საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, 1991 წელს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ მიუხედავად დამოუკიდებლობის მოპოვებისა ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაცია მაინც გაურკვეველია და განვითარებული თუ მოსალოდნელი ეკონომიკური პროცესები მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მთავრობების მიერ, 1991 წლიდან დაწყებული, მრავალი ისეთი კანონი იქნა მიღებული, რომელიც ხშირად, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, რამაც გამოიწვია მოსახლეობის, ბანკებში არსებული დანაზოგების მიტაცება, საერთო-სახალხო დოვლათის (საწარმოები, დაწესებულებები, მიწები და სხვა) განიავება, შიდა და გარე ვალების ზრდა. აღნიშნულმა პროცესებმა კი მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და მისი მწარმოებითი სექტორის პარალიზება გამოიწვია, ამის დამამტკიცებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი, როგორიცაა - მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 1994 წელს შეადგინა 1989 წლის (საბჭოთა საქართველოს დროინდელი) მშპ-ის მხოლოდ 20%, ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ სოციალიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მიუხედავად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი შემდგომი მთავრობა წინასაარჩევნოდ აღნიშნავდა წინა მთავრობების მიერ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულობების შესახებ და მის გადაჭრის გზებზე საუბრობდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ფაქტიურად არაფერი არ კეთდებოდა და მთავრობაც წინამორბედების დანაშაულებრივი საქმის "ღირსეულ" გამგრძელებლებად გვევლინებოდნენ.
ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ მთავრობა და პარლამენტი მიღებული კანონებით მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი სოციალური პირობების (ხელფასები, დანამატები, პრემიები, ბინები, მანქანები, პენსიები და სხვა) გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ფართო მასების სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. აღნიშნულის ერთ-ერთ დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე ხელოვნურად გაბერილი შტატები, ისეთები, როგორიცაა მრავალი უფუნქციო სამინისტროები, თავისი 7 და მეტი მოადგილეებითა და დეპარტამენტებით, ასევე სამხარეო ადმინისტრაციები, ძალოვანი სტრუქტურების სამხარეო წარმომადგენლობები, ასევე პარლამენტართა ყოვლად გაუმართლებელი რაოდენობა. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ ადრე საქართველოს ჰყავდა 235 პარლამენტარი, ამჟამად კი პარლამენტართა (პროპორციულის და მაჟორიტარულის ჩათვლით) რაოდენობა 150-მდე შემცირდა, მაშინ როცა 9 მილიონიან აზერბაიჯანს (საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტი) ჰყავს 125 კაცისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანო (ერთპალატიანი მინი მეჯლისი), 4,3 მილიონიან სომხეთს (მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის ტოლია) 130 კაცი, 145 მილიონიან რუსეთს (მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 37-ჯერ მეტია) ჰყავს სულ 620 კაცი ( ფედერაციის საბჭო და სახელმწიფო სათათბირო), 50 მილიონიან უკრაინას (მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 12-ჯერ მეტია) ჰყავს 450 კაცი ( ერთპალატიანი რადა), 10 მილიონიან ბელარუსს (მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 2,5-ჯერ მეტია) 170 კაცი (ზედა პალატა და ქვედა პალატა), 115 მილიონიან მექსიკას (მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 28-ჯერ მეტია) ჰყავს 600 კაცი (ორპალატიანი პარლამენტი), 130 მილიონიან იაპონიას (მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 31-ჯერ მეტია) კი 650 კაცი.
აღნიშნული შედარებითი მონაცემებით ნათლად სჩანს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა (150 კაცი) ხელოვნურად ძალიან გაბერილია, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად გვევლინება (შევადაროთ ადრე არსებულ პარლამენტის 235 კაცს, რომელიც ფანტასტიკურად მაღალი ციფრი იყო), დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ პარლამენტართა რაოდენობის ზრდასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა ქვეყნის შიდა და გარე ვალდებულებები, მაშინ, როცა მთავრობისა და პარლამენტის წევრთა სოციალური უზრუნველყოფა ყოვლად დაუსაბუთებლად ფანტასტიკურად მაღალია და თითქმის, უტოლდება ევროკავშირის პარლამენტართა მონაცემებს. (შედარებისთვის - საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წლისათვის იყო 2500 აშშ დოლარი, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი დაახლოებით 25 000 აშშ დოლარია).
