სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება _ ლალი მოროშკინა, თავისი “ჩანგლური ისტორიითა” თუ სხვა პიკანტური თავგადასავლებით, წლებია, ბრენდია. ჰოდა, ამ კუთხით სუბარს აშკარად გაუმართლა _ ბრენდი “ლალი მოროშკინა” მისთვის ერთგვარი გრანტია. იმის თქმა, მოროშკინა რომ არ იყოს, სასჯელაღსრულების სისტემა ვერ იფუნქციონირებდაო, არ შეიძლება, მაგრამ ლალის კრეატიული იდეები ციხეს აშკარად “აადამიანურებს...”
_ ლალი, როგორ ხარ, რა ხდება სასჯელაღსრულებაში?
_ რა ხდება და, _ რეორგანიზაცია და სისტემის გასაადამიანურებლად მუშაობა გრძელდება.
_ ესე იგი, ცოცხები და მსგავსი რაღაცები დამალეთ?
_ (იღიმება) ცოცხები დამლაგებლებსაც აღარ აქვთ! ერთია, როცა ადამიანი რაღაცას აშავებს და ციხეში ხვდება, მაგრამ მეორეა, სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხიდან როგორი გამოვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სისტემის თანამშრომლებმა პატიმრებს ცხოვრების კურსი შევუცვალოთ. შემიძლია, რამდენიმე ათეული ადამიანი დავასახელო, რომელსაც ე.წ. ქურდული მენტალიტეტი ჰქონდა...
_ მაპატიე, გაწყვეტინებ, მაგრამ ეს ადამიანები, იმის გამო, რაც წლების განმავლობაში საპყრობილეებში ხდებოდა, ალბათ, გაბოროტებულნიც იყვნენ, არა?
_ დიახ, ასე იყო და ამბობდნენ, ციხიდან რომ გავალთ, ცხოვრებას “ქურდული მენტალიტეტით” გავაგრძელებთ, რადგან არჩევანი ამ რეჟიმსა და “ქურდულ მენტალიტეტს” შორის უნდა გავაკეთოთო... ვანო, იცი, ასე კიდევ რატომ ფიქრობდნენ? _ იმიტომ, რომ ექვსი-შვიდი წელი ტელევიზორიც კი არ ჰქონდათ ნანახი, ანუ არ იცოდნენ, გარეთ რა ხდებოდა და ამ დროს, ციხეში ურტყამდნენ და სცემდნენ. ამ ხალხს თვითონ სისტემა უბიძგებდა, რომ “შავი მენტალიტეტის” მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საპყრობილეში ტელევიზორები შევიტანეთ, ბიბლიოთეკები გავხსენით და პატიმრებს პაემანი დაენიშნათ, სიტუაცია შეიცვალა. შეიძლება, მამაკაცს ცოლთან ურთიერთობა წლობით არ ჰქონდეს? _ ამის გამო ოჯახები, რა თქმა უნდა, ინგრეოდა. შეიძლება, შვილი მხოლოდ შუშის მიღმა ნახო და მას ხელი ვერ მოჰკიდო?
_ და სისტემის გაადამიანურების მთავარი ინიციატორი შენ ხარ?
_ ყველაფერ ამის ინიციატორი, პირველ რიგში, სოზარ სუბარია. დარწმუნებული ვარ, ამ სისტემაში სოზარზე ჰუმანური მინისტრი არასოდეს ყოფილა და, ალბათ, არც იქნება. სოზარმა საშუალება მომცა, რომ ეს პროექტები განმეხორციელებინა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბოლო, ასე ვთქვათ, ქმედება, რომელიც გავაკეთე, ციხეში ქორწილი იყო.
_ დიზაინერ ლიკა ყაზბეგის გათხოვებას გულისხმობ?
_ დიახ. ისე, მეგონა, ამაზე სოზარი უარს იტყოდა, რა დროს ქორწილიაო...
_ 9 წლის განმავლობაში, საპატიმროში ეს პირველი ქორწილი იყო?
_ კი... სხვათა შორის, კანონით, თუ პატიმრის ცოლმა მოინდომა, გაყრა ადვილად ხდება. ამიტომაც, ამ ცხრა წელში ოჯახები ტოტალურად დაინგრა. შესაბამისად, სოზარი ქორწილის იდეას დადებითად შეხვდა.
_ ლალი, ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებდი, მაგრამ რაკიღა სიტყვამ მოიტანა, მგონია, რომ ამ ქორწილის ინიციატორი თავიდან ბოლომდე შენ იყავი...
_ უბრალოდ, წავახალისე... ლიკა და გიორგი ერთმანეთს ადრევე იცნობდნენ, მაგრამ მერე, გიორგი დაიჭირეს და ის რეპრესიული მანქანა თავის თავზე გამოსცადა. მოკლედ, ლიკას შევთავაზე, თუ წინააღმდეგი არ ხარ, გიორგის შენს ტელეფონს მივცემ-მეთქი. კარგიო, თუმცა აღარ დავინტერესებულვარ, გიორგიმ დაურეკა თუ არა. ერთ მშვენიერ დღეს კი, ლიკამ მითხრა, მე და გიორგის ერთმანეთი შეგვიყვარდა, გვინდა, დავქორწინდეთ და შენ რას ფიქრობო... სხვათა შორის, ეს ქორწინება სხვა პატიმრებისთვის ძალიან დიდი სტიმული აღმოჩნდა...
_ ესე იგი, პატიმრები გთხოვენ, ვინმე გაგვაცანიო?
_ თხოვნა არ სჭირდებათ. ბევრი გოგონა, ვისაც ეკონტაქტებოდნენ, ადრე პატიმრებთან ლაპარაკს უკადრისობდა, ახლა კი, სიტუაცია შეიცვალა, თან საპყრობილიდან ტელეფონით დარეკვა შეიძლება...
_ რა, ციხეებში “მობილურები” “დაუშვით”?
_ არა, იქ ე.წ. სტაციონალური ტელეფონია... მოკლედ, ამ ქორწინების შემდეგ, ბიჭებს იმედი გაუჩნდათ, რომ ციხიდან გამოსულებს სიცარიელე არ დახვდებათ...
_ ასეა თუ ისე, ციხეში ქორწილი მაინც შენი ავანტიურა მგონია...
_ (იღიმება) ჩემი ყველა პროექტი ხომ ავანტიურისტულია?!
_ რა ამის პასუხია და, “ნაციონალები” ამტკიცებენ, ციხეში “მობილურის” გარდა, ნარკოტიკიც თავისუფლად შედის და, საერთოდ, საპატიმროებში “მაყურებლის ინსტიტუტი” დაბრუნდაო...
_ “მობილურის” შეტანის შემთხვევები იყო და ვერ ვიტყვი, ეს ჟურნალისტებს დაესიზმრათ-მეთქი, მაგრამ ამ ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია. რაც შეეხება ნარკოტიკს, ეს ნარკოტიკი კი არა, წამალია, რომლის დიდი დოზაც ნარკოტიკულ თრობას იწვევს. სხვათა შორის, 9 წლის განმავლობაში, ციხეებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ტრიალებდა. საერთოდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო _ განარკომანებული პატიმრები ჩავიბარეთ!
_ რას გულისხმობ?
_ ნარკოტიკების გაცემა პირდაპირ სამედიცინო პუნქტიდან ხდებოდა.
_ რატომ?
_ წამების შემდეგ, ადამიანებისთვის ტკივილი როგორმე ხომ უნდა გაეყუჩებინათ? _ ზოგი პატიმარი დღეში 40 აბ ე.წ. ტრანკვილიზატორს იღებდა, რომელიც ნარკოტიკზე უარესია და ორგანიზმს ანგრევს. ჩემი აზრით, ესეც გენოციდის ფორმა იყო, თუმცა ძალიან ბევრი პატიმარი, რომელმაც იცის, რომ ამნისტიით მალე გათავისუფლდება, ფსიქიატრთან შეხვედრას ითხოვს, რადგან უნდა, დოზა შეამციროს და წამალზე უარი თქვას.
_ ისე, ლალი, შენი შემხედვარე პატიმრებს ფსიქიატრი რაღაში სჭირდებათ?
_ პატიმრებს ყველაზე მეტად ადამიანური სითბო სჭირდებოდათ და ჩემგან ეს სითბო მიიღეს! სხვათა შორის, ამ სისტემაში, მგონი, ერთადერთი “უპაგონო” თანამშრომელი ვარ. შესაბამისად, პატიმრები ჩემთან უფრო ადვილად “იხსნებიან”.
_ რაზე გელაპარაკებიან ხოლმე?
_ ყევლაფერზე _ გაპარტახებული ოჯახებითა და ბიზნესით დაწყებული, დევნა-წამებით დამთავრებული.
_ ის ადგილები თუ ნახე, სადაც პატიმრებს აწამებდნენ?
