პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება, როგორ დასრულდება ორთაბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და გახარიას შორის, შეტევაზე მას მერე გადავა, როდესაც ნახავს, რომელი გახდება ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, თვითმმართველობის არჩევნები აძლევს გახარიას იმის შანსს, რომ ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ძალად, რამდენადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დაშვებული შეცდომები აძლიერებს გახარიას.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„ჩემს თვალში გახარია არის მოღალატე, მეტსაც გეტყვით, გახარია არის იშვიათი, „მაზაკვალი“ მოღალატე - მეგრელები გამიგებენ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ოპონენტების შეფასებებში მკაცრია, მაგრამ გახარიასთან მიმართებაში იმაზე მეტად მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე ეს იყო ირაკლი ალასანიასთან დაპირისპირება. პრემიერ-მინისტრის მხიდან ამ ლექსიკით საუბარი და მით უფრო წინასაარჩევნოდ, რამდენად სწორია? ამ ხნის განმავლობაში პრემიერი იცავდა პოლიტკორექტულობას ყოფილ პრემიერთან მიმართებაში...
რამაზ საყვარელიძე: მმართველმა გუნდმა ისეთი გეზი აიღო და ისეთი სისწრაფით ავითარებს ამ გეზს, რომ ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, გაკვირვებასაც იწვევს ის, რომ მან აქამდე არაფერი თქვა, მაშინ როდესაც მკვეთრი შეფასებები იყო კობახიძის, მდინარაძის და სხვათა მხრიან. თუ შეიძლება ითქვას, ირაკლი ღარიბაშვილი ჩამორჩა ამ პროცესს. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, როგორი სამზარეულო აქვს ამ პროცესს და როგორია მისი შინაგანი მხარე. მით უმეტეს, რომ გახარიას წინააღმედგ მიმართულ ამ ბრძოლაში ჩაება ივანიშვილიც, რომელიც, როგორც აცხადებს, გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ გახარიასთან მიმართებაში გაეკეთებინა შეფასება, დაახლოებით ისეთივე, რომ ეს ღალატია.
თვითონ გახარიამ მიიჩნია, რომ ეს არ იყო ივანიშვილის პოზიცია და, რომ მას თავს მოახვიეს ეს შეფასება და სტილი, თორემ ის ამ სტილით არ იმოქმედებდაო...
- თუ ივანიშვილზე შეიძლება იმის თქმა, რომ თავს მოახვიეს, არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილზეც ყოფილიყო ანალოგიური გავლენა, რომელიც აქამდე ჩუმად იყო.
იმიტომ რომ, თუ მმართველ პარტიას განზრახული აქვს ბრძოლა გახარიასთან და ეს ღიად ჩანს, მაშინ ის იმოქმედებს ყველა მეთოდით, იქნება ეს პარტიის რიგითი წევრი, თუ მის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრი. აქ უკვე გასაკვირი არაფერია. თქვენი კითხვა - რამდენად სწორია? - ეს მთლიანად ამ სტრატეგიას ეხება - ებრძვიან გახარიას. ვიღაცამ დადო ეს სტრატეგია, რომ მოდი, ვებრძოლოთ გახარიას.
არის თუ არა გამართლებული ეს ბრძოლა? გახარია ძალიან დინჯად, მშვიდად ხვდება ამ კრიტიკას, დაპირისპირებას და მათ შორის მოღალატის ძახილს...
- მეჩვენება, რომ მმართველი გუნდის სტრატეგია არის არასწორი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა, ვინც „ოცნებას“ მხარს უჭერს, გაიზიარა „ოცნების“ ეს პოზიცია და ჩათვალა, რომ გახარიამ უღალატა, გახარია ნაციონალებისკენ არის გადახრილი, მაინც მეჩვენება, რომ ეს სტრატეგია არის მცდარი. იმიტომ რომ, გახარიასი, როგორც ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი პლუსი ის არის, რომ მას შეუძლია დაიკავოს მესამე პოლიტიკური ძალის ადგილი.