ისმის კითხვა, რა ხდება დღეს და რა უნდა გაკეთდეს მთავრობის მიერ, რათა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის მოსახლეობის სასიკეთოდ შეიცვალოს და ეკონომიკაზე მოქმედი კანონების მიღება არ ხდებოდეს ე.წ. "უცხოელი კეთილისმყოფელთა“ მითითებითა და უშუალო მონაწილეობით (ამის შესახებ არა ერთი ფაქტი არსებობს, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ამ ეტაპისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც "დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია საქართველოს თავზე, არის სამართლიანობის საკითხი, სწორედ სამართლიანობის განცდაა ის უმნიშვნელოვანესი რამ, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური გააქტიურება და ეროვნული დოვლათის შექმნა.
ჩვენთან კი რა ხდება? - სამართლიანობის განცდა ძალიან მინიმალურია, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობს, აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ადამიანების დეგრადირებას და მათი ბიზნეს-აქტივობის ჩანასახშივე განადგურებას იწვევს, მოგებული კი, ამ შემთხვევაში, ის რჩება, ვისაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დაკაბალება და ლექსიკონიდან სამართლიანობის, როგორც კატეგორიის საერთოდ გაქრობა უნდა. გაღარიბებული და სამართლიანობის განცდის არ-მქონე ერი კი ნამდვილად ადვილი სამართავია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება ჩვენი ქვეყნის ქართველი მოქალაქეების (უცხოელები ისედაც კარგად აქტიურობენ ჩვენს ქვეყანაში) ეკონომიკური აქტივობა, თუ გაიზრდება მოქალაქეების მხრიდან სამართლიანობის განცდა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნება მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული კანონები და არა ე.წ. "უცხოელი კეთილისმყოფელების" კარნახითა და უშუალო მითითებით ისეთი კანონები, რომელიც ანგრევს ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკას.
სწორედ უცხოელ ე.წ. "ექსპერტთა" უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველოს საგარეო ვალი ყოველწლიურად არა თუ მცირდება, არამედ იზრდება (მაშინ როცა 1992 წლიდან დაწყებული დღემდე საქართველოს მთავრობების ეკონომიკურ მრჩევლებად მრავალი უცხოელი იყო დასაქმებული, გამომდინარე აქედან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კი არ უნდა გაუარესებულიყო, არამედ პირიქით-უნდა გაუმჯობესებულიყო).
კერძოდ, 2000 წელს, ქვეყნის საგარეო ვალმა შეადგინა 1 მილიარდ 556 მილიონი აშშ დოლარი.
2001 წელს - 1 მილიარდ 521 მილიონი აშშ დოლარი.
2002 წელს - 1 მილიარდ 659 მილიონი აშშ დოლარი.
2003 წელს - 1 მილიარდ 754 მილიონი აშშ დოლარი.
2004 წელს - 1 მილიარდ 858 მილიონ აშშ დოლარი.
2005 წელს - 1 მილიარდ 735 მილიონო აშშ დოლარი.
2006 წელს - 1 მილიარდ 698 მილიონი აშშ დოლარი.
2007 წელს - 1 მილიარდ 790 მილიონი აშშ დოლარი.
2008 წელს - 2 მილიარდ 692 მილიონი აშშ დოლარი.
2009 წელს - 3 მილიარდ 382 მილიონი აშშ დოლარი.
2010 წელს - 3 მილიარდ 937 მილიონი აშშ დოლარი.
2011 წელს - 4 მილიარდ 176 მილიონი აშშ დოლარი.
მოტანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად, საქართველოს მდგომარეობა საგარეო ვალების კუთხით უარესდება და თუ მთავრობის მიერ არ იქნება მიღებული რადიკალური ზომები, მაშინ ეკონომიკური სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს და ამან შეიძლება სრული დეფოლტი გამოიწვიოს.
მეტად საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, თუ რა უშლის ხელს ამ ეტაპისათვის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და რა ხდება ქვეყნის ბიზნეს სფეროში? თავი და თავი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციისა არის ის, რომ მსხვილ ბიზნესზე მოდის მთელი ეკონომიკის 82-85 %, მაშინ, როცა მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 15-18 %-ია, მხოლოდ ამ პარამეტრებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ტოტალურად მონოპოლიზირებულია და ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის შეღწევა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამას ხელს უწყობს როგორც ოფიციალური (ხშირად კაბალური) ასევე არაოფიციალური კანონები, რომელთა მოქმედებითაც მოგებულნი რჩებიან მსხვილი ბიზნესით დაკავებული პირები.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ისეთი მონოპოლიზებული სფეროები, როგორიცაა ნავთობპროდუქტების, წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტების, კავშირგაბმულობის, საბანკო და საფოსტო ბაზარი.
