„არჩევნები პაემანი არ არის, რომ გადადო და მეორე დღეს დანიშნო“

„არჩევნები პაემანი არ არის, რომ გადადო და მეორე დღეს დანიშნო“

„ნაცმოძრაობას“ არ მოსწონს წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ მომავალი არ აქვს და, აბა, რაზე უნდა ველაპარაკოთ, თუ არა წარსულზე, რა უბედურებაც მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.

„ნაციონალები“ ახალ ვერსიას გვთავაზობენ, თითქოს ეპიდვითარების აფეთქება ხელისუფლებას აწყობს, რომ ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობილი ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე და, ხელოვნურად შექმნილი პანდემიური უმართაობის ფონზე, თავიანთი კანდიდატები გაიყვანონ. თქვენ რას ფიქრობთ?

- პანდემია მძვინვარებს მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ინდური შტამი გაცილებით უფრო მომაკვდინებელი შტამია და ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში საგანგაშოა. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტლები როგორ უმკლავდება ამდენ ინფიცირებულს, ამდენ ავადმყოფს. ასევე, წარმატებულად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რაც ხდება ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად მსოფლიოში, ვგულისხმობ რეგულაციების დაცვას, ვაქცინაციას და ა. შ. ეპიდსიტუაციას არანაირი კავშირი საარჩევნო კამპანიასთან არ აქვს. საარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, არ აწარმოებს ოპოზიცია, მათ მხოლოდ კანდიდატები ჰყავთ დასახელებული, საარჩევნო კამპანიას ატარებს „ქართული ოცნება“ და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით ხდება ეს ყველაფერი.

არც ერთ მუნიციპალიტეტში საარჩევნო შეხვედრას დამატებით ინფიცირებულთა ზრდა არ გამოუწვევია. აქედან გამომდინარე, დავკეტოთ ხვალ ყველაფერი და საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ, არ იქნება გონივრული. სამართლებრივი საფუძველი არჩევნების გადადებისთვის მხოლოდ საგანგებო მდგომარეობაა, სხვა რამეს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს. ყველაფრის ჩაკეტვა არავის არ უნდა ამ ქვეყანაში, არც „ოცნების“ მომხრეს და არც მოწინააღმდეგეს. ყველას გვინდა, თბილისში არ იყოს კომენდანტის საათი, არ ვიყოთ ჩაკეტილები. ჩაკეტვას მაშინ ჰქონდა აზრი, როცა არ ვიცოდით, რა ტიპის ვირუსთან გვქონდა საქმე, როგორ უნდა გვემკურნალა, არ იყო ვაქცინაცია, სხვა მექანიზმები. ასე იყო მაშინ მთელი მსოფლიო, ახლა მთელი მსოფლიო გახსნილია, ოღონდ არის რეგულაციები. იმავე ნიუ-იორკში ორჯერადად აცრილი თუ არ ხარ, არ გიშვებენ. რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის დღეს, შარშანაც უსაფრთხოების ზომების დაცვით იქნა ჩატარებული არჩევნები, ამას მაღალი შეფასება მოჰყვა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ამ წლების განმავლობაში, შარშანაც და წელსაც არჩევნები ბევრმა ქვეყანამ ჩაატარა, ბევრმაც გადადო სამომავლოდ, მაგრამ ახლა ატარებენ 2021-ში, რადგან ყველამ ისწავლა ეპიდემიის, ასე თუ ისე, მართვა. ამიტომ ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არ ეშინია ვირუსის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების გამო სასიკვდილოდ გაიმეტებს თავს. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს კი თურმე ეს მოტივაცია არ აქვს და არჩევნებზე არ მივლენ. „ნაციონალებმა“ ეს საკუთარ ამომრჩევლებს მოჰკითხონ, რატომ არ მივლენ ისინი არჩევნებზე.

ამის ახსნაც შეუძლია ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურებიდან მოახდენს ამომრჩევლის მობილიზებას და პანდემიას სათავისოდ გამოიყენებს.

