„ოპოზიციის მთელი ტაქტიკა არასწორადაა აგებული. ოპოზიციის სურვილები და მოსახლეობის სურვილები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს აცდენილია. მოსახლეობას არ უნდა მიტინგები და ქუჩის არეულობა, ოპოზიცია კი გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
სოფელ ხიბულაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა პრემიერმა ღარიბაშვილმა. ხიბულისკენ მიმავალი გზა 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმაც გაკვალა და წყალმომარაგების, გაზიფიცირების, გზის გაყვანის დაპირების გაცემისას იქაურებს მიმართა, „ჩათვალეთ, ამ ყველაფერს ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“. ზვიად გამსახურდიას უკვდავყოფის ტრადიცია უზრუნველყოფს იმას, რომ ხელისუფლებამ სათავისოდ განაწყოს სამეგრელოს ელექტორატი? რამდენად გამართლდება „ქართული ოცნების“ კვლევის შედეგები, რომლითაც „ოცნება“ ყველა რეგიონში ლიდერობს?
- კვლევის შედეგებზე რა მოგახსენოთ, ეს მაინც არის პარტიული კვლევები. ვისი ეგიდითაც არ უნდა ჩატარდეს, პარტიული კვლევები სანდოობას ნაკლებად დაიმსახურებს. პარტიული დაკვეთა პიარისთვის უფრო გამოიყენება, ვიდრე სერიოზული კვლევისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, ობიექტური კვლევის შედეგებიც ჰქონდეთ პარტიებს. რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, ხელისუფლება ყველა რეგიონში ერთი და იმავე სლოგანით გამოდის, ირაკლი ღარიბაშვილის ძირითადი პოსტულატები არც ერთ გამოსვლაში არ იცვლება. მათ შორის, არც სამეგრელოში და გამოირჩევა ძირითადად წინა ხელისუფლების კრიტიკით. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ მესვეურნი ლაპარაკობენ იმაზე, რა პროექტები განხორციელდა ყველა რეგიონში. სადაც „ქართუ ბანკის“ მიერაა გაკეთებული რამე, იმასაც არ გამოტოვებენ და სახელისუფლებო ყულაბაში დებენ. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, აკეთებენ იმის მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოდ შეუძლია. ოპოზიცია, თვით „ნაცმოძრაობაც“ კი ისეთი აქტიური არ არის, როგორიც უნდა იყოს და ამ ფონზე შთამბეჭდავია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. თუმცა ეს ჯერჯერობით დასაწყისია, წინ კიდევ ერთი თვეა. ამ ერთ თვეში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და სიტუაცია სხვაგვარად დალაგდეს. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან შედარებით წარმატებულ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას ფაქტორს, ეს ფაქტორი დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ სამეგრელოში, თუმცა სამეგრელოში ზვიადის სახელს ხაზგასმით იყენებს ყველა პოლიტიკური ძალა.
სააკაშვილმაც ამიტომ ჩამოასვენა გროზნოდან ზვიად გამსახურდიას ნეშტი.
- რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ამას რომ გამოიყენებს „ქართული ოცნება“, ეს ცხადია. დარწმუნებული ვარ, ამავეს გააკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პოლიტიკური ძალები, ესეც ფაქტია. ამ პათოსს ვინ გაუშვებს ხელიდან? პიარის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი იქნება ის, რაც ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.
ამ არჩევნებში ხალისით არ ერთვება ოპოზიცია. თვით ბურჯანაძეც კი, რომელიც წინა არჩევნებზე ემუქრებოდა „ქართულ ოცნებას“, რომ არ აპატიებდა არჩევნების გაყალბებას, გაჩერებულია. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის თვალში არ აქვს ფასი თვითმმართველობის არჩევნებს, თუ მართალია ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია ემზადება 3 ოქტომბრისთვის?
- თუ ასე გაგრძელდა პროცესები, როგორც მიდის, 3 ოქტომბერი ისეთი ვერ იქნება, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. 3 ოქტომბერს სხვაგვარი შემზადება სჭირდება და, თუ დღეს ოპოზიცია არის ასეთი დაშლილი და არა აქტიური, 3 ოქტომბერს რა უნდა გააკეთონ და რა უნდა თქვან? თავი დავანებოთ იმას, რომ არანაირი განწყობა მოსახლეობაში 3 ოქტომბრისთვის არაა და არც იქნება რეალურად. მე უფრო სხვაგვარად ვუყურებ პროცესებს, მე მგონი, ოპოზიცია ამას მშვენივრად ხედავს, ძნელია, არ დაინახოს, თუ თვალები დაიბრმავეს, კი ბატონო, ძალიან აშკარად ჩანს, რომ საზოგადოებაში ახლა არანაირი აგრესია და რევოლუციისთვის მზადყოფნა არაა, უამრავი პრობლემა აქვს ყველას, ამიტომ არავის არ სცხელა 3 ოქტომბრისთვის, მით უმეტეს, როცა ამას ის პოლიტიკური ძალები სთავაზობენ, რომელთა მიმართ ნდობაც ისედაც არ არის მაღალი. ასეთ ვითარებაში რა 3 ოქტომბერი უნდა იყოს, ძნელად წარმომიდგენია. ხელისუფლება 3 ოქტომბერზე იმიტომ ლაპარაკობს, რომ იცის, ჩვენს საზოგადოებაში საამისო განწყობა არ არის და, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება წინასწარ აფრთხილებს, თუ აშანტაჟებს მოსახლეობას, რომ უნდა ელოდონ „ნაციონალების“ მიერ მოწყობილ 3 ოქტომბერს. ამით ხელისუფლებას სურს, მერყევი ამომრჩეველი მიიყვანოს საარჩევნო ყუთთან.
ეს ნიშნავს, რომ ამართლებს ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, რომ 2024 წლამდე გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა?
- ასე არ უნდა იყოს. თუ გულწრფელად შევხედავთ მოვლენებს, დღეს „ქართულ ოცნებას“ რეალური მხარდაჭერა მოსახლეობაში ნამდვილად არ აქვს, დღეს „ქართული ოცნება“ იმარჯვებს იმიტომ, რომ ოპოზიცია არ გვყავს, ეს ძალიან სუსტი ოპოზიციაა. თანაც, ოპოზიციის მთელი ტაქტიკა არასწორადაა აგებული. ოპოზიციის სურვილები და მოსახლეობის სურვილები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს აცდენილია. მოსახლეობას არ უნდა მიტინგები და ქუჩის არეულობა, ოპოზიცია კი გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს.