იმ დროს, როცა “მრავალტანჯული” ქართველი პოლიტიკოსები კოჰაბიტაციასა და სხვა მსგავს სისულელეზე სპინოზასავით ბრძნული გამომეტყველებით “დებატობენ”, აჭარაში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილისგან გამოწვეული დაავადებით გარდაიცვალა! მოშიმშილე ოჯახისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძესაც არ ეცალა_ საფრანგეთში საფეხბურთო მატჩს ესწრებოდა?! ერთი წლის ბავშვის შიმშილით გარდაცვალებამდე კი, ახალქალაქის საკრებულოს ე.წ. სომხური ფრთის ნაწილმა პარლამენტში დადგენილება “აფრინა”, სომხურ ენას რეგიონალური ენის სტატუსი უნდა მიენიჭოსო. სხვათა შორის, ხმა დადის, რომ სომხურისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭების ინიციატორი “რესპუბლიკური პარტიაა”. რას ნიშნავს ,,რეგიონალური ენა”, რატომ ლობირებს ამ საკითხს ,,რესპუბლიკური პარტია”, საშიშია თუ არა ჩახალიანის ფენომენი და შევა თუ არა საქართველო ევრაზიის კავშირში, რომელსაც რუსეთ-თურქეთი ქმნიან? _ ,,ქართული სიტყვა” კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, ზუსტად მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იძაბება, ე.წ. სომხური თემაც აქტიურდება ხოლმე. ამის ახსნა რითი შეიძლება?
_ დაძაბულობის დროს თავს სუსტი წერტილები იჩენენ ხოლმე. სამცხე-ჯავახეთის სუსტ წერტილს კი, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ტრადიციულად, ხან სომხები იყენებენ, ხან _ რუსები, ხანაც _ ქართველები. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არასოდეს ყოფილან პროფესიონალები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში სომხური მოსახლეობის პრეტენზიებს ან კალაპოტში მოაქცევდნენ, ან მოაგვარებდნენ. ამ მოუგვარებლობის მიზეზი კი, ყოველთვის სხვადასხვაა: ან პოლიტიკური ნება-სურვილი არ არსებობს, ან _ პროფესიონალიზმი.
_ “ქართული სიტყვა” ევროსაბჭოს ე.წ. ენათა ქარტიაზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ანუ მანამდე წერდა, ვიდრე გარკვეული ჯგუფი სომხურისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავდა. ისე, როგორც ვიცი, ამ ქარტიის რატიფიცირება სავალდებულო არაა, მით უმეტეს, რომ ქარტია საფრანგეთმაც არ მიიღო... სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული მოთხოვნის ლობისტად “რესპუბლიკური პარტია” ითვლება...
_ როცა ახალქალაქის საკრებულოს “რესპუბლიკური” ფრაქციის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, ,,რესპუბლიკური პარტია” აბსოლუტურ შოკში ჩავარდა, მაგრამ ის უფრო მთავარია, საკრებულოს წარმომადგენლებს ამ განცხადების გაკეთება რისთვის დასჭირდათ, ვინ აიძულათ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ადგილობრივი ,,რესპუბლიკური პარტია” აცხადებს, დავალება დათო ბერძენიშვილისგან მივიღეო, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ახალქალაქის ,,რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა თავიანთი ძალების დემონსტრირება მოახდინეს...
_ სააკაშვილი ამბობს, რომ ამ ქარტიაზე ხელისმოწერისგან თავის დროზე უარი განაცხადა, რადგან საფრთხის შემცველად მიიჩნია. სააკაშვილის ეს განცხადება ქულების ჩაწერას ემსახურება?
_ სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, ახლაც იტყუება! მაშინ, როცა სააკაშვილ-ჟვანიას დაჟინებული მოთხოვნით, ქარტიის ვალდებულებებზე ხელმოწერის საკითხი დადგა, პარლამენტში ვიყავი და, მახოვს, ვიცე-სპიკერმა ელდარ შენგელაიამ, გუნდის მოთხოვნით, ხელი ვალდებულებას მოაწერა, მაგრამ არა _ დოკუმენტს. ეს 1998 წლის მარტში, ფორსირებულად, დაუფიქრებლად და ნაჩქარევად მოხდა. ყველაფერ ამის მიზანი კი მარტივი იყო: აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის ევროსტრუქტურებში გაწევრიანება უნდა დაგვესწრო. სამარცხვინი ხელის მოწერა კი არა, სხვა რამეა.
_,,სხვა რამეში” ქვეყნის ინტერესებს გულისხმობთ?
_ ხელი ისე მოაწერეს, რომ არც განმარტება მოითხოვეს და დასავლეთელ პარტნიორებთან არც დისკუსიაში შევიდნენ.
რაც შეეხება საფრთხეებს, როგორც იტყვიან, ისტერიკაში ჩასავარდნი არაფერია, ისტერიკა საჭირო მაშინაა, როცა ამ თემას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებ. სხვათა შორის, ,,ნაცმოძრაობა” ტყუის, როცა ამბობს, ჩემი ძალაუფლების დროს ჯავახეთში ასეთი რამ არავის გაუბედავსო _ რეგიონი მერაბიშვილის უწყებას ძალით ეჭირა და მის გარეშე იქ ჩიტიც ვერ დაფრინავდა, მაგრამ ამ მიმართულებით აქტივობა მაინც იყო. მაგალითად, იმავე ძალამ, რომელმაც დღეს პარლამენტს წერილი გამოუგზავნა, 2007 წელს რეგიონალური ენის სტატუსზე დადგენილება მიიღო.
საერთოდ, რეგიონის ხელში დაჭერა ძალოვანი სტრუქტურებით კონტროლს არ ნიშნავს. ეს მეთოდი რაღაცა დროის განმავლობაში ამართლებს, მაგრამ ჯავახეთზე მორგებული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სოციალ-ეკონომიკური პროგრამებია საჭირო... როცა საშუალო ფენა იქმნება, პოლიტიკა სხვა პლანზე გადადის, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკა აქტიურია, საშუალო ფენა არ არსებობს. საშუალო ფენის შექმნის მერე, მმართველი პარტია ძალას და გავლენას კარგავს. ამიტომ, ჯავახეთში რამის შეცვლა ერთ ხელისუფლებასაც არ უცდია. ახლა უნდა შევეცადოთ, რომ რეგიონის დაჭერა ისევ უშიშროების გამოყენებით არ მოგვიწიოს.
_ ჯავახეთში რეალურად რა განწყობაა?
_ განსაკუთრებული სეპარატისტული ნიშნები არ არსებობს. მართალია, ვიწრო პოლიტიკურ და ნაციონალისტურ ჯგუფებს არეულობა სურთ, მაგრამ პერსპექტივა არ აქვთ, რადგან მათ იდეებს ხალხი არ იზიარებს. ამასთან, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება არც ოფიციალურ ერევანს უნდა, რადგან სომხეთი სურსათის 75%-ით აქედან მარაგდება. ასე რომ, ერევანში სეპარატისტულად განწყობილებს მხარდაჭერა არ აქვთ.
