საქართველოში 77 ათას ბავშვს შიმშილით სიკვდილი ემუქრება?!

საქართველოში 77 ათას ბავშვს შიმშილით სიკვდილი ემუქრება?!

რამდენიმე დღის წინ, ბათუმის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მყოფი ერთი წლის გოგიტა აბაშიძე მოათავსეს, მაგრამ უკვე გვიან იყო, ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა _ ხშირი შიმშილობის გამო, პატარას უკიდურესად დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმი, ნაწლავური პრობლემები წარმოექმნა და საკვების მიღებასაც ვეღარ გადაიტანდა. მოკლედ, ერთი წლის ბიჭუნა შიმშილის შედეგად გამოწვეული დაავადებით გარდაიცვალა და ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს.

ეს საგანგაშო შემთხვევა ერთადერთი და გამონაკლისი არაა. საქართველოში, შიმშილით გამოწვეული დაავადებით, წელიწადში, 1-დან 5-წლამდე 300 ბავშვი კვდება _ ეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის სტატისტიკაა. 

“საქართველოში ბავშვების უმთავრეს საფრთხეს კვლავ კვების დეფიციტი წარმოადგენს. გაერო-ს ფონდის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დღეში, დაახლოებით, 2 ლარს მოიხმარს. სოციალური დაცვის არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ მუშაობენ. გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, შემოიღოს ბავშვთა საყოველთაო შეღავათი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. აუცილებელია დედათა და ახალშობილ ბავშვთა ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა ბავშვის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მოსახლეობის ინფორმირება სწორი კვების შესახებ, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, ორსულობისა და ახალგაზრდა დედების დახმარება და კონსულტირება. დედებისა და ბავშვების ვიტამინებითა და მიკროელემენტებით უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ინტერვენციები 25 პროცენტით შეამცირებს 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტთან დაკავშირებულ 1,3 მილიარდი აშშ დოლარის დანახარჯს საქართველოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითქმის 1000 ბავშვს შეუნარჩუნდება სიცოცხლე ამავე პერიოდის განმავლობაში. სისტემის კიდევ ერთი ხარვეზია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის არსებითი მომსახურების ფრაგმენტაცია. შესაბამისი მომსახურებების მიმწოდებლები არ იღებენ პასუხისმგებლობას, გააკონტროლონ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს ბავშვის მოვლის სათანადო პრაქტიკის, მათ შორის, სრულფასოვანი კვების შესახებ”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.
შეიძლება, ბევრს აღარც ახსოვს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ საზარელი ამბავი მოხდა: დედამ 5 წლის შვილს თავში შეშა ჩაარტყა და მოკლა... მერე, გაირკვა, რომ ოჯახს უკიდურესად უჭირდა, შვილების გამოკვება აღარ შეეძლოთ, დედას ფსიქოზი დაემართა და შიმშილის გამო ატირებული ბავშვი ასე “გააჩუმა”. ხმაური ატყდა პრესასა და ტელევიზიაში, მთავრობა კი დუმდა...
ისევ გაერო-ს ბავშვთა ფონდის საგანგაშო სტატისტიკა:
ოთხმილიონიან საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაშია და შიმშილობს. ყოველწლიურად, შიმშილით ხუთწლამდე ასაკის 300 ბავშვი კვდება! _ ეს უკვე ეროვნული ტრაგედიაა, ეროვნული გენოფონდი კატასტროფის წინაშეა და ამ პრობლემას თავში შეშის ჩარტყმით ვერგააჩუმებ”.
ამ თემასთან დაკავშირებით “ქართული სიტყვა” “ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის” პრეზიდენტს, “კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს სოფიო ვერულაშვილს ესაუბრა.

_ ქალბატონო სოფიო, გაერო-ს მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა შემაძრწუნებელია და ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, მაგრამ ბავშვს შია და მთავრობას ვერ დაელოდება. ასეთ დროს როგორ მოიქცეს დედა _ შვილი ბედს მიანდოს?
_ არა, დედამ შვილი არც ბედს უნდა მიანდოს და არც _ მთავრობას. დედამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შვილი მშიერი არ ჰყავდეს. არ გეხმარება სახელმწიფო და არ ფიქრობს შენს პრობლემაზე?! რას ელოდები, თუ შვილი მშიერი გყავს?! _ დაულაგე, დაურეცხე ვინმეს იაფად და ამ მცირე თანხით პურს, კარაქს, რამდენიმე სტაფილოსა და ერთ-ორ ვაშლს მაინც იყიდი. გაუხეხე და აჭამე შვილს, განა, რამდენი უნდა შეჭამოს პატარამ? ვაშლის სახეხი არა გაქვს? _ დაჭერი კუბიკებად, ვარსკვლავებად, მოუყევი პატარას ზღაპარი და აჭამე. ბავშვის დამტოვებელი არ გყავს? _ “აიტატე” პატარა და გადი სამათხოვროდ. საცხობში მიდი და პური, ფუნთუშა ითხოვე, აუცილებლად მოგცემენ. შედი სადარბაზოში და ყველა კარზე დააკაკუნე, ზოგი ფულს მოგცემს, ზოგი _ სანოვაგეს. შეიძლება, შვილს განათლება ვერ მისცე, მაგრამ არ უნდა დაამშიო. როცა ლეკვს, ბელებს შიათ და დედას, ანუ ცხოველს საკვების მოპოვება უჭირს, ძალიან ხშირად უდიდეს რისკზე მიდის, რომ ნაშიერი შიმშილით არ მოუკვდეს, ანუ დედაში შვილის გადარჩენის ინსტინქტი უძლიერესია! ადამიანი “ჰომო საპიენსია”, მოაზროვნეა და რამე უნდა მოიფიქროს და დედას შვილი შიმშილით არ უნდა მოუკვდეს და მთავრობის 30-ლარიან დახმარებას არ უნდა დაელოდოს. შვილის გაზრდა და აღზრდა დედის ინსტინქტშია, დედის პასუხისმგებლობაა. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ვამბობ; ცხოველი ყოველთვის პოულობს თავისი ნაშიერებისათვის საჭირო საკვებს, ადამიანი ხომ მეტია _ ხელები აქვს, გონება აქვს. შეიძლება, ვინმემ მითხრას, რეალობას მოწყვეტილი ხარო, მაგრამ როცა შვილს შია და შვილის სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული, სულ ცოტა, იმდენი მაინც უნდა გააკეთოს, რასაც ცხოველი უკეთებს თავის ნაშიერს _ უნდა გამოკვებოს.

_ ცხოველებისაგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ადამიანში დედის ინსტინქტი ისეთი ძლიერი არ არის, ეს ფაქტია და არა მარტო საქართველოს მაგალითზე, თუმცა 77 000 მოშიმშილე მოზარდი ისეთი სტატისტიკაა, რომ შოკში გაგდებს. ყველა დედა არა მყავს მხედველობაში, მაგრამ მიტოვებული ბავშვებით სავსეა ბავშვთა სახლები, სანაგვეზე გადაგდებული ჩვილებიც გვინახავს. რაშია საქმე, რა დაემართათ ქართველ დედებს? რატომ ნადგურდება დედის ისტორიული კულტი?
_ ეს
თემა იმდენად ვრცელი და მრავალპლასტიანია, რომ საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ამ საკითხებზე მუშაობენ მსოფლიოს ცნობილ ინსტიტუტებში, გაერო-შია სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც კვლევებს ატარებს.
რაც შეეხება საქართველოს, ოჯახის ფაქტორის დონე სავალალოა, რადგან განათლების დეფიციტია, ტოტალური გაუნათლებლობაა. საშუალო და შეძლებულ ოჯახებში, სადაც შვილის გამოკვებაზე არ არის ლაპარაკი, სხვა და ძალიან დიდი პრობლემებია, ღირებულებათა დეფიციტია, რაც ისევ და ისევ გაუნათლებლობიდან მოდის. იქმნება ოჯახი და წყვილი მზად არ არის მამობისა და დედობისათვის, მზად არ არის შვილის აღზრდისათვის, გათავისებული არ აქვს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა შვილთან მიმართებაში. საერთოდ, პასუხისმგებლობის დეფიციტია საზოგადოებაში.
არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერში სხვას ადანაშაულებენ _ სკოლას, მთავრობას და ვის აღარ, საკუთარ პასუხისმგებლობას კი, ვერ გრძნობენ. წამოიზრდება ბავშვი, მოდის მშობელი და მეუბნება, ჩემს შვილს დახმარება სჭირდება, პრობლემები აქვს, ცუდად იქცევაო. ვპასუხობ, თქვენთან უნდა ვიმუშაო, დაგარიგოთ, როგორ მოიქცეთ შვილთან, რადგან შვილის ქცევა თქვენთან პირდაპირ დამოკიდებულებაშია-მეთქი. საერთოდ, პრობლემა არ აქვს ბავშვს, პრობლემა აქვს მშობელს. მშობლებს ვეკითხები ხოლმე, დღეში რამდენჯერ სხდებით სუფრასთან მთელი ოჯახი? _ აღმოჩნდება, რომ ყველა გადარბენაზეა, ოჯახი ერთად არ სადილობს და ოჯახური ურთიერთობის დინამიკა უკვე ირღვევა. მშობელს, ასევე, ვეკითხები, შვილებთან თუ საუბრობს, რა სიხშირით და რა თემაზე? აღმოჩნდება, რომ ხშირად არ საუბრობს, ხოლო თუ საუბრობს, თემა ასეთია _ რატომ დაიგვიანე, რა ჭამე, ეს რატომ გაცვია და ა.შ. ოჯახში ურთიერთობის დეფიციტია, არ ხდება თემის განხილვა, ემოციების გაზიარება. მოიყვანს მშობელი ბავშვს და აღმოჩნდება, რომ ელემენტარული უნარ-ჩვევები არ აქვს _ არ იცის სწორი კვება, არ იცავს პირად ჰიგიენას, არ იცის, როგორ უნდა იმეცადინოს. ყველაფერი ეს მშობელმა უნდა ასწავლოს, მაგრამ თუ მშობელი გაუნათლებელია, შესაბამისად, არ იცის, რა უნდა ასწავლოს შვილს, როგორ გაზარდოს და აღზარდოს. დედები პირად მაგალითს ვერ აძლევენ შვილებს და ჩვენ გვიწევს ბავშვებისთვის ელემენტარული სოციალური უნარ-ჩვევების სწავლა.
ოჯახებში ძალიან ბევრი ძირეული პრობლემებია, რომელთა კორექტირება რთულია და ყოველთვის არ გამოდის. ამიტომ, უმჯობესია, წყვილი, რომელიც ქორწინდება, წინასწარ გაეცნოს, შეისწავლოს ოჯახის დაგეგმარება, მოემზადოს მშობლობისთვის, გაიაროს თუნდაც დაწყებითი კურსი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით.

_ რა შეიძლება ასეთ დროს სახელმწიფოს მოვთხოვოთ?
_ ილიასავით ვიტყვი, განათლება შევიტანოთ საზოგადოებაში. ძალიან ხშირად, გაუნათლებლობის გამო არ იცი, თუ როგორ მოიპოვო სარჩო. სახელმწიფომ უნდა ასწავლოს, როგორ გამოიმუშავოს ფული, როგორ გაწეროს ოჯახური ბიუჯეტი...