- მე რომ ვირუსის მეშინოდეს, საჯარო სამსახურში კი არა, სადაც არ უნდა ვმუშაობდე, თავს არავის მოვაკვლევინებ. რაც შეეხება საჯარო სამსახურებს, „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ პედაგოგები, ბაღის მასწავლებლები, ძალიან ბევრი ადამიანი სახელმწიფო სამსახურში დღესაც მუშაობს, ისინი კვლავ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და ხმასაც აძლევენ მათ. ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ძალით ხომ არავინ მიიყვანა შარშან არჩევნებზე? ამიტომ ეს არის ეპიდემიოლოგიური თემით პოლიტიკური სპეკულირება. სინამდვილეში, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში დამარცხდებიან. თუმცა იმის გამო, რომ სხვა ფუნქცია მიანიჭეს ამ არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი მარცხდებიან არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ შორის, ცნობილ რეფერენდუმში, არამედ 2024 წლამდე მათ არ ექნებათ ამოცანები, ამიტომაც ითხოვენ არჩევნების გადადებას. არჩევნები ეს არ არის პაემანი, რომ გადადო და ორი საათის მერე, ან მეორე დღეს დანიშნო.

წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნებისთვის“ გახსნილია, განსაკუთრებით, აქტიურობს ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის მთავარი მესიჯებიცაა სააკაშვილი და მისი 9-წლიანი მმართველობა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ ბანკი“, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თემა და დასანანი სიტყვები, რომ „ჩვენ ვერ დავიცავით ზვიად გამსახურდია და ყველას ბრალია ამაში“. რამდენად მომგებიანია ეს მესიჯები და, განსაკუთრებით, სააკაშვილის თემა, რომელსაც ძალით აცოცხლებენ ყოველი არჩევნების წინ?

- „ნაცმოძრაობას“ არ მოსწონს წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ მომავალი არ აქვს და, აბა, რაზე უნდა ველაპარაკოთ, თუ არა წარსულზე, რა უბედურებაც მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და როგორც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის მტრობას. რატომ არ მოსწონთ წარსულზე ლაპარაკი? ხომ „წარმატებულები“ და „მაგრები“ იყვნენ? ხომ „ააშენეს“ ეს ქვეყანა? მაგათ რომ წარსულზე სალაპარაკო ჰქონდეთ, ღარიბაშვილს დააცლიდნენ? მილიონჯერ ილაპარაკებდნენ. ნუ მოიქცეოდნენ სამარცხვინოდ, ნუ დაანგრევდნენ ამ ქვეყანას, ნუ დააკარგვინებდნენ ტერიტორიებს, ნუ მოუტანდნენ ხალხს ამდენ უბედურებას, მაშინ ეს არ იქნებოდა სამარცხვინო წარსული, პირიქით, საამაყო იქნებოდა და ღარიბაშვილსაც გაუხარდებოდა მათ წარსულზე საუბარი.

„ნაციონალები“ თვლიან, რომ სააკაშვილის ამდენი ხსენება მის მიმართ პათოლოგიური შიშით აიხსნება.

