„ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმული სახე აჩვენეს მთელს მსოფლიოს“

„ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმული სახე აჩვენეს მთელს მსოფლიოს“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ 8-წლიანი საქმიანობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. სვანეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა კოდორის ხეობის დაკარგვის ისტორია გაიხსენა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აარიდა ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან.

„ჩვენ გვაინტერესებს ერთი მხრივ, მშვიდობა და სტაბილურობა და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის განვითარება და კეთილდღეობა. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. ვერ აარიდეს მათ ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან.

ეს ყველამ იცოდა. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში, ცხინვალისა და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, მსოფლიო, გაერო და ჩაერთოთ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ასეთი პროვოკაციის თავის არიდების ნაცვლად, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს მათ, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმული სახე აჩვენეს მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია, ამ გამოსვლით მათ უნდა შევახსენოთ და ყოველთვის შევახსენოთ ვინ არიან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მისი შედეგები საქართველოსთვის უმძიმესია. შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად დაიწყო. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ცხინვალის ასაღებად. მეორე დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. რუსეთის 58-ე არმიას ქართველი სამხედროები სამი დღე ებრძოდნენ.

პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე. რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ კოდორის ხეობიდან. ქართული მხარის მარცხის მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე უხმო და აუწყა, რომ საქართველომ გაიმარჯვა. მიხეილ სააკაშვილმა წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები ქვეყნის გამარჯვებად გამოაცხადა. მაშინ როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე „გამარჯვებას“ ზეიმობდა, პარალელურად რუსი სამხედროები აგრძელებდნენ ქვეეყნის ოკუპაციას.

მხოლოდ 12 აგვისტოს, ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით, კონფლიქტურმა მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ ომობანას თამაში იმით დასრულდა, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. სწორედ ამ პერიოდში მიხელ სააკაშვილის გადაწყვეტილებით რუსეთის მართვის უფლებით გადაეცა სტრატეგიული ობიექტები და მათ შორის ენგურჰესი.

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„ერთიანი ძალისხმევით, შერიგებით, ნდობის აღდგენით და განვითარებით, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს! ოკუპაცია დროებითია. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა და ჩვენი დიდი გულისტკივილია. დარწმუნებული ვართ, განვითარებით ჩვენ მალე ვიამაყებთ ერთიანი საქართველოთი“, - განაცხადა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, წინასარჩევნოდ ამ თემებზე საუბარი არ არის სწორი. მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს მხოლოდ თავის წარმატებაზე და ამის ფონზე მუდმივად ცდილობს დაამციროს, შეურაცხყოს ოპონენტი. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ისეთი საკითხი, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები, არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საშინლად მოიქცა თავის დროზე, მაგრამ არ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებზე ამ თემის დახურდავება. არ შეიძლება მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებოდეს ეს თემა. შენ, სახელმწიფო რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის მზად იყო, ასე სასხვათაშორისოდ ასეთ თემებს არ უნდა ახურდავებდე. აფხაზები ამას ყურადღებას არ მიაქცევენ. იციან, რომ კოდორის ხეობა მათია, რუსები მათ იცავენ და ვერც ერთი ქართველი იქ ვერ შევა. მათ სულ სხვა სიწმინდეები აქვთ. კოდორი სულაც არ არის მათი იდენტობის ნაწილი. იციან, რომ რუსები იცავთ, მათ სჭირდებათ ეს სტრატეგიული სიმაღლეები, მაგრამ უცხოელები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტის მოგვარებაში, ხედავენ, რომ ამ რთულ თემებს ისე აგლახავებენ, რომ ვერ ხედავენ ამ რთული თემების სირთულეს და არ არიან მზად კონფლიქტის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, მგრძნობიარე თემები იქცევს ყურადღებას და, როგორც წესი, ამიტომ კიდებენ ხოლმე ხელს ასეთ თემებს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მაჟორულია ყველა ამ შემთხვევაში განცხადებები, დაწყებული იქიდან, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველოში ომი არ ყოფილა და დამთავრებული იმით, რომ ყველაფერი მოგვარდება. მისი თქმით, ეს პოზიტივი, დადებითი მუხტი წინასაარჩევნოდ სასურველია და შეიძლება აუცილებელიც კი.

„სამშვიდობო პროცესი უნდა დავიწყოთ იმით, რომ სასურველი გავხდეთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის და ეს უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების ქვაკუთხედი. ასეთი რეკომენდაციები მოცემული არის უცხოელების მხრიდან. როცა ადამიანი ამბობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საომარი მოქმედებაზე საქართველო არ წასულა და ამით ტრაბახობს სახელმწიფოს მეთაური ე.ი. ის მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეა და წესით, ასეთი გაუგებრობა არ უნდა აღმოცენდეს.

მთელი ეს კონტექსტი და პრემიერის მიერ გაკეთებული აქცენტები სამშვიდობო პერიოდზე, თუნდაც ადრე სხვაგან ნათქვამი განცხადებები, ადასტურებს, რომ საქართველო კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტას არ გეგმავს. მეორე მხრივ, არ შეეხო და დამალო თემები, ამან შეიძლება პირიქით ეჭვი გააჩინოს, ეჭვმა შეიძლება ჭორები გააჩინოს და ა.შ. ანუ, დამალული თემა ამოთქმულ თემაზე უფრო სახიფათოა ყოველთვის. ამდენად, თუ გაქვს სათქმელი ისეთი რამ, რაც მისაღებია ნორმალური ურთიერთობისთვის, თავის არიდება არ ღირს, უნდა თქვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.