარგი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და თან არ ვიცით როდემდე გაგრძელდება ასეთი პრობლემები, მაგრამ ასევე მსოფლიოში გავრცელებული ტრადიციაა, რომ თუკი შეუძლია ვალი არ აიღოს, არ აიღებს ქვეყანა. მეორე მხრივ, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი და მას შეუძლია მოგვიანებით აიღოს ეს ვალი. ახლა არ სჭირდება და უარს ამბობს. შეიძლება საერთოდ უარი თქვას. ეს გასაგები მოტივია, რადგან ეს არ არის საჩუქარი, ეს არის ვალი, რომელიც მე და თქვენ უნდა გადავიხადოთ“, - აცხადებს საყვარელიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, პოლიტოლოგის განცხადებით, ხელისუფლების ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში არ იკითხება კურსის შეცვლის გადაწყვეტილება.
„სესხზე უარის თქმა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროპულ კურსზე ვამბობთ უარს. კურსის შეცვლაზე თუ ფიქრობს, მაშინ იტყოდა, რომ უფრო ხელსაყრელი კურსით შემიძლია ავიღო ვალი თუნდაც რუსეთიდანო. ვალის არაღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს კურსის ცვლილებას. აი, ვისგან აიღებ, ეს შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთისგან, ან რომელიმე რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნისგან აპირებს აიღოს სესხი საქართველომ. ამიტომ, დამღლელი და მომაბეზრებელია თავისი დაუსაბუთებლობით ოპოზიციის განცხადებები“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
აბა ამ მიშასაგან გამაძღარებმა, პატარა ბავშვივით როდემდე უნდა გვიქნიონ თითი?