„სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და გრიგოლ ვაშაძე - ქართულ პოლიტიკურ ველზე „მესამე ძალის“ სახელით შემოდიან. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მათი მცდელობაა შექმნან ღია პლატფორმა, სადაც როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფები, კონკრეტული პირები გაერთიანდებიან. მისი თქმით, „მესამე ძალის“ მიზანია ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მაქსიმალური დაჩქარება და დეოკუპაციისკენ სვლა. ვაშაძის სახით „მესამე ძალის“ ფორმირებას სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე: „მოლოდი, რომ ქართველი ამომრჩეველი შეიძლება აღფრთოვანდეს და ელექტორალური განწყობის მობილიზაცია მოხდეს ვაშაძეების გაერთიანების გამო, სასაცილოა“.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
დიდი და პატარა ვასაძეების მიერ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის რა პერსპექტივა არსებობს და რამდენად კონკურენტული ძალა იქნება როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის?
სოსო მანჯავიძე: არ ვიცი, საიდან დაასკვენით, რომ ორი ვაშაძის გაერთიანება არის მესამე ძალა. საერთოდ საქართველოში ყველა ადამიანი მიუხედავად მისი რეალური პოტენციალისა, თავის თავს მიიჩნევს არა მესამე, არამედ პირველ ძალად. მათი ეს ბაქიაობა ქარწყლდება ყოველი არჩევნების შემდეგ და ამის მიუხედავად, მომავალი არჩევნებისთვის იგივეს იმეორებენ. ერთ-ერთი არჩევნების წინ დავწერე, რომ ა.კ. - ანუ არაადეკვატურობის კოეფიციენტი უნდა შემოვიღოთ - რომელიმე პარტიის მიერ არჩევნებში მისაღები შედეგების ოფიციალურად გამოთქმული პროგნოზი გაყოფილი არჩევნებში ოფიცალურად მიღებულ შედეგზე. ეს ხუმრობით, რადგან პოლიტიკოსების ასეთ ქცევას სერიოზულად ვერ მივუდგებით.
მაგალითად, როდესაც არის მოლოდინი, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მიიღებს 20%, ან 50% და რეალურად მიიღებს 3%-ს, უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებს აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან, როდესაც ადამიანს სოციუმში არსებული ვითარების იმდენად არაადეკვატური აღქმა აქვს და ის ათჯერ განსხვავდება მისი მოლოდინისგან, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი პოლიტიკურ ველზე საშიშია, ის უფრო ფსიქიატრიული კვლევის საგანია.
როდესაც ამბობ, რომ არჩევნებს მოიგებ და ამ დროს იღებ რეალურ 3%-ს, ან 1%-ს, ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანების დაჯგუფება მარტო ამ საკითხში არ იქნება არაადეკვატური, სხვა საკითხებშიც არაადეკვატური იქნება. უნდა ჰკითხოთ ბატონ ვაშაძეს რამდენ პროცენტს მიიღებს, შემდეგ ნახეთ რეალურად რამდენ პროცენტს მიიღებს და ეს გაყავით მიღებულ შედეგებზე. ასეთი რამ ხომ ბევრჯერ მომხდარა.
თქვენი აზრით, რაზე აქვთ გათვლა, როცა ეს ჯგუფი ამბობს, რომ მესამე ძალა იქნება?
- ჩვეულებრივი ბაბლებია, აბსოლუტურად დახურული საზოგადოებები, რომლებსაც საზოგადოების დიდ ნაწილთან გასასვლელი არ აქვთ. ან აქვთ და საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ვაჭრობასთან და თაღლითობასთან. სინამდვილეში, ის, რომ ქართველი ამომრჩეველი შეიძლება შთაგონდეს და აღფრთოვანდეს, ელექტორალური განწყობის მობილიზაცია მოხდეს ამ ვაშაძეების გაერთიანების გამო, ასეთი ტიპის მოლოდი სასაცილოა. უბრალოდ, ეს ქართული პოლიტიკის გარკვეული ნაწილზეა გათვლილი. უამრავი ადამიანი გაანაწყენა „ქართულმა ოცნებამ“, რომლებიც, ამავე დროს, ვერ იტანენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ეს ადამიანები ამბობენ, რომ „ოცნების“ ჯიბრზე ნაცებს მისცემენ ხმას.
ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც სრულიად სამართლიანად არის გაბრაზებული და ჯიბრზე გეგმავს ხმის მიცემას, ასეთი დაახლეობით 50%-ია. როგორ ფიქრობთ, ამომრჩევლის ეს ნაწილი ჯიბრზე გახდება ვაშაძეების ამომრჩეველი?
- ამ ჯიბრზე მისაცემ ხმებზე ნადირობენ და ამბობენ, რომ აი, ჩვენ ვართ მესამე ძალა. გასაგებია, რომ გაბრაზებული, მაგრამ ჯიბრზე რატომ მისცემს ხმას ვაშაძეებს, მით უმეტეს, რომ არც ერთი პარტია არაფერს არ ამბობს კონკრეტულს ქვეყნის წინაშე მდგარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ? დააკვირდით, ყველა ერთი და იგივე სიმღერას მღერის ამ პანდემიასთან დაკავშირებულ წარმოუდგენელ ბაქჰანალიასთან დაკავშირებით. ყველა საინფორმაციო საშუალება და მათი მომსახურე ე.წ. პარტიები ერთი და იგივე სიმღერას მღერიან..
შევარდნაძისგან მოყოლებული მუდამ არის საუბარი მესამე ძალის ფორმირების აუცილებლობაზე. ფაქტობრივად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ბევრჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ შექმნილიყო მესამე ძალა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უშედეგო გამოდგა. რატომ არის ასეთი გადაჭარბებული მოლოდინი მესამე ძალის ფორმირებასთან დაკავშირებით?
- გასაგებია, ეს რატომაც არის. ეს დიხატომია გასაგებია, ისინი პრინციპულ საკითხებში ერთმანეთს არ უპირისპირდებიან. ანუ, ეს დაახლოებით ისეთი დიხატომიაა, როგორც მაგალითად რესპუბლიკელების და დემოკრატების გაერთიანება აშშ-ში. ჩვენთან არსებული პოლიტიკური სისტემა მთლიანად იმართება და წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკური სისტემის ნაწილს და მსოფლიო პოლიტიკური სისტემის მიერ დაწესებული წესებით თამაშობს. დავაკვირდეთ, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილი და მისი სახელმწიფო ტერორის მანქანის მუშაობა განსხვავდება იმისგან როგორც მუშაობს „ქართული ოცნება“, მაგრამ დავაკვირდეთ, იდეოლოგიურ საკითხებში აბსოლუტურად ერთნაირი მიდგომები აქვთ. ეს ეხება გენდერულ თეორიას, თუმცა „ქართული ოცნება“ გაცილებით რბილად მოქმედებს ამ მიმართულებით. ახლა დავაკვირდეთ პანდემიასთან დაკავშირებით რაც ხდება - ჰოი საოცრებავ, ერთ პროპაგანდისტულ ნარატივს ვხედავთ „მთავარში“ და „იმედში“. გასაგებია, ეს რითი აიხსენება - მათი დაფინანსების წყაროები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ერთია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ხალხი ელოდება ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სხვა დღის წესრიგს შემოიტანს ქვეყანაში და ამ დამღუპველ ტენდენციებს შეეწინააღმდეგება. თუმცა ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნას სრულად ეწინააღმდეგება სისტემა, რომელიც არ უშვებს ამის შესაძლებლობას. ამიტომ, საიდან უნდა აღმოცენდეს მესამე ძალა? ქვეყნის შიგნით ამის საშუალება არ არის, ქვეყნის გარეთ რაც ხდება, ვიცით. აქედან გამომდინარე ხალხის მოლოდინი სრულიად გასაგებია. პერიოდულად აღმოცენდება სიმულაციური მესამე ძალა და ჩაიფუშება. სწორედ ასეთ ერთ-ერთ სიმულაციაზე გვაქვს ამ ინტერვიუში საუბარი.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას არ უთქვამს, რომ აქვს პრეტენზია, იყოს მესამე პოლიტიკური ძალა, მაგრამ თუ გადავხედავთ მისი მოქმედების სტრატეგიას, შეიძლება ითქვას, რომ გახარიას თვითმმართველობის არჩევნები აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა?
- ვფიქრობ, რომ გახარიას ელექტორალური შანსები დაახლოებით 5-8%-ია და რამდენად შეიძლება ეს მესამე ძალა იყოს, ეს თქვენ თვითონ განსაზღვრეთ.
უჩვეულოდ პასიურია „ნაციონალური მოძრაობა“, რაზეც ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ ოპოზიცია ემზადება 3 ოქტომბრისთვის და ამ არჩევნებს განიხილავენ როგორც რეფერენდუმს. ნაციონალების ეს პასიურობა რისი მანიშნებელია, მზადება 3 ოქტომბრისთვის, თუ წინასწარ იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები?
- წაგებული როგორ აქვთ? იმდენივეს აიღებენ, რამდენიც წინა არჩევნებზე აიღეს და ამაში მათ ხელს შეუწყობს „ქართული ოცნება“. იქნება ეს ორპოლუსიანი ველი, რაც ორივეს აწყობს ამ ვითარებაში.
დედაქალაქში, ალბათ, უნდა გამოვრიცხოთ მეორე ტური, მაგრამ რეგიონებში ელოდებით, რომ იქნება მეორე ტური?
- რა თქმა უნდა, რამდენიმე რეგიონში იქნება მეორე ტური, რადგან ბევრ რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა.ალბათ, ეს უფრო იუმორის ჟანრია, მაგრამ თბილისის მერობაზე პრეტენზია გამოთქვა ნიგერიის მოქალაქემ, მისი რეკლამირებით არის დაკავებული ოპოზიციური მედია. გაცილებით მეტი დრო ეთმობა მის რეკლამირებას, ვიდრე ნიკა მელიას. ნიგერიის მოქალაქის არჩევნებში შემოყვანა რა პროცესია? წარმოუდგენელია, რომ ეს მისი ინიციატივა იყოს...
-გასაგებია, რომ ეს რომელიღაცა პარტიის პოლიტიკური ტრუკია, მაგრამ ეს ნიგერიელი, რიჩარდ არინზე ოგბუჯგუ კარგად განასახიერებს და კარგი სიმბოლო გახდა იმ აბსურდისა, რომელიც ხდება საქართველოში და არა მარტო საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში. არჩევნები და იმიტაციური დემოკრატია გადაიქცა შაპიტოს ცირკად, სადაც მსგავსი პერსონაჟები გარკვეულ პერსონას წარმოადგენენ.