ქართველები განსაკუთრებული მენტალიტეტის მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში არაერთხელ ვვარდებით. გამონაკლისს არც სპორტის სამყაროს წარმომადგენლები შეადგენენ..
ჩვენებურების უცხოურ „ამბებს“ ადრე რამდენიმე წერილი მივუძღვენი და ამ ტრადიციას დღეს კვლავ გავაგრძელებ.
ალბათ გახსოვთ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ფირუზ კანთელაძე. ბატონი ფირუზი თბილისის „დინამოში“ წინა საუკუნის 70-იან წლებში ასპარეზობდა. თქვენი არ ვიცი, მე კი კანთელაძის ხსენებაზე თვალწინ 1976 წლის სამი სექტემბერი წარმომიდგება. იმ დღეს „დინამომ“ სსრკ-ის თასი პირველად მოიპოვა და იმ მატჩში ერთი გოლი კანთელაძემ გაიტანა.
დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი იქნება, რომელიც მისთვის დამახასიათებელი იუმორით ქართველების შორეულ ინდონეზიაში სტუმრობას გაიხსენებს.
„ფირმა მაინც ფირმაა, ძმაო, - იტყოდნენ ხოლმე მაშინ ჩვენი თბილისელი ბიჭები, რადგან „ფირმაში“ გასვლა ყველას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. ჩვენთვის - სპორტსმენებისთვის - ეს ამბავი „მიღწევადი“ იყო და არც თუ იშვიათად, მაგრამ ინდონეზიაში რომ ვიყავით, იმას, ალბათ, ვერასდროს დავივიწყებ.
სასტუმროს ფანჯრებზე „მარლები“ იყო აკრული - კოღოები გვიტევდნენ ძალიან თავხედურად, თან ზოგი აქტიური ინფექციის გადამტანიც იყო. ამიტომ დაგვარიგეს, ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავით. კოღო ჰაერშია, მაგრამ საშიშროება და თან უფრო საგანგაშო მიწიდან უფრო გვემუქრებოდა: ხვლიკები, გველები და ბაყაყები, თან არც თუ ისე მშვიდობიანები, ჩვენთან რომ არიან, საქართველოში.
სამაგიეროდ, კვება გვქონდა ფრიად შესაშური. ჩაგვიყვანეს პირველ დღეს სასადილოში, გამოგვიცხადეს: ქართველებო, ხინკალზე - ბოდიში, მაგრამ ქათმის ხორცი თავზე საყრელიაო. დიდი სიამოვნებით მივირთვით ქათმის კერძი, რომელიც ბევრად არ ჩამოუვარდებოდა ქართულს. გვარიანად რომ დავნაყრდით, მერე „გაჟონა“ ინფორმაციამ, რომ ის გემრიელი ქათმის ხორცი, არც მეტი, არც ნაკლები - ინდონეზიური ბუთქუნ-პუტკუნა ბაყაყები ყოფილა.
თქვენდა გასაკვირად, ბიჭებს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამთ, მხოლოდ მანუჩარ მაჩაიძე ვეღარ მოვაშორეთ საპირფარეშოს. ერთ დღეში ოთხი კილო დაიკლო გულისრევის გამო...“
საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში განვითარდა. მისი ფუძემდებელი ბატონი ლადო მრელაშვილი გახლდათ. ბევრმა არ იცის, მაგრამ ერთხელ ამჟამინდელი „ბორჯღალოსნების“ წინაპრებს სერიოზული საფრთხე დაემუქრათ და ლამის მთელი გუნდი იმდროინდელი „კგბ“-ს კლანჭებში აღმოჩნდა. ამ „პოლიტიკური ინციდენტის“ მოთავე მაშინ ახალგაზრდა მორაგბე ამირან ლობჟანიძე იყო, რომელმაც ქალაქ რიგაში „ანტიკომუნისტური“ საქციელი ჩაიდინა. უმჯობესი იქნება ამ შემთხვევას თავად ბატონი ლადო თუ მოგვიყვება.
