თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების აღდგენისა და ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩართული თანამდებობის პირებიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ფრთხილი და დიპლომატიური განცხადებებით გამორჩეული, ჩვენდა მოულოდნელად აღმოჩნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, არც დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის გამოცდილება აქვს და არც პოლიტიკაში. ამგვარი თამამი დასკვნის საფუძველს იძლევა ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო განცხადებები.
არჩილ ხაბაძის დამოკიდებულება, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პოზიციასთან ერთად იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ამჯერად, უცხო ქვეყნის მოთხოვნებზე წინ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის ინტერესები დადგება. საგულისხმოა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბოლო დღეებში მეჩეთის აშენების თემაზე აღარაფერი უთქვამს.
თბილისსა და ბათუმში სტუმრობის დროს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუსა და მისი ქართველი კოლეგის მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთი აიძულებს ბათუმში მეჩეთის ააშენოს. ამგვარ ვითარებაში კი საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წევრები ღირსეული პოზიციის დაკავების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მაამებელ, არადიპლომატიურ და სახიფათო განცხადებებს აკეთებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებებს ვგულისხმობ.
არადიპლომატიურ განცხადებებში არაერთხელ შემჩნეული საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ისე ითვლის მეჩეთის ასაშენებელ ადგილებს, გეგონება საკუთარ კარ-მიდამოში დაგეგმილ მშენებლობაზე საუბრობდეს.
ამასთან, ქართველი მუსლიმების აშენებულ შენობებზე ისე ხელაღებით ამბობს თურქულიაო, თითქოს, ეს ამბავი ორჯერ ორი ოთხი იყოს და არა სადაო საკითხი. არასწორი და არადიპლომატიური განცხადებებით საკუთარ პოლიტიკურ გუნდს რომ ვნებს, ეს ცალკე საკითხია. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისედაც პრობლემებით დახუნძლულ ქვეყანას მოუზომელმა და თან რელიგიურ საკითხთან დაკავშირებულმა განცხადებებმა მდგომარეობა შეიძლება უფრო გაურთულოს.
მაია ფანჯიკიძემ 28 მარტს ბათუმში ყოფნისას საჯაროდ განაცხადა, რომ თურმე, რამდენადაც მან იცის, ბათუმში, ან მის შემოგარენში სამი ადგილია გამოყოფილი იმისთვის, რომ აირჩეს სწორი ადგილი მეჩეთის ასაშენებლად და, რომ ამ საქმეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად მიიღებს მონაწილეობას. ფანჯიკიძის ეს განცხადება „აჭარის ტელევიზიის“ სიანფორმაციო გამოშვებაში გავიდა. ფანჯიკიძის ამგვარი განცხადების დადასტურება ან უარყოფა ჟურნალისტებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს ის, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდება თუ არსებული მეჩეთი გაფართოვდება. გამომდინარე აქედან, ხაბაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ადგილის შერჩევაზე საუბარი ნაადრევია.
საქართველოს ხელისუფლების წევრები, ჯერჯერობით, სიტყვას არ ძრავენ იმ წინადადებებზე, რომლითაც ჩვენმა პატრიარქმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 27 მარტს გამართული შეხვედრის დროს მიმართა და ამით, ჩვენი აზრით, გააკეთა ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას მრავალი წლის წინ უნდა გაეკეთებინა.
პატრიარქმა ბატონ დავუთოღლუსთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების იურიდიული სტატუსის განსაზღვრაზე, მათი აღდგენის საქმეში იუნესკოს ჩართვაზე და ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზე.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატრიარქის წინადადებებზე თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა, მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი და სასარგებლო წინადადებების განვრცობას და მოლაპარაკებების ამ მიმართულებით წარმართვას არ შეეცდებიან, თურქეთის ხელისუფლება ამაზე თავს არ შეიწუხებს.