რაც შეეხება ევროსაბჭოს ენების ქარტიას. ჩვენი უბედურებათაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ემოციებს პრაგმატიზმზე მაღლა ვაყენებთ. ასე მოხდა ამ დოკუმენტზე ხელმოწერის დროსაც. არადა, საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავი აზრებია დაფიქსირებული და ეს იმიტომ, რომ ყველას გული მოიგონ. როგორ უნდა მიიღოს ჯავახეთმა რეგიონალური ენა ისე, რომ სახელმწიფო ენა არ დაზარალდეს? როგორ მოხდება ორი _ სახელმწიფო და რეგიონალური ენის შეთავსება? რომელ ენაზე შეიქმნება სახელმწიფო დოკუმენტები? _ ამ შეკითხვების საპასუხოდ, დოკუმენტში მითითებულია, რომ შიდა დოკუმენტაციის წარმოება მოხდება რეგიონალურ ენაზე, ანუ ვთქვათ, ვეტერინარი რაიონის გამგებელს სომხურად მისწერს. სხვათა შორის, ეს ისედაც ხდება. ამიტომ, ამ ქარტიას თავი დავანებოთ და დავაწესოთ, რომ შიდა დოკუმენტაცია და მიმოწერა სომხურად მოხდეს, მაგრამ ჩინოვნიკებმა აიღონ ვალდებულება და ხუთ წელიწადში იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა შეისწავლონ, სადაც ცხოვრობენ. ენას, როგორც კულტურულ ფენომენს, უნდა მიეხედოს, მაგრამ ისე, რომ სახელმწიფოს ინტერესები არ დაზარალდეს. ისე, ერთმა ევროპელმა ექსპერტმაც ვერ გამცა პასუხი შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს რეგიონალური ენა.
_ რამდენიმე წელია, განათლების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის სკოლებში ქართული ენის შესასწავლად სპეციალურ პროექტს ანხორციელებს. ბატონო მამუკა, ეს პროგრამა, თქვენი აზრით, ეფექტურია?
_ საინტერესო პროგრამაა... საერთოდ, პოლიტიკურად მომგებიანია, როცა შენს და, ამავე დროს, რეგიონში მცხოვრებთა ენასაც იცავ, მაგრამ ეს პროგრამა უფრო დეკორატიულია, რადგან ენის პოპულარიზაციისთვის მხოლოდ ე.წ. სასკოლო საათები არაა საკმარისი. საჭიროა, უფროსი თაობისათვის საკვირაო სკოლები და ენის დაცვის კლუბები შეიქმნას.
რეგიონალური ენის პრობლემა ბევრ ქვეყანას აქვს. მაგალითად, საფრანგეთში პროვანსის რეგიონი “პროვანსულ ენაზე” ლაპარაკობს, სამხრეთ საფრანგეთი _ ბასკურზე. ესპანეთი ევროკავშირში ისე შევიდა, რომ ამ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, მაგრამ მისთვის სერიოზული პრობლემა ბასკეთი და კატალონიაა. უდიდესი არქიტექტორი ანტონიო გაუდი, რომელმაც ბარსელონის საკათედრო ტაძარი ააშენა, პრინციპულად, ესპანურად კი არა, კატალონიურად ლაპარაკობდა. ქარტიაზე ხელი ბელგიას აქვს მოწერილი, რომელიც ძალიან უტვინოდ მოიქცა, შედეგიც მიიღო _ ფლანდრიულსა და ვალონურზე მოსაუბრე ჯგუფებთან დაპირისპირების გამო, მთელი წელი პრემიერ-მინისტრი არ ჰყავდა და მონარქი რომ არა, კარგა ხანია, ბელგია შუაზე იქნებოდა გაყოფილი.
ჩვენ პოლიტიკურად შემდგარი ძლიერი სახელმწიფო არ ვართ და იმის ფუფუნებაც არ გვაქვს, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება მოვახდინოთ. ამ პრინციპით, მეგრულს უფრო მეტი შანსი აქვს, რეგიონალური ენა გახდეს, ვიდრე _ სომხურს.
_ ,,ჯავაკხის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც თავის დროზე მასობრივი არეულობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა, რასაც ,,ნაცმოძრაობის” კრიტიკის ქარ-ცეცხლი მოჰყვა, ახალი ხელისუფლება ციხიდან სეპარატისტებსა და ტერორისტებს უშვებსო. ჩახალიანი რეალური საფრთხეა?
