„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, ოთხი ქალაქიდან ორში: თელავსა და რუსთავში - „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ამ რეგიონეში, არჩევნების შედეგად მართლაც ოპოზიციონერმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. მეტიც, სხვა რეგიონებშიც გამოიკვეთოს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობა. თუმცა, მეორე ნაწილის შეფასებით, საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია და შესაბამისად, მათი კანდიდატების გამარჯვების შანსიც მცირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, კვლევა ოთხ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობისას კი თითოეულ ქალაქში 600 ადამიანი გამოიკითხა. დასაშვები ცდომილება 3%-ის ფარგლებშია. კვლევის საველე სამუშაოები 5-11 აგვისტოს ჩატარდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, თელავში ალოკაციის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი 40.22%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია. რაც შეეხება ალოკაციის გარეშე ჩატარებული კვლევის შედეგებს, ამ შემთხვევაშიც, პირველ და მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 33.14%-ითა და 31.07%-ით არიან.
თუმცა, განსხვავებული შედეგებია ქუთაისში მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზეა 38%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ შედეგებშიც.
რაც შეეხება რუსთავს, ჩატარებული პარტიული კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე 42.01%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი 36.89%-ით ნინო ლაცაბიძეა. დავით კირკიტაძე ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ კვლევაშიც. ბათუმში ჩატარებულ კვლევის შედეგად, ბათუმში არჩევნებისას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 37.00%-ს აიღებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე კი 35%-ს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია და შანსი იმისა, რომ ამა თუ იმ რეგიონში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვოს, მცირეა.
მისივე თქმით, პარტიას ამომრჩევლისთვის ახალი სახეები რომ წარედგინა, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ შანსი გაიზრდებოდა.
„არჩევნების მომენტისთვის ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, რომელმაც „ნაციონალების“ წისქვილზე დაასხას წყალი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. როდესაც ლაპარაკია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიუღებლობაა, როგორც პარტიის მიმართ, ამაზე მეტყველებს, როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები, ისე სხვადასხვა დონის არჩევნები, სადაც „ნაციონალებმა“ ვერსად ვერ გაიმარჯვეს.
ასეთ ფონზე, „ნაცმოძრაობის“ მიერ ამ პარტიისთვის ტიპიური სახეების დაყენება საარჩევნოდ, როგორიც მაგალითად დავით კირკიტაძეა, მგონია, რომ რისკს შეიცავს და უფრო მეტი შანსი იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ დაეყენებინათ ახალი სახეები, რომლებიც არ იქნებოდნენ ასე მჭიდროდ ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ზუგდიდი ყოველთვის რთული ფრონტია ყველა პარტიისთვის და ალბათ, ანალოგიური რამ ითქმის ანზორ მელიაზე, რადგან მისი შვილია ნიკანორ მელია და ისიც მკვეთრად გამოხატულ პარტიულ ნიშანს ატარებს. თუკი არ არის ამ პარტიის მიმართ საკმარისი ნდობა, მაშინ ვერ მოახერხებს გადატეხოს თავის სასარგებლოდ არჩევნები. ისე არ ვიცი, პიროვნულად როგორია ანზორ მელიას მიმართ დამოკიდებულება სამეგრელოში, ამას დიდი მნიშვენლობა აქვს. თუკი საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი აქვს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ერთგვარი შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არა მხოლოდ რუსთავსა და თელავში, არამედ ზუგდიდშიც აქვს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალ რეიტინგს სამეგრელოში, გასული არჩევნებიც ადასტურებს.
„არ არის გამორიცხული, რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობდნენ ამ რეგიონებში, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ მთავარი ოპოზიციური ძალა და „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ყოფილა მეორე ადგილზე რეგიონების მიხედვით.
შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრძოლა გაიმართება თელავსა და რუსთავში. „ნაცმოძრაობას“ სამეგრელოს რეგიონში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. წინა არჩევნები ადასტურებს იმას, რომ სამეგრელოში შედარებით მაღალი რეიტინგი გააჩნდა „ნაცმოძრაობას,“ ასევე აჭარაში, იგივე ლევან ვაშალომიძის სახით“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
რას გადააკვდით ამ ვიღაც ჩიტაძეს, ჯვარი გაქვთ მასზე დაწერილი?! და საერთოდ, კითხულობთ ჩვენს კომენტარებს თუ არც გაინტერესებთ რიგითი მოქალაქეების აზრი და თქვენსას „აწვებით“?!
ხოოდა უნდა გავიგო ერთი ამ ექსპერტის სერტიფიკატს სად არიგებენ.....................ამ ჩიტიძე -- ხუხაშვილებს (და კიდე ერთი ,,მომწონს,, ძალიან---- ფირალიშვილი) ნაღდად ვაჯობებ, ნაღდად
თანაც ცოტას ვიხეირებ კიდეც..... ასე რომ ექსპერტი უნდა გავხდე
სხვა თუ არაფერი ქუნემ კოლუმბის დარგში ამათ ფონზე ექსპერტთუხუცესი ვარ ........................თანაც ბეზ ასეჩკი...