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილ მარეგულირებელ კომისიებში დასაქმებული პირები ღებულობენ ისეთ მაღალ ანაზღაურებებს (15 000 ლარი, 17 000 ლარი 20 000 ლარი), რომელიც ყოველნაირ ეკონომიკურ გათვლებსაა მოკლებული და ხშირ შემთხვევაში ეს მარეგულირებელი კომისიები თავიანთი უნიათობით, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ სფეროების მონოპოლიზების ხელშემწყობებად გვევლინება, რომელ სფეროებშიდაც თვითონ უნდა უწყობდნენ ხელს ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ზემოთაღნიშნული სფეროები წარმოადგენს მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებს და ამ სფეროებთან შეხების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, ამით სარგებლობენ სწორედ მონოპოლისტები და შეთანხმებულად ახდენენ საკუთარი ინტერესების გავალისწინებით ზემოთაღნიშნული სფეროების სრულ მონოპოლიზებას და მოსახლეობის ფართო მასებს სთავაზობენ მათ საქონელსა და მომსახურეობაზე ასტრონომიულად მაღალ, ეკონომიკურად დაუსაბუთებელ ფასებს. ზემოაღნიშნული სფეროების მონოპოლიზებასა და იქ არსებულ უკანონო ფასების შესახებ მრავალი წლის განმავლობაში ბევრი დაიწერა ქართველი ექსპერტ-ეკონომისტების მიერ, დაისახა გამოსწორების გზები და წარედგინა შესაბამისი რეკომენდაციები მთავრობას, მაგრამ მდგომარეობა მოსახლეობის ფართო მასებისთვის არა თუ უმჯობესდებოდა არამედ კიდევ უფრო რთულდებოდა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი "ე.წ.კეთილისმყოფელების" მიერ არანაირი კრიტიკული აზრები არ გამოითქმებოდა, რაც მწვანე შუქს უნთებდა აღნიშნულ სფეროში მოთამაშე მონოპოლისტებს. აქვე აღსანიშნავია ის, რომ თითქმის, ყველა მსხვილი ბიზნესი დაფუძნებულია უცხოური და ხშირ შემთხვევაში ისეთი კაპიტალით, რომელთა წარმომავლობაც ბუნდოვანია. ბიზნესში შექმნილ მდგომარეობას ემატება ასევე ქვეყნის შიგნით ელიტური კორუფციის ელემენტები და საერთაშორისო დონეზე (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა) ტრანსნაციონალურ კორპორაციებში არსებული კორუფცია (ტრანსნაციონალური კორპორაციების სიმცირეს არც საქართველო განიცდის) რაც საბოლოოდ ეკონომიკურ მდგომარეობას აუტანელს ხდის და ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად ამცირებს. შექმნილ მდგომარეობას ემატება ასევე ისეთი კანონები, რომელიც ბიზნესის კეთების ხელშეწყობაზე არ არის ორიენტირებული, ასეთი ბუნდოვანი მდგომარეობა კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის დონის ზრდას. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ არც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით და არც ექსპერტ-ეკონომისტების მიერ წარმოდგენილი მასალებით ფაქტიურად არ ირკვევა იმის შესახებ, თუ რამდენი იყო და რამდენია ამჟამად ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთელი ქვეყნის ეკონომიკაში. ყველაფერი ერთად აღებული (მონოპოლიური გარემო, სამართლიანობის განცდის დაბალი დონე, ჩრდილოვანი ეკონომიკა და სხვა) მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად ამცირებს. მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა კი პირდაპირ მიბმულია შობადობის შემცირებასთან. სწორედ ამიტომაა, რომ როგორც ქართველი დემოგრაფები და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, 2030 წლისათვის საქართველოში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 50 %-ით შემცირდება, შობადობის მხრივ რომ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა ამას არ უნდა ბევრი მსჯელობა.