_ რა თქმა უნდა... სხვათა შორის, ძალიან ბევრი ბიჭი ისეთ პრობლემაზე მელაპარაკა, რომელზეც, ზუსტად ვიცი, ძმაკაცსაც კი არ ეტყვის. ასევე, ზოგმა ისეთი დაავადებაც გამიმხილა, რომლის შესახებაც ოჯახის წევრებსაც არ ეუბნება.
_ ვენერიულ დაავადებაზეა ლაპარაკი?
_ არა... წამების ერთ-ერთი მეთოდი სათესლე ჯირკვლებში ცემა იყო, რის გამოც ბევრს პრობლემები დაეწყო...
სხვათა შორის, ამ თემებზე ყვირილი ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში დავიწყე. ერთ საღამოს, 21 თუ 22 სექტემბერი იყო, მეგობრებთან ერთად “კანაპეში” ვიყავი, სადაც ყოფილი მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა. ის მომიახლოვდა და მითხრა, ახლა ვეღარ გადარჩებიო.
_ რას ჰქვია, “ვეღარ გადარჩებიო”?
_ ადრე თხუთმეტდღიანი იმიტომ გაკმარეთ, რომ იმედი გვქონდა, გამოსწორდებოდი და რეჟიმის მიმართ ნაკლებად აგრესიული იქნებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებაო.
_ და ეს მაღალჩინოსანი ვინ იყო?
_ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კეზერაშვილის წრიდან იყო.
_ ახლაც სადმე მუშაობს?
_ არა.
_ მუქარის შეგეშინდა?
_ არა. ვუპასუხე, უკან არ დავიხევ-მეთქი.
_ თუკი ეს ადამიანი კეზერაშვილის საახლობლო წრიდანაა, ესე იგი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა იყოს...
_ არა, უშიშროების ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა... სხვათა შორის, ვიცი, რომ წინასაარჩევნოდ ასე რამდენიმე ადამიანი გააფრთხილეს...
_ რა ამის პასუხია და, შენს ცხოვრებაში “ჩანგლის ეპიზოდი” რომ არ მომხდარიყო, პატიმართა ბედით მაინც დაინტერესდებოდი?
_ პატიმრების მდგომარეობა ყოველთვის მაინტერესებდა. რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე რომ ვიყავი, ქართველი და ოსი პატიმრები პირველად სწორედ მე გავცვალე. საერთოდ, ადამიანს ყველაზე მეტად საავადმყოფოსა და ციხეში უჭირს, თან ციხისგან ნებისმიერ ადამიანს ერთი ნაბიჯი აშორებს _ არავინ იცის, ცხოვრებაში რა მოელის... ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია, რომელიც ადამიანს ციხეში აძლებინებს. ციხეში ადამიანი ან გაძლიერდება, ან ფსიქიკას გაიუბედურებს.
_ ლალი, ვინმემ, შეიძლება, მიკერძოებად ჩამითვალოს, მაგრამ ვთვლი, რომ ერთგვარი ბრენდი ხარ. შესაბამისად, სოზარ სუბარმა შენი სახით გრანტი მიიღო...
_ მოროშკინა პატიმრების მიერ არჩეული ჩინოვნიკია! პატიმრების სიყვარული 22 სექტემბერს ვიგრძენი, როცა გლდანის ციხეში ბუნტი მოხდა _ მაშინ უბედურებას მილიმეტრი გვაშორებდა და, რომ ვიყვირე, ბიჭებო, ლალი მოროშკინა ვარ და დაწყნარდით-მეთქი, მინიმუმ, შეგინებას ველოდი, მაგრამ უცებ სანთლები აანთეს და მივხვდი, რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით!
_ ისე, “ნაციონალებმა” აჯანყებულ პატიმრებთან რატომ შეგიშვეს?
_ გარდამავალი ეტაპი იყო და ეს გადაწყვეტილება ციხის ახალმა უფროსმა, გურამ დოლიძემ მიიღო, რომელიც კაცურად მოიქცა _ სპეცრაზმი შტურმისთვის მზად იყო, მაგრამ ამ ადამიანმა სპეცრაზმს უთხრა, ბოლო შანსი მომეცითო და ეს “ბოლო შანსი” მე აღმოვჩნდი. სხვათა შორის, ციხის ტერიტორიაზე ადვოკატი ლალი აფციაურიც იმყოფებოდა...
_ ასეა თუ ისე, ციხე მაინც სხვა სამყაროა, სადაც გლამურული საზოგადოებიდან აღმოჩნდი. დავიჯერო, შენში არაფერი შეიცვალა?
_ როგორ შეიძლება, შევიცვალო?