- სააკაშვილი აქ იყო პრეზიდენტი, როცა წერა-კითხვის უცოდინარი ვანო მერაბიშვილი ჰყავდა შს მინისტრად, მაგრამ მაშინ არ გვეშინოდა მისი, მოქმედი პრეზიდენტი გაიქცა ქვეყნიდან და ახლა ვის უნდა ეშინოდეს გაქცეული და უპატრონო სააკაშვილის? ეს ხომ ზღაპარია. შიში კი არა, სამწუხაროდ, სააკაშვილია ალტერნატივა „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობაა“ ალტერნატივა, რადგან სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ ღირსეული ოპონირება გაუწიონ „ქართულ ოცნებას“. უნდა ვიცოდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს არ დაუშვებს, ოპოზიციურ ფლანგზე სხვა ძალები გაძლიერდნენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ყოველთვის ალტერნატივა. თუ ოდესმე დადგება საკითხი ასე, ყველა, ოღონდ არა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ის ყველა ისევ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ მათი მძიმე წარსული ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის უნდა შევახსენოთ. მით უმეტეს, რომ მათ ისევ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, თან არა არჩევნების გზით, არამედ არეულობით, რევოლუციით. რაც შეეხება ფონდი „ქართუს“ თემას, მას ბევრი რამ აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი პოლიტიკიდან წასულია, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ „ქართუ“ ფონდს დაუტოვა და ეს ფონდი აგრძელებს პროექტების განხორციელებას, რა დაპირებებიც იყო კულტურის, ხელოვნების, ეკლესიის და სხვა პროექტების მიმართულებით. ამისთვის მადლობა ეკუთვნის იმ ადამიანს, ვისიცაა ეს ფინანსები. ზვიად გამსახურდიას თემა კი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. სამეგრელოში პირველი პრეზიდენტის სახელი განსაკუთრებულია. დიდი სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობიან მის ხსოვნას, უნდა გავიხსენოთ, რომ ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, აშენდა ზვიად გამსახურდიას სახელობის სახლ-მუზეუმი, მოეწყო ის ადგილი, სადაც მან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ასე რომ, ზვიად გამსახურდიას შესახებ საუბრის უფლება აქვს „ქართულ ოცნებასაც“, ბიძინა ივანიშვილსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც. მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც რევოლუცია სწორედ წალენჯიხიდან დაიწყო და შევარდნაძის წინააღმდეგ განწყობა გამოიყენა, სამწუხაროდ, მერე დაავიწყდა ზვიად გამსახურდიაც და ის გზაც, რაც ზვიად გამსახურდიამ გაიარა, ის ცხოვრების წესი, როგორც იცხოვრა ზვიად გამსახურდიამ. ეს საარჩევნო კამპანიაა და საარჩევნო კამპანიის დროს საუბარია იმაზე, ანგარიშვალდებულების ნაწილში რა გაკეთდა და, ასევე, იმაზე, რას გააკეთებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობები „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში. მეტსაც გეტყვით, ირაკლი ღარიბაშვილს ოთხწლიანი კი არა, რვაწლიანი გეგმები აქვს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე.

როდესაც სამეგრელოში ჩასული ირაკლი ღარიბაშვილი გახარიას ახსენებს უარყოფით კონტექსტში, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ანზორ მელიასთან შედარებით სამეგრელოში უფრო მეტი შანსი აქვს გახარიას გუნდს?

- გახარიას, როგორც წარმოშობით მეგრელის მიმართ, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ამ კუთხის მაცხოვრებლებს, ეს უფრო წარმომავლობის სენტიმენტებს უკავშირდება. პრემიერმა გახარიასთან მიმართებით ახსენა სიტყვა „მოღალატე“ და, მე როგორც დავაკვირდი, სალაპარაკო და პრობლემური გახდა არა სიტყვა „მოღალატე“, როგორც ჩანს, ამაში ეთანხმებიან პრემიერ-მინისტრს, არამედ „მაზაკვალი“ რას ნიშნავდა. ის, რომ გახარიამ უღალატა გუნდს, ამაზე შეხსენება მტკივნეული აღმოჩნდა გახარიას მომხრეებისთვის, მაგრამ მე უბრალოდ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქაურებს სიტყვა „მაზაკვალზე“ უფრო დასწყდათ გული, ვიდრე სიტყვა „მოღალატეზე“. ის, რომ გახარიას სიმპათიები ამ რეგიონში ექნება, არ უნდა გაგვიკვირდეს. თავის დროზე გუბერნატორი, ზუგდიდის ყოფილი მერი, სხვა ადამიანები, მისი კუთხის შვილები სწორედ მისი პრემიერობის დროს დაწინაურდნენ, გავლენები ჰქონდათ, ბევრი მათგანი ახლაც დარჩა თანამდებობებზე, ბევრიც გაუშვეს, ან თვითონ წავიდა პოლიტიკური თანამდებობიდან, ცხადია, გახარია „ქართული ოცნებიდან“ ბევრს გაიყოლებს და გაიყოლებს სწორედ სამეგრელოს რეგიონში.