ის, რაზედაც დიდი ხანია ლაპარაკია ქართულ პოლიტიკაში. გაჩნდა კიდეც ასეთი წარმონაქმნი, აი, ასეთი მესამე ძალა შეიძლება შეიქმნას. მოსახლეობაში არის ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 50%-მდე, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ამ პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ რომ ასეთი თავგამოდებული ბრძოლა გამოუცხადა გახარიას, ფაქტობრივად მისი საქმე გააკეთა.
რას გულისხმობთ?
- ერთხანს „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა გამოეყენებინა ეს შანსი, რომ გახარია მიჩნეულიყო თვითონ „ქართული ოცნების“ ვარიანტად - „ოცნება N2“ - გახსოვთ ასეთი ფორმულაც კი გააჩინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ ისეთი შეუპოვარი ბრძოლა გააჩაღა „ქართულმა ოცნებამ“, რომ აღარ გამოდიოდა „ოცნება N2“. გახარიას უპირისპირდება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“, ეს კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა გავიდეს როგორც ნეიტრალური ძალა და წამოიღოს ის 50%, რომელიც არჩევნებში არ ღებულობს მონაწილეობას. პრაქტიკულად, ასეთი შეუპოვარი ბრძოლით გახარიას საქმეს აკეთებენ.
ამ ბრძოლაში რომ ეშმაკობა ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა ნაკლებად მძაფრი ბრძოლა გამოეცხადებინათ და მოსახლეობის რაღაც ნაწილში გაეჩინათ ეჭვი, რომ მართლაც ხომ არ არის „ოცნების“ ერთ-ერთი სატელიტი პარტია. გვახსოვს, რომ ძალიან ბევრი სატელიტი პარტიები იქმნებოდა სააკაშვილის დროს. ანალოგიური კითხვა იყო გახარიასთან მიმართებაში, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამ გამძაფრებულმა ბრძოლამ ეს კითხვის ნიშნები მოხსნა და ყველაფერი მიიყვანა მაქსიმალურ დაპირისპირებამდე. ერთი მხრივ დაპირისპირება ნაციონალებთან და მეორე მხრივ - გახარიასთან. ანალოგიურად არის გახარიაც, მაგრამ ჯერჯერობით გახარიასთან მიმართებაში ყველაზე ჩუმად არის „ნაციონალური მოძრაობა“.
როგორ ფიქრობთ, მიზანმიმართულად ხომ არ აკეთებენ ამას, რომ უფრო მეტად გააჩინონ საზოგადოებაში აზრი, რომ გახარიასა და ნაციონალებს შორის შეიძლება რაღაცა კავშირები არსებობდეს? იმიტომ, რომ გახარიამ წვრილ-წვრილ პარტიებს წაართვა ამომრჩეველი, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ნაკლებად დაზარალდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ტრადიციულად ჰყავს სტაბილური და ამავე დროს რადიკალური ამომრჩეველი, ვისთვისაც გახარიას პიროვნება მიუღებელია და დღემდე მას თვალთხარიას ეძახიან...
- თვალთხარია არ ვიცი, მაგრამ თავსატეხი რომ არის ფაქტია. გახარია თავსატეხს უჩენს „ქართულ ოცნებას“ და ანალოგიურად „ნაციონალური მოძრაობას“. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩუმდა და ხალხი იფიქრებს, რომ ნაცებთან კავშირში არის, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ „ნაცმოძრაობის“ ხმებიც მასთან წავიდეს. ასე რომ, ასეთი გაჩერებაც დიდად მომგებიანი არ არის „ნაცმოძრაობისთვის“. მაგრამ მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება როგორ დასრულდება ორთაბრძოლა „ოცნებასა“ და გახარიას შორის და მერე გადავა შეტევაზე, როდესაც ნახავს რომელი არის ამ ორთაბრძოლაში მეტ-ნაკლებად გამარჯვებული. ვსაუბრობ საპარლამენტო არჩევნებზე. თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა შეიძლება არაფერი არ უკარნახოს „ნაცმოძრაობას“. მთავარი ბრძოლა მერე არის.