_ ამდენ უბედურებას ხედავ და ეს არ გთრგუნავს?
_ ადამიანებისთვის პოზიტივი მომაქვს...
_ კი ბატონო, მაგრამ დღეს სხვა სტატუსი გაქვს, რომელიც ალბათ, იმის უფლებას არ მოგცემს, რომ რომელიმე ტელეშოუში მიხვიდე და ავანტიურა დადგა, ვთხოვდებიო...
_ ამას იმიტომ აღარ გავაკეთებ, რომ გამეორება არ მიყვარს! მართალია, დიდი ფანტაზიის უნარი მაქვს, მაგრამ უკვე ბევრი ავანტიურა “დავდგი” და ამ ჩვენს საცოდავ ვარსკვლავებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, პიარის კურსები მაინც გაიარონ?!
_ შენი აქ მუშაობაც ერთგვარი პიარი ხომ არაა?
_ არა.
_ სამინისტროსთვის?
_ სამინისტროსთვის შეიძლება, პიარია, ოღონდ _ პოზიტიური.
_ ჰოდა, ამ პოზიტიურობის გამო, როგორც ამბობენ, სამინისტროში ვიღაცები ვერ გიტანენ. იმასაც ამბობენ, მაია ხასია ებრძოდაო...
_ შეიძლება, ჩემს იდეებთან შეწინააღმდეგება იყო, მაგრამ ახალი თავმჯდომარე გვყავს, რომელსაც დეპარტამენტის გეგმა გავაცანი და მოეწონა...
რაც შეეხება მაია ხასიას, არ ვიცი, ჩემში კონკურენტი რატომ უნდა დაენახა, როცა მის ბრძანებებს კარგად ვასრულებდი.
სხვათა შორის, ახალი პროექტი მაქვს: ჩემი ვაჟის სკოლის დირექტორმა მაჩვენა უჯრა, რომელიც დანებით იყო სავსე. 14-15 წელი ის ასაკია, როცა ბიჭები მამლაყინწობას იწყებენ და არ იციან, ამას რა შეიძლება, მოჰყვეს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ყოველ კვირას სკოლის მოსწავლეები ციხეში შევიყვანო და ვანახო, გისოსებს მიღმა რა ხდება. ეს პრევენცია იქნება, რომ თავი არ დაიღუპონ...
_ ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულე?
_ დიახ.
_ მერე, არ ჰკითხე, პატიმრებს რატომ აწამებდნენ?
_ ბაჩო ახალაია არასოდეს იტყვის, რომ ამას აკეთებდა. ჩემთან საუბრისას დაადასტურა, რომ ციხეში სიმკაცრე იყო, მაგრამ მითხრა, არ ვიცოდი, თუ ასეთი რაღაცები ხდებოდაო... სხვათა შორის, სხვები, ვინც პატიმრების წამების გამო არიან დაჭერილნი, ამბობენ, საცემები იყვნენ და ვცემდითო.
_ ანუ, არ ნანობენ?
_ არა...
_ ლალი, წეღან გკითხე და არ მიპასუხე, ციხეზე “შავი სამყაროს” გავლენა დაბრუნდა?
_ ამას ვერ ვიტყვი...
_ საპატიმროებში სულ რამდენი პატიმარიღაა?
_ 11 ათასი.
_ ხელისუფლება რომ შეიცვალა, რამდენი იყო?
_ 25 ათასი...
_ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ნორმა რამდენი ათასია?
_ ოთხი, მაქსიმუმ, ხუთი ათასი...
ციხეში ყველა კატეგორიის ადამიანი გავიცანი _ ჯიბის ქურდიდან დაწყებული “კანონიერი ქურდით” დამთავრებული და მივხვდი, რომ ყველასთან შეიძლება ადამიანურ ენაზე ლაპარაკი. სხვათა შორის, ღარიბაშვილის უწყება გადასარევად მუშაობს _ ამნისტიით გამოსული პატიმრები გარკვეული კონტროლის ქვეშ ჰყავს.
_ ანუ, უთვალთვალებენ?
_ არა. უბრალოდ, ამოწმებენ და ამას ფარულად არ აკეთებენ.
_ ლალი, პატიმარს რომ შეუყვარდე...
_ ბევრს შევუყვარდი...
_ პატიმარი შენ რომ შეგიყვარდეს, ცოლად გაჰყვები?
_ არ შემიყვარდება.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ სამსახურში ვარ.
_ მერე, სიყვარულმა სამსახური რომ არ იცის?
_ აი, ხომ ხედავ, ჩემმა სამსახურმა იცის...