თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, პოლიტიკური პარტიები ისე არ აქტიურობენ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. თუკი უახლოეს წარსულს გადავხედავთ, ეს იქებოდა საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები, პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის მიმართ ლანძღვას არ იშურებდნენ, გვახსოვს ფიზიკური დაპირისპირებებიც და ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიები საკმაოდ ადრე იწყებოდა და არჩევნების მოახლოვებისთანავე სიტუაცია უფრო და უფრო „დუღდა“.
წელს კი სიმშვიდეა, არა სატელევიზო რეკლამები და არა ბილბორდებზე გამოკრული მერობის კანდიდატების სურათები, ერთი სიტყვით, არ იგრძნობა, რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდება. რა არის ამის მიზეზი, for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსები პასუხობენ.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძეს წინასაარჩევნო კამპანია, ორი სპორტული გუნდის დაპირისპირებას აგონებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის გუნდი გაიმარჯვებს, ვინც უკეთ არის მომზადებული, ასეა ამ არჩევნებზეც.
„ადგილობრივი არჩევნები საერთოდ უფრო მშვიდია ხოლმე, მაგრამ არც ისე მშვიდია, როგორც ახლა. ფრაზა - „გლადიტორები ხალხს აღარ უნდა“, ამის ელემენტი, ვფიქრობ, არის, თუმცა ეს საკმარისი არ გახლავთ, რადგან გლადიატორები ხალხს არც ადრე უნდოდა. დიდი ხანია გვახსოვს საზოგადოების უკმაყოფილობა ქცევის იმ სტილზე, რაც არჩევნებს თან ახლდა. თუმცა, დღევანდელი სიმშვიდე მარტო ხალხის სურვილზე არა დამოკიდებული, ეს გამოწვეულია იმით, რომ პარტიებს შორის რეიტინგული განსხვავებაა და თანაც იმდენად დიდი, რომ უხეშობის დამატებით მოგებული ვერ იქნები. სპორტის მაგალითზე, რომ გადავიტანოთ - როდესაც გუნდები თანაბარი ძალის არიან, ერთ-ერთმა თუ უხეშობა გადაწყვიტა, შეიძლება მოიგოს კიდეც, მაგრამ როდესაც გუნდებს შორის სხვაობა ძალიან დიდია, მაშინ უხეშობა აზრს კარგავს. ვფიქრობ, ახლა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, იმის გამო, რაც წელს ხდებოდა - ოპოზიციის გაუგებარი საქციელი, წინააღდეგობრივი ნაბიჯები და ა.შ. ამიტომ ოპოზიციას აღარ აქვს იმის ხალისი, რომ ეძებოს „ქართული ოცნების“ რეალური დაჯაბნის მექანიზმები. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ისინი მმართველ გუნდს დაამარცხებენ“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი თვლის რომ, წინასაარჩევნო მარათონი გამართულად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. ოპონენტების კამპანიას კი ასე აფასებს: „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. არც ერთი რაიონი არ დარჩა, სადაც პირადად პრემიერის მიერ წარდგენა არ მოხდა, როგორც მერების, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენებს შორის პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საგარეო ვიზიტები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას, პანდემიასთან გამკლავებასა და უამრავ სხვა ყოველდღიურ საქმიანობას, მინისტრთა კაბინეტის წევრების თანდასწრებით, პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, თითოეულ რაიონში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენა.
რაც შეეხება კონკურენტებს, მათ ქვეყნის წარმართვის არც პროგრამა გააჩნიათ, როგორც ეს გააჩნია მმართველ გუნდს, რომელიც 10 წელზეა გათვლილი. თითოეულ სამინისტროში შედგა ამ პროგრამების პრეზენტაცია. ანუ, მათ არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური განვითარების გეგმა არ აქვთ - ეს ერთი საკითხი. მეორე - მათ პოლიტიკური გუნდი არ ჰყავთ, რომლითაც შეძლებდნენ დაეკომპლექტებინათ თითოეული რაიონის მერობის კანდიდატი. ცნობად სახეებზე აღარ არის საუბარი, უბრალოდ, ადამიანები არ ჰყავთ, რომლებსაც თავად სჯერათ, რომ ვინმეს კონკურენციას გაუწევენ. ასეთი განწყობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ფსიქოლოგიურადაც ძნელია. როდესაც ფსიქოლოგიურად დათრგუნული ხარ, ყველანაირად გაკოტრებული ხარ, გრძნობ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხრიდან ნდობა არ გაგაჩნია, ძალიან ძნელია ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. თუმცა, რა უნდა ქნან - საკუთარ თავს გაკოტრებულებად ხომ არ გამოაცხადებენ, ან გაკოტრებულ პარტიას ხომ არ გააუქმებენ?! ამიტომ, ამ არჩევნებში მონაწილეობის სხვა გზა აღარ დარჩენიათ და არიან სრულ ვაკუუმში. ისინი ცდილობენ მოიკრიბონ ძალები მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის - არჩევნების დასრულებისთანავე, აყაყანდნენ ცნობილი სცენარით, რომ ცესკომ, მთავრობამ ეს არჩევნები გააყალბა და 0%-იან პარტიებს ხელისუფლებამ ათასობით ხმები წაართვა, მიიწერა და ა.შ. მაგრამ, პირველი მცდელობისგან განსხვავებით, რომელმაც 7 თვე გასტანა და, რომელშიც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მონაწილეობდა (ესეც იმიტომ რომ ეს ლუზერები დაერწმუნებინათ, რომ მათ ის არჩენები მართლაც წააგეს), ახლა ეს საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე უპრეცენდენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებიც არჩევნების დასრულებიდან, ძალიან მალე, თავის ვერდიქტს გამოიტანენ, ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე ხელს მოაწერენ. თუმცა, ოპოზიციიდან ის სცენარი ისევ გველის, მაგრამ მცირევადიანი იქნება. გაყალბება-გაყალბება ამ ლოზუნგს ცოტახანი იყვირებენ, შემდეგ, საბოლოოდ ჩაიფუშებიან“, - განუცხადა for.ge-ს დავით ქართველიშვილმა.