შობადობის ანტისტიმულად (მაშინ როცა კანონი ხელს უნდა უწყობდეს შობადობის ზრდას) შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანება -"ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" დამტკიცების თაობაზე. (აღნიშნული კანონი ამჟამადაც ძალაშია), ამ კანონის მე-5 მუხლის (დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო) მიხედვით, დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ანაზღაურებადია მხოლოდ 126 კალენდარული დღე. (დაახლოებით 4 თვე) გამოდის, რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენი ჰქონდა ქალს ხელფასი, იმ შემთხვევაში თუ ის გადაწყვეტს შვილის გაჩენას, მას სახელმწიფო ყოველთვიურად 4 თვის განმავლობაში მისცემს მხოლოდ 600 ლარს, (თვეში 150 ლარს).
მდგომარეობას ამძიმებს ასევე ის, რომ მშობიარობა ფასიანია, რომლის ოდენობა ხშირად 1000 ლარს აღწევს, ასეთი კანონი, რბილად რომ ვთქვათ, უკანონოა და შობადობის შემცირებისკენაა მიმართული, ორსულ ქალთა დახმარების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი) არსებულ მდგომარეობისგან და მაშინ, როცა ჩვენ ქვეყანაში ამ კუთხით არსებული კანონი ფაქტიურად სჯის ფეხმძიმე ქალს, იქ კი პირიქით, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში, ქალს სხვა დახმარებასთან ერთად უნარჩუნდება ყოველთვიური ხელფასი. როგორც ვხედავთ ჩვენთან მდგომარეობა ამ კუთხით საგანგაშოა და ჯერ კიდევ შესაძლებელია აღნიშნული კანონის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები სავალალო იქნება.
მეტად დამაიმედებელია ამ მხრივ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა-დემოგრაფიული ფონდის შექმნის შესახებ, კარგი იქნება თუ ეს იდეა იდეად არ დარჩება და მას შემდგომი მსვლელობა მიეცემა მთელი თავისი საკანონმდებლო ცვლილებებით.
ქართველთა შემცირების საკითხი აქტუალური იყო ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ამის საილუსტრაციოდ გამოგვადგება ცნობილი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის ლექსი, რომელიც დაიბეჭდა 1911 წელს, ქუთაისში ი.კილაძის სტამბაში, ლექსის ნაწილი ასე ჟღერს:
ჩვენ პატრონად და მპყრობელად
ვეღარ ვხედავთ ქართველ კაცებს
"ძე" და "შვილი" განახევრდა
ვრჩებით "ოვებს" და "იანცებს".
მაგრამ უცხო რას დაეძებს
ან სიავეს ან სიკარგეს?
ვაი იმათ ვინც ჩვენ მხოლოდ,
მოგვიძულეს და დაგვკარგეს.
უცხოელი კი, მის რჯულზე
მოსაპნულ თავს, სხვა მხრით გვიკრავს,
სისხლს გამოგვწოვს წვეთა-წვეთად,
რბილს გაგვაცლის, ძვალს გამოგვხრავს.
სულ უსისხლოდ მოვისპობით
აღარც კვლა და აღარც ჟლეტა
საკლავ იარაღად მხოლოდ
გამოდგება "მნოგი ლეტა".
აი, თუ რამ დაგვაღონა,
აგვირია გზა და კვალი
სასიკეთოს ქართველისთვის,
ვერ ამზადებს მომავალი.
აღნიშნული საგანგაშო მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებით, ისეთებით, როგორიცაა საგადასახადო კოდექსში, შრომის კოდექსში და სხვა კანონებში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ცვლილებები ორიენტირებული უნდა იყოს შობადობის და მოსახლეობის ფართო მასების ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე.
მწამს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალი მთავრობის მიერ ყველაფერი გაკეთდება, რათა შეიცვალოს ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედი კანონები და მოსახლეობის ფართო მასებში გაიზარდოს სამართლიანობის განცდა, სამართლიანობის განცდა კი საწინდარია ადამიანთა ეკონომიკური აქტივობის ზრდისა. ზემოაღნიშნული საკითხების შემჭიდროვებულ ვადებში (1-2 წელი) მოუგვარებლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება კითხვა იმის შესახებ, ხომ არ მართავს საქართველოს ეკონომიკას უცხოეთის ე.წ. "უხილავი ხელი".
ბორის ჭიჭინაძე, ეკონომიკური მიმომხილველი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი