„კეთილი სურვილების გზას ჯოჯოხეთისკენ მივყავართ“ - ოპოზიციის კეთილ სურვილებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“

„კეთილი სურვილების გზას ჯოჯოხეთისკენ მივყავართ“ - ოპოზიციის კეთილ სურვილებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“

„გიორგი ვაშაძისა და გრიგოლ ვაშაძის მოქმედებები გულწრფელია, რაღაც გამოსავალს ეძებენ, ალბათ, უნდათ მესამე ცენტრი შექმნან, თუმცა, უკვე გვიანაა. მესამე ცენტრის კონცეფცია უკვე აიღო და ეფექტურად მიჰყავს გიორგი გახარიას“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, რომელიც გიორგი ვაშაძის „მესამე ძალას“ შეუერთდა.

როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს მათ ეს ალიანსი?

- ეს წესით, ერთი წლით ადრე მაინც უნდა გაეკეთებინათ საპარლამენტო არჩევნებამდე. მაშინ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო და გიორგი ვაშაძე ტრიალდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო. არადამაჯრებელი იქნება მესამე ცენტრის კონცეფცია მათი ქცევებიდან გამომდინარე. ვინც მესამე ძალას ელოდება, მათთვის გახარია უფრო დამაჯერებელი იქნება. მათ რომ ნდომებოდათ და გამოსვლოდათ გახარიასთან გაერთიანება, რაც თავისთავად წარმოუდგენელია, ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ გიორგი გახარია, შესაძლოა, მესამე ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბდეს?

- შეიძლება ჩამოყალიბდეს, შეიძლება ვერა, მაგრამ აქეთ მიდის კონცეფცია, ცენტრი ამ მიმართულებით შეინიშნება. „ლელოს“ უნდოდა და ვერ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ძალიან დაუახალოვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტას, მან სახელი გაიფუჭა. გახარია ჯერჯერობით არავის უახლოვდება და ამით არის სუფთა, ვნახოთ, შემდეგ როგორ იქნება.

აქტიურად მიდის საუბარი არჩევნების გადადება-არგადადების საკითხზე. ვისთვის იქნება ეს მომგებიანი და ვისთვის წამგებიანი?

- არ გადაიდება, რადგან ხელისუფლება არც კი ფიქრობს ამაზე, ასევე არ ფიქრობს ამაზე წამყვანი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა.“ ასე რომ, არ მგონია, გადაიდოს.

ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, გადამწყვეტს უწოდებს. როგორია თქვენი პროგნოზი?

- ეს პირველად არ ხდება, როდესაც ოპოზიცია რეალობას აცდენილია. მნიშვენლობა არ აქვს „ქართული ოცნება“ 43%-ს აიღებს თუ ვერა, მან უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. ოპოზიცია ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღო 43%, არანაირი რეფერენდუმი არ იქნება და „ქართულლი ოცნება“ ამას არ შეიმჩნევს, იტყვის, რომ გაიმარჯვა. ოპოზიცია კი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას, არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, სამწუხაროდ.

მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგოს, მაგრამ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ვერანაირ ძალას. ჩემთვის მიუღებელია, როგორც ოპოზიცია, ისე „ქართული ოცნება.“ ძალიან გამიხარდება, თუკი ქართველი ხალხი ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ და შექმნის კოალიციურ კონცეფციას, მაგრამ ეს გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად გათვალა, თანაც ვერაგულად და თავის სასარგელოდ დაალაგა ვითარება. მას არ ადარდებს საქართველო, სახელმწიფო, ხალხი, სიცოცხლე, სიკვდილი, ოღონდ მან გაიმარჯვოს და ის ამას მიაღწევს. საშინელება არის ის, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ ფიქრობს სახელმწიფოზე.

თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ გაზაფხულზე, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია...

- არადამაჯერებელია, არსად ჩანს ეს გარდა ოპოზიციის საუბრისა და სურვილისა. „კეთილი სურვილების გზას ჯოჯოხეთისკენ მივყავართ“ და ეს არის მათი კეთილი სურვილები, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში არჩევნებს იგებს ოპოზიცია. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ოპოზიციურ ფლანგს?

- შანსები აქვს იგივე სამეგრელოში, არა „ნაცმოძრაობის“ კვლევებით, მე მას არ ვენდობი, მაგრამ აშკარად რუსთავში, სამეგრელოში და შეიძლება ქვემო ქართლსა და მარნეულში ოპოზიციას მეორე ტურის შანსი ჰქონდეს, თუმცა მეორე ტურის შემდეგ მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

რაც შეეხება ზუგდიდს, სადაც კვლევებით ანზორ მელია იმარჯვებს?

- ზუგდიდში, ალბათ, იქნება მეორე ტური. ხმები გაიყოფა და ვერავინ გადალახავს 50%-ს. მეორე ტურში „ქართული ოცნება“ და პლუს, გიორგი გახარიას კანდიდატი ან ანზორ მელია გავლენ, თუმცა მეორე ტურის შემდეგ ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

დიდი ხანია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის უპირატესობაზე ღიად საუბრობენ...

- კალაძე უცილობელი ფავორიტია და, როგორც ჩანს, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. გახარიას თბილისში რომ დაეყენებინა კანდიდატი, რაც ვერ გაბედა, არ ეყო პოლიტიკური ალღო, რომ თბილისში კანდიდატად თავისი თავი დაეყენებინა, მაშინ შესაძლოა, მეორე ტური ყოფილიყო. მაინც გაიმარჯვებდა კალაძე მეორე ტურში, მაგრამ სამაგიეროდ გახარია ძალიან ბევრ ხმას აიღებდა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქულებს ჩაიწერდა. არ ეყო მას პოლიტიკური ალღო და სითამამე, ეს ცუდის ნიშანია.

ასევე, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ხელს შეუწყობდა „ნაცმოძრაობის“ წარმატებას, მაგრამ ვერ ბედავს ექსპრეზიდენტი. ერთი კვირით რომ ჩაჯდეს ციხეში, ესეც კი არ შეუძლია გააკეთოს თავისი პარტიისთვის. თუ გახარიამ თბილისში თავისი კანდიდატურა არ დააყენა და სააკაშვილი არ ჩამოვიდა საქართველოში, არჩევნები ჩაივლის ისე, ვერც კი მივხვდებით, რომ არჩევნებმა ჩაიარა და ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი გახარია საკუთარ კანდიდატურას დააყენებს თბილისში, ეს ვითარებას რადიკალურად შეცვლის?

- პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს და აშკარად ახალი რეალობა შეიქმნება. სერიოზული პოლიტიკური პროცესები წავა თბილისში და შესაბამისად, საქართველოში. თუ გახარიამ საკუთარი კანდიდატურა დააყენა და ახალი რელობა შექმნა თბილისში, ეს გავლენას მოახდენს სხვა რეგიონებზეც. ახალი მოლოდინი გაჩნდება.

რატომ არ დააყენა საკუთარი კანდიდატურა თბილისში? თქვენ რამდენად იზიარებთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, კალაძისა და გახარიას ალიანსი ვიხილოთ?

- არ დააყენა ალბათ იმიტომ, რომ კალაძე არ გაანაწყენოს და მომავალზე ფიქრობს. ვერ ხედავს თავის თავს მდინარაძის გუნდთან გახარია, მაგრამ შესაძლოა, ხედავდეს მზარდ და პოპულარულ კალაძესთან. თუ ეს რეალურია, მაშინ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ რაღაც საერთო უნდა იპოვონ.