„წინა საუკუნის 60-იან წლებში, რიგაში ვთამაშობდით ერთ-ერთ ტურნირზე. ამ შეჯიბრების ფინალში ადგილობრივ გუნდს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით. მასპინძლებს, როგორც გამარჯვებულებს, იშვიათი სილამაზის თასი გადასცეს. არადა, თამაშის დაწყებამდე ჩვენს ბიჭებს გულით სურდათ ამ ჯილდოს თბილისში წამოღება.
დინამოელებს იქვე, მოედანზე, ლენინის პორტრეტიანი ჟეტონები ჩამოურიგეს. ჩვენმა მოთამაშე ამირან ლობჟანიძემ დაუარა გუნდს, ყველას გამოართვა საჩუქარი, მუჭში მოაგროვა, მივიდა ტრიბუნებთან და მაყურებლებში გადაყარა.
აბა, ლენინის შეურაცხყოფას მაშინ ვინ გაპატიებდა. ატყდა ერთი ამბავი. იმ საღამოსვე სასტუმროში დაგვადგნენ უშიშროების თანამშრომლები. ამირანი დავმალეთ, არ გამოვაჩინეთ. ქართული მარიფათისა მოგეხსენებათ, ჩავფარცხეთ საქმე.
ბოდიში კი მოვუხადეთ „კაგებეშნიკებს“, მაგრამ თავიც ვიმართლეთ: ჟეტონებზე ბელადის ჯეელობის სურათი იყო ამოტვიფრული და ვერ ვიცანით, თორემ დიდ ლენინს ასეთ რამეს როგორ შევკადრებდით, ჟეტონებიც მაყურებლებში მათი პატივისცემის ნიშნად მოისროლა ლობჟანიძემ-მეთქი“.
გუშინ იტალიის ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მილანის „ინტერმა“ საკუთარ სტადიონზე დაუძინებელ მტერს - ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დამარცხდა - 1:2. გუშინ ერთ-ერთ ქართულ სპორტულ ვებ-გვერდზე საინტერესო განცხადებას გადავაწყდი, სადაც „ინტერის“ თბილისელი თაყვანისმცემლები ერთ-ერთ კაფეში თავმოყრასა და საყვარელი კლუბის თამაშის ყურებას აპირებდნენ.
ახალგაზრდა თაობას და მათ შორის თბილისელ „ინტერისტებს“ ალბათ გაუგიათ, რომ თავის დროზე, უეფას თასზე თბილისის „დინამოს“ მილანური გუნდი დამარცხებული ჰყავს. ქართველების ის წარმატება საყოველთაოდაა ცნობილი. გაგიკვირდებათ და „სან სიროზე“ მოგების შემდეგ „დინამოს“ ფეხბურთელები მხოლოდ 500-500 მანეთით დასაჩუქრდნენ. ვეტერანი მოთამაშე დავით მუჯირი „დინამო“-„ინტერის“ დაპირისპირებას შემდეგნაირად იხსენებს.
„როცა უცხოეთში მივდიოდით, ალბათ, დაგვყვებოდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ყოველდღიურ თანხას, ეგრეთ წოდებულ „სუტოჩნის“ არ გვაძლევდნენ, მხოლოდ იმდენ ფულს გვიხდიდნენ, სუვენირები რომ შეგვეძინა.
მილანის „ინტერი“ რომ გამოვთიშეთ, განსაკუთრებული პრემიები არ მიგვიღია. დაწესებული ნიხრი მოქმედებდა - საბჭოთა კავშირის პირველობასა და თასზე რასაც ვიღებდით, ევროსარბიელზე პრემიები იმაზე მნიშვნელოვნად მეტი იყო, 500-600 მანეთამდე, თანხას მხოლოდ საბჭოთა ვალუტაში ვიღებდით.
მილანში გამარჯვების შემდეგ გონზე ვერ მოვდიოდით, „ინტერის“ სტუმრად დამარცხებამ ძალიან გაგვახარა და თან ძალიან... გაგვაკვირვა - თურმე, შეგვძლებია ევროპული გრანდების დაჯაბვნაც.
საპასუხო შეხვედრისთვის მთავარი ამოცანა უცვლელი დარჩა - გოლის არგაშვება. უნდა ვაღიარო, რომ თბილისში ძალიან გამიჭირდა მურაროს მეურვეობა - მისი ამოკეტვა ამჯერად უფრო შრომატევადი გამოდგა, ვიდრე მილანში. მურარო უკანაც იხევდა ბურთის მისაღებად და შესაბამისად, მეც უფრო დავიტვირთე. ჩემს კარიერაში ყველაზე მეტი წონა სწორედ ამ თამაშში დავიკელი - 5,4 კილოგრამი, რაც, რა თქმა უნდა, მურაროს „დამსახურება“ გახლდათ.“
ჩვენი შემდეგი სტუმარი ბატონი ვლადიმერ უგრეხელიძე იქნება. „პტიცა“ უდიდესი კალათბურთელი იყო და ჰაერში თვით მაიკლ ჯორდანივით დაფრინავდა. სამწუხაროდ ეს დიდებული პიროვნება რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
გურამ მინაშვილი და ვლადიმერ უგრეხელიძე სსრკ-ის ნაკრების რიგებში 1960 წლის რომის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ და საქართველოში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ. ერთ-ერთ მატჩში სსრკ-ის გუნდი მასპინძლებს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში ერთი ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც იმდროინდელ საბჭოთა წყობას ნიღაბს აშკარად ხდიდა.
ვლადიმერ უგრეხელიძე: „რომის ოლიმპიურ თამაშებზე სსრკ-ის ნაკრების რიგებში ვირიცხებოდი. მასპინძლებთან დაპირისპირება მოგვიწია. იმ შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი გურამ მინაშვილს ჰქონდა, რომლის წართმევასაც იტალიის ნაკრების წევრი ვიონელო უპირებდა.
გურამმა ბურთი დაფარა და შემთხვევით იტალიელს კბილებში იდაყვი მოარტყა. ვიონელოს სისხლი წასკდა და განრისხებულმა ფანებმა ტრიბუნიდან სეტყვასავით დაგვიშინეს იტალიური ლირები. ბიჭებს გავძახე, აკრიფეთ-მეთქი. საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდა და ამ „ძღვენით“ მაშინ ძნელად საშოვნი მუსიკალური ფირფიტები შევიძინეთ.“
დღევანდელი წერილის დასასრულს კვლავ ბატონ ვლადიმერს გავიხსენებ და ერთი ძველი ინტერვიუს პატარა ნაწყვეტს წარმოგიდგენთ. ვიცი რომ არაერთ ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, ვლადიმერ უგრეხელიძეს ზედმეტსახელი „პტიცა“ როდის და რა მიზეზის გამო შეარქვეს. ამ კითხვაზე პასუხს თავად კალათბურთელისაგან მოისმენთ.
ჰაერში სიარულსა თუ ფრენის გამო, მეტსახელად „პტიცა“ შეგარქვეს. მაინც როგორ ახერხებდით ამას?
- აბა რა გითხრათ, ჩემდა უნებურად, თავისთავად გამომდიოდა. რომ გითხრათ ჰაერში სიარულში ვვარჯიშობდი-მეთქი, დამიჯერებთ? ეს ხომ უაზრობაა? მეგობრები მეხუმრებოდნენ, ექიმს გაესინჯე, ორგანიზმში რაღაც ვერ გაქვს კარგად, დედამიწის მიზიდულობის კანონს არ ემორჩილებიო. სხვათა შორის, მერე მაიკლ ჯორდანი დადიოდა ჰაერში. ჩვენს გარდა, არავის უფრენია.
ჰაერში რამდენ ნაბიჯს დგამდით?
- სხვათა შორის, ამაზეც მაშაყირებდნენ ბიჭები - უგრეხელიძე ჰაერში „პრაბეჟკას“ (გარბენი) აკეთებსო. ისე, „პტიცა“ კალათბურთში არ შეურქმევიათ. სკოლის მოსწავლე ვიყავი, სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში ვსწავლობდი და მოსწავლეთა სპარტაკიადაზე ვიასპარეზე. სიმაღლეზე ხტომაში გამოვედი და როდესაც გადავხტი, მაშინ დაიძახა ვიღაცამ - „ლეტაეტ კაკ პტიცა“! სწორედ ამის შემდეგ შემარქვეს ეს მეტსახელი.“