ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფო-ხორასანის“ [თავდასხმის] ორგანიზატორის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. საჰაერო დარტყმა ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, სამიზნე ლიკვიდირებულია. სამოქალაქო პირებს შორის შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ბილ ურბანმა.
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, ტეორისტული თავდასხმის შედეგად, 200-მდე ადამიანია დაჭრილი. 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.