რატომ გვემუქრება სააკაშვილი ტუმბა-იუმბას ტომთან მსგავსებით?

რატომ გვემუქრება სააკაშვილი ტუმბა-იუმბას ტომთან მსგავსებით?

ჟურნალისტ ვახო სანაიას კითხვაზე - მისცემს თუ არა ჩვენებას, თუ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარებენ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა: "ექსპრემიერის გარდაცვალების შესახებ არსებულ ყველა კითხვას პასუხი უკვე გაეცა და საქმის ხელახალი გამოძიებისა და მოქმედი პრეზიდენტის დაკითხვის შემთხვევაში ქვეყანა არარსებულ ტუმბა-იუმბას ტომს დაემსგავსება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ კითხავენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში". დავინტერესდით, ახლოს თუ არის სიმართლესთან პრეზიდენტის ეს ვარაუდი და მისი დაკითხვის შემთხვევაში ილფისა (ილია ფაინზილბერგი) და პეტროვის (ევგენი კატაევი) "თორმეტ სკამში" მოხსენიებულ მუმბა-იუმბას (ტუმბა-იუმბას) ტომის წარმომადგენლებთან მსგავსება მართლაც ხომ არ გვემუქრება.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია გვეუბნება, რომ ქვეყანა ამგვარ მსგავსებას გადაურჩა, მაგრამ სააკაშვილი თუ გადარჩა, ძნელი სათქმელია. კიდევ ერთიც - დაახლოებით იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ტუმბა-იუმბაზე გვესაუბრებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ე.წ. ბეტანკურის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება სარკოზის პარფიუმერიული კომპანია "ლ"ორეალის" მფლობელ ლილიან ბეტანკურისგან ფულის უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებს. თუმცა სარკოზი დღეს უკვე ექსპრეზიდენტია, დავუბრუნდეთ იმ პრეზიდენტებს, რომლებიც დაკითხვაზე მოვალეობის შესრულებისას დაიბარეს.

გაგახსენებთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან სკანდალს, როდესაც 1998 წელს ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა. საქმე ეხებოდა 42 წლის პრეზიდენტსა და 25 წლის სტაჟიორ ქალ მონიკა ლევინსკის შორის სექსუალურ ურთიერთობას. გამოძიების პროცესში რამდენჯერმე დაიკითხა აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა ტუნისის პრეზიდენტმა მონსეფ მარზუკიმ. მოგეხსენებათ, ამ მკვლელობის შემდეგ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში გაეხვია, რის გამოც ტუნისის მთავრობა გადადგა.

1999 წელს სწორედ პრეზიდენტობისას დაიბარეს დაკითხვაზე საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. საქმე ეხებოდა მისი პარიზის მერობისას ქრთამის აღებას.

2004 წელს პროკურორი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საათზე მეტ ხანს კითხავდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, საქმე ეხებოდა სახელმწიფო დანაშაულს - ერთ-ერთი საიდუმლო სამსახურის აგენტის შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

2007 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს ჩვენების მიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლების ლეგიტიმურობის თაობაზე მოუწია. ხოლო 2012 წელს უკვე მისი მომდევნო პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაკითხა უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ. საჩივარი ეხებოდა პრეზიდენტის იმ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში თავისუფლების დღის დღესასწაულად აღნიშვნა გაუქმდა.

სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი კი 2009 წელს სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოიძახეს. საქმე ეხებოდა იმ კანონის დარღვევას, რომელიც სასპორტო ობიექტებზე ალკოჰოლის გამოყენებას კრძალავს. პრეზიდენტს ედავებოდნენ, რომ მან ქვეყნის ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად შამპანურის ბოთლი პირდაპირ სტადიონზე გახსნა.

2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალი მონაწილეობის წინ, ბარაქ ობამა მისი დაბადების ადგილის შესახებ შეტანილი საჩივრის გამო ატლანტის სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

ცნობისათვის

ტერმინი "ტუმბა-იუმბა" პირველად აფრიკაში მოგზაური ევროპელების წიგნებში გამოჩნდა და აღნიშნავდა გრძნეულ სულს, რომლითაც კაცები ქალებს აშინებდნენ.

P.S. რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტის დაკითხვის დაუშვებლობაზე ლაპარაკობდა, აღარაფერს ვწერთ, რამდენჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ან რისთვის
მოუწია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის დაკითხვაზე გამოცხადება. ამჯერად არც ყოფილი პრეზიდენტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე ვიტყვით რამეს. მოკლედ, ამგვარი მაგალითები არაერთია. საეჭვოა, იმ ქვეყნებზე, სადაც პრეზიდენტები უკვე დაკითხეს, ვინმე ფიქრობდეს, რომ ტუმბა-იუმბას ტომს ჰგვანან.