_ “ნაციონალებმა” ესეც საკუთარი პიარისთვის გამოიყენეს. სინამდვილეში, ჩახალიანი ,,ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი იყო _ ,,ვარდების რევოლუციის” დროს გამგეობაში შეიჭრა და გამგებელი გამოაგდო. დიახ, ჩახალიანი სააკაშვილის მზეს ფიცულობდა, მის მიერ დაარსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ჯემი” კი, ,,ნაცმოძრაობის” პოლიტიკის აქტიური გამტარებელი გახლდათ. მერე, ჩახალიანმა მეტი მოინდომა და ქართული უნივერსიტეტის დარბევაში მიიღო მონაწილეობა. ნიშანდობლივია, რომ ის სომეხმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ქართველებს გადმოსცეს. ჩახალიანი ხულიგნობისთვის გაასამართლეს, თუ სეპარატისტი და პოლიტიკური ფიგურა იყო, მაშინ ამ მუხლით გაასამართლებდნენ. საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ორი ახალციხელი სომეხი ახალგაზრდა დააკავეს და ისე გაასამართლეს, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები, მაგრამ ერთი-ორი წლის შემდეგ თვითონვე გამოუშვეს...
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ჩახალიანი ,,ჯავაკხის” წევრი იყო, ეს ორგანიზაცია კი, საქართველოდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გამოყოფას მოითხოვს...…
_ შევთანხმდეთ, რომ ,,ჯავაკხში” ყველა სეპარატისტი არაა. მასში სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი ორგანიზაციაა გაერთიანებული, მაგალითად, “მიწათმოქმედთა კავშირი”, “ახალგაზრდა ეკონომისტთა კავშირი”. რადიკალურად განწყობილი პოლიტაქტივისტები ,,პოლიტიკანები” არიან და მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, ზედაპირზე იტივტივონ. საკმარისია, მათ თანამდებობა შესთავაზონ, რომ სეპარატიზმი ავიწყდებათ. სწორედ ასე მოხდა ,,ჯემის” შემთხვევაშიც.
_ ბატონო მამუკა, შეიძლება, პირდაპირ ამ თემასთან არაა კავშირში, მაგრამ არჩევნებამდე იმდროინდელი ოპოზიცია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდა და “ნაცმოძრობას” ერის გადაშენებაში ადანაშაულებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ყოფილი ოპოზიცია მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი აღარაა...
_ თვალთმაქცობას ხელს საზოგადოება და პოლიტიკანების ამბიცია უწყობს. 1991 წლამდე აჭარაში ათი მეჩეთი იყო, ახლა კი, _ 157-ია. ხმა აქამდე რატომ არავინ ამოიღო? ჩემთვის მისაღებია პროტესტი იმის გამო, რომ მეჩეთი ქალაქის ცენტრში, იუნკერების საფლავების ტერიტორიაზე არ უნდა აშენდეს. საერთოდ, ქართველი მუსულმანების თემა ქვეყანაში სათანადო ყურადღებას არ იმსახურებს. არადა, მაგალითად, ქვემო ქართლში გავლენის მოსაპოვებლად რამდენიმე ქვეყანას შორის გამალებული ბრძოლა მიდის. ეს ბრძოლა თურქეთმა ირანთან წააგო, ჩვენ კი, გამარჯვებულთან ჭიდაობა გაგვიჭირდება. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საკუთარი საქმის მოგვარებას ცდილობს, ქართველი სპეცსამსახურები კი, ამას მორიდებით ებრძვიან.
_ ბატონო მამუკა, მოდით, ლაფანყურის საიდუმლოებით მოცული სპეცოპერაციაც გავიხსენოთ...
_ საითკენ მიდის ლაფანყურის ძაფები? _ შეკითხვებს შეგნებულად არ ვსვამ, რადგან ვიცი, რომ პასუხს ვერ მივიღებ.
_ მაინც, რა შეკითხვები გაქვთ?
_ მაგალითად, რა მოხდა თურქეთში და რატომ დააპატიმრეს პაპასკირი, რომელიც უვაის ახმადოვის საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის რიგითი ქილერი, ,,ხელის ბიჭი” იყო?
