ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, სკოლებში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, წელსაც, სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება საკლასო ოთახების ნაცვლად, მონიტორებთან მოუწევთ. კოვიდ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, საკოორდინაციო საბჭოში ფიქრობენ, რომ სასწავლო პროცესი კვლავაც დისტანციურ რეჟმში უნდა განახლდეს.
ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც განაცხადა: „ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება. ასევე ვაქცინაციის სტატუსი - პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად ეპიდემიური მდგომარეობა და ვაცქინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა“,- განაცხადა გაბუნიამ.
დისტანციურ რეჟმში სწავლის განახლებისთვის მზად არიან პედაგოგებიც. როგორც for.ge-ს ერთ-ერთი სკოლის ქართულის პედაგოგმა ნანა ბეგიაშვილმა განუცხადა, თუ განათლების სამინისტრო ბრძანებას გასცემს, რომ სწავლა დისტანციურად დაიწყოს, ამისთვის უკვე მზად არის. მისივე თქმით, გასულ წელს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით გამოცდილება უკვე აქვს.
„ძალიან მინდა, რომ სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში განახლდეს. მომხრე ვარ, რომ პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია აცრილები იყვნენ. ბავშვებთან გვიწევს ურთიერთობა და აცრის შემთხვევაში დაცულები ვიქნებით, როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეებიც.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში განახლდეს. თუმცა, ვიაზრებთ, რომ ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა არცთუ დამაკმაყოფილებელია. ამიტომ, პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთვისაც მზად ვართ. გასულ წელს კარგი გამოცდილება მივირეთ. რა თქმა უნდა, დისტანციურ სწავლებას აქვს თავისი მინუსები - გაკვეთილის პროცესის დრო მცირეა, ვერ ასწრებ ყველა ბავშვის გამოკითხვას, როგორც ეს საკლასო ოთახებში ხდება. მოსწავლეებისთვისაც რთულია დისტანციურ რეჟიმში სწავლა. ისეთი ყურადღებით არ არიან, როგორც სკოლაში ყოფნისას, მაგრამ ჯანმრთელობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებ, რომ 15 სექტემბრამდე ეპიდმდგომარეობის დინამიკა დაიწევს და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ მოგვიწევს“, - გვითხრა პედაგოგმა.
დისტანციურ სწავლების პლუსებზე და მინუსებზე გვესაუბრა ფსიქოლოგი ნანა სართანია.
„დისტანციური სწავლების პლუსი ის არის, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება. რაც შეეხება მინუსებს, განათლებასთან დაკავშირებით მინუსი ძალიან ბევრია. თავად ბავშვები ონლაინ სწავლებას სასწავლო პროცესად ვერ აღიქვამენ და შესაბამისად, დამოკიდებულებაც არაადეკვატურია. დისტანციური სწავლების სისტემა თუ გამართულია, დაბალ კლასებში უფრო მუშაობს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეს, მშობელი თავზე ადგას და სასწავლო პროცესში ჩართულია. თუმცაღა, პედაგოგების მხრიდან არის პროტესტი, რადგან მშობლების მხრიდან მოსმენა მიმდინარეობს, რადგან სასწავლო პროცესში ყველა ოჯახის წევრი ჩართულია. ეს ბავშვზე მოქმედებს. ამის მიუხედავად, მშობლების როლი დიდია და დაწყებით კლასებში შედეგიც უფრო მეტია. მაღალ კლასებში უფრო ნაკლები შედეგია და ეს ჩვეულებრივ ბუნებრივი მოვლენაა“, - გვითხრა ფსიქოლოგმა.
დისტანციური სწავლების წინააღმდეგია პირველი კლასის მოსწავლის მშობელი გვანცა ბეღელაძე. მას იმედი აქვს, რომ მასწავლებლების უმრავლესობა აიცრება და სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში განახლდება.
„რა თქმა უნდა, როგორც მოსწავლის დედა, დისტანციურ სწავლებას არ ვეთანხმები. პირველი კლასელი ბავშვისთვის ძალიან რთულია აუხსნა, თუ რას ნიშნავს დისტანციური სწავლება. აქედან გამომდინარე, რა სწავლაზეა საუბარი?! იმედი მაქვს, პედაგოგების 60-70% აიცრება და ამას დამტებული 12 წლიდან ბავშვების აცრაც თუ დაიწყება, შიში არ მექნება იმის, რომ ბავში სკოლაში გავუშვა. მყავს უფროსი შვილი და თუ დაიწყება 12 წლის ზევით აცრა, აუცილებლად ავცრი“, - გვითხრა პირველი კლასის მშობელმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და იუნისეფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ევროპის მასშტაბით სკოლები ღია უნდა დარჩეს.
„პანდემიამ გამოიწვია განათლების ყველაზე კატასტროფული შეფერხება ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გახსნან სკოლები და მოვუწოდებთ ყველა სკოლას, მიიღონ ზომები „კოვიდ 19“-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად“, - აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორთან, ფილიპ კორისთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმო და იუნისეფი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვაქცინაციის პროგრამების პირველადი სამიზნე ჯგუფები მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ. ამასთან, აცრა უნდა გაუკეთდეს 12 წლის ასაკიდან ყველა ბავშვს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამასთან, ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ სასკოლო გარემო უსაფრთხო უნდა იყოს კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შეძლებისდაგვარად შემცირებით, საკლასო ოთახების ვენტილაციის უზრუნველყოფით, ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით და სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის კოვიდტესტების რეგულარულად ჩატარებით.