თვითმმართველობის არჩევნები აძლევს გახარიას იმის შანსს, რომ ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ძალად?
- ალბათ, აძლევს ამ შანსებს. მესამე პოლიტიკურ ძალადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს და მეორე ადგილზეც შეიძლება აღმოჩნდეს გახარია, იმდენად, რამდენადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დაშვებული შეცდომები აძლიერებს გახარიას. ნაწილობრივ, „ნაცმოძრაობის“ ეს გაჩუმება და გაუბედაობა გახარიასთან დამოკიდებულებაში, აძლევს იმის შანსს, რომ თავისი გავლენა გაზარდოს, მით უმეტეს რეგიონებში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გავლენისთვის კარგი საფუძველი შექმნას ისეთმა დრამატულმა მოვლენებმა, რომელიც ვითარდება ამ პანდემიის ფონზე.
ასეა თუ ისე, გახარიას პერიოდში უფრო მეტად იყო კონტროლის ქვეშ მოქცეული პანდემია, გახარია უფრო მეტად უჯერებდა ექიმებს. დღეს პანდემიის სურათი უფრო დრამატულია, ვიდრე იყო მაშინ. ეს ერთი მხრივ შეიძლება ხელშემწყობი აღმოჩნდეს გახარიას დადებითი შეფასებისთვის, მეორე მხრივ - პანდემიას ორმხრივი მნიშვნელობა აქვს - ერთი ის, რომ ვინც უკეთესად ებრძვის პანდემიას, ის მოიყვანოს ხალხმა ხელისუფლებაში და მეორე - პანდემიის ფონზე საერთოდ არ სურდეს არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა იმათთვის, ვინც ვერ მოახერხა პანდემიის მოთვინიერება.
ეს ნიშნავს, რომ ხმას მისცემენ „ნაციონალურ მოძრაობას“?
- არა, არც ის არ უნდათ. ვიცით, რომ ასეთი ბევრია. ისევ შეიქმნება ასეთი შუალედური ფორმა, რამაც შეიძლება პროცენტული თვალსაზრისით, უფრო მეტი ხეირი მოუტანოს გახარიას პარტიას.
რაც შეეხება გახარია-ღარიბაშვილის დუელს, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს კახური პირდაპირობა და ეს კარგად ჩანს ოპონენტებთან ურთიერთობაში, მაგრამ დღეს „ქართული ოცნებისთვის“ რამდენად არის სწორი პიარსვლა, როდესაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის ოქტრომბრის პროცესებში გახარიას მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან და ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში - ვიცით, რომ ეს ერთი ადამიანი არის ხუხაშვილი. ანუ, ღარიბაშვილის განცხადებებიდან თუ ამოვალთ, რეკომენდაციით შესაძლებელია გახდე მთავრობის გავლენიანი წევრი. ეს შეფასება რამდენად აზარალებს მმართველ გუნდს?
- დავამატებდი, რამდენად არის ამომრჩეველი მზად იმისთვის, რომ გააკეთოს ეს დასკვნები, რაც თქვენ გააკეთეთ? ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადამიანების თანამდებობებზე გამწესების მექანიზმი არ იყო მოწესრიგებული და შეიძლება არც ახლა იყოს მოწესრიგებული. მაგრამ ამდენ წიაღსვლებს გააკეთებს ამომრჩეველი? მისთვის ძალიან ხშირად ემოციური რეაქცია არის გადამწყვეტი.
ღარიბაშვილის პირდაპირობა ამომრჩევლის ნაწილს მოსწონს. ქართულ სინამდვილეში პირდაპირობა დადებითი მოვლენაა. ამბობენ, რომ კარგია პირდაპირი ადამიანი, მაგრამ ის, რომ ამის იქით სისტემის ხარვეზი იკითხება, ამას ამომრჩეველი არ აკვირდება. ამომრჩევლისთვის ემოციურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაციონალურობა და ლოგიკა. ამიტომ შეიძლება ღარიბაშვილის ეს პასაჟები დიდად მავნებელი „ქართული ოცნებისთვის“ არ იყოს.