_ ...საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებული აჟიოტაჟი “ჰეფი ენდით” დამთავრდა _ უმცირესობამ უმრავლეობის ინიციატივას მხარი აუბა და ორივე მხარე ბედნიერია. “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” რას ზეიმობენ?
_ პოლიტიკა ბინძური საქმეა _,,პოლიტიკანობასაც” გულისხმობს და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრასა თუ ბოლის გამოშვებასაც. ,,ნაცმოძრაობა” თავის გადარჩენას ცდილობს და “იქით შეედავე”-ს პრინციპით მოქმედებს და თუ კედელთან არ მიაყენე, არაფერი გამოვა...
_ “ნაციონალები” შეწუხებულნი არიან, საქართველო საგარეო კურსს იცვლისო და ახალ ხელისუფლებას ურჩევს, რუსეთთან “თვალის პაჭუნს” თავი დაანებოს...
_ ვინ იყო, 2005 წელს, სანკტ-პეტერბურგში პუტინს ხელს რომ ართმევდა და ეხვეოდა? ვინ გადააბარა მთელი ეკონომიკა რუსეთს? _ ხომ გაგიგონიათ, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო... საერთოდ, რიტორიკასა და ლოზუნგებს უნდა შევეშვათ და ვეცადოთ, კოზირები, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკა მოგვცემს, ეფექტურად გამოვიყენოთ
_ რუსეთის წინააღმდეგ რა კოზირები გვაქვს?
_ დღეს რუსეთის ფედერაციას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძალიან უჭირს. მოკავშირეებთანაც არამყარი ურთიერთობა აქვს და, მაგალითად, ბელარუსიც კი, ოდესღაც ,,უფროს ძმას” ულტიმატუმს უყენებს. რუსეთს უერთგულესი მოკავშირის, ყაზახეთის საქციელიც აღიზიანებს, რომელმაც აქტაუს პორტი ამერიკელებს დაუთმო და ამით კასპიის ზღვაზე გასასვლელი მისცა. სომხეთი, რომელიც კავკასიაში რუსეთის ახლო მოკავშირე და პარტნიორია, კრემლს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე უარს ეუბნება. ერთდროულად ამდენი დარტყმის შემდეგ, რუსეთს, ცხადია, გაუჭირდება.
რუსეთი გეგმავს, რომ 2015 წელს პოსტსაბჭოთა სივრცე, ბალტიისპირეთის გარდა, ევრაზიის კავშირში შეიყვანოს, მაგრამ ევრაზიის სტრუქტურას თურქეთიც ქმნის, რომელში გაერთიანებასაც, პოსტსაბჭოთა ქვეყებიდან, შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიას უპირებს, ანუ ორი დიდი ქვეყანა ერთიდაიმავე სივრცეში ერთიდაიმავე პროექტს ახორციელებს. რუსეთმა კარგად იცის, თუ რა სიძნელეების წინაშე დადგება. ამიტომ, გაუთავებლად ლაპარაკობს დათბობასა და ურთიერთობის სხვადასხვა ფორმაზე. პარალელურად, ძალის დემონსტრირებასაც ახდენს _ ოკუპირებულ მიწებზე რეჟიმს აძლიერებს და მავთულხლართებს აბამს. ყველაფერ ამის ფონზე, საქართველოს ახალი მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს და ეს ,,რუსეთთან თვალის პაჭუნი” არაა. ამ პოლიტიკას “ზონდაჟის პოლიტიკას” დავარქმევდი. ამ მიმართულებით რაც უფრო აქტიური ხდება საზოგადოება და მთავრობა, დასავლეთელებიც მეტად აქტიურობენ. საერთოდ, მაღალი რანგის სტუმრებს მივეჩვიეთ და გვგონია, რომ მსოფლიო პოლიტიკა საქართველოში კეთდება. სინამდვილეში, ასე არაა და საქართველო მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის პატარა